ირაკლი ხმაურმა გამოაღვიძა. თვალი რომ გაახილა, კართან მდგარი თაკო შენიშნა, რომელიც გასვლას აპირებდა.
- რას აკეთებ, თაკო, არ წახვიდე! - მუდარა უნებურად გაისმა მის ხმაში.
გოგონა შეჩერდა, მაგრამ არ მობრუნებულა.
- ვიცი, გეწყინა, მაგრამ…
- სულაც არა! - თაკო მოტრიალდა.
- როგორ არა, სახეზე გეტყობა. მაპატიე, მაგრამ მე სხვანაირად არ შემეძლო მოქცევა. როცა ჩემთან წამოსვლა შემოგთავაზე, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ…
- მე ის მეწყინა, შენ რომ ძველებურად აგრძელებ, სხვა არაფერი, - გააწყვეტინა გოგონამ.
- მე… არ მინდა დავაჩქარო რაღაც-რაღაცები… მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა შენთვის… ვიფიქრე, ჯერ ცოტა დამშვიდდეს, განიტვირთოს-მეთქი… რა ვიცი, აღარ ვიცი, რა გითხრა, არც ის ვიცი, რა ჯობია… დამეხმარე, გთხოვ… დარჩი… ჩემთან, - დაასრულა მორიელმა და შვებით ამოისუნთქა.
თაკო ხმას აი იღებდა, თვალებში ცრემლი გაუბრწყინდა.
- დარჩი, - კვლავ სთხოვა ირაკლიმ.
თაკო სკამზე ჩამოჯდა და ასლუკუნდა. პირად მცველს ხელი არ შეუშლია მისთვის. აცალა, სანამ პრინცესა გულამოსკვნით გამოიტირებდა თავის დაურწმუნებლობას, თავის შიშს, თავის მარტოსულობას, რათა ისინი გამქრალიყვნენ ერთხელ და სამუდამოდ, სამუდამოდ, სამუდამოდ…
თაკო დარჩა.
უამრავი საქმე უნდა მოეგვარებინა ირაკლის. საავადმყოფოში, სახლში, გიოსთან, გიგასთან…
მორიელი დარბოდა, დაფრინავდა, დაქროდა - ის ბედნიერი იყო.
ჯერ მთავარი ექიმი დაამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნება, მენდეთ, ვიცი, რასაც ვაკეთებო. მერე გიგას გაუარა და როცა ყველაფერი მოუყვა, რჩევა ჰკითხა. ბოლოს გიოსთან მივიდა სამსახურში და სიტუაცია ოფლით შუბლდაცვარულმა აუხსნა. გაუჭირდა ყველაფრის თავიდან მოყოლა. მისთვის ეს მტკივნეული იყო. გიოს თვალები შუბლზე აუვიდა.
- შენ გესმის, რას მეუბნები? - ხმა გაუმკაცრდა მას.
- რომ არ მესმოდეს, არ გეტყოდი. ამ საქმეს არაფერი ეშველება. ის ამიერიდან მე მეკუთვნის და ჩემთან იცხოვრებს. არ მაინტერესებს, რა აზრის იქნებით შენ და მამამისი ამაზე! - ხმას აუწია ირაკლიმ.
- გაგიჟდება გურამი, ძმაო, რას მეუბნები! რა ვუთხრა, იმისთვის იცავდა ის კაცი შენს შვილს, რომ შეეცდინა-მეთქი?
- მოიცა, მოიცა! რაღაც-რაღაცებს ნუ ურევ, გირჩევ! ჯერ ერთი, მე ის არ შემიცდენია, საკუთარი სურვილით მოხდა ასე. მეორეც… რა არის ცუდი იმაში, რომ ერთმანეთი… - სიტყვა «გვიყვარს” ვერ წარმოთქვა, გაუჭირდა.
- რა ერთმანეთი, ირაკლი, ნუ გამაგიჟე კაცი! - იფეთქა გიომ, - ის ხომ მთლად ბავშვია!
- აღარ არის ბავშვი. თქვენ გეგონათ ასე, მაგრამ მოტყუვდით. მით უმეტეს, ახლა! ბავშვი კი არა, ქალია, ქალი, რომელიც ჩემგან შვილს ელოდება.
- რა-ა! - ფეხზე წამოიჭრა მამაკაცი, - ვინ გითხრა, საიდან მოიტანე!
- ექიმმა თქვა, - ყრუდ გაისმა მორიელის ხმა.
- ეს ტყუილია. შენ ამით გინდა მისი შენარჩუნება და იგონებ ყველაფერს. არ შეგრჩება, იცოდე, გურამი ამას არ გაპატიებს.
- მერე როგორ მაპატიებს. მე მოვუვლი მაგ საქმეს, ოღონდ შენ ხელი არ შემიშალო, კარგი? არ ვიგონებ, მართალს გეუბნები.
- კი მაგრამ, მაისურაძემ მე რატომ არ მითხრა ეს?
- იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. მეც გუშინ გავიგე, არც მე ვიცოდი აქამდე.
- იცი, რას გეტყვი? მოდი, ასე გავაკეთოთ. სანამ მამამისი ჩამოვა, ეგ გოგო გამოუშვი, მე წავიყვან და მერე რაც გინდა, ის ქენი, არ მაინტერესებს.
- შეუძლებელია, გიო, ვერ ხვდები, რას ითხოვ ჩემგან. ჯერ ერთი, ის შენ არ გცნობს და ამიტომ არ გაგიჩერდება. მეორეც… ერთი ძმა რომ გარეთ არის დარჩენილი და ჯერ კიდევ ვერ უპოვია პოლიციას, ხომ იცი? ის ჯერაც საშიშია. არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს და შურისძიება გადაწყვიტოს. შენ თაკოს ვერ დაიცავ, ხომ მართალია? ამიტომ ყველა ვარიანტში ჩემთან უნდა იყოს. მორჩა, ჩემი სათქმელი გითხარი და შენ მოსმენას არ ვაპირებ. თუ გსურს, გურამს ყველაფერი შეატყობინო, შენი ნებაა. მე წავედი.
გაოგნებული გიო ადგილიდან არ დაძრულა. ირაკლიმ ხელი დაუქნია და კარი გაიხურა.
ესეც ასე, ეს საქმეც მოაგვარა. შანსი არ არის, გიო არ დაურეკავს გურამს და არც არაფერს ეტყვის. თუ რამეა, თავს გაიმართლებს, თავდასხმის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობდა და მთლიანად ირაკლის მივანდე შენი ქალიშვილიო. ჰოდა, ეგრე! ასე ჯობია!
გარეთ გამოსულმა მობილური მოიმარჯვა და სახლში დარეკა. ყურმილი არავინ აიღო.
კიდევ დარეკა… ტელეფონი არ პასუხობდა.
კიდევ…
არავინ მოდიოდა ყურმილთან.
სუნთქვა გაუჩერდა ლამის… სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და გიჟივით გააქროლა სახლისკენ.
მაგიდაზე ფინჯნის ნამსხრევები ეყარა. თაკო გაუნძრევლად მიწოლილიყო სავარძელზე.
- ფინჯანი გამიტყდა, - თქვა გოგონამ და წამოიწია.
«ეს პირველი შემთხვევა არ არის», - გაიფიქრა მამაკაცმა და უპასუხა.
- არა უშავს, მერე რა მოხდა. ვრეკავდი, რატომ არ მიპასუხე?
- რეკავდი? არ ვიცი, ზარი არ გამიგია, - მხრები აიჩეჩა პრინცესამ.
მართლა! ახლაღა გაახსენდა მორიელს, რომ წუხელ თავად გამორთო აპარატი შესაერთებლიდან, ვინმეს რომ არ შეეწუხებინა. ირაკლი მის გვერდით სკამზე დაჯდა და დაკვირვებით შეათვალიერა მისი სწორი ნაკვთები, გაფითრებული სახე და ჩაშავებული თვალები… გამოდის, მასაც არ სძინებია მთელი ღამე…
- როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
- კარგად. რა იყო, რამე მოხდა?
- ახლა შენ სუფთა ჰაერი გჭირდება. ხომ არ გავისეირნოთ სადმე?
- არა! - კატეგორიული ტონით მოუჭრა თაკომ.
რა სულელური სიტუაციაა! რა იღონოს? პრობლემები აწი უფრო იჩენს თავს. როგორც ჩანს, იმაზე მეტად გაუჭირდება მისი შემობრუნება, ვიდრე წარმოედგინა.
ირაკლი დაბლა ჩავიდა, მანქანიდან ნავაჭრი ამოალაგა და შინ შევიდა. საკვების გარდა, პირადმა მცველმა თაკოზეც იზრუნა - ორი ხელი ტანსაცმელი უყიდა, თან მისი გემოვნება ზედმიწევნით გაითვალისწინა - ორი გრძელმკლავიანი სპორტული მაისური, თბილი ჟაკეტი და ჯინსის შარვალი. შორტის სეზონი აღარ იყო, თორემ იმასაც მოაყოლებდა.
გოგონას საჩუქრებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს, მორცხვად გადაუხადა მადლობა და საძინებელში გავიდა, რომ საჩუქარი მოერგო. მალევე გამოვიდა და გაღიმებული კვლავ სავარძელში მოკალათდა.
- უცნაურია, რატომ აკეთებ ამას ჩემთვის? - იკითხა მან.
«იმიტომ, რომ მიყვარხარ… იმიტომ, რომ უშენოდ ძალიან ცუდად ვიყავი… იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ, როცა ჩემ გვერდით გხედავ», - გაიფიქრა, მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო. მხრები აიჩეჩა მხოლოდ.
- ზუსტად არ ვიცი… უბრალოდ, მსიამოვნებს ამის გაკეთება, სულ ეგ არის.
- რომ არ გიყვარვარ?
- სამაგიეროდ, მომწონხარ, - ტყუილი დააბრეხვა.
- ამიტომაც?
- ალბათ.
- შენი ცოლი რომ ვიყო, მაშინაც გააკეთებდი?
ეს შეკითხვა ყველაზე მეტად გაუხარდა ირაკლის, ტყუილის თქმა არ მოუწევდა.
- ჰო.
- მე კი… ქმარი არ მყავს, - შეფიქრიანებულმა წარმოთქვა და დადუმდა.
ირაკლიმ ცოტა ხანს შეიცადა, ვერ მიხვდა, რატომ გააკეთა გოგონამ ეს განცხადება, მერე ფრთხილად ჰკითხა:
- მერე რა?
- ის, რომ მინდა ეს გამოვცადო. აი… როგორ გითხრა… ვერ ხვდები?
- მგონი, ვერა.
- აი… ურთიერთობა… ცოლისა და ქმრის… როგორ უყვართ ან არ უყვართ, როგორ უყურებენ, როგორ უსმენენ, როგორ ლაპარაკობენ… როგორი ხმა არსებობს, როცა ჩხუბობენ, როგორი ინტონაცია, როგორი თვალები, გამოხედვა… ახლა მიმიხვდი?
თაკო გვერდულად მიყრდნობოდა სავარძელს, ცალი ხელი ლოყაზე შემოედო. როგორ უნდოდა ირაკლის, მიახლოებოდა სასურველს და მოფერებოდა ნაზად, ძალიან ნაზად… მაგრამ არ შეეძლო, ამიტომ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია მხოლოდ.
- და მე ვიცი, რომ შენთან ეს არასდროს მექნება. ამ დროს შენ ყველაზე კარგი ხარ და მენანება… შენ არ ჰგავხარ სხვა მამაკაცებს. იმათ, ვისაც მე ოდესღაც ვიცნობდი.
- მართლა? - ირაკლიმ ღიმილი ვერ შეიკავა, - შენი აზრით, ეს კარგია თუ ცუდი?
- კარგია, - სერიოზული სახით თქვა თაკომ, - იმიტომ, რომ არ მომწონს ის, რაც მე ვიცი. უფრო სწორად ის, რაც მე წარმომიდგენია… შენ კი… ყველაზე კარგი ხარ. მორჩა და გათავდა.
- დააყოლა ბოლოს.
პრინციპში, პატარა მართალია. ირაკლი მართლაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე თუნდაც, ორი თვის წინ იყო. ახლა მასაც მოსწონს თავისი თავი. უფრო თბილი გახდა, უფრო ალერსიანი და ყურადღებიანი… ბევრი რამ გაიაზრა და ბევრ რამეს მხოლოდ მერე მიხვდა, როცა ეს ყველაფერი მოხდა.
ამ დროს თაკომ წამოიწია.
- მომშივდა. შენ?
- მგონი, მეც. რა ვჭამოთ?
- კარტოფილი შევწვათ.
- შევწვათ და შევწვათ. ძალიან მშია შემწვარი კარტოფილი, - მხიარულად წამოიძახა და თაკოსთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
კარტოფილის გათლას ორივე შეუდგა. შიგადაშიგ მათი ხელები ერთმანეთს ეხებოდნენ და ირაკლი ძლივს იკავებდა თავს სურვილისაგან - მოხვეოდა პატარას და გულში ჩაეკრა…
არა, მართლა არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი… მაშინაც კი, როცა თაკოსთან დაუვიწყარ ღამეებს ატარებდა. მაშინ რაღაც მაინც აწუხებდა - ცოტა სინდისის ქენჯნა, ცოტა ასაკობრივი სხვაობა, ცოტაც თავდასხმის შიში… ახლა კი… ახლა არაფრის ეშინოდა. იგი ყველაფრისგან გათავისუფლდა. ახლა მხოლოდ მისი არსებობით სულდგმულობდა. პირველად შეიგრძნო მამაკაცმა, რომ ეს ქალი მისთვის იყო გაჩენილი, მას ეკუთვნოდა მხოლოდ და არასდროს, არავითარ შემთხვევაში, არავის დაუთმობდა.
…დღისით სახლიდან გადიოდა, ვითომ სამსახურში გარბოდა. არადა, ნახევარ დღეს გიგასთან ატარებდა პოლიციაში.
- ფული მაინც არ გინდა, მეგობარო, იმ გოგოს შიმშილით ხომ არ კლავ? - ეღიმებოდა დეტექტივს.
- მაქვს, ბატონო, მაქვს. შენ მე ასე ნუ მიყურებ. ფული ყოველთვის მქონდა.
- ის კიდევ გიხდის «პენსიას”? - გურამზე გადაუკრა გიგამ.
- სხვა რა გზა აქვს, ჯერ საქმე არც დამთავრებულია და არც დახურული.
- ჯერ კიდევ არ იცის თქვენი ამბავი? - წარბები აზიდა გამომძიებელმა გაკვირვების ნიშნად.
- არა, აბა, საიდან.
- როგორ, გიო არ ეუბნება?
- შანსი არ არის, ვერ ეტყვის, ყურებით მყავს გამოჭერილი. იცის, რომ გურამი ამას არ აპატიებს. ამიტომაც პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.
- მაგრამ მისი შვილი რომ შენთან არის?
- მერე რა? ჩემთან შედარებით უსაფრთხოა მისი ყოფნა, ვიდრე თავის სახლში.
ორივეს გულიანად გაეცინა.
- ვიბლიანზე ახალი არაფერი ისმის?
- აბსოლუტურად არაფერი. მიწამ ჩაყლაპა ეგ შობელძაღლი? სად იმალება ამისთანა ადგილას, ვერაფრით მივაგენით.
- გამოჩნდება, სად წავა.
- კი გამოჩნდება, მაგრამ მეშინია, უადგილო ადგილას არ გამოჩნდეს, მაგალითად, შენს სახლთან. - გიგამ მრავლისმეტყველი მზერა ესროლა მეგობარს.
- მით უარესი მისთვის. აბა, მე რას ვაკეთებ? რისთვის ვარსებობ?
- ფრთხილად იყავი მაინც, ხომ იცი, ეშმაკს არ სძინავს.
- არც მე მძინავს, ჩემო გიგა, არც მე…
გაგრძელება იქნება