ერთად თანაცხოვრების მეოთხე დღე იწურებოდა. ვახშამზე ორივე მხიარულად საუბრობდა ხან რაზე და ხან რაზე. მოულოდნელად გოგონამ საუბრის თემა შეცვალა.
- ირაკლი, - თქვა და მხრით მხარზე შეეხო.
- რა იყო? - მამაკაცს ჟრუანტელმა დაუარა.
- საყვარელი მართლა არ გყავს?
- არა. არც საყვარელი მყავს, არც ცოლი, არც ვინმე სხვა ქალი.
- რატომ?
- რა ვიცი, ასე მოხდა. შენ გინდოდა, მყოლოდა?
- არა, არ მინდოდა… თორემ ვიეჭვიანებდი.
- აჰა, გამოდის, რომ ეჭვიანობაც იცი, რა არის, არა?
- როგორ არ ვიცი, ასეთი რამეები დიდი ხანია, ვიცი… შენ?
- რა მე?
- შენ ხარ ეჭვიანი?
- მე? არც კი ვიცი…
არა, ირაკლი მართლა არ არის ეჭვიანი… სწორედ ამის გამო დაკარგა თავის დროზე ნანა… ქალი, რომელიც დიდხანს ვერ დაივიწყა…
- აი, ვინმე რომ გყვარებოდა, მაგალითად, მე რომ გყვარებოდი, აუცილებლად იეჭვიანებდი…
«რა კარგია! საკუთარ თავზე ეჭვიანობას მაიძულებს ეს მამაძაღლი! მეტისმეტია, მაგრამ როგორ ავუხსნა?”
- ალბათ, - თქვა ირაკლიმ, რომ რაღაც ეთქვა.
რა ძნელი იყო ეს წუთები…
თაკო კარგა ხანს მდუმარედ იჯდა, თავი ჩაექინდრა და იატაკს დაშტერებოდა.
- რაზე ფიქრობ? - ვერ მოითმინა ირაკლიმ.
გოგონამ სევდიანი მზერა მიაპყრო.
- შენ არ გჯერა ერთი ნახვით შეყვარების, არა? გგონია, რომ ასეთი რამ მხოლოდ კინოში ხდება, ხომ?
- საქმე ამაში არ არის, თაკო… - თქვა პირადმა მცველმა და გაჩუმდა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ გოგონას უმიზეზოდ არ წამოუწყია ეს საუბარი. მიხვდა და გაეღიმა… პრინცესა მის რეაქციას მოუთმენლად ელოდა.
- შენ მართალი ხარ… ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა… ასეთი რამ არ ხდება, - ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, მერე თვალი თვალში გაუყარა გოგონას და დაამატა, - შეყვარება მხოლოდ მეოთხე დღის შემდეგ ხდება… - და ხელზე ხელი შეახო.
თაკომ თვალები დახუჭა… ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ მიიწევდა მამაკაცის ხელები მისი მკლავებიდან მხრებისკენ. ხმას არც ერთი იღებდა, მხოლოდ მათი სხეულები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს…
ირაკლი თაკოს რეაქციას ფრთხილად ადევნებდა თვალს. ადრე სხვანაირად იყო, ადრე თაკო ასე მორჩილად არ იჯდა. ის თავად აქტიურობდა, თავად იჩენდა ინიციატივას, როცა საყვარელი მამაკაცი ეფერებოდა. ახლა კი… ახლა თვალებდახუჭული ელოდა, რას მოიმოქმედებდა ირაკლი…
როცა მორიელმა გოგონას ყელზე შემოხვია ხელები, თაკოს თითებიც ამოძრავდნენ მის ზურგზე - ისე, თითქოს პიანინოს კლავიშებს ეხებიანო…
ირაკლი არ ჩქარობდა. ის ყურადღებით აკვირდებოდა ქალის ყოველ მოძრაობას და ძველ შეხვედრებს ადარებდა ამ წამებს…
მოულოდნელად გოგონამ თვალები გაახილა.
- მე უკეთესად მაქვს საქმე, ვიდრე შენ, - ჩურჩულით წარმოთქვა მან, - მე შენ მიყვარხარ, ამიტომ მეტ სიამოვნებას მივიღებ შენგან.
ერთი მხრივ, თაკო მართალი იყო, მას აშკარად უკეთესად ჰქონდა საქმე, მორიელი კი ნამდვილად შავ დღეში აღმოჩნდა…
მამაკაცს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. მან თავისკენ მოიზიდა გოგონა და გულში ჩაიკრა. იგი უკვე აღარაფერზე ფიქრობდა, არც აკვირდებოდა, არც აანალიზებდა, არც შედარებას აკეთებდა. იგი ახლა მხოლოდ პრინცესას ალერსით იყო დაკავებული…
და დაიწყო ახალი ცხოვრება - ოჯახური, იდილიური…
ირაკლი დილით სახლიდან გადიოდა… გიგასთან ერთად ვიბლიანის დაპატიმრების ოპერაციას გეგმავდა. თაკო შინ იჯდა, ჯერ ვერ ბედავდა გარეთ გასვლას და მოუთმენლად ელოდა მამაკაცის შინ დაბრუნებას. დღის განმავლობაში გოგონა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული - რეცხავდა, აუთოებდა, სადილს ამზადებდა. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაუტყდა თეფში და მხოლოდ ერთი ჭიქა დაუვარდა, მეტი არაფერი გაუფუჭებია…
დღეები მოლოდინში ილეოდა, ღამეები - ალერსში. არც ერთი სიტყვა არ თქმულა სიყვარულზე, არც ერთი ფრაზა… არც არაფერი დაწყებულა თავიდან…
ყველაფერი, რაც მათ შორის ხდებოდა, თითქოს პირველად იყო.
ყველაფერი თითქოს ახალი იყო…
ყველაფერი სხვანაირად იყო…
იმ დღეს სასწრაფოდ დაიბარა გიგამ ირაკლი და თავისი ეჭვები გაანდო.
- სამი დღეა, შენს სახლთან დაცვა დავაყენე, ვიღაც მთელი დღე წრიალებს ამ ტერიტორიაზე და ძალიან ჰგავს იმ ვაჟბატონს. მგონი, გამოვიჭირეთ, ამ დღეებში ავიყვანთ.
- დარწმუნებული ხარ? - ირიბად გახედა მეგობარმა.
- სიმართლე გითხრა, ცოტა მეეჭვება, ისე გათავხედდეს, შენს სახლს უთვალთვალოს მაშინ, როცა იცის, რომ პოლიცია გაათმაგებულად დაეძებს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. რა ძალა ადგას, ვერ გეტყვი. წესით, ამდენი მარცხის შემდეგ თაკოს თავი უნდა დაანებოს. რას აძლევს მისი მოკვლა? თუ მაგარია, მამამისზე უნდა იძიოს შური და არა ამ ბავშვზე.
- მაგრამ მამამისი მისთვის მიუწვდომელია.
- მაგაშია საქმე, თორემ გურამი რომ აქ იყოს, თაკოს კი არ დაუწყებდა დევნას, სხვა ვინმეს… -ორაზროვნად ჩაიალაპარაკა გიგამ.
- ანუ გურამს?
- არა, ჩემო კარგო, გურამს არა.
- კარგი რა, აბა, ვის? - გაეცინა ირაკლის.
- ვის და მის ლამაზ ცოლს, მეგობარო… აი, ვის…
მერის გახსენებაზე ირაკლის ნერვი აუთამაშდა სახეზე. აეროპორტში მომხდარი სცენა დაუდგა თვალწინ.
- მაგარი მაცდური ქალია, არა? - მიუხვდა გამომძიებელი.
- შენ რა ყველაფერი იცი.
- რა ვქნა, ჩემი პროფესია ასეთია… არადა, რა «გამაზე» იმ ღამეს? რა იყო, ბიჭო, ერთი კოცნა დაგენანა? - სიცილი აუტყდა გიგას.
- მაშინ არ მეცალა მაგისთვის.
- ახლა - მით უმეტეს. ისე, შენ მართალი ხარ. არ ღირს ასეთ ქალებთან თუნდაც ერთი ღამის თავგადასავალიც კი.
- მეც ასე მგონია.
- ჭკვიანი ხარ, ხომ იცი, - კვლავ გაიცინა გიგამ და მეგობარს მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
- ვცდილობ, - შეიფერა მორიელმა ქათინაური.
- მოკლედ, მე მივხედავ მაგ ტიპს, თუმცა შენც გაფრთხილდი. როგორ ფიქრობ, როცა მანქანით მოძრაობ, არავინ გამოგდევნებია?
- სიმართლე გითხრა, არ დავკვირვებივარ, თავში აზრადაც არ მომსვლია.
- ე-ეჰ, დაბერდი, ჩემო ირაკლი, დაბერდი უკვე. ადრე უფრო ფრთხილი იყავი. როგორც ვატყობ, ამ ბავშვმა მთლად აგიბნია თავგზა. იმ მხრივ როგორაა საქმე? - გამომცდელად შეხედა დეტექტივმა.
ირაკლი წამოჭარხლდა.
- კარგი… აბა, შენ იცი. კარგად მეყოლე, - გიგა მანქანაში ჩაჯდა, დამშვიდობების ნიშნად ორჯერ დაასიგნალა და ნელი სვლით გაშორდა მოღიმარ მამაკაცს…
გაგრძელება იქნება