- ჰო, მართლა… იმაზე შევჩერდით, რომ… რაღაც საქმიან გარიგებაზე იყო საუბარი, მგონი, ხომ არ ვცდები? - დაბნეულმა გამომხედა.
- მართალია. საქმე ორმხრივ სარგებელს ეხება, ანუ ამ გარიგებით, თუ იგი შედგება, ორივე ვიხეირებთ.
აშკარად მომარიდა თვალი, როგორც კი ყავა მოსვა. მივხვდი, აბნევდა ჩემი გამოუცნობი ღიმილი და ცდილობდა, ანკესს არ წამოგებოდა.
დიდი ხანია, მოძრაობებისა და ჟესტების ენა შევისწავლე, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაიძულა. ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო, მის ფიქრებს ადვილად ჩავწვდომოდი და მხიბლავდა, ასე რომ დავაბნიე.
- როგორც ვხვდები, გარიგება მთლად ბიზნესს არ უნდა ეხებოდეს, გამოვიცანი?
- ყველაფერი ძალიან მარტივია, - მისკენ გადავიხარე. აღარ ვიღიმოდი, გამოხედვაც მკაცრი და სერიოზული გამიხდა, - ჩემი წინადადება წმინდა საქმიან ხასიათს ატარებს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ სიტუაციას, ვფიქრობ, შენთვის მისაღები უნდა იყოს ეს გარიგება.
- გისმენ, - ბიბი სკამის საზურგეზე გადაწვა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
ხელსაწმენდს ხელი დავავლე და თითებში მოვჭმუჭნე, მაგრამ მივხვდი, ასეთი ქმედებით ჩემს აღელვებას გავცემდი. ამიტომ ხელსაწმენდი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე, სკამი ოდნავ უკან გავწიე და ხელები მუხლებზე დავიწყვე.
- გავიგე, რომ ამერიკიდან ახლახან დაბრუნდი და სამსახურს ეძებ…
- მართალია, მაგრამ ძებნის რა მოგახსენო. უკვე შემომთავაზა ერთმა სააგენტომ თანამშრომლობა. სწორედ ამ შეხვედრაზე ვიყავი წეღან.
- გილოცავ. სხვათა შორის, შენს ფეისბუკის სტატუსზე წავიკითხე, რომ მზად ხარ მსხვილი კონტრაქტის დასადებად. ასეა?
- სწორედ ასეა, არ შემცდარხარ.
- ძალიანაც კარგი. რას იტყვი იმაზე, რომ თავად წარგადგინო თბილისის ყველა ცნობილ სააგენტოში და გაგაცნო ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები?
- მშვენიერია, - თითქოს მშვიდად თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო აღელვება, სახეზე წამოწითლდა და სკამზე აწრიალდა.
- ვიცი, რომ მშვენიერია, - ისე გავიცინე, მიხვდა, რომ დავცინოდი.
- მაგრამ შენ რომ ასეთი სამსახური გამიწიო, რაღაც მეც უნდა გავაკეთო შენთვის, არა? სწორად მიგიხვდი?
- ეგრეა. ამისთვის მოგიწევს ჩემთვის რაღაცის გაკეთება.
- დამიკონკრეტე, რისი. იქნებ არ მიღირს?
პაუზა გავწელე, თან ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი. ის თვალს არ აშორებდა ჩემს ტუჩებს. იქნებ ფიქრობდა, რა ახლოს იყო ერთ დროს მათ საკოცნელად და როგორ არ გამოიყენა შანსი.
- მინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩემი თანმხლები იყო, სადაც მომესურვება, ყველგან.
გაოცება აღებეჭდა სახეზე, თვალები გაუფართოვდა, ქვედა ყბა თითქოს ჩამოუვარდა. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თანმხლებში რა ვიგულისხმე.
იდაყვებს დაეყრდნო და წინ გადმოიწია.
- ვერ გავიგე? თანმხლები რას ნიშნავს?
- მინდა, ჩემი კავალერი გახდე, ოღონდ მხოლოდ ერთი თვით. ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო.
გაოცება ახლა უნდა გენახათ. ლამის მოეღრიცა სახე. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თვითონაც შეიცვალა. ადრე ასეთი რამეები მასზე არ მოქმედებდა. მას არასდროს არაფერი აკვირვებდა. ისე იყო თავის თავში დარწმუნებული, ისეთ მძლავრ იარაღად იყენებდა თავის მომნუსხველობას, ყოველთვის თვითონ აკვირვებდა სხვებს. ახლა კი იმდენად გააოცა ჩემმა შეთავაზებამ, რომ ამის დამალვა ვერ შეძლო. ასეთი დაბნეული პირველად ვიხილე. არადა, ადრე თვითონ მაბნევდა ხოლმე ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ტეტეს სანახავად ჩვენთან მოდიოდა, სახლში. ის ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და ისე მექცეოდა, როგორც პატარა გოგოს, რომელიც მისი ძმაკაცის დაა და ყურადღება სჭირდება. გაკვრით გამომელაპარაკებოდა, ნაწნავზე მომქაჩავდა და ამით მთავრდებოდა ჩვენი ერთიერთობა. არათუ მე, სხვა გოგოებსაც არ მიიჩნევდა ყურადღების ღირსად, ვინც დაბალ კლასებში სწავლობდა. რატომღაც, თავისზე უფროსი ასაკის გოგოები უფრო საინტერესო იყო მისთვის.
ვერ ვიხსენებ, პირველად როდის ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. შეიძლება მეშვიდე ან მერვე კლასში. მახსოვს, როგორ დავუდარაჯდებოდი ხოლმე, როცა დერეფანში გამოჩნდებოდა, რომ შევემჩნიე და დამლაპარაკებოდა. ამასთან, თუ დამელაპარაკებოდა, ეგრევე გავურბოდი, ჩემს გრძნობებს არ ჩაწვდეს-მეთქი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მითმობდა, მით უფრო გავურბოდი, არ მინდოდა გაეგო, ყურებამდე რომ ვიყავი მასზე შეყვარებული. გარდა ამისა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ისეთი ბიჭისთვის, როგორიც ის იყო, ჩემნაირი სათვალიანი და დამთხვეული გოგონა სულაც არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს. ამიტომ ასიდან ერთი შანსიც არ მქონდა, მოვწონებოდი.
ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა ტეტემ დაბადების დღე გადაიხადა. აი, მაშინ ვცადე პირველად, მთელი გულით მომენდომებინა და გამომეცადა, შემეძლო თუ არა ჩემი ქალური ხიბლით მისი გულის მონადირება. ჩემდა გასაკვირად, მან გამოწვევა მიიღო. შამპანურის ბოკალი ხელიდან გამომართვა, იქვე მაგიდაზე დადგა და საცეკვაოდ გამიწვია. წარმოგიდგენიათ? მე გამიწვია საცეკვაოდ და არა სხვა, რომელიმე ჩემზე უფროსი ლამაზმანი, რომელიც არც ისე ცოტა ჰყავდა ტეტეს დაბადების დღეზე დაპატიჟებული. მერე ისე მოხდა, რომ მთელი საღამო თან მახლდა, თავს მევლებოდა, მეფლირტავებოდა. მეც ჭკუაზე არ ვიყავი. ყოველივე ამას აუცილებლად კოცნა უნდა მოჰყოლოდა, იქამდე მივიდა საქმე. თითქმის მაკოცა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც არ მაკოცა. და ეს დღესაც მახსოვს, თანაც ძალიან მწარედ მახსოვს. ისიც მახსოვს, როცა ამ ამბავმა ტეტეს ყურამდე მიაღწია, როგორ იჩხუბეს ძმაკაცებმა და ლამის ერთმანეთი დაკარგეს.
- ანუ, შენ გინდა, ჩემი შეყვარებული გახდე? - შემეკითხა ბიბი.
- არა, სულაც არ მინდა შენი შეყვარებული გავხდე. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა… ამერიკაში ცხოვრობდი და შენთვის უცხო არ იქნება იმის ახსნა, გათხოვებამდე როგორ ერთობიან იქ პატარძლები. ჩემი დაქალი თხოვდება და იძულებული ვარ, ქორწილამდე, როგორც მეჯვარემ, მის გვერდით ვიტრიალო. ამასთან, თან მეგობარი მამაკაცი უნდა მახლდეს, სხვანაირად, ტვინს გამიბურღავენ და ახლოს არ გამიკარებენ. მხოლოდ ერთი თვით მჭირდება კავალერი, მხოლოდ ერთი თვით და მორჩა. ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა, მეტი არაფერი.
ბიბის ტუჩებზე გამოსახული ღიმილი უფრო და უფრო უფართოვდებოდა.
- მაცდუნებლად ჟღერს, ვერაფერს იტყვი, - ჩაიცინა, - მადლობა, რომ ამ როლისთვის მე ამირჩიე.
- ოღონდ რამე ისეთი არ იფიქრო, ძალიან გთხოვ. ეს სუფთა საქმიანი გარიგებაა. შენ ერთი თვე ჩემ გვერდით იქნები ყველა სადღესასწაულო საღამოზე, მე კი თბილისში ყველა გავლენიან ბიზნესმენს გაგაცნობ. მათთან დაახლოება შენთვის ათმაგად მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი თვის ჩემ გვერდით გატარება.
მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შემატებოდა ჩემს სიტყვებს, რადგან ვგრძნობდი, როგორი სექსუალური ღიმილით მომჩერებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ღიმილი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი. ის ისეთივე მოუხელთებელი იყო, როგორც ყოველთვის. გოგონები ყელზე ეკიდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ მისი ყურადღების ღირსი გამხდარიყვნენ და ახლა ხომ საერთოდ… ახლა ის გახლდათ მამაკაცი გაფურჩქვნის ასაკში. წარმომედგინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ ქალები, რომლებთანაც მას ურთიერთობა მოუწევდა. სწორედ ასეთად შეიძლება წარმოიდგინო ოცნების მამაკაცი. ბიბი თავისი მომაჯადოებელი გამოხედვით, თვალების ფერით, გამოუცნობი ღიმილით ზუსტად მიესადაგებოდა იმ მომაკვდინებელი გარეგნობის მამაკაცის როლს, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი.
შევცქეროდი ბიბის და თვალს ვერ ვაშორებდი. მის სახეს ეგრევე ფანტაზიების სამყაროში გადავყავდი. ლამაზი მირაჟების შექმნა ყოველთვის მეხერხებოდა, რაც მერე და მერე ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში, ამიტომაც მიმიჩნევენ ღონისძიებების საუკეთესო სპეციალისტად. მაგრამ ახლა ჩემი ფანტაზიები აშკარად ეროტიკული ხასიათის იყო, რაც სინდისის ქენჯნასაც კი მგვრიდა, რადგან ბიბისთან საქმის გამო ვიყავი მოსული და არა გასართობად. არადა, ეს კაცი ნებისმიერი ქალის ოცნებას ასახიერებდა თავისი გარეგნობით. საკმარისი იყო, შეგეხედათ მისი მოღიმარი თვალებისა და საკოცნელად შექმნილი ტუჩებისთვის, რომ გული შეგიტოკდებოდათ. პერანგის მიღმა დამალული ფართო მხრები და სანთელივით ჩამოქნილი წვრილი, გრძელი თითები აუცილებლად აღუძრავდა ნებისმიერ ქალს სექსუალურ ფანტაზიებს. წამით მეც კი წარმოვიდგინე მისი თლილი თითები ჩემს შიშველ ზურგზე და იმხელა ნერწყვი გადავაგორე, ხელისგული მივიფარე ხორხზე, ბიბი არ მიმიხვდეს-მეთქი.
დიახ, ასეთი «დაცემა» მამაკაცი მჭირდებოდა ჩემი დაქალების გულის მოსაგებად. ბიბი, როგორც არავინ, საუკეთესოდ ერგებოდა ამ როლს, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებდი, უკუმეგდო ის სულელური ოცნებები, ხანდახან უსირცხვილოდ რომ გამკრავდა გულში -რეალურადაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას და სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ვეტყოდი უარს.
პაემანზე იშვიათად დავდიოდი, თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო ექვს შეხვედრას, მთავარი როლისთვის რომ ვეძებდი საუკეთესო მამაკაცს. მიმაჩნდა, რომ პაემანი, საუკეთესო შემთხვევაში, ძალზე დამღლელი საქმეა, უარეს შემთხვევაში კი - მომაკვდინებლად მოსაწყენი. კაცებს ნერწყვი მოსდიოდათ ჩემ დანახვაზე და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამიცნობდნენ, მერე კი ყირაზე დგებოდნენ, ოღონდ კი თავი მოეწონებინათ. ზოგიერთები კი აშკარად ჩემ გამოყენებას ცდილობდნენ. იცოდნენ, რომ წარმატებული ბიზნესლედი ვიყავი და სერიოზული კავშირები მქონდა.
ცხოვრებაში სამი ხანმოკლე რომანი გამოვიარე. თითოეული ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. როცა ვხედავდი, რომ ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე უნდა გადასულიყო, ეგრევე უკან ვიხევდი. იმიტომ არა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ჯერ არ შევხვედროდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს. ამიტომაც გაპრანჭულ საღამოებს, სადაც თვალებით ფლირტაობა და შებმა-დაკერვის პროცესი ყველასთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, შინ მყუდროდ ჯდომა და მარტოობა მერჩივნა. მაგრამ ახლა, როცა უკვე მეგის გათხოვების დრო მოვიდა და ერთადერთი გაუთხოვარი თუ გასათხოვარი დაქალი ვრჩებოდი, სერიოზულად დავფიქრდი ერთ საჭირბოროტო საკითხზე - ნუთუ იმხელა ბედნიერებაა წარმატებული ბიზნესლედობა, რომ მარტოხელობას ვამჯობინებ?
ბიბი აუჩქარებლად სვამდა თავის ყავას, თითქოს დროის მოგებას ცდილობსო. ალბათ უნდა, რომ ვინერვიულო. წამით იმანაც კი გამიელვა გონებაში, ნეტავ საერთოდ არ დამერეკა და ძებნა ისევ ინტერნეტში გამეგრძელებინა-მეთქი. უფრო ადვილია ფოტოების თვალიერება, ვიდრე ასე პირდაპირ უყურო ამ სასწაული ცისფერი თვალების დაჟინებულ გამოხედვას.
როგორც იქნა, ბიბი მორჩა ყავის სმას და საზურგეზე გადაწვა ფეხებგაჩაჩხული. ასე კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა. ჩემდა უნებურად, ირგვლივ მიმოვიხედე, სხვა ქალების რეაქცია მაინტერესებდა. რამდენიმე წყვილი თვალი მართლა ჩვენ მოგვჩერებოდა, თანაც მართლა ქალების, ოღონდ არა ჩვენ, არამედ ბიბის და ისე ხარბად ავლებდნენ მზერას, რაღაც მომენტში დავიბოღმე კიდევაც.
- იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბო, რას საქმიანობ და, საერთოდ, რაში გამოიხატება შენი საქმიანი კონტაქტები?
ღიმილი ვერ შევიკავე. ის ჩემში სარგებელს ეძებდა, ეს აშკარა იყო.
- კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი ვარ, - მოკლედ მოვუჭერი.
ამწუთას თამაშმა ჩემს მინდორზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ცივი ობიექტური ფაქტები უნდა გადმომელაგებინა, რომ მისი ინტერესი ამით უფრო გამეღვივებინა და მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა. რაც უფრო იდუმალი რჩება ქალი, მით უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მამაკაცები მის მიმართ. ეს კარგად მქონდა ათვისებული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი საქმიანი ალღოს თავის სასარგებლოდ გამოყენების შანსს ბიბი ხელიდან არ გაუშვებდა. ჩემთან ურთიერთობით მას მართლა ეძლეოდა შესაძლებლობა, ცნობილ ბიზნესმენებთან დაემყარებინა კონტაქტი. ეს ნამდვილად შემეძლო, არ ვიტყუებოდი.
- გსმენია «ტენგოლკომპანიის» შესახებ რამე? - შევეკითხე.
- სპორტული საქონლის კომპანია?
- სწორედ ის.
იმისთვის, რომ დრამატული ეფექტი გამეძლიერებინა, პაუზა გავაკეთე. ამის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა თენგო კირვალიძის გაცნობაზე, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ.
- თენგოს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ახლობელია. ანუ სწორედ იმ დაქალის საქმროა, რომელიც თხოვდება. სწორედ მის ქორწილამდე პერიოდში მჭირდება შენი დახმარება. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ერთმანეთს გაგაცნობთ და დაგაკავშირებთ. ერთად წავალთ პიკნიკზე, შეგიძლია ლუდი დალიო მასთან, პოკერი ან ჯოკერი ითამაშოთ ერთად და რა ვიცი… უამრავი შესაძლებლობა არსებობს მასთან დასაახლოებლად.
შუა და საჩვენებელი თითი მაცდურად გავატკაცუნე, აქაოდა, ხომ ხედავ, რა მაგარ რამეს გთავაზობ-მეთქი. ამასთან, მოვემზადე, მორიგი სატყუარა გადამეგდო მისთვის და ღიმილით გავაგრძელე:
- რაც შეეხება ჩემს მეორე დაქალს, ლილის, მისი ქმარი ოქროულობის მაღაზიების მფლობელია თბილისში, «ცისფერი დიამონდის» ყველა მაღაზია და ფილიალი მისია.
- და რა გვარია ეს კაცი?
- ანტონ შუბლაძე. დავიჯერო, არ გაგიგია?
- კი, როგორ არა, მაგას, თუ არ ვცდები, რუსეთშიც უნდა ჰქონდეს ბიზნესწილები.
- იტალიაშიც, სხვათა შორის, - ნიშნის მოგებით დავამატე.
- აჰა…
- აი, მესამე დაქალის მეუღლე კი, ანუ კატოსი, დუდუ ბოლქვაძეა, კომპიუტერული ტექნიკის უზარმაზარ ფირმას ფლობს, «დუმაუსია» მისი სახელწოდება.
მინდოდა, ველური ცეცხლი დამენახა ბიბის თვალებში, სიხარბით ანთებული მზერა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, საკმაოდ კერკეტი კაკალი გამოდგა. ყურადღებით გაჯერებულ მზერას არ მაშორებდა, თითქოს სურდა გამოეცნო, სინამდვილეში რა მოტივი მამოძრავებდა მისი მისამართით. არც მე დამიხამხამებია თვალი, ჯიქურ გავუსწორე მზერა.
- მდაა… შთამბეჭდავი სიაა, - დამნებდა ბოლოს და, როგორც იქნა, აღიარა. - არ მოგატყუებ და, მხიბლავს იდეა, ასეთი კალიბრის ბიზნესმენები გავიცნო. - თითქოს ყოყმანი გაერია ხმაში.
- მაგრამ? - შევეშველე.
- მაგრამ მინდა გავიგო, მე რატომ მომმართე. ისეთი ლამაზი გოგო, როგორიც შენ ხარ, არ უნდა განიცდიდეს თაყვანისმცემლების ნაკლებობას. გაფიცებ ყველაფერს, მე რატომ ამირჩიე? - გამომცდელად შემომღიმა.
«განსაკუთრებით იმ საბედისწერო საღამოს მერე, არა»? - გულში დავაბოლოვე მისი აზრი. გამოუთქმელი ფრაზა ჰაერში გამოეკიდა, მაგრამ ამწუთას ორივენი სწორედ ამაზე ვფიქრობდით, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რა გაეწყობა, მზად ვარ, ამაზეც ვილაპარაკო, თუკი თვითონ მოისურვებს. თუ არ მოისურვებს, მოგონებები ფსკერისკენ დაეშვება და ძველებურად ყველაზე დიდ და ძლიერ სტიმულად დარჩება ჩემს ახალ ცხოვრებაში.
გულის სიღრმეში ერთმა რამემ მაინც ძალიან გამახარა. ბიბი დარწმუნებული იყო, რომ მე კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ.
- დამიჯერებ, რომ გითხრა, ეს ბედისწერაა-მეთქი?
- არ დაგიჯერებ, - მშვიდად მომიგო.
- არ ვხუმრობ. ფეისბუკზე «დავსეირნობდი». უცებ შემთხვევით შენს სტატუსს გადავაწყდი და…
შეგნებულად არ დავამთავრე ფრაზა, ვიფიქრე, ამ ანკესზე წამოეგება-მეთქი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ შევცდი, მან ჩემი ტყუილი არ ჭამა.
- და შენ მე მისურვე, არა?
მის ხმაში გამკრთალმა სევდამ, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მაგრამ სანამ მის განწყობილებას გამოვიცნობდი, თვითონვე გააგრძელა:
- იფიქრე, ამას კონტაქტები სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობისთვის მიზეზი მაქვსო?
- ასპროცენტიანი ხარ! - წამოვიყვირე და დაბნეული ადგილზე გავქვავდი.
ალბათ, რა საწყალი შესახედავი ვიყავი ახლა. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, რომ შეიძლებოდა დათანხმებოდა ჩემს წინადადებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობა რომ მიწევდა, ეს თითქოს მე უფრო მამცირებდა, ვიდრე მას. ხელები მოვმუშტე და მაგიდის ქვეშ, მუხლებში შევმალე, რომ არ დაენახა.
- და მაინც, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, მაინცდამაინც მე რატომ მთხოვე დახმარება.
არ მეგონა, ასეთი დაჟინებით თუ მოითხოვდა ჩემგან პასუხს. მივხვდი, მომიწევდა, სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც გამენდო მისთვის.
- საქმე ისაა, რომ მე ძალიან ვარ დაკავებული, საკუთარი ბიზნესი მაქვს - კორპორაციულ საღამოებს ვაწყობ კერძო შეკვეთების მიხედვით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დღე და ღამე ხალხში მიწევს ტრიალი, - მინერალური წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ოდნავ მოვსვი, -იშვიათად თუ გამომიჩნდება თავისუფალი დრო და იმასაც შინ ვატარებ, ჩემთვის. პაემანზე სასიარულოდ არ მცალია. - და გულახდილად ავუხსენი, რომ ფუჭი საუბრებისთვის დროის დაკარგვა არ მიყვარს, არ შემიძლია ყალბად გამოვხატო ინტერესი თვითკმაყოფილ რეგვენებთან დიალოგის დროს და ატანა არა მაქვს, როცა პირველივე ჭიქის მერე ჩემ შებმაზე გადადიან; რომ ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, რამე სასუსნავი ვიყიდო, სამზარეულოში გამოვჯდე და რამე გემრიელი კერძი მოვამზადო. - სამწუხაროდ, ჩემს ფანატ დაქალებს სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი სიყვარული სამზარეულოსადმი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ჩემი უიმედო მარტოობისა.
ამ ლაპარაკში მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა თავში და სრულიად სხვა თემაზე გადავრთე ჩვენი საუბარი.
- მაპატიე, ბიბი, არც კი მიკითხავს, გყავს ვინმე? შეყვარებული ხომ არ ხარ?
რა სულელი ვარ. თითქოს ჭკვიანი მგონია ჩემი თავი და ამ ხნის განმავლობაში თავში ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა ბიბის მეგობარი ქალი ან თუნდაც ცოლი ჰყოლოდა.
- არანაირი ვალდებულება, - გაშალა ხელები, - არც ცოლი, არც მეგობარი ქალი. - ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა და საჩვენებელი თითი დამიქნია.
მეც გადავიხარე მისკენ. როგორც კი სიახლოვის საშიშ დისტანციას მივუახლოვდი, უკეთესად შევძელი მის ცისფერ თვალებში გაფანტული მწვანე წერტილების და ცალ ლოყაზე გაჩენილი პატარა ორმოს შეთვალიერება. ყოველთვის მომწონდა მამაკაცის ლოყებზე მსგავსი პატარა ორმოები. ამიტომაც ძლივს შევიკავე თავი, ხელი არ გამეშვირა და თითით არ შევხებოდი ამ საყვარელ ფოსოს.
- ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ, - უეცრად ჩურჩულზე გადავიდა, - არაფრით არ დავთანხმდებოდი შენთან შეხვედრაზე, ვინმე რომ მყოლოდა. მე შენ ვინ გგონივარ? -ხუმრობით დაამატა და შეთქმულივით გამიღიმა. ამ ღიმილმა მისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.
მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ყავის და მისი ოდეკოლონის შერეული სურნელი ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე. მისკენ რომ გადავიხარე, უფრო მძაფრად შევიგრძენი ეს სურნელი. როგორ მომინდა, ხელი გამეწვდინა მისკენ, ჩავხუტებოდი და მის ძლიერ მკერდზე მიმედო თავი.
- გეხუმრე, რატომ შეგეცვალა სახე? - გულიანად გაიცინა და კვლავ სკამის საზურგეზე გადაწვა, რითაც ინტიმური სიახლოვის საშიში დისტანცია წამში გაანადგურა.
ქვედა ტუჩი ლამის მოვიჭამე, რადგან საერთოდ დამავიწყდა, ამწუთას რაზე ვსაუბრობდით.
- ტეტე როგორ არის? საუკუნეა, არ მინახავს. ისევ ხომ არ ბრაზობს ჩემზე?
- კარგადაა, უოლ-სტრიტის მგელზე ნაკლებად როდი შრომობს, - მეც გავიცინე.
- ისევ საბანკო საქმეებშია ჩართული?
- აბა რა, გრძელვადიანი კრედიტების მთავარი ინსპექტორია.
- მე არ მახსენებს?
- სიმართლე გითხრა, არასდროს უხსენებიხარ. არ გვქონია შენზე საუბარი, რა ვიცი, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები. მართლა ასე იყო და ხომ არ მოვატყუებდი?
- უნდა დავურეკო ერთი, - გაიღიმა ბიბიმ.
- დაურეკე, ბათუმშია. ორი წელი იქნება, თბილისში არ ჩამოსულა. მგონი, ღამეებსაც კი ბანკში ათენებს.
- მართლა ასე უყვარს თავისი საქმე?
- კარიერამ ასე იცის, ძალიან ჩამთრევი რამეა, - თავი დავუქნიე.
- გეთანხმები. ისედაც, კაცები სულ სხვა გზით ცდილობენ ცხოვრებაში გზის გაკაფვას. მიკვირს, საზღვარგარეთ რომ არ წავიდა.
- მუშაობა რომ დაიწყო, ვეღარ წავიდა, თორემ აპირებდა.
ამ ლაპარაკში ისევ გამახსენდა ის საღამო, ტეტეს დაბადების დღე. პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯინსის შარვალი კაბით შევცვალე. მინდოდა თავი ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო. ტაფტის ფართხუნა ქვედაბოლო მეცვა, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უცნაურად შრიალებდა. ბიბი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოს თავის სტიქიაში იყო. გეგონებოდათ, ტეტე კი არა, თვითონ არის წვეულების მთავარი გმირიო. გამუდმებით ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. მე კი, პირიქით, ვცდილობდი, ჩრდილში დავრჩენილიყავი. მხოლოდ ოცნებაში თუ შემეძლო დამეშვა, რომ მისნაირ ბიჭს ჩემნაირი გოგოსთვის ყურადღება მიექცია.
გაგრძელება იქნება