ირაკლის საღამომდე გათიშულს ეძინა. განგაშის მიზეზი ჯერ არ ჰქონდა. ვიბლიანები მორიგი შემოტევის გეგმას ასე უცებ ვერ დააწყობდნენ. დასვენებისთვის დრო საკმარისად იყო… მანამ, სანამ ახალი თავდასხმა დაიგეგმებოდა…
კარგია, რომ ეძინა. ამაღამ ადვილად გაათენებს, არ გაუჭირდება.
კვლავ ფიქრებმა ჩაითრია. გიგაზე მოსდიოდა გული. რითია დაკავებული ბოლო ხანებში? რატომ არაფერს იღონებს? თუ მუშაობს, სად არის შედეგები? ბავშვი კინაღამ ააფეთქეს. არა, ხვალვე დაურეკავს, დაიბარებს და პირობებს წაუყენებს. თუკი ვიბლიანებს დროზე არ შეაჩერებენ და არ დაიჭერენ… თავად გაუსწორდება მათ, სულაც არ სჭირდება გიგას დახმარება. რომ არა თაკო, აქამდე გასული იქნებოდა კვალზე.
აზრი დამთავრებული არ ჰქონდა, გიგამ რომ დაურეკა, ჭიშკართან და სახლის შემოგარენში გაძლიერებული დაცვა დავაყენეთ, სპეცრაზმის ბიჭები მოვიყვანეო. პირად მცველს ჩაეღიმა. კრინტიც არ დაუძრავს იმაზე, რაზეც წეღან ბრაზობდა, მისთვის სულერთი იყო, ვინ დაიცავდა სახლ-კარს. მან მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით - თაკოს მისნაირად ვერასდროს ვერავინ დაიცავდა.
ვერასდროს ვერავინ, რადგან… რადგან…
თაკოს ძახილი შემოესმა. წამოხტა და ფეხშიშველი მისი საძინებლისკენ გაიქცა. გოგონა საწოლზე ფეხმორთხმული წამომჯდარიყო.
- გინდოდა რამე?
- ჰო. ვერ ვიძინებ, - ტუჩებგაბუსხულმა მოხედა.
- გინდა წამალი მოგცე?
- არა, სულერთია, არ დამეძინება.
- დაგეძინება! - მკაცრად წარმოთქვა ირაკლიმ, - ვალერიანის წვეთებს დაგალევინებ და დაგამშვიდებს. ნუ გეშინია, შენ გვერდით ვიქნები.
თაკოს გაეღიმა.
- რა გაცინებს?
- თუ ჩემ გვერდით იქნები, აუცილებლად დამეძინება, არ მინდა წვეთები.
ახლა ირაკლის გაეღიმა. როგორც ჩანს, თაკომ პატარა ბავშვივით დაიჯერა, რომ მისი გვერდით ყოფნით მშვიდად და უსაფრთხოდ შეიძლება დაძინება, რომ შეიძლება მას ჩაეხუტო, როგორც პლუშის დათუნიას, რომელთან ერთადაც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს დაძინება.
მამაკაცი დაელოდა, სანამ თაკო გაიხდიდა და ლოგინში შეწვებოდა. მერე ტახტს გვერდიდან მოუარა და მეორე მხარეს, მის გვერდით წამოწვა.
- მოგიტანო წამალი?
- არ, არ მინდა, გმადლობ, ირაკლი.
თაკო გულაღმა იწვა, თავი მამაკაცისკენ მიებრუნებინა და დაჟინებით შესცქეროდა. თმა მხრებზე დაყროდა. მორიელმა ხელი გაიწვდინა და თმაზე გადაუსვა.
- რა უნდათ ჩემგან, რატომ დამდევენ?
- იმიტომ, რომ მამაშენის შვილი ხარ. მასთან ხელი არ მიუწვდებათ, შენ კი აქვე ხარ. ეგ არის და ეგ. ახლა კი დახუჭე თვალები და დაიძინე.
თაკომ მორჩილად შეასრულა მისი ბრძანება.
ვერ მიხვდა, ჩაეძინა თუ არა გოგონას, მაგრამ ხელი მისი თმისთვის არ შეუშვია - ნაზად უსვამდა ხელისგულს პრიალა თმაზე, როგორც ნებიერად გაწოლილ ფისოს, თან საკუთარ ხელს აიძულებდა დაევიწყებინა, რომ იგი ქალს ეხებოდა.
აიძულებდა ცხვირის ნესტოებს, დაევიწყებინა, რომ ისინი გრძნობდნენ ქალის სურნელს.
აიძულებდა მთელ სხეულს, გონებასაც, დაევიწყებინა, რომ ქალის გვერდით იწვა, ქალის, რომელიც…
რომელიც…
ერთი სიტყვით, იმ ქალის გვერდით, რომელიც მოსწონდა. იგი ცდილობდა, პატარა ფისოდ აღექვა გოგონა, რომელსაც მისი სითბო და ალერსი სჭირდებოდა ამწუთას. და მეტი არაფერი! სულ არაფერი!
როგორც ჩანს, ჩაეძინა. ძილში ერთი ღრმად ამოიკვნესა, გვერდზე გადატრიალდა და მამაკაცს კისერზე მოხვია ხელი, თავი კი მის მკერდში ჩარგო. მონოტონურმა სუნთქვამ ირაკლის ყელი გაუთბო. ფისო… ნამდვილი ფისოა…
გოგონას ეძინა… მამაკაცი ფიქრობდა… იმაზე, რა იქნებოდა ხვალ. სანამ გაძლებდა თაკოს სიახლოვის გარეშე. ბოლო დღეებში ძალიან არის პატარა დადარდიანებული. ახლა კი ეს საშინელებაც მოხდა… მისი გულგრილობის დამატებაღა აკლია, ისედაც როგორი სევდიანი გახდა, საჭმელსაც აღარ ჭამს, თითქოს გახდა კიდეც…
რაღაც უნდა იღონოს. რა? სადმე ხომ არ გაიყვანოს სასეირნოდ? ან რესტორანში აქეიფოს? ცოტათი გულს გადააყოლებს. მარი რომ გააცნოს? აი, ეს კი კარგი აზრია. გოგონებს მოეწონებათ ერთმანეთი, ამაში ღრმად არის დარწმუნებული.
და გადაწყვიტა, დილას, როგორც კი გაიღვიძებდა, დაერეკა მარისთვის და სადმე შეხვედროდნენ ორივენი. მართალია, არ უნდოდა, მარიც გამხდარიყო ვიბლიანების სამიზნე, მაგრამ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავზეხელაღებულმა ძმებმა უკვე იცოდნენ ირაკლის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარის არსებობაც არ გამოეპარებოდათ. სხვა საკითხია, როგორ მიუდგებოდნენ ამ საქმეს - გამოიყენებდნენ მარის სასპეკულაციოდ თუ არა. ამის საშუალებას ირაკლი მათ არ მისცემს. ის მათზე ჭკვიანია. აი, ხვალ გააცნობს გოგონებს ერთმანეთს, მთელ დღეს ერთად გაატარებენ, მერე კი აუღებს მარის ბილეთს და დედამისთან გაამგზავრებს. ეყოფა, რაც «იბაირამა» თბილისში.
ამ ფიქრებში ძილმა წაართვა თავი, ჩათვლიმა…
მაგრამ მალევე გამოეღვიძა… უჩვეულოდ სწრაფად წამოყო თავი და გაოცებული დარჩა - სად ვარ? მიმოიხედა…
თაკოს გვერდით იწვა, მის საწოლზე. როგორც ჩანს, წინა ღამის სტრესმა და აზრმა იმის შესახებ, რომ საშიშროებამ ჩაიარა, თავისი ქნა.
გოგონა მისკენ ზურგშექცევით იწვა. «რა ლამაზი კონტური აქვს!» - აღტაცებით გაიფიქრა, -მხრებიდან წვრილ წელამდე დაქანებული სხეული, მერე ისევ... გორაკივით ამობურცული თეძოები, მრგვალი, მადის აღმძვრელი… სიამოვნებით გადაუსვამდა ხელს, რომ შეძლებოდა… ყური მიუგდო მის მშვიდ სუნთქვას. თაკოს ეძინა.
რაც შეიძლებოდა, უხმაუროდ წამოდგა, ყოველი შემთხვევისთვის, შეხედა… არა, ნამდვილად ეძინა, თმის ღერები ლოყაზე ჩამოშლოდა, რაც ძალიან უხდებოდა. ფრთხილად, ფეხის წვერებზე გამოვიდა საძინებლიდან. ეგღა აკლდა, გოგონას გაღვიძებოდა და ირაკლი მის გვერდით საწოლში დაენახა.
ვეღარც შეაჩერებდა…
ვეღარც დააკავებდა…
ვერც მას და ვერც საკუთარ თავს…
გაგრძელება იქნება