ნელ-ნელა აცივდა. შემოდგომის სურნელი დატრიალდა ჰაერში. კვირის ბოლოს ღრუბლიანი ამინდი დაიჭირა, გაწვიმდა კიდეც.
საღამო ხანი იყო. ირაკლის ისე შესცივდა, ბუხარი დაანთო. უყვარდა ამ პატარა ოთახში ყოფნა, სიმყუდროვე და განმარტოება სულს უმშვიდებდა. თუმცა ამჯერად არ იყო მარტო, გიგა სტუმრობდა.
ესიამოვნა სითბო, აგუზგუზებულ ცეცხლს ხელები მიუფიცხა და შამანივით აცეკვებულ ალს მიაჩერდა. მერე კარადიდან კონიაკის ბოთლი გადმოიღო, ჭიქებში ჩამოასხა და გიგას მოიპირდაპირე მხარეს მაგიდას მიუჯდა.
«ფილოსოფოსობის» ხასიათზე იყვნენ ძველი მეგობრები. საუბარი ერთი საგნიდან მეორეზე გადაჰქონდათ, თუმცა მთავარ თემად მაინც თაკო რჩებოდა.
_ ასე ჩაშვება არ შეიძლება, _ კონიაკი მოსვა გიგამ, _ ვიცი, გინდა ყველაფერი დაშალო და თავიდან ააწყო. ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ… რაღაც გარკვეულ დონემდე მხოლოდ… რა გგონია, რატომ ვარდებიან ადამიანები სასოწარკვეთილებაში?
_ ალბათ სხვანაირად არ იციან მოქცევა და იმიტომ.
_ მერედა, გონება რისთვის აქვს ადამიანს? ტვინი უნდა გაანძრიო, მეგობარო. ამ დროს ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, რევოლუცია უნდა მოახდინო საკუთარ თავში, თორემ მარტოობა დაგღუპავს, მარტოობას გამანადგურებელი ძალა გააჩნია. მგონი, არ მისმენ… რაზე ფიქრობ ამწუთას?
_ თაკოზე… საწყალი გოგო, სიმარტოვეში გაიზარდა, უდედოდ, უსიყვარულოდ… ერთი თბილი სიტყვის მთქმელი არ ჰყავდა გვერდით. მამას მისთვის არც ადრე ეცალა და ახლა _ მით უმეტეს. იმისთანა ცოლი ჰყავს, თაკო ვის დაჰკარგვია, _ წარბები შეკრა ირაკლიმ.
_ მთავარია, ახლა შენ ხარ მის გვერდით. ეს ბევრს ნიშნავს. არ უნდა მიატოვო.
_ დიდი მადლობა რჩევისთვის, მაგრამ შენ ერთი რამ დაგავიწყდა _ მას ჩემი ნახვა არ უნდა. უთხრეს, ირაკლია მოსულიო, მან კი არ ისურვა, ისე მაინც შემოეხედა ჩემთვის. გესმის?
_ მას ეშინია და უნდა გაუგო. ეშინია თავისი შეცდომების. მას ჯერ ბავშვის გონება აქვს. ზოგიერთ ბავშვს მომავლის ეშინია. არ გაგიგონია პატარებისგან, არ მინდა გაზრდა, არ მინდა დიდი ვიყოო? თაკოც ასეა. როგორც დიდს, წარსულის შეცნობის ეშინია და როგორც პატარას, ბუნდოვანი მომავლის. ის გრძნობს, რომ ცუდად მოიქცა, რომ გუშინდელ დღეში იყო რაღაც ისეთი, რაც მას აღარ მოსწონს, შეცდომების მთელი ტვირთი. მათ გამოსწორებას პასუხისმგებლობა სჭირდება, აი, ამის ეშინია. ეს გაუვლის. რას ამბობს ექიმი?
_ ძალა არ დაატანოო.
_ აბა მე რა გითხარი.
_ რა ვიცი, სასიკეთოს ჯერ ვერაფერს ვხედავ.
_ აცალე, ჯერ მიმოიხედოს, ამ ცხოვრებას აუღოს ალღო. ის ალბათ ბუნებითაა მშიშარა, ამიტომაც მოერია ადვილად შიში.
_ არც ისეთი მშიშარაა, როგორც შენ გგონია.
_ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს მისი მეორე მხარეა, ქვეცნობიერი. ერთ მშვენიერ დღესაც გაუნათდება პატარა გონება, თვალებიც აეხილება და ყველაფერს გაპატიებს.
_ და რას მირჩევ, იქამდე როგორ მოვიქცე?
_ დაელოდე, გეუბნები, დაელოდე.
_ და რა შეიცვლება, რო? მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ექიმებს უკვე შეუძლიათ გამოწერონ, მაგრამ ცოცხალი თავით არ უნდა სახლში, იქ რჩება. ვერ გავიგე, რატომ.
_ იქნებ დაველაპარაკოთ მთავარ ექიმს, იქნებ დაარწმუნონ, რომ მისთვის სახლში ყოფნა უფრო აუცილებელია, არ გიცდია?
_ მერე რა შეიცვლება?
_ მივა სახლში, გაიხედ-გამოიხედავს, ნახავს, რომ არც ისე საშიშია იქ ყოფნა, არც ცხოვრებაა საშიში, არც შენ გვერდით ყოფნა. მერე შიშიც გაუვლის და რამდენიმე სეანსს ჩაიტარებს ფსიქიატრთან. რას იტყვი?
_ შეიძლება მართალი ხარ… ხვალვე დაველაპარაკები ექიმს, _ ჩაილაპარაკა ირაკლიმ და კონიაკი ისევ ჩამოასხა.
თაკო მზეს ეფიცხებოდა. სათვალე ეკეთა, რომელიც ცხვირის კეხთან ოდნავ უჭერდა. რა ემართება? ადრეც ატარებდა მზის სათვალეს, მაგრამ ასე არ უჭერდა. ნევროზის ბრალია? არა, არა, უბრალოდ, უინტერესოა, სრულებით უინტერესოა ეს სათვალე. გიჭერს? ესე იგი, უნდა მოიხსნა. თან, რატომღაც, თვალებიც ეძაბება. ისე, არც ადრე მოსწონდა მისი ტარება, უბრალოდ, «მარიაჟობდა».
იქ, პარკის ბოლოში, მავთულის ღობეა, ღობის იქით _ ქუჩა. ქუჩაში კი ადამიანები დადიან. ადამიანები… სწორედ მათ გამოა აქ, სწორედ მათ გამო მიიღო ასეთი ტრავმა და შეზიზღდა ცხოვრება. ამიტომაც არ უნდა იქ. არ იზიდავს ადამიანები. «დამანებეთ თავი, ყველამ დამანებეთ თავი!» _ ჩაილაპარაკა სასოწარკვეთით და სათვალე მოიხსნა. აქ კარგად გრძნობს თავს, შეეშვით ყველანი და მორჩა! ის აქ დარჩება.
რა მარტივად ხდება ყველაფერი _ ერთი თავის დარტყმა და დამთავრდა _ არც მომავლი აინტერესებს, არც წარსული. თითქოს არც არაფერი ყოფილა. სრული აპათია… «სწორედ ამ მომენტიდან შენ არავინ ხარ, არაფერი გქვია და არსად ცხოვრობ. შენ უკვე აღარ გაქვს ბიოგრაფია, გოგონი, არც წარსული, მხოლოდ სუფთა ფურცელი დარჩა.» _ თვალები ცრემლით აევსო. ძალიანაც კარგი, თუ ასეა. არაფერში სჭირდება წარსული, არც ოჯახი, არც ახლობლები. დაე, იყოს სუფთა ფურცელი. ჯობს ამ ფურცლით დაამთავროს სიცოცხლე, ლაქას მაინც არ დატოვებს და სინდისის ქენჯნა არ შეაწუხებს.
ჯინსის ქურთუკის ზედა ორი ღილი შეიხსნა, თავი მაღლა ასწია და სახე სექტემბრის თბილ მზეს შეუშვირა.
ირაკლი საავადამყოფოს სუნს ვერ იტანდა, ნერვებზე შლიდა. მარტო ამ სპეციფიკურ სუნს შეეძლო ადამიანის დეპრესიაში ჩაგდება. იგი მთავარი ექიმის კაბინეტში იჯდა და უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორებას ცდილობდა.
მსუქანმა და მაღალმა, ჭაღარა მამაკაცმა კარი შემოაღო და კაბინეტში შემოვიდა. პროფესორი ვანო მაისურაძე ნაძალადევი ღიმილით გამოეშურა ირაკლისკენ.
_ ახლავე ყველაფერს აგიხსნით, ჩემო ბატონო, _ ჩახრინწული ხმით დაიწყო ექიმმა, ხელით ფანჯრისკენ ანიშნა ირაკლის და როცა ეს უკანასკნელი დაიძრა, მიმავალ მამაკაცს უკან მიჰყვა. აქედან კარგად ჩანდა, როგორ დასეირნობდა ეზოში თაკო.
_ ხედავთ მას? იგი ყოველთვის შიდა ეზოს სიღრმეში დადის, არავითარ შემთხვევაში ბაღის ბოლოში არ გავა. მხოლოდ შორიდან ათვალიერებს მას. ამ ტერიტორიას კი, პრაქტიკულად, არასდროს ტოვებს.
_ ვიცი, შევნიშნე… მე დიდხანს ვზივარ ხოლმე პარკში, აი, იმ მერხზე და მას ვუთვალთვალებ, ველოდები, როდის გამოჩნდება, _ თქვა ირაკლიმ და უხერხულად შეიშმუშნა.
_ და იცით, ამას რატომ აკეთებს? იმიტომ, პარკის იქით ქუჩა მოჩანს. მას სწორედ ამ ქუჩის ეშინია. თქვენ კი მეუბნებით, შინ წავიყვანო! ამან შეიძლება იგი ნერვულ კრიზამდე მიიყვანოს, გესმით? შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს და დამძიმდეს. ეს დიდი რისკია, ჩემო ბატონო, რისკი იმისა, რომ შეიძლება სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.
_ ჩემთვის მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ერთად ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით, მე ვიზრუნებ მასზე, არაფერს დავაკლებ. ჩემთვის უმთავრესი ჩვენი ოჯახია, ოჯახი, რომელიც უნდა შეგვექმნა და ვერ მოვასწარით. ახლა მით უმეტეს _ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ხომ ბავშვს ელოდება ჩემგან.
_ თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ, ირაკლი. ეს თქვენთვის არის მთავარი ოჯახი, ეს თქვენ გსურთ, ის თქვენი მეუღლე გახდეს, მაგრამ მას არ ეკითხებით? ამ მომენტში თქვენ მისთვის არაფერს წარმოადგენთ და არც არანაირი ოჯახი არ არსებობს მისთვის. არც იცის, ორსულად რომ არის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოგცდეთ ამის შესახებ, სანამ ყველაფერი არ დალაგდება, სანამ არ შეგეჩვევათ და არ დაგიბრუნდებათ…. როგორ აგიხსნათ… ის ახლა პატარა ბავშვივითაა, რომელსაც, მზრუნველი არ სჭირდება.
_ და რას მთავაზობთ ამ სიტუაციაში?
_ ლოდინს.
_ კი მაგრამ, მთელ ცხოვრებას საავადმყოფოში ხომ არ გაატარებს?
_ რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სანამ მის სახლში გადაყვანას გადაწყვეტდეთ, უმჯობესი იქნებოდა, დაგეცადათ, თავიდან შეჩვეოდით.
_ მაგრამ მას არ უნდა ჩემი ნახვა, კატეგორიული უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე.
_ ბოლოს მე მას ორი დღის წინ ველაპარაკე. ვეცდები, კიდევ ერთხელ დაველაპარაკო, თანაც დღესვე. მასთან აუცილებელია ყოველდღიური ჩიჩინი, რომ დაითანხმოს ადამიანმა, მაგრამ დაძალება გამორიცხულია. მას ეშინია, ყველაფრის ეშინია. გოგონას ცნობიერებაში რაღაც აბრკოლებს, აფერხებს, რომ ეს შიში გადალახოს. დავაცადოთ, გირჩევთ, მოთმინება იქონიოთ და ჩემს გადაწყვეტილებას დაელოდოთ.
მოთმინება! ირაკლიმ გრძელ დერეფანს თვალი მოავლო. უფერო, უსიხარულო, უსიამოვნო გარემო _ როგორ უნდა მოუნდეს ადამიანს აქ დიდხანს დარჩენა? მით უმეტეს, ხანგრძლივად ცხოვრება? ჯერ ეს სუნი როგორი ასატანია! საშინელი მოწყენილობა შეგიპყრობს. ჯანმრთელ კაცს შესძულდება სიცოცხლე!
_ იქნებ ჯობია, როცა ეზოში სეირნობს, მივიდე და გამოლაპარაკება ვცადო?
_ ამის გაკეთება ჯერ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის უარესად დაფრთხება.
_ რატომ, რატომ?
_ იმიტომ, რომ უარყოფითი რეაქციის ალბათობა მეტია, ვიდრე დადებითის. მას ახლა იმდენად სძულს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, დაფრთხება, ეს კი ნერვულ აშლილობას გამოიწვევს, რის შემდეგაც ჩვენი შანსები ძალიან შემცირდება. არ გვაქვს უფლება, ასე გავრისკოთ. მისი ფობია უკიდურესად დელიკატური ავადმყოფობაა, რადგან მასში ჩათრეულია ფსიქიკა, ამის გამო, ტვინის ზოგიერთი უბანი დაიბლოკა და ძალდატანება არ იქნება, თორემ შესაძლებელია სამუდამოდ ასე დარჩეს. გესმით ჩემი? ამ საქმეს ფრთხილი მიდგომა სჭირდება, ძალიან სათუთი. მით უმეტეს, რომ გოგონას თავად არ სურს შენთან დაკავშირებით რამის გახსენება, თუნდაც ერთი უმნიშვნელო ეპიზოდისაც კი. იგი სრულიად შეგნებულად ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი პოზიცია. სხვანაირად როგორ აგიხსნათ…
_ კარგი, ბატონო პროფესორო. მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, მაგრამ იქნებ ცოტა დააჩქაროთ მისი დარწმუნება. ძალიან გთხოვთ… სანამ მამამისი ჩამოსულა, იქამდე მინდა ყველაფერი მოვაგვარო.
_ მამამ თქვენ შესახებ არაფერი იცის?
_ მ…მ…მ… რაღაც-რაღაცები იცის, მაგრამ არ იცის მთავარი.
_ ალბათ ფეხმძიმობის ამბავს გულისხმობთ, არა?
_ დიახ.
_ გასაგებია. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, პირობას გაძლევთ, ძალისხმევას არ დავიშურებ.
გაგრძელება იქნება