სანამ თაკო ოთახს ათვალიერებდა, ირაკლიმ ცეცხლის დანთება დაიწყო. ბუხართან ჯდომა უფრო რომანტიკულია. პარალელურად გამათბობელიც ჩართო.
- ისე იგრძენი თავი, როგორც შენს სახლში, არ მოგერიდოს. მე ცოტა ხნით დაგტოვებ, მარკეტში გავალ, რამეს ვიყიდი, თორემ გამოცარიელებულია მაცივარი.
თაკომ მორჩილად დაუქნია თავი.
ირაკლი ქუჩაში გავიდა, გახურებული შუბლი ნიავს მიუშვირა და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. ისევ ძველებურად უწევს თაკოზე ზრუნვა - მისი დაცვა, მაღაზიაში გასვლა სურსათისთვის, ვახშმის მომზადება… რამდენი ხანია, მსგავსი რამეებით არ დაკავებულა! საოცარია პირდაპირ, თაკო ახლა მას თავის სახლში ელოდება, მის ჭერქვეშ… როგორც ცოლი, ორსული ცოლი… კმაყოფილმა თავი გააქნია, თითქოს ახლა მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ცხოვრებაში სრულიად უბრალო რამეები - შინ მეუღლე გელოდებოდეს, იზრუნო მასზე, იარო ბაზარში, მოამარაგო ოჯახი…
ერთი სიტყვით, გაისარჯო მისთვის, ვინც გიყვარს. ამის გარეშე სიყვარული ხომ აბსტრაქტული და მოსაბეზრებელი ხდება, საბოლოოდ კი შეუმჩნევლად გაქრება კიდეც…
უამრავი რამ იყიდა, ტკბილეული, ყველი, პური, კარაქი, ყავა, შაქარი, სოსისი, კვერცხი…
როცა მობრუნდა და კარი გააღო, ადგილზე გაშეშდა. თაკოს ფეხები მოეკეცა და სავარძელში ჩამჯდარიყო ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდა, ყოველ საღამოს, როცა ერთად იყვნენ მის სახლში.
- აბა, როგორ ხარ უჩემოდ? - ბედნიერებისგან სახეგაბადრულმა პარკები მაგიდაზე შემოაწყო.
- არ ვიცი, - თვალები დახარა გოგონამ.
მტკივნეული იყო ამის მოსმენა. რა ცუდი პასუხი იყო… ნუთუ ირაკლი მისთვის უკვე სულერთია?
- საჭმლის მომზადება ისევ გეხერხება? - ღიმილით გახედა ფეხებმორთხმულს მამაკაცმა და პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა.
საინტერესოა, რას უპასუხებს. ფაქტობრივად, პრინცესას ხომ კერძების მომზადება არ ეხერხება, უფრო სწორად, ცუდად ეხერხება.
- გააჩნია, რისი, - ყოყმანით წარმოთქვა გოგონამ.
- მაგალითად, სოსისის მოხარშვა.
- ო! ეს ვიცი, ეგ ნამდვილად შემიძლია, - გამხიარულდა პრინცესა.
ივახშმეს, მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და დასხდნენ. თაკო მხიარული და კმაყოფილი ჩანდა. ირაკლი თვალს არ აშორებდა მას. «მე შენ არსად გაგიშვებ, პატარავ, მეტჯერ აღარსად გაგიშვებ…» - გაიფიქრა თავისთვის.
«ალბათ უკვე მეძებენ. კარგია, რომ აქ ვარ. აქ ვერავინ მომაგნებს», - გაიფიქრა თაკომ.
- ჩაი ხომ არ მოვადუღო?.. ლიმონით, გესიამოვნება, - ჰკითხა მორიელმა.
- კარგი იქნებოდა.
- ნამცხვარიც ამოვიტანე. მართალია, ტკბილეული მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ შოკოლადის ვაფლზე უარს არ ვიტყვი, - ენად გაიკრიფა პირადი მცველი.
- მეც მიყვარს ლიმონიანი ჩაი, შოკოლადის ტორტიც მიყვარს. მე და შენ, ისე, ერთნაირი გემოვნება გვაქვს.
- მართლა? - გაიკვირვა მამაკაცმა, თანაც კარგად გაიკვირვა, ბუნებრივად. დაძაბული იჯდა და ვაფლის ტორტის გრძელ ნაჭრებს თეფშზე დიდი მონდომებით ალაგებდა.
- ეს გაგვასუქებს, - გაიცინა გოგონამ და თითით ნამცხვარს შეეხო.
- შენ ნამდვილად არ გაწყენდა, მე ვიკითხო თორემ, - «დაიწუწუნა» მორიელმა, - რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო? - ყასიდად ჰკითხა, თუმცა ძალიან კარგად იცოდა, რომ თაკო ჩაის უშაქროდ სვამდა.
- დაგავიწყდა, რომ შაქრიანი ჩაი არ მიყვარს? - სინანულით შენიშნა, - გემოს უკარგავს. აი, ლიმონზე კი არ ვიტყვი უარს, - თქვა და შუაზე გაჭრილი ლიმონი ფინჯანში ჩააწურა.
მორიელმა ღიმილი ვერ შეიკავა, მაგრამ არ შეიმჩნია, წამოდგა და ბუხარს შეშა შეუკეთა.
თაკო ისევ დაჯდა, ისევ ნაღვლიანი გაუხდა გამომეტყველება, თვალებზე ცრემლი გაუბრწყინდა.
- ასე მგონია, ახლა დავიბადე და ეს ქვეყანა არ მომწონს, - ხმადაბლა დაიწყო, - თითქოს სხვა, უფრო მხიარულს ველოდი, უფრო ნათელს, უფრო ახლობელს… მეგონა, ის აღარ ვიქნებოდი, რაც წინა ცხოვრებაში ვიყავი და ახალს მაინც შემიყვარებდა ის, ვისაც მინდოდა, ვყვარებოდი… ისეთი შეგრძნება მაქვს, შიშველი ვარ და ამას ჩემ გარდა ყველა ხედავს. ამ ყველაფერში კი რაღაც ბოროტი იდუმალებაა. თან, შენ არ გინდა გამომიტყდე, რომ მხოლოდ მოვალეობას იხდი ჩემ წინაშე…
- მოვალეობას არ ვიხდი. უბრალოდ, რახან ახლა დაიბადე, ჯერ მთლად თოთო ხარ და ველოდები, როდის გაიზრდები, როდის ამოიდგამ ენას, რომ მერე დაგელაპარაკო, - არ ჩაიჭრა პირადი მცველი.
- ისე ცუდად ვიყავი ეს დღეები, არავისთან მინდოდა დალაპარაკება, შეხვედრა… თვითონაც არ ვიცი, რატომ… ამას წინათ მამის მეგობარი მოვიდა, პალატაში არ შემოვაშვებინე.
- კი მაგრამ, მაინც რატომ, რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?
- არ ვიცი… ასე მგონია, რომ ჯერ მზად არ ვარ ახალი ცხოვრების დასაწყებად. არადა, ვგრძნობ, სხვა ეტაპი მეწყება. ფაქტია, რომ მეორე სართულიდან უმიზეზოდ გადმოვხტი, არ უნდა გამეკეთებინა ეს. სულელი ვარ. ბავშვივით მომივიდა, სიჯიუტეს ავყევი… ასე არ შეიძლება, ასე არ ხდება. ვიცი, რომ ძალიან ცუდი საქციელი ჩავიდინე. და საშინლად მრცხვენია.
საზიზღარი გოგო ვარ! არადა, ჩემი თავი სხვისი თვალით რომ შევაფასო, მომწონს.
- მეც.
თაკოს გაეღიმა.
- თითქოს არ ვარ ცუდი ადამიანი. რატომ დავაშავე ამდენი? რატომ?
- რა სისულელეა, ეს ვინ გითხრა. მოდი ერთი წუთით ჩემთან! - ირაკლი წამოდგა, თაკოს ხელი ჩასჭიდა და სარკესთან მიიყვანა, - ჩაიხედე. ჰგავხარ დამნაშავეს? ამის დიდი სურვილიც რომ გქონდეს, არაფერი გამოგივა, - და გაუღიმა.
ორივეს გაეცინა. ირაკლიმ გოგონას ხელს ხელი შეუშვა.
ამასობაში ძილის დროც მოვიდა…
უკვე შუაღამე გახდა. ირაკლიმ ლოგინი მარის საძინებელში გაუშალა თაკოს, თავად მისაღებში გადაწყვიტა დაწოლა, რათა მასთან ახლოს ყოფილიყო. თაკო აბაზანაში შევიდა, მამაკაცი კი ფიქრს მიეცა. მათ ერთ ჭერქვეშ უნდა გაეთენებინათ ღამე, რაც ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის - იყო ასე ახლოს მასთან და… თან არც იყო. არა უშავს, განა ცოტა ყოფილა შემთხვევა, როცა თავი შეუკავებია მისი სიახლოვისგან? ახლაც როგორმე გაუძლებს, ასე ხომ დიდხანს არ გაგრძელდება. სამაგიეროდ, ყურს დაუგდებს მის სუნთქვას და იოცნებებს იმ ღამეებზე, რომლებიც წინ ელის პატარა პრინცესასთან ერთად.
თაკო აბაზანიდან გამოვიდა. ტანთ მარის ზოლებიანი ხალათი ჩაეცვა, რომელიც თითქოს მის სხეულზე იყო გამოჭრილი, ისე უხდებოდა. გოგონა სარკესთან დადგა და სველი თმის დავარცხნას შეუდგა, თან ყურადღებით აკვირდებოდა თავის თავს.
ირაკლი მდუმარედ მისჩერებოდა პატარას. იგი ყოველთვის ასე იქცეოდა - იყურებოდა სარკეში და ისე ათვალიერებდა საკუთარ ორეულს, თითქოს დაქალი ყოფილიყო, რომელსაც აზრებს უზიარებდა. მამაკაციც ხედავდა გოგონას გამოსახულებას და ეს გამოსახულება ვიღაცას უღიმოდა, ოღონდ არა მორიელს. ნეტავ, ვის?
თაკომ იცოდა, მამაკაცი რომ უყურებდა და იღიმოდა. მას უღიმოდა? მორიელი დაიძაბა. რაღაც იდუმალი იყო მის ღიმილში, რაღაც გამომწვევი, თანხმობის მსგავსი. იქნებ მზადყოფნის ნიშანი? სიტყვით ვერ გამოხატა პირადმა მცველმა, რა იკითხებოდა გოგონას ღიმილში და სწორედ ეს არ მოეწონა. უცნაურია… რატომ? არადა, უნდა გახარებოდა. თაკომ სარკეში მზერა მასზე გადაიტანა. თვალი თვალში გაუყარა. «ვიცი, რასაც ელოდები”, იკითხებოდა მის გამოხედვაში.
«არა, პატარავ, შენ ცდები”, - გაიფიქრა მორიელმა, - არაფერსაც არ ველი».
თაკო ერთხანს ყოყმანობდა, მერე კი ნელი ნაბიჯებით, მაგრამ გაბედულად მიუახლოვდა პირად მცველს და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. მისკენ დაიხარა, თან გამომცდელად ათვალიერებდა ერთიანად დაძაბულ მამაკაცს.
- მითხარი, ცოტათი მაინც გიყვარვარ? - დაიჩურჩულა მან, მერე მარჯვენა ხელის თითებით მისი პერანგის ღილებს მისწვდა და ნელა დაუწყო გახსნა.
ერთი ღილი გახსნა.
მერე კიდევ ერთი.
მერე ყველა.
ირაკლი ხმას არ იღებდა, რაღაცას დაძაბულად იხსენებდა… გოგონამ მამაკაცის მკერდზე თითები წრიულად გაასრიალა…
- თაკო… - ხმადაბლა დაიწყო ირაკლიმ, - თუ გგონია, ამისთვის მოგიყვანე აქ, ძალიან ცდები.
- მე შენ მიყვარხარ. არ მითხრა, რომ ეს არ გინდა. განა ამისთვის არ წამომიყვანე შენთან? -დაიჩურჩულა პრინცესამ და ტუჩებით მის გულის კოვზს შეეხო.
მოიცა! მორიელს გაახსენდა! ერთხელ უკვე მოხდა ასე! ზუსტად ასე! მაშინ, როცა თაკო პირველად შეეჭრა ირაკლის ოთახში. მაშინაც მსგავსი ხალათი ეცვა, ოღონდ მამამისის… სიტყვებიც თითქმის იგივე იყო, გამოხედვაც, მოძრაობებიც…
პირად მცველს სისხლი მოაწვა. ძნელი იყო თავის შეკავება. ახლავე უნდა ეღონა რამე, თორემ შეიძლებოდა საბედისწერო შეცდომა დაეშვა… მაგრამ, მისდა გასაოცრად, ადგილიდან არ იძროდა… როგორც მაშინ.
თაკო თავისი ამ ქცევით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა იმის გამო, რომ საყვარელ მამაკაცს გული ატკინა.
რა საჭიროა? მორიელს ხომ არ უთხოვია მისგან ეს? არა, ეს არ შედის მის პროგრამაში, მან ამაზე ოცნებაც კი აუკრძალა თავის თავს, ეს ბავშვი კი რა დღეშია? პირად მცველს ცივმა ოფლმა დაასხა.
იქნებ ასე ჯობია? იქნებ სექსის დროს დაძლიოს შიში?
არა, არა. ვაითუ, უარესად იმოქმედოს აღგზნებამ მასზე. თავსაც რომ ვერ იმორჩილებს?! მორიელს სურდა მასთან სიახლოვე, დიდი ხანია, სურდა და ეს სურვილი კლავდა, მაგრამ…
მაგრამ პრინცესას საქციელი სულაც არ იყო სიყვარულით გამოწვეული, იგი მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავდა. პატარა დარწმუნებული იყო, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ასე უნდა მოქცეულიყო და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად!
თაკოს ხალათი გადაეღეღა. მისი ასხლეტილი სხეული სანთლის ალივით განათდა. გოგონა აღარ იღიმოდა, იგი სერიოზული გამომეტყველებით მისჩერებოდა მამაკაცს.
«არა, პატარავ, არა! ჩვენ ასე არ დავიწყებთ ახალ ურთიერთობას!” - ამოიხვნეშა შეფიქრიანებულმა, გოგონას ხალათში სწვდა, შიშველი მკერდი დაუმალა და წამოდგა.
- შენი ლოგინი საძინებელშია გაშლილი, - ცივად თქვა და აბაზანაში მიიმალა.
გოგონა ერთხანს გაქვავებული იდგა, მერე კი აივნისკენ დაიძრა, კარი გამოაღო და გარეთ გავიდა. დაბნეულობამ და სირცხვილმა ერთდროულად მოიცვა, ვერ მიხვდა, სამარცხვინო უფრო იყო მისი საქციელი თუ ცუდი, მიუღებელი. ან იქნებ ორივე ერთად? ბოლოს მაინც პატივმოყვარეობამ სძლია - «რას ქედმაღლობს, რა უნდა?! ისევ ისე უნდა გააგრძელოს? ღმერთო ჩემო, მან კვლავ უარი თქვა ჩემზე, ამის მეშინოდა სწორედ!»
ირაკლი აბაზანიდან გამოსვლას აგვიანებდა. თაკო აღარ დაელოდა, ოთახში შევიდა, შუქი ჩააქრო და დაწვა.
ირაკლი წყლის ქვეშ იდგა და თვალდახუჭული თაკოზე ფიქრობდა. კმაყოფილი იყო, რომ მან ამოიცნო პრინცესას აზრი. კმაყოფილი იყო იმითაც, რომ მისი შეჩერება შეძლო. არ მისცა საშუალება, შეცდომა დაეშვა - არც მას და არც თავის თავს. არ შეიძლება ცხოვრების შეცდომიდან დაწყება, მით უმეტეს, მისი გამეორება არ შეიძლება.
აბაზანიდან გამოსულს მისაღებში სიჩუმე და სიწყნარე დახვდა. იქვე, დივანზე მიწვა… დიდხანს არ გაეკარა ძილი, ფიქრობდა.
ფიქრობდა იმაზე, რომ კარგად მოიქცა. იგი ამშვიდებდა თავის ორეულს, რომ არ შეეძლო სხვანაირად მოქცევა. მორიელმა ისე ამოიგმინა, ლამის გული ამოაყოლა თან. რა ძნელია, მოიქცე ასე, როცა გიყვარს, თუმცა…
თუმცა სწორედ ეს არის სიყვარული.
ირაკლიმდე აღწევდა თაკოს თანაბარი, მშვიდი სუნთქვის ხმა. ერთმანეთისგან ხომ მხოლოდ რამდენიმე მეტრი აშორებდათ და კიდევ… ერთი თხელი, სიფრიფანა კედელი. მისი სიახლოვე სიამოვნებას ანიჭებდა მორიელს, თან ძაბავდა. ნუთუ ეძინა პრინცესას? იქნებ თავს აჩვენებს მხოლოდ? მან არ იცოდა ეს, მაგრამ უნდოდა, რომ გოგონას ძინებოდა, რათა ცდუნების წინაშე კიდევ ერთხელ არ დამდგარიყო. ახლა ნებისმიერი სახის კონტაქტი მასთან, თუნდაც სიტყვიერი, შეიძლებოდა საბედისწერო აღმოჩენილიყო. იგი თავს ვერ მოერეოდა. ის, რაც უნდა მომხდარიყო, აუცილებლად მოხდებოდა მომავალში - ხვალ იქნებოდა თუ ზეგ, მაგრამ დღეს არა! სიჩქარე საქმეს გააფუჭებდა. «ჩვენ წინ უამრავი დრო გვაქვს სიყვარულისთვისაც, ლტოლვისთვისაც, სექსისთვისაც და ოჯახური სიტკბოების გამოცდისთვისაც. ჩვენ წინ ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, პატარავ… მთელი ცხოვრება…»
გაგრძელება იქნება