ესეც ასე… იმ ტიპს ამ დღეებში აიყვანენ და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებენ ყველანი. «უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი», - გაიფიქრა ირაკლიმ, სანამ სახლში შევიდოდა, - «ჩვენი ურთიერთობა უკვე ბოლომდე გარკვეულია, თაკო შემეჩვია. დროა, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ისიც, რომ ორსულად არის».
დღესვე შეიძლება ამის გაკეთება, დღეს საღამოს, ამწუთას, როგორც კი მასთან მივა…
მორიელს მაგიდა გაშლილი დახვდა… თაკო კი უხასიათოდ… თითქოს ორივე გაურბოდა ერთმანეთს… საუბარი ვერ აეწყო. ირაკლი დაბნეული ჩანდა… თაკოც…
- ირაკლი… - გაისმა მომაკვდინებელ სიჩუმეში გოგონას ხმა.
პირადმა მცველმა თავი ასწია.
- რაო, პატარავ?
- რაღაც ძალიან გავსუქდი, თან სუნთქვაც მიჭირს. რამე ხომ არ გამირთულდა?
ირაკლის ცივმა ოფლმა დაასხა.
- რატომ გგონია?
- აბა, შეხედე, ღიპი დამედო, - თაკომ მუცელი წინ გამოსწია და ზედ დაიხედა, - არადა, ნამდვილად არ ვჭამ ბევრს.
- ეს ალბათ იმის ბრალია, წამლების მიღება რომ შეწყვიტე, - იპოვა გამოსავალი პირადმა მცველმა.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
- ირა, - ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაიწყო თაკომ.
- რაო, პატარავ.
ამ დროს ზარის ხმა გაისმა. გიგა რეკავდა. ირაკლი უსმენდა მის ხმას ტელეფონში, წამდაუწუმ თავს აქნევდა რაღაცის ნიშნად, თან თაკოს უღიმოდა.
- რაო, რა გითხრა? - მოუთმენლად იკითხა გოგონამ, როცა მორიელი საუბარს მორჩა.
ამ დროს ყრუ გასროლის ხმა გაისმა და ირაკლი მოწყვეტით დავარდა იატაკზე…
- ირაკლი, ირაკლი, სიხარულო! გამეცი ხმა! - განწირული ხმით ყვიროდა თაკო და თავის სისხლიან ხელებს თავზარდაცემული დასჩერებოდა.
მორიელი ხმას არ იღებდა… როგორც ჩანს, მოკლეს. არა, ეს შეუძლებელია. თაკო სიზმარშია, რაღაცები ელანდება. ეს კოშმარია, მან მოიგონა ეს ყველაფერი!
იქნებ ცოცხალია? მაჯისცემა უნდა გაუსინჯოს, მკერდზე უნდა დაადოს ყური, იქნებ…
ყური მკერდზე დაადო. რაღაც იგრძნო. ნუთუ მორიელის გულისცემაა?
არა, ეს ტკივილის ხმაა, თავისი ტკივილის, თითქოს ჩაქუჩს ურტყამს ვიღაც საფეთქლებში!
- ირაკლი, საყვარელო, არ მოკვდე, გთხოოოოვ!
მამაკაცს თავი აუწია და კალთაში ჩაიდო… არ ახსოვს, რამდენ ხანს იჯდა ასე. სისხლისგან ხელები გაუთბა.
გარეთ სირენების ხმა გაისმა, მერე მანქანების დამუხრუჭების, მერე სროლის, მერე კვლავ სირენების…
პოლიციის მანქანები სირენების წუილით მისდევნენ შავ «ოპელს», რომელიც რამდენიმე წუთში ორმხრივ ალყაში მოაქციეს. «ოპელმა» სვლა შეანელა. ამით ისარგებლეს პოლიციელებმა, წინ გადაუსწრეს ნელა მიმავალ მანქანას, ელვის უსწრაფესად გადმოხტნენ ჯიპებიდან და… წამში გააკავეს ბოროტმოქმედი…
ის უმცროსი ვიბლიანი აღმოჩნდა…
გიგას ვარაუდი გამართლდა.
ფორმიანი მამაკაცი შემოვარდა ოთახში.
- ცოცხალია? - იკითხა იარაღმომარჯვებულმა.
გოგონამ უაზროდ ახედა. პოლიციელმა პულსი გაუსინჯა ირაკლის, მერე ტანზე მოუფათურა ხელი, მშვიდად ჩაილაპარაკა, მკლავში ყოფილა დაჭრილი, ახლავე სასწრაფოს გამოვიძახებო და გავარდა.
თაკო ვერაფერს გრძნობდა, მხოლოდ რაღაცას ეჩურჩულებოდა მორიელს, რაღაცას სთხოვდა… თან გულამოსკვნით ტიროდა. მისი ცრემლები სახეზე ეცემოდა ირაკლის…
- მგონი, თავი დავარტყი, - მოესმა ამ დროს გოგონას მისი ხმა.
თაკომ ტირილი შეწყვიტა, სისხლიანი ხელები თვალებში ამოისვა და პირად მცველს დახედა. ირაკლის თვალები გაეხილა და უყურებდა.
- ღმერთო ჩემო, შენ ცოცხალი ხარ… რა ბედნიერებაა, შენ ცოცხალი ხარ!
- რატომ ტირი? - მამაკაცი ძლივს ლაპარაკობდა. წამოწევა სცადა.
- იწექი, იწექი, არ გაინძრე! სასწრაფო ახლავე მოვა, - თქვა თაკომ და კვლავ ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები… ამჯერად - სიხარულის.
- არ იტირო და ისეთ ამბავს გეტყვი, შენ რომ გაგიხარდება, თანაც ორს, კარგი? - ჭინკები კვლავ ჩასახლდა ირაკლის თვალებში, ამდენი ხნის წინ გამქრალი პატარა, საყვარელი ჭინკები და მორიელიც ამოძრავდა მის გასისხლიანებულ მკლავზე… გოგონას სუნთქვა შეეკრა. მამაკაცმა წამოწევა სცადა, მაგრამ ტკივილმა დაუღრიჯა სახე და კვლავ თაკოს კალთაში ჩადო თავი.
- რა ამბავი? - თაკომ სლუკუნი შეწყვიტა.
- თუ იცი, რატომ გასუქდი ასე ძალიან და ღიპი რატომ დაგედო?
- არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს. გთხოვ, ნუ ლაპარაკობ…
- სამაგიეროდ, მე ვიცი… იმიტომ, რომ შენ მალე დედა გახდები.
- ღმერთო, მგონი, ბოდავ… გაჩუმდი, არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი…
- სულაც არ ვბოდავ, პატარავ… შენ ორსულად ხარ და მე შენგან შვილს ველოდები. გასაგებია?
- ხომ არ გაგიჟდი! გაჩუმდი, გა-ჩუმ-დი!
- არა, არ გავგიჟდი და არც გავჩუმდები. ეს სიმართლეა, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
- რა საძაგელი ხარ… ხომ გთხოვე, არ ილაპარაკო-მეთქი. ცოტაც მოითმინე, მალე მოვა სასწრაფო და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, რომ ცოცხალი ხარ, ახლა ეს არის მთავარი.
- არ მინდა სასწრაფო. მე მხოლოდ ჩემი პრინცესა მინდა. და მეორე კარგი ამბავი. მე შენ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
- გაჩუმდი, გევედრები, - თაკომ ტირილს უმატა, ეგონა, რომ ირაკლის დარტყმის შედეგად სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.
- ნუ ტირი… თუ გგონია, რომ სისულელეებს ვლაპარაკობ და ვბოდავ, გამოდის, სამოთხეში ვარ.
- რა სამოთხე, რის სამოთხე… აგერ ხარ, ჩემთან ერთად.
- ნამდვილად სამოთხეში ვარ, რადგან ჩემ გვერდით ანგელოზს ვხედავ, - ხუმრობა სცადა მამაკაცმა.
თაკოს სიმწრით გაეღიმა.
- თუმცა ჩემი ცოდვების გამო ალბათ ჯოჯოხეთში უნდა მოვხვედრილიყავი, - გააგრძელა მორიელმა ხუმრობა, - მაგრამ თუკი ჯოჯოხეთში შენნაირი ანგელოზები დაფრინავენ, ამაზეც თანახმა ვარ, იყოს ჯოჯოხეთი.
- გაჩუმდი, შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება, სიხარულო. სასწრაფო მალე მოვა, აი, ნახავ, ახლავე აქ გაჩნდებიან.
- რა-ა? ახლავე? - მხიარულად წარმოთქვა პირადმა მცველმა, - მაშინ მოვასწროთ და მოდი, კიდევ ერთხელ, თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი. თქვენ რა გქვიათ, გოგონი?..
ჭიშკართან სასწრაფო დახმარების სირენის ხმა გაისმა…
დასასრული