იმ საღამოს გიგამ დაურეკა. საბოლოოდ გაირკვა თურმე, რომ აეროპორტის გზაზე აფეთქებისას დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ვიბლიანების უმცროსი ძმა ყოფილა.
- ასე რომ, ორნი დარჩნენ და ისინი ასე ადვილად არ შეეშვებიან ამ საქმეს. ფრთხილად იყავი, - უთხრა გამომძიებელმა.
- ვიცი, ვიცი. სიფრთხილე არ მაკლია, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ ამდენი ხანი? უფრო ოპერატიულად რომ იმოქმედოთ, არ შეიძლება? სანამ უნდა ვიყო აქ, სანამ უნდა დავიცვა ეს ბავშვი, სიცოცხლის ბოლომდე?
- მე მგონი, გსიამოვნებს კიდეც ეგ საქმიანობა. იქნებ მითხრა, რომ ვცდები?
- რას ამბობ, გიგა, საიდან მოიტანე, - შორს დაიჭირა პირადმა მცველმა, არ ესიამოვნა მეგობრისგან ასეთი მინიშნება.
- ხმები მომდის, ძმაო, ჭურში კი არ ვზივარ. შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მაინც მეტ სიფრთხილეს გირჩევ. გურამი არ მოგიწონებს ამ საქციელს, ჩემზე უკეთ იცი.
ირაკლის სათქმელი არაფერი ჰქონდა. გიგა მართალი იყო. როგორც ჩანს, გარე დაცვას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი და თაკოს ურთიერთობა. არც იყო გასაკვირი. თაკო კი არა, ირაკლიც ვეღარ ერეოდა თავს, თვალებში მოხტუნავე ჭინკები ადვილად გასცემდნენ მის ყველაზე დიდ საიდუმლოს. არა, უნდა უთხრას თაკოს, დროებით თავი შეიკავონ სიახლოვისგან. ასე აჯობებს, თორემ ეს ამბავი თუ გასკდა, კარგი დღე არც ერთს არ დაადგება. მოუწევს სახლის დატოვება, მის ადგილს კი სხვა დაიკავებს.
ყურმილი დაკიდა და ჩაცმას შეუდგა. ქალაქში უნდა გასულიყო სურსათის საყიდლად. თაკომ თხოვნაც კი ვერ გაუბედა, თან გამიყოლეო. ირაკლი ისეთი შეუვალი სახით გაემართა მანქანისკენ, რომ გოგონა მიხვდა - მისი თხოვნა ამაო იქნებოდა.
საყიდლების სია უკვე გამზადებული ჰქონდა, თავად შეადგინა. კეთილსინდისიერად მიუდგა ამ საქმეს: მაცივარი დაათვალიერა, მარაგს გადახედა, შემდეგ სარდაფში ჩავიდა და იქაურობაც მოჩხრიკა. ჩაშუშული საქონლის ხორცის კონსერვები, მთის წყლით სავსე პლასტმასის ბოთლები, წვენები და ალკოჰოლიანი სასმელები ბლომად ელაგა თაროებზე. სხვა რამეები უნდა ეყიდა. ზოგი თვითონ შეარჩია, ზოგიც თაკოს თხოვნით ჩაიწერა და ავტოფარეხისკენ გაემართა მანქანის გამოსაყვანად. თან მკაცრად გააფრთხილა გოგონა, რომ მის წუწუნს თან წაყვანის თაობაზე ყურად არ იღებდა. არც უფიქრია თაკოს. იცოდა, მაინც ვერ დაითანხმებდა მორიელს.
ირაკლის წასვლის შემდეგ თაკო სააბაზანოში შევიდა წყლის გადასავლებად.
დიდხანს ინებივრა ქაფით სავსე აბაზანაში. ტკბებოდა თბილი და ცხელი წყლის ჭავლის მონაცვლეობით. მერე თავის დაბანას შეუდგა - ორჯერ შამპუნი და ბოლოს ბალზამი. გაახსენდა, გუშინ საღამოს, როცა ზუსტად ასე იწვა აბაზანაში, როგორ ესტუმრა ირაკლი… წუხელაც ასე გამოიყურებოდა, ვარდისფერ სხეულზე ორთქლი ასდიოდა, თვალები დაეხუჭა და ბალზამწასმულ თმაზე ნაზად ისვამდა თითებს. იმ მომენტში წყალი გადაკეტილი ჰქონდა და ადვილად მისწვდა მის სმენას მამაკაცის ნაბიჯების ხმა. ირაკლი კიბეზე ამოდიოდა.
პირადი მცველი სააბაზანოში შევიდა, თაკოს თვალები არ გაუხელია, ისევ ისე იჯდა და თმაში ბალზამს იზელდა. მხოლოდ ღიმილზე ეტყობოდა, რომ მისი შემოსვლა გაიგო. ქალი ელოდა, რას მოიმოქმედებდა მამაკაცი.
მოულოდნელად მისი ხელები ჰაერში აღმოჩნდა. ირაკლიმ თავისი ძლიერი ხელებით დაუჭირა მაჯები და მის ბალზამიან თითებს ტუჩებით მიეალერსა.
- მალე მორჩები? - უჩურჩულა პრინცესას.
- მიყვარხარ, - იყო პასუხი.
ამის გაფიქრებაზე თაკოს თვალებზე სიხარულის ცრემლი მოადგა. რა ბედნიერია, ირაკლის რომ უყვარს. რა ბედნიერებაა, რომ შეძლო, თავი შეეყვარებინა მისთვის. იმედია, არ მიატოვებს… არც ახლა და არც მერე, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება.
მას არ აქვს ამის უფლება. ყოველი დღე ხომ ისეთი კარგია, ყოველი ღამე ისეთი ლამაზი… წყალი კვლავ გადაკეტა. წესად აქვს - ბალზამის წასმის შემდეგ სამი წუთი უნდა გავიდეს. პირისახე დაიბანა და თვალები გაახილა.
სწორედ ამ დროს შემოესმა ნაბიჯების ხმა. ის კიბიდან ისმოდა. ნუთუ ირაკლი დაბრუნდა? იქნებ დაცვის რომელიმე თანამშრომელია? არა, მათ არ აქვთ აქ შემოსვლის უფლება ირაკლის ნებართვის გარეშე. მაგრამ იქნებ მან დაუბარა? მერე თაკო რატომ არ გააფრთხილა?
- ირაკლი? - ხმამაღლა იკითხა და მექანიკურად კედელზე დაკიდებულ ცისფერციფერბლატიან საათს ახედა.
არა, შეუძლებელია, ირაკლი ასე მალე დაბრუნებულიყო. ჯერ ნახევარი საათიც არ გასულა. ნაბიჯების ხმა არც დაცვისას ჰგავდა. აშკარა იყო, ვიღაც ქურდულად მოიპარებოდა მისკენ.
მის სხეულში შიში ტორნადოსავით ჩასახლდა, ბზრიალით დაქროდა შიგნიდან და ისრუტავდა ყველა ორგანოს, რომელსაც ეხებოდა. სუნთქვა შეიკრა დაძაბულმა. შეეცადა, პანიკური შიში დაეძლია და სმენა დაძაბა.
ნაბიჯების ხმა შეწყდა. ვიღაც შეჩერდა და გაირინდა. თაკოც გაირინდა.
ისინი! ისინი მოვიდნენ მის მოსაკლავად! - გაუელვა გონებაში. წამოდგა და აბაზანის კიდეს გადააბიჯა. თმის დაბანის დრო აღარ იყო! თეთრი ხალათი გადაიცვა და თავზე პირსახოცი გაიკრა. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გამოაღო სააბაზანოს კარი. სად არიან?
სიჩუმე იდგა. თავი გამოჰყო. არავინ ჩანდა. ნუთუ მოეჩვენა? უფრო ფართოდ გამოაღო კარი. მოულოდნელად ისევ მოესმა ნაბიჯის, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯის ხმა, კიბის საფეხურმა დაიჭრაჭუნა. ეჭვი აღარ იყო - ისინი აქ იყვნენ. რამდენნი არიან? ორნი? სამნი? თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ერთიც რომ იყოს, იოლად შეძლებს მის მოკვლას. ისევ აბაზანაში შებრუნდა. იქ ხომ მეორე კარიც არის, რომელიც პირდაპირ მამამისის საძინებელში გადის და რომელიც დაკეტილია მას შემდეგ, რაც გურამი გაემგზავრა. ამ ოთახიდან დერეფანში შეუმჩნევლად გავიდოდა. ასეც მოიქცა. როცა მამის საძინებლიდან დერეფანში გამავალ კარს მიუახლოვდა, გარედან ჩურჩულს მოჰკრა ყური.
- ადი, რაღას ელოდები…
- ეს კიბე ისე ჭრიჭინებს… მეშინია, არ გაიგონოს.
- იჭრიჭინოს მერე, მაგის დედაც… მიდი, მალე, დრო ცოტა გვაქვს.
ისევ ჭრიჭინი… ისევ ნაბიჯების ხმა… სავარაუდოდ, ორნი იყვნენ. თაკო კარის სახელურს ჩაებღაუჭა და მოსინჯა, დაკეტილი იყო თუ არა. ამ ოთახში რამდენი ხანია, არ შემოსულა. ახლა მთავარია, აქედან გავიდეს. იმედია, ბანდიტებმა არ იციან მისი სახლის განლაგება. სანამ რამეში გაერკვევიან, უნდა გასხლტეს. ამასობაში დაუპატიჟებელი სტუმრები ირაკლის ოთახს მიადგნენ. ის ღია იყო, ამიტომაც დაუბრკოლებლად შევიდნენ შიგნით. ამით ისარგებლა თაკომ, ჩუმად გადაატრიალა გასაღები, ფეხაკრეფით გამოვიდა საძინებლიდან და დერეფანს კედელ-კედელ გაუყვა. დაბლა ჩასვლის შეეშინდა, იქაც ვინმე არ დამხვდესო. ამიტომაც აივანზე გავიდა და სახურავზე მიდგმული სახანძრო კიბით დაბლა დაეშვა. ის იყო, გადაწყვიტა, ჭიშკრისკენ გაქცეულიყო, სამორიგეოსკენ, რომ იქვე, სახლის წინ ორი მაღალი მამაკაცი დალანდა, რომლებიც სვანურად საუბრობდნენ. ამან თავზარი დასცა. უკან, უკან უნდა გაბრუნდეს, როგორმე სარდაფში ჩააღწიოს! მიწაზე გაწვა და ხოხვით ისევ კიბისკენ წავიდა, სწრაფად ავიდა მეორე სართულზე და აივანზე ჩახტა. შიშველი ფეხები ეტკინა. ბოროტმოქმედები გურამის საძინებელში შესულიყვნენ. ამით დრო იხელთა, თავის ოთახში შევარდა, მობილურს ხელი დასტაცა, ფეხები ფლოსტებში გაუყარა და ბალერინასავით ჰაეროვანი ნაბიჯებით გაირბინა დერეფანი. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, პირველ სართულზე უნდა ჩასულიყო და იქიდან სარდაფში გადაენაცვლა. რისკი დიდი იყო, მაგრამ სხვას ვერაფერს მოიმოქმედებდა. მისთვის ახლა ყოველი წამი ძვირფასი იყო. გაუმართლა, რომ პირველ სართულზე მომხდურებს შუქი ჩაექროთ. ალბათ იმ იმედით, რომ მათ მოძრაობას თვალს ვერავინ მიადევნებდა. როგორც ჩანს, სახლის გარეთა დაცვის თანამშრომლები ან ჩახოცეს, ან გაკოჭეს, რადგან გარეთ ორნი თავისუფლად ბაასობდნენ სვანურად. ალბათ იციან, ირაკლი შინ რომ არ არის, თორემ ასე უშიშრად ვერ გაბედავდნენ შემოსვლას. ალბათ დარაჯობდნენ. რა ცუდია, რომ გარეთ ვერ გადის. გამორიცხულია, ეზოს ისეთი გალავანი აქვს, ვერ გადაახტება. ისევ სარდაფში ჯობია დამალვა. იქამდე მისი პირადი მცველიც მოუსწრებს და დაიცავს. მისი მოსვლის შემდეგ აღარაფრის შიში აღარ ექნება.
შემოსასვლელი კარი გამოღებული დახვდა, როგორც ჩანს, იქიდან შემოვიდნენ. კარგად ახსოვს, გასვლის წინ როგორ ჩაკეტა შიგნიდან. ირაკლიმ კი უთხრა, ბოლომდე ჩაკეტეო, მაგრამ თაკომ მხოლოდ ერთხელ გადაატრიალა გასაღები. რა იცოდა, ასე თუ მოხდებოდა… ისევ მიუგდო ყური, რა ხდებოდა მაღლა. ხმების მიხედვით თუ იმსჯელებდა, მომხდურები უკვე მის საძინებელში იყვნენ, ზემოდან გაღიზიანებული ხმები ისმოდა. აკანკალებულმა სამზარეულოს გვერდი აუარა და სარდაფის კარს მიადგა. რაც შეიძლებოდა ფრთხილად ჩამოსწია სახელური და სიბნელეში ხის კიბე ფეხის წვერით მოსინჯა. მერე კარი შიგნიდან ჩაკეტა, გასაღები გამოაძრო და ჯიბეში ჩაიდო. რისთვის გააკეთა ეს, თავადაც არ იცოდა. შუქი არ აუნთია, ისე ჩაუყვა საფეხურებს. ხელის ცეცებით ცდილობდა გზის გაკვლევას. თუკი ამ კარსაც გატეხავენ, სხვაგან გასაქცევი აღარ აქვს. მაშინ ყველაფერი დამთავრდება.
ტელეფონი! ახლაღა გაახსენდა, რომ ტელეფონი წამოიღო. როგორც იქნა, ჩაამთავრა კიბე და ცივ კედელს მიეყრდნო. ხელის კანკალით აკრიფა ირაკლის ნომერი, მაგრამ… ჯანდაბას! არ იჭერს! არ იჭერს, ეს ოხერი! ფანჯარას მიუახლოვდა, რომელიც ნახევრად მიწაში იყო ჩატანებული, კვლავ სცადა დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. კიდევ ერთხელ აკრიფა ნომერი, კიდევ ერთხელ და… გავიდა, როგორც იქნა. თაკომ გაიგონა მისი «ალო», გაიგონა, მაგრამ რად გინდა… გოგონას ესმოდა ირაკლის ხმა, მას კი არ ესმოდა მისი. დაყვირება არ შეეძლო. მერე 022-ის აკრეფა სცადა. ესეც ამაოდ, არაფერი გამოუვიდა. ღონემიხდილი იქვე, კედელთან ჩაჯდა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, მუხლები მოიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. რას ნერვიულობს ნეტავი. ხომ იცის, რომ ასეთი სიტუაციიდან თავს თავისით ვერ დააღწევს. მოკლავენ, აუცილებლად მოკლავენ. დღეს თუ გადაურჩა, ხვალ მაინც მოვლენ და მოკლავენ. მთელი ცხოვრება ხომ არ დაიცავს ირაკლი, ყოველ წამს მის გვერდით ხომ არ იქნება, როგორც ახლა. ერთხელაც მოჰბეზრდება ასეთი ყოფა და მორჩა! ეშინია სიკვდილის. მაგრამ ასეთი ცხოვრება უფრო საშიში არ არის? განა ღირს მისი სიცოცხლე იმად, რომ ასე ჩაებღაუჭოს?
სარდაფში ხმები ძლივს ისმოდა, თუმცა ბანდიტები უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ თაკო გაიქცა და ამიტომ ჩურჩულს აზრი არ ჰქონდა.
«ვაითუ, სველი ფეხებით კვალი დავტოვე? მაგრამ მერე ხომ ჩავიცვი ფლოსტები? ნუთუ მიხვდებიან, სარდაფში რომ ვიმალები? იქნებ გამიმართლოს და ვერ მიხვდნენ? იქნებ გამიმართლოს და ირაკლიმ მომისწროს? ისიც რომ მოკლან? ღმერთო, შენ გვიშველე!» -გოგონამ ერთი ყრუდ ამოიკვნესა და თვალები დახუჭა. მეტი გასაქცევი აღარ აქვს.
და არც არის საჭირო. ბედისწერას ვერსად გაექცევი.
გაგრძელება იქნება