ნოველები

მთავარი როლი - თავი 2

მთავარი როლი - თავი 2
დასაწყისი

კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ წამემართა ჩემი და ბიბის საქმიანი სატელეფონო საუბარი ისე, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. ისე უნდა მოვაწყო საქმე, რომ დავაჯერო - ეს ხანმოკლე ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი გარიგება იქნება და სხვა არაფერი. შევძლებ კი? ცოტა სიგიჟედ მეჩვენება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ უნდა გავრისკო. ჯერ ერთი, კარგი ისაა, რომ ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ და ჩემს დაქალებსაც ადვილად დავაჯერებ, რომ მართლა მომწონს და არ ვიტყუები. მეორეც - მასთან უფრო გამიადვილდება ყველაფრის ახსნა. უცხო
როგორ მიიღებს ჩემს წინადადებას, ღმერთმა უწყის.

ისე ავნერვიულდი, მთელი შიგნეულობა ამიწრიალდა. კვლავ დავწვდი ტელეფონს და აცახცახებული თითებით ავკრიფე ბიბის სახლის ნომერი, რადგან მისი მობილური არ ვიცოდი.

- გისმენთ, - ქალის ხმამ მიპასუხა.

«ალბათ დედამისია», - გამიელვა გონებაში და ხმაწართმეულმა ბიბის სთხოვეთ-მეთქი, ამოვთქვი.

- მოითმინეთ, ახლავე დავუძახებ, - გავიგონე, როგორ დადო ქალმა ყურმილი და გასძახა.

სანამ ბიბი მიპასუხებდა, ჩემი დამემართა, ერთიანად გამეყინა ხელ-ფეხი.

- გისმენ, რომელი ხარ? - მომესმა ამ დროს ნაცნობი ხმა და ჟრუანტელმა დამიარა.

- გამარჯობა, ბიბი. ელენე ვარ, სვანიძე, ტეტეს და, თუ გახსოვარ.

დაზუსტება სრულიად ზედმეტი იყო. მან ტეტეს ხსენების გარეშეც კარგად იცოდა, ვინ იყო ელენე სვანიძე. უბრალოდ, ასე უფრო ოფიციალური სახე მივეცი ჩვენს საუბარს. არა მგონია, მას ჩემი ხმა აქამდე დავიწყებოდა, თუმცა ადრე ასე მელოდიურად როდი ჟღერდა იგი. ახლა მე სხვა ქალი ვიყავი, სრულიად სხვა. მართალია, ჩვენ ხანგრძლივად არასდროს გვისაუბრია ერთმანეთთან იმ ბოლო საღამოს გარდა, მაგრამ სწორედ ის ბოლო საღამო იყო იმდენად დასამახსოვრებელი, რომ წესით, არასდროს უნდა დავიწყებოდა იგი.

- ვა, ელო? გაგიმარჯოს. როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ.

- გმადლობ, კარგად ვარ, არაჩვეულებრივად. შენ?

- მეც არა მიშავს. აი, ჩამოვედი და ნელ-ნელა ვეგუები აქაურობას, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მთლად მოხიბლული არ ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ღირდა-მეთქი საერთოდ ჩამოსვლა?

პაუზა ჩამოვარდა.

არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ბიბი ალბათ ფიქრობდა, რა უნდა ნეტავ ამ გოგოს ჩემგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ჩვენ შორის ყველაფერი ასე ცუდად დასრულდაო?

მე, რა თქმა უნდა, წავიკითხე მისი ფარული ფიქრები და აჩქარებული ტემპით ავლაპარაკდი:

- შენთან საქმიანი წინადადება მაქვს. შეგიძლია შემხვდე? დავსხდეთ, ყავა დავლიოთ სადმე და დავილაპარაკოთ, თუ გაქვს თავისუფალი დრო.

კვლავ პაუზა, ოღონდ უფრო ხანმოკლე.

- სიმართლე გითხრა, ძალიან ვარ დაკავებული…

გაოცებისგან ჩუმი ოხვრა აღმომხდა. ამას არ ველოდი. რას ნიშნავდა მისი უარი? მერე რა, რომ ჩემთან აღარაფერი აკავშირებს, ერთი შეხვედრა რას გაუფუჭებს? ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, ჩემი ძმის განუყრელი მეგობარი იყო, სანამ ამერიკაში წავიდოდა. რვა წელია, არ მინახავს და უკვე თავს იფასებს თუ როგორაა მისი საქმე?

- ისე, ხვალისთვის შემიძლია, თუ საჩქარო არ არის, - თქვა მოულოდნელად ისეთი ტონით, თითქოს ბოდიშს იხდის წეღანდელი უარისთვისო.

- იყოს ხვალ, ასე ძალიანაც არ მეჩქარება, - მივუგე და ჩემი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული ელენე ამჯერად სასოწარკვეთილებამ მოიცვა. აშკარად ვნანობდი, რომ დავურეკე. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე, რა ჯანდაბამ გადამაწყვეტინა მასთან დარეკვა?

- საქმიანი წინადადებაო, მითხარი, არა? ხომ არ ვცდები? - შეგნებულად დაუწია ბიბიმ ხმას და ბოლო ფრაზა აშკარად ორაზროვნად წარმოთქვა. მომეჩვენა, რომ ცოტაც და, გულიანად გადაიხარხარებდა.

ჰმ… როგორ ეტყობა, რომ არ მიცნობს. მე არ ვეკუთვნი ქალების იმ კატეგორიას, რომლებთანაც ფლირტის გაბმა ადვილია. ერთხელ სცადა მან ეს და რა მიიღო შედეგად?

- შენ ახლა ახალი კაცი ხარ თბილისში და დამიჯერე, შენსავე ინტერესებში შედის, რომ შემხვდე და დამელაპარაკო, - რაც შეიძლებოდა, საქმიანი ტონი დავიჭირე და ბოლოს იდუმალი ხმით დავამატე, - იმედი არ გაგიცრუვდება.

მოულოდნელად ტელეფონში რაღაც ხმაური გაისმა, რასაც ბიბის შეგინების ჩუმი ხმა მოჰყვა. როგორც ჩანს, ისე ეუცხოვა ჩემი დამაინტრიგებლად ნათქვამი «იმედი არ გაგიცრუვდება», რომ სახტად დარჩენილი წამოხტა და რაღაცას მიეჯახა. შეიძლება თავიც მიარტყა რამეს, რადგან შეიგინა. გამეღიმა. ის მე ასეთს არ მიცნობდა. მის თვალში ყოველთვის მორცხვი, მორიდებული გოგონა ვიყავი, ახლა კი უეცრად სხვა სინამდვილეს შეეჯახა.

- ბიბი, კარგად ხარ? - შევეკითხე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი.

- ხვალ საღამოს, ექვს საათზე შეხვედრა მაქვს დანიშნული სამსახურის საქმესთან დაკავშირებით… იქნებ შვიდისთვის შევხვედროდით?

- მშვენიერია, მაწყობს, - თვითკმაყოფილი ტონით მივუგე, - სად გაწყობს შეხვედრა?

მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ შარდენზე, ერთ მყუდრო ბარში დამინიშნა შეხვედრა.

- კარგი, მაშინ შეხვედრამდე, - ხავერდოვანი ხმით დავემშვიდობე.

- მოიცა, როგორ გიცნო? - შეშფოთება შეეტყო ხმაში.

- მგონი, ადვილად გამიხსენებ, არც ისე ძალიან ვარ შეცვლილი, - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამართო მასთან საუბარმა. გიჟივით ხარხარი ამიტყდა, როგორც კი საუბარი დავამთავრე. წარმოვიდგინე, რა ყოფაში იქნებოდა ახლა. ზის ალბათ და თავს იმტვრევს, ამდენი წლის უნახავს რა საქმიანი წინადადება შეიძლება ჰქონდეს ჩემთანო. არა უშავს, იმტვრიოს თავი. ხვალ, შვიდ საათზე ყველაფერს გაიგებს.

ბიბის აშკარად შეეტყო, რომ მოვატყუე. ეგონა, მართლა არ ვიქნებოდი შეცვლილი. არადა, იმ ელენესგან, წარსულში რომ იცნობდა, ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მაღალი, გრძელფეხება, ყელმოღერებული მივაბიჯებდი დარბაზში განლაგებულ მაგიდებს შორის. ელეგანტური მოძრაობით უკან გადავიყარე წინ ჩამოშლილი თმა და მომხიბვლელი ღიმილი მიმოვაფრქვიე ირგვლივ. ბიბი პირდაღებული მომჩერებოდა. ის ალბათ ისეთივეს მელოდა, როგორიც ვახსოვდი - დახეული ჯინსის შარვლითა და ფართხუნა მაისურით, ნაწნავითა და ცხვირზე დაკოსებული სათვალით. ძველი ელენეს კვალი მთლიანად წაშლილიყო. მის წინაშე ახლა სულ სხვა, თვალისმომჭრელად ლამაზი და ელეგანტური ქალი ვიდექი.

ბიბის ფრთხილად გადაჰქონდა მზერა ჩემი ტანსაცმლიდან ფეხსაცმელზე. ალბათ უკვირდა, ასე გემოვნებით როდის ვისწავლე ჩაცმა და ფერების შეხამება. კაბაში ერთხელ ვყავდი ნანახი, ტეტეს დაბადების დღეზე. იქნებ იმასაც ხვდება, რომ უბრალო, ბაზრობაზე შეძენილი იაფფასიანი ტანსაცმელი არ მაცვია? ამერიკაში დაკაცებულს, იმედია, ასეთი რამეები არ გამოეპარება. ბარში მყოფ მამაკაცთა უმრავლესობა ცნობისმოყვარე მზერით მაცილებდა, სანამ ბიბის მაგიდას მივუახლოვდებოდი.

- გამარჯობა, როგორ მიხარია შენი ნახვა, - გაღიმებულმა ხელი გავუწოდე.

ბიბი ძალიან დააბნია ჩემმა იმიჯმა. გაოგნებული ხმას ვერ იღებდა. ჩემს გამოწვდილ ხელს თავისი კი შეაგება, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, მერე რა უნდა მოემოქმედებინა. ფრთხილი მოძრაობით გავაშვებინე ხელი და დავჯექი. ბოლოს და ბოლოს, არც ისე უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის იმ ღამის გულწრფელი საუბრის შემდეგ, როცა კინაღამ მაკოცა. სწორედ მისმა გულწრფელობამ მოახდინა მისი სიმხდალის პროვოცირება მაშინ. როცა მისმა ძმაკაცებმა დაინახეს, რომ ბიბი კოცნას მიპირებდა, ხითხითი დაიწყეს, დასცინეს მეგობარს. იმანაც ხელი შემიშვა, გატრიალდა, ძმაკაცების გვერდით დადგა და თავადაც ახითხითდა.

მოგონებებმა მივიწყებული ტკივილი გამიღვიძა. საერთოდ, ტკივილის დავიწყებაში არაფერი მშველის - არც ცეკვა, არც სიმღერა, არც არანაირი გართობა და მხიარულება. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ამ ქმედებას ფიქრი სჯაბნის. ფიქრი მოჭარბებულად დიდ დროს იკავებს ჩემს გონებაში. ხანდახან მგონია, რომ მთელი ჩემი არსება მხოლოდ ფიქრია და სხვა არაფერი. ეს ოხერი ფიქრი კი, დაწყებისთანავე ტკივილს გადასწვდება ხოლმე და მერე ვეღარ ეშვება. არადა, ფიქრი მაშინაა სასიამოვნო, როცა ოცნებებით მომავალს იშენებ.

- მეც მიხარია, - ბიბის ხმამ გამომაფხიზლა, - არაჩვეულებრივად გამოიყურები.

- უცნაურია, ლინზებსა და ახალ ტანსაცმელს როგორ შეუძლია ქალის შეცვლა, არა? -შევნიშნე, რათა როგორმე გამემხნევებინა ჩემი თავი, რადგან მის დანახვაზე ჩემი თავდაჯერება მოულოდნელად სადღაც გაქრა.

მხოლოდ სამოსი როდი იყო მთავარი. წლების განმავლობაში ჩემი თავის რწმენა გამოვიმუშავე და საკუთარი ღირსების ამაღლებაზეც ვიმუშავე. ეს ის თვისებები იყო, რომლების იმიტირებაც ძნელია. თუ შინაგანად არ გაქვს, ვერ ითამაშებ.

ბიბი ენაჩავარდნილი მომჩერებოდა. აშკარად დაინტრიგებული ჩანდა.

- სადაც უნდა შემხვედროდი, გიცნობდი, - თავისი საფირმო ღიმილი მომაგება და მზერა ამარიდა, - რვა წელი არც ისე დიდი დროა. - თქვა, მაგრამ მის სიტყვებს მიღმა აშკარად იგულისხმებოდა, რომ გაოცებული იყო, განა რა უნდა მომხდარიყო რვა წლის განმავლობაში ისეთი, რომ ასე შევცვლილიყავი?

წარბები ავზიდე და ამრეზით გავხედე:

- ისევ ისეთი ლოველასი ხარ, როგორიც იყავი. აი, შენ კი სრულებით არ შეცვლილხარ.

ბიბი ჩემკენ გადმოიხარა და ღრმად ჩამხედა თვალებში:

- მოქმედებს?

პასუხად ხმადაბლა, მელოდიურად ჩავიცინე და თავხედური მზერა ვესროლე.

- მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენით მოვინუსხო. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს მართლა დამეხმარება იმ დავალების შესრულებაში, რომლის გადაწყვეტაც ერთად მოგვიწევს. გთავაზობ, განვიხილოთ ჩემი საქმიანი წინადადება.

- საქმიანი წინადადება?

გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოვხიბლე და თავგზა ავუბნიე, საქმიანი წინადადების ხსენებამაც დააინტერესა. ყოველთვის ასე იყო. არაფერი ისე არ აღაგზნებდა ხოლმე, ვიდრე ვინმესთან მომგებიანი გარიგების დადება.

ამ დროს ჩვენს მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა. ამიტომ საუბარი შევწყვიტეთ. ახალგაზრდა მამაკაცი გაწითლდა და შეიშმუშნა, როცა მაცდურად გავუღიმე. მხოლოდ მინერალური წყალი შევუკვეთე, ბიბისთან ერთად სმა-ჭამას და დროს ტარებას არ ვაპირებდი.

- რაზე შევჩერდით? - შევეკითხე, როგორც კი ოფიციანტი წავიდა და თვალებში ჩავხედე. ჩავხედე და წამით გადამავიწყდა ჩვენი სატელეფონო საუბარი, იდუმალი საქმიანი გარიგება. მზერა ბუნდოვანი გამიხდა, ყველაფერი გაორდა ირგვლივ. ბიბისაც იგივე დაემართა, თვალები აემღვრა და ისეთი მეოცნებე მზერა მესროლა, თითქოს ესაა და, სიყვარულის ახსნას მოჰყვებაო.

- მაგარი შეცვლილი ხარ, ელო, - თავი გააქნია და ჩაიცინა, - არ ველოდი, ასე თუ გარდაიქმნებოდი ამ წლების მანძილზე, - ვეღარ შეიკავა ბოლოს თავი და აღიარა.

პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილით მივჩერებოდი, თითქოს ვეუბნებოდი, აბა, რა გეგონა, ახლა მაინც თუ ხვდები, მაშინ როგორ ქალზე თქვი უარი-მეთქი.

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93