დახუჭულ თვალებს მიღმა მზის სითბო სასიამოვნოდ ატანდა. როდემდე უნდა ეშინოდეს ასე? ბოლოს და ბოლოს, ამით ხომ არ მთავრდება ცხოვრება? უნდა დათანხმდეს იმ სეანსების ჩატარებაზე, რომელიც შიშის დაძლევაში დაეხმარება. პატარა გოგო ხომ არ არის? არ შეიძლება ასე გაჯიუტება. უნდა შეხვდეს ირაკლის, მოუსმინოს, პატიება სთხოვოს და თავადაც აპატიოს. _ თაკოს უნებურად ღიმილმა გაუპო ბაგე.
«წარსული» _ რა ბნელი და უღიმღამო სიტყვაა. როგორ ატკინა გული ირაკლიმ, ეს რატომ უნდა აპატიოს? ასე რომ არ მოქცეოდა, ამ სამარცხვინო საქციელს ხომ არ ჩაიდენდა? როგორ ნანობს… რას? იმას, რომ ფანჯრიდან გადახტა, თუ იმას, რომ საერთოდ დაუახლოვდა ირაკლის? არ იცის, აი, სწორედ ეს არ იცის…
სისულელეა ეს ყველაფერი. არა, უნდა დაელაპარაკოს ვანო ექიმს, შეხვდება ბოლოს და ბოლოს თავის პირად მცველს და… რაც იქნება, იქნება. სულ საავადმყოფოში ხომ არ იქნება? ან ვინ გააჩერებს აქ სამუდამოდ? ერთხელაც ხომ მოუწევს აქედან გასვლა? და სად უნდა წავიდეს? წარსულ ცხოვრებას დაუბრუნდეს? რატომაც არა? ყველაფერს თავიდან დაიწყებს.
საავადმყოფოს შენობაში შებრუნდა, ბუფეტიდან ფინჯანი ყავა გამოიტანა და პალატაში შევიდა. უცებ მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა ზედ კართან.
_ თაკო! _ დაიძახა ვიღაცამ.
კარი გაიღო… ზღურბლთან პროფესორი ვანო მაისურაძე იდგა, მთავარი ექიმი. ორივე ყურადღებით უცქერდა ერთმანეთს.
_ რა გჭირს, რაღაც შეშფოთებული მეჩვენები, _ დაეჭვდა ვანო ექიმი.
_ არაფერი, ყველაფერი რიგზეა, _ თავს ძალა დაატანა თაკომ და გაიღიმა.
_ მომისმინე, გოგონი, _ ექიმმა მკლავში ხელი ჩაავლო და საწოლზე ჩამოსვა, _ სულაც არ არის აუცილებელი, საკუთარ თავში ჩაიკეტო. საავადმყოფო ერთობ მოსაწყენი ადგილია, ამიტომ ყველა ადამიანი ძალიან უნდა ეცადოს, რომ დროზე გავიდეს აქედან. შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ და ამ ავადმყოფებთან არაფერი გესაქმება. გონს მოუხმე, მოდუნდი, უფრო მსუბუქად შეხედე მოვლენებს. ბოლოს და ბოლოს, დროა, დაუბრუნდე შენს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, საზოგადოებას… თუ არ გსურს ფსიქოთერაპიის კურსის გავლა, შენი ნებაა. ოღონდ კი ნუ იტყვი უარს, შეხვდე იმ ადამიანებს, რომლებიც შენ გიცნობენ და რომელთაც უყვარხარ. მაგალითად, შენს საქმროს… ის ძალიან განიცდის შენს ამბავს, ძალიან დარდობს. იცი, როგორ უყვარხარ? სულ მცირე შანსი მაინც მიეცი _ შეხვდი, დაელაპარაკე. ამით არაფერი დაშავდება.
«რა თქმა უნდა», _ ფიქრში ეთანხმებოდა თაკო.
_ აუცილებლად გაუგებთ ერთმანეთს, თავს დავდებ, _ ისმოდა ექიმის ხმა, _ პირობას გაძლევ…
«ის გულისამრევია, ლამაზი, მაგრამ გულისამრევი! მის ღიმილს ღიმილი არ ჰქვია! მისი გამოხედვა მკაცრია და დამცინავი! როგორ შემეძლო ასეთი კაცის ცოლობაზე მეოცნება, მისნაირი როგორ უნდა მყვარებოდა! ის ხომ დასცინის ჩემს გრძნობებს!» _ საკუთარ თავს ებრძოდა გოგონა.
_ სახლში ყველა თავზე შემოგევლება _ საქმროც, მამაც, მეგობრებიც, ახლობლებიც… თავიდან დაიწყებ ცხოვრებას… ირაკლი არაფერს მოგაკლებს, არც არაფერს გაიძულებს, სრულ თავისუფლებას მოგანიჭებს… ამასობაში მამაშენიც ჩამოვა… ისიც ნერვიულობს, განიცდის… იქამდე ირაკლი მოგივლის. ოღონდ ჯერ უნდა შეხვდე, დაელაპარაკო… იქნებ პირველსავე შეხვედრაზე დაძლიო შიში და აღარ შეგაწუხოს უსიამოვნო მოგონებებმა. არ თქვა უარი. ის გელოდება.
_ კარგი, თანახმა ვარ… შევხვდები იმ თქვენს საქმროს, _ მორჩილად განაცხადა თაკომ.
_ ჩემს კი არა, შენს საქმროს, გოგონი, შენსას.
_ რა თქმა უნდა, ჩემსას, ვანო ექიმო… უბრალოდ, ვიხუმრე. ოღონდ ერთი-ორი დღე კიდევ მაცალეთ, კარგი? უნდა მივეჩვიო ამ აზრს, _ დაიმორცხვა.
_ ძალიანაც კარგი, _ ვანომ ვეებერთელა ხელისგული თაკოს მხარზე დაადო, _ მომწონს შენი გადაწყვეტილება! ახლა კი დაისვენე! თუ რამე დაგჭირდეს, მე აქვე ვარ! _ თქვა და გავიდა.
ირაკლი ადრიანად მივიდა პარკში, ამოჩემებულ მერხზე დაჯდა და მზერა საავადმყოფოს შენობისკენ მიაპყრო. თაკო ჯერ არ ჩანდა. არა უშავს, ალბათ მალე გამოჩნდება და დაიწყებს სეირნობას. თუ არ გამოვა, არც ამით დაშავდება რამე. მთავარია, რომ ისინი ხვალ შეხვდებიან ერთმანეთს. ვანომ დაურეკა წუხელ და ყველაფერი უთხრა. ნუთუ მართლა თანახმაა პრინცესა? უჭირს ამის დაჯერება პირად მცველს.
რა უნდა უთხრას, როცა ნახავს? საიდან დაიწყოს? თავს როგორ გრძნობო? მომენატრეო? მამაკაცს ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი უბრალო სიტყვების წარმოთქმა ასე ძნელი იქნებოდა. რა იდიოტობაა! გინდა, სიტყვებით მოეფერო ყველაზე საყვარელ ადამიანს, რომელთანაც საუკეთესო დღეები გაგიტარებია, რომელიც შენგან ბავშვს ელოდება და არ იცი, როგორ გააკეთო ეს!
არა უშავს, როგორმე მოაბამს თავს. განა ერთი და ორი ქალი შემოურიგებია? როგორც სხვებთან იქცეოდა, ისე მოიქცევა თაკოსთანაც. მე ირაკლი ვარ, ირაკლი მეუნარგია… ძალიან ვდარდობ შენზე და ვნანობ, ასე რომ გატკინე გული… ასე ეტყვის. მერე თავისთავად უკარნახებს სიტუაცია, რა თქვას.
ოხხხ!.. რა ძნელია ეს ყველაფერი!
_ გამარჯობა-თ, _ გაისმა უცებ გვერდით ქალის ხმა.
ირაკლიმ თვალები გაახილა, მოიხედა და ადგილზე გაშეშდა…
მის წინ თაკო იდგა _ გამხდარი, ფერმკრთალი, სიფრიფანა…
_ თქვენ გესმით ჩემი? _ კვლავ მოესმა მისი ხმა.
«თ»… რამდენი «თ» ითქვა ორ წინადადებაში… მისი საყვარელი არსება თქვენობით ელაპარაკება. ირაკლის ყელში ბურთივით მოებჯინა რაღაც… თითქოს მიელურსმნა მერხს, თითქოს გაქვავდა.
შეეცადა, როგორმე გაეღიმა, ოდნავ წამოიწია და ქვემოდან ახედა გოგონას.
_ გისმენ, თაკო…
_ ხომ არ გაგაღვიძეთ? ალბათ გეძინათ…
_ არა, არა, რას ამბობ… უბრალოდ, ჩაფიქრებული ვიყავი, _ მამაკაცი საკუთარ ხმას ვერ ცნობდა.
_ მაინც გადავწყვიტე შეხვედრა… არ ვიცი, ასე ჯობია თუ არა, მაგრამ მაინც… _ თაკო დაბნეულად ლაპარაკობდა.
ირაკლი ხვდებოდა, რომ ბუნებრივად უნდა მოქცეულიყო, ახლა ზედმეტი არც სითბოს გამოჩენა ივარგებდა და არც სიცივის. ახლა არაფერი უნდა შეეშალოს, თორემ ყველაფერს გააფუჭებს.
ისევ გაუღიმა და თავი მორჩილად დაუქნია.
_ რატომაც არა, ეს არ უნდა იყოს ცუდი გადაწყვეტილება.
_ წამიყვანთ თქვენთან, ირაკლი? _ თითქოს შორიდან ისმოდა გოგონას ხმა.
ირაკლის თვალწინ აშკარად აყირავდა სამყარო, ცივმა ოფლმა დაასხა. მსწრაფლ მოთოკა თავი, კვლავ გაიღიმა.
_ თუ გინდა, ახლავე, _ ჩვეულებრივად თქვა და წამოდგა.
თაკომ ხელი მკლავში გაუყარა, მსუბუქად დაეყრდნო და გასასვლელისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვნენ. ირაკლი გრძნობდა, როგორი დაძაბული იყო თაკოს სხეული.
მისი მანქანა, მისი ძვირფასი მანქანა იქვე იდგა, ორიოდე მეტრის მოშორებით, მაგრამ შეეშინდა პირდა მცველს, არ დაეფრთხო ისედაც დამფრთხალი პრინცესა. ვაითუ, მორიელის მანქანის დანახვაზე უსიამოვნო მოგონებები აეშალოს… რა იცი, რა ხდება….
დაფიქრების საშუალება არ უნდა მისცეს.
_ ტაქსი! _ იყვირა უცებ და ხელი დაუქნია მთვლემარე მძღოლს, _ ტაქსი!
ორიოდ წამში მძღოლმა მანქანა მის წინ დაამუხრუჭა. ირაკლიმ უკანა კარი გამოაღო და განზე გადგა.
_ დაჯექი, _ ხელით ანიშნა თაკოს.
პრინცესა შეყოყმანდა.
მერე საავადმყოფოსკენ მიტრიალდა…
მერე კვლავ მამაკაცს შეხედა….
და სწრაფად ტაქსიში ჩაჯდა…
ასეთი რამ ირაკლის ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა, არასდროს, არასდროს! გულისცემას თითქოს თავის არეში გრძნობდა და არა მკერდში, ყურებში ჩაესმოდა მისი ბაგაბუგი. ყველა სიკეთესთან ერთად, ხელებიც უკანკალებდა და თაკოს რომ არ შეემჩნია, ქურთუკის ჯიბეებში ჩამალა. ახლა მძღოლი იკითხავს, საით წავიდეთო. რა უპასუხოს? თაკოს სად სურს? ალბათ არც იცის. მან? მან კი იცის? წარმოდგენა არა აქვს.
მგონი, აჯობებს, თუ თავისთან წაიყვანს სახლში.
ტაქსის მძღოლმა სწორედ ამ დროს მოაბრუნა თავი და იკითხა.
_ საით მივდივართ?
გოგონას სახეზე უმწეო დაბნეულობა აღებეჭდა. მამაკაცმა ალმაცერად გახედა და ხმადაბლა თქვა.
_ ცენტრში გადი, იქ ჩამოვალთ, _ და გამამხნევებლად გაუღიმა პრინცესას.
ტაქსი დაიძრა… მასთან ერთად თითქოს სამყაროც დაიძრა და დატრიალდა სარკმლის მიღმა. მორიელს დაუჯერებლად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ნუთუ თავიდან იწყება მათი ურთიერთობა? ისევ ისე, უცნობებივით შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მაშინ, თაკომ ვითომ ახლაც არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი, რა ერქვა, რას წარმოადგენდა… ისევ კაფეში უნდა დასხდნენ ფინჯანი ყავითა და ანანასის წვენით ხელში… განსხვავება მხოლოდ ერთია _ მაშინ თაკო ცდილობდა, მოეწონებინა მისთვის თავი, ახლა ირაკლის უნდა ეზრუნა ამაზე.
ყველაფერი თავიდან, კვლავ თავიდან…
მძღოლი დუმდა… დუმდა თაკოც… ირაკლიც…
მხოლოდ გული ხმაურობდა მისი…
მორიელმა მყუდრო კაფე შეარჩია. გოგონა გაფართოებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით. პირადმა მცველმა, როგორც იქნა, შეძლო თავის ხელში აყვანა, ოდნავ დამშვიდდა. შოკოლადი, ყავა და წვენი შეუკვეთა და თაკოს გახედა.
გოგონა გამხდარიყო, სახეც გაცრეცოდა. საავადმყოფოში თმა შეეჭრათ, რის გამოც ასაკით კიდევ უფრო პატარა ჩანდა. ამწუთას მორიელი ამას აღარ დაეძებდა. ახალი ვარცხნილობა რაღაცით ცვლიდა კიდეც თაკოს, მაგრამ რით _ ვერ ხვდებოდა, თუმცა კი უხდებოდა. მას ყველაფერი უხდებოდა _ გახდომაც, სიფერმკრთალეც, მოკლე თმაც, სევდიანი გამოხედვაც და იდუმალი ღიმილიც….
ისხდნენ და მდუმარედ სვამდნენ, ირაკლი _ წვენს, თაკო _ ყავას.
_ ხომ არ მოიწყინე? _ მხიარული ტონით ჰკითხა მამაკაცმა.
_ როგორ გითხრათ…
_ როგორც არის: თქვი, რომ მოიწყინე. არ მეწყინება.
თაკომ თვალები დახარა.
_ შოკოლადს რატომ არ ჭამ?
_ არ მინდა, არ მიყვარს, _ მხრები უხერხულად აიჩეჩა გოგონამ.
ირაკლიმ წარბები აზიდა… არადა, ვინ-ვინ და, ირაკლიმ მაინც იცის, როგორ უყვარს პატარას შოკოლადი.
_ კიდევ ავიღებ ყავას, გინდა?
_ არა, დიდი მადლობა, საკმარისია, თორემ ღამით არ დამეძინება.
«ღამით»… _ ამ სიტყვის გაგონებაზე მამაკაცს სუნთქვა გაუჩერდა. რა იქნება ღამით?
_ წვენი? ღვინო? ან იქნებ შამპანური გესიამოვნება? _ ჩქარ-ჩქარა მიაყარა.
_ არა, არ მინდა… თუმცა, ანანასის წვენს მეც დავლევდი, თუ…
გოგონა ნელ-ნელა დამშვიდდა. მოეწონა გარემოც და კავალერიც, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა მისი გულის მოგებას. კარგია, საავადმყოფოს იმ სპეციფიკურ სუნს რომ ვერ გრძნობს. არც არავის ელოდება, რადგან ირაკლი მასთანაა. არც არსად ეჩქარება. ის ახლა თავისუფალია. არც ექიმი გააბეზრებს თავს. არც ისე ცუდი ყოფილა გარეთ. რა ჯანდაბა დაემართა, საიდან მოვიდა ეს შიში? რატომ უნდა ეშინოდეს იმის, რაც იყო გუშინ, გუშინწინ? ამის გაფიქრებაზე გული შეეკუმშა. მაგრამ რომ უძნელდება იმ დღეების გახსენება? განსაკუთრებით იმ ღამის? არადა, ხანდახან ეჩვენება, რომ ეს ყველაფერი თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, ბავშვობაში თუ სხვა სამყაროში…
რა უნდა ქნას, როგორ შეურიგდეს? საიდან დაიწყოს ლაპარაკი? თვითონ არაფერს ეუბნება, არაფერს ახსენებს მათ ურთიერთობაზე. ეშინია, უარესად არ შეაშინოს? ალბათ… არა უშავს, რაღაცას მოიფიქრებს, პატარა გოგო ხომ არ არის. ამწუთას ეს სულაც არ ანაღვლებს, ისე კარგად გრძნობს თავს.
წვენი და მეორე ფინჯანი ყავა მოიტანეს. ირაკლიმ კვლავ შესთავაზა თაკოს შოკოლადი. გოგონას ამჯერად უარი არ უთქვამს.
წვენი მოსვა და ფიქრი გააგრძელა. «საავადმყოფოში ალბათ უკვე მეძებენ. ვაითუ, მთელი განყოფილება ფეხზე დგას. რა სულელი ვარ, არ უნდა გავქცეულიყავი… მაგრამ ირაკლისთან ისე კარგია… აბა, რა მექნა, იქ დავრჩენილიყავი და მეცადა? რისთვის? ექიმი როდის შემახვედრებდა მას? რა მნიშვნელობა ჰქონდა, მის გარეშე შევხვდებოდი, თუ მისი თანდასწრებით? არა, კარგი ვქენი, რომ გამოვიპარე. ასე უფრო ბუნებრივად მოხდა, არავის დაუძალებია, გამოელაპარაკეო, ჩემით გადავწყვიტე…»
ირაკლიმ საათს დახედა. თაკომ შენიშნა მისი ეს ჟესტი. «რას მეტყვის, ჩემთან წამოდიო? რა ვქნა, გავყვე? სახლში რა მინდა, მარტო რა უნდა ვაკეთო? იქნებ თვითონაც დარჩეს? რომ არ დარჩეს?» _ მოულოდნელად შიშმა აიტანა. მიხვდა, მარტო დარჩენა არ უნდოდა. მაინც შეირხა, რითაც მიანიშნა ირაკლის, რომ წასასვლელად მზად იყო.
_ რას ვშვრებით, წავედით? _ საქმიანად იკითხა მორიელმა.
_ სად? _ სუნთქვა გაუხშირდა გოგონას.
_ ჩემთან, სახლში…
_ თქვენთან? რატომ გადაწყვიტეთ ასე? _ შიშით უკან დაიხია.
_ არაფერიც არ გადამიწყვეტია, საიდან მოიტანე. უბრალოდ, ვხვდები, რომ შენს სახლში არ გინდა და ამიტომაც გეპატიჟები ჩემთან. ასე არ არის? ხომ არ ვცდები?
ირაკლი დადუმდა. თაკო კოპებშეკრული მისჩერებოდა მამაკაცს და ყოყმანობდა.
_ შენ რა, გეშინია ჩემი? _ ირაკლიმ საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო.
_ საიდან მოიტანეთ.
_ ნუ გეშინია, მე მშვიდობიანი ირაკლი ვარ, პატარა ბავშვებს არ ვჭამ, არც გამხდრებს, სხვათა შორის. ასე რომ, სანამ არ წამოიზრდები და ცოტათი არ მოსუქდები, არაფერი გემუქრება.
თაკოს გაეღიმა. მის ნათქვამზე დაძაბულობა მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა.
გაგრძელება იქნება