მაგრამ მოხდა სასწაული და რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, _ მან მე შემამჩნია. რესტორნის აივანზე გავედი და ისიც უკან გამომყვა. მთელი საათი ვლაპარაკობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ვიცინობდით, ვხუმრობდით. მისი ინტერესი და ყურადღება საკმარისი იყო, რომ გავფურჩქნულიყავი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თითქოს ეგზოტიკური ვარდივით გავიშალე. ასეთი ძლიერი ემოციები აქამდე არ გამომეცადა და აჟიტირებული ვიყავი. ახლა უკვე აღარ მიქმნიდა უხერხულობას კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად იმ საღამოსთვის ვიყიდე. არც სათვალე მიქმნიდა დისკომფორტს, რომლის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე ვერაფერს დავინახავდი. იმწუთას ყველაფერი მიყვარდა და მიხაროდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით ბიბი კოკაია მეფლირტავებოდა.
კი, ცუდად დამთავრდა ის საღამო და ყველაფერი ჩამშხამდა, მაგრამ ისეთი მძაფრი შეგრძნებები განვიცადე, რომ მიზნად დავისახე, კვლავ გამომეცადა. ჩემს თავს ავუკრძალე უკან, წარსულისკენ მიხედვა. ახლა უსიმპათიურეს ბიბისაც კი არ შეუძლია ეს აზრი შემაცვლევინოს.
_ ბოლო დროს სწორედ მის დაბადების დღეზე შევხვდით მე და შენ ერთმანეთს, გახსოვს? _ თქვა ბიბიმ და ჩემი მოდური ჩაცმულობა დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს შიშველ კანზე. ასე მეგონა, მამაკაცი თითებით შემეხო.
ყოველი დეტალი მახსოვდა იმ საღამოდან, ისიც კი, რა ეცვა და როგორ ფერებში. განსაკუთრებით ყავისფერი ტყავის ქურთუკი დამამახსოვრდა, რადგან გარეთ გასულს უეცრად შემაჟრჟოლა, ოღონდ არა სიცივისგან, არამედ მისი სიახლოვისგან და ბიბიმ თავისი ქურთუკი მომახურა მხრებზე. მომახურა და ხელები არც აუღია ჩემი მხრებიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, როგორ გამიხურდა ორივე მხრისთავი, სადაც ბიბის ხელები ესვენა. მერე შამპანურით სავსე ბოკალი მომაწოდა. მეც ავდექი და ცხოვრებაში პირველად, ბოლომდე დავცალე. ეგრევე მომეკიდა და ღაწვები ამიფორაჯდა. მერე ბიბიმ თავისკენ შემომატრიალა, მე თავი დავხარე, რადგან მზერას ვერ ვუსწორებდი. მან კი ნიკაპქვეშ ამომდო ხელი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ჩამხედა და… არასდროს დამავიწყდება მისი მაშინდელი სექსუალური ღიმილი.
_ მოგვიწევს იმაზე ლაპარაკი, რაც იმ საღამოს მოხდა.
ძალა იმდენად წამერთვა ამის გაგონებაზე, რომ გარხევა ვერ შევძელი, თითქოს პარალიზებული გავხდი. მოულოდნელად ხელის ზურგზე მისი თითების გასრიალება ვიგრძენი. სიტუაციას კონტროლიდან გამოსვლა ემუქრებოდა, თანდათან ვიძაბებოდი. ყველაზე უკეთ ვიცოდი, რომ მისი განუმეორებელი მომხიბვლელობა ერთგვარი იარაღი იყო ქალის გულის მოსანადირებლად. ეს სკოლის პერიოდიდან დამამახსოვრდა. რამდენი გოგო მინახავს მის გამო ატირებული. ამიტომ დღემდე ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მისი მომნუსხველობა მე ვერაფერს დამაკლებდა, ჩემთან მიმართებაში მისი ჯადოსნური მაგია აშკარად უძლური იყო. ყველანაირად ვცდილობდი, გულგრილობა გამომეხატა, მაგრამ ბიბიზე ამას არ უმოქმედია. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ არის ისეთი რამეებიც, რაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ბიბის შემთხვევაში ჩემი რეაქცია მხოლოდ ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, სექსუალურ გატაცებად, ჰორმონები იყო ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ამჯერად როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში.
ნაძალადევად გავიცინე, მაჯის საათს დავხედე და თავდახრილმა ვთქვი:
_ სასიამოვნოა შენთან ჯდომა და წარსულის მოგონებების ამოქექვა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, საქმეები მელოდება.
_ რა თქმა უნდა, _ დამეთანხმა ბიბი, არც კი უგრძნობინებია, რომ ჩემი გაქცევის მიზეზი არ დაიჯერა, _ ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა, რომ ყველაფერი გავიაროთ.
_ გავიაროთ?
ისე გაიღიმა, თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი შეცბუნება.
_ თუ გინდა, რომ შენმა დაქალებმა დაიჯერონ ჩვენი სიყვარული, ღირსეული ლეგენდა უნდა მოვიფიქროთ და ცოტა პრაქტიკაც გავიაროთ ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხში.
«ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხშიო? _ რაზე ლაპარაკობს?» _ კოპები შევიკარი.
როცა დაბნეულობა შემატყო, გულიანად ახარხარდა და ხელზე ხელი მომიჭირა.
_ ნუ ნერვიულობ, _ დამშვიდება დამიწყო, _ ვიხუმრე. თუმცა, მზად უნდა ვიყოთ პასუხის გასაცემად ისეთ კითხვებზე, რომელსაც უეჭველია, ვერ გავექცევით. შენი დაქალები რომ ცნობისმოყვარეები იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება, ამიტომ შეკითხვებსაც ძალიან ყოფითს და ინტიმურს შეარჩევენ. ასე არ არის?
_ მაგალითად? _ გუნება წამიხდა.
_ მაგალითად, სად გავიცანით ერთმანეთი, როგორ შემიყვარდი ან შეგიყვარდი, აქამდე სად ვიმალებოდი და ასე…
_ მართალი ხარ, _ როგორც იქნა, შუბლი გავხსენი, _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ დაგირეკო, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება?
_ რა პრობლემაა, _ მხიარულად წამოიძახა ბიბიმ, ხელი შემიშვა და წამოდგა.
როცა დანახარჯი გადაიხადა, გვერდით ამომიდგა და კიდევ ერთხელ შემეხო ხელზე, ვითომ შემთხვევით. მე კი ჩემი დამემართა. მისმა შეხებამ მსუბუქი თრთოლა მომგვარა. რა ადვილია მისთვის, ასე მხიარულად თქვას, არ არის პრობლემაო…
სამზარეულოს ხელთათმანი მოვირგე და ქვაბს სახურავი ავხადე. სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შემიღიტინა. საქონლის ხორცის კონსერვი ვიყიდე და მაკარონში ჩავშუშე. გემრიელი გამოსულა. ბოლოს შავი პილპილი მოვაყარე და მარილიც დავამატე გემოვნებით. ნელ ცეცხლზე გავაგრძელე შუშვა, რომ არ მიმწვარიყო. ალბათ არ ღირდა, ამდენი ძალისხმევა გამომეჩინა ვახშმის მოსამზადებლად, მაგრამ ვნერვიულობდი. და როცა ვნერვიულობ, ყოველთვის რაიმე კერძის მომზადებას ვიწყებ ხოლმე. უამრავი საშუალება არსებობს სტრესის მოსახსნელად: ხანგრძლივი გასეირნება, სატრენაჟორო დარბაზი, მედიტაცია, მაგრამ მე ერთადერთი «რეცეპტი» მამშვიდებს _ კულინარია.
ჯერ კიდევ სკოლიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. მხოლოდ აქ შემეძლო თავი დამეღწია ჩემი საცოდავი მარტოობისთვის, მერე კი, თვრამეტი წლის ასაკში, როცა მამა გარდამეცვალა, მთლიანად მივეჯაჭვე სამზარეულოს.
შუადღეს ბიბიმ დამირეკა, თუ შეიძლება, საღამოს შემოგივლი, რათა ჩემი ახალი როლის დეტალები განვიხილოთო. «ახალი კი არა, მთავარი როლის, გამოშტერებულო», _ გავიფიქრე ღიმილით და ხელის კანკალით შევუდექი კერძების მომზადებას.
უკვე ყველაფერი მზად მქონდა, სუფრაც გავშალე. როცა გაშლილ მაგიდას გადავხედე, უღრმესი კმაყოფილება დამეუფლა. რომ იტყვიან, თავი მოვიკალი. შემწვარი თევზი ლიმონით, ტკბილი ფლავი ფორთოხლით, ქიშმიშით და ვაშლით, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, სტაფილო პომიდორში, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაკონსერვე, დაბოლოს, ხორციანი მაკარონი. უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად ძალ-ღონე არ დავიშურე, სტრესი ბოლომდე მომეხსნა. აბა, ამდენი კერძის ნახევარ დღეში მომზადებას ეხუმრებით? ბოკალი მოვიმარჯვე და «ოჯალეშის» კარგა დიდი ყლუპი მოვსვი, თუმცა ამ დიდებული ღვინის გემო ვერ ვიგრძენი. ორი ბოთლი შემოვდგი მაგიდაზე. კარგა ხანია, ეს ღვინო შენახული მქონდა. ერთმა კლიენტმა მომართვა საახალწლოდ ხუთი ლიტრი და ჯერ ხელიც არ მიხლია. ან კი როდის ვახლებდი, ახალ წელს თხუნელასავით შევძვერი ლოგინში და დავიძინე. არც შემდეგ დღეებში მყოლია სტუმრები. ასე რომ, ახლა ნამდვილად გამომადგა.
ბიბი წუთი-წუთზე მოვიდოდა, მამაკაცი, რომელთანაც ვითომ რომანი მქონდა და რომელსაც უნდა დაერწმუნებინა ჩემი დაქალები, რომ სულაც არ ვიყავი «უიმედო მარტოხელა». ახლა სასიყვარულო რომანს რომ ვწერდე, სწორედ ასე დავარქმევდი ჩემს «ნამოღვაწარს». ხომ კარგი სათაური გამოვიდოდა? მაგარი!
ეჰ, როგორმე უნდა გადავაგორო ეს ერთი ქორწილიც. მეგი უნდა გავათხოვო, «ქორწინების ფანატების» ბოლო წარმომადგენელი, და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ. მერე აღარ მომიწევს თავის მოჩვენება, რომ წარმატებული და მდიდარი საქმიანი ქალი ვარ, რომელიც სრულიად ბედნიერია მამაკაცის გარეშეც.
არადა, მართლა არ განვიცდიდი ჩემს მარტოობას. პირიქით, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ნერვებს არავინ მიშლიდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ მქონდა დაკისრებული და საღამოს კისრისტეხით არ მოვრბოდი სახლში, ემანდ ქმარი არ გამიჯავრდეს-მეთქი. ახლა კი, როცა ჩემი უახლოესი მეგობრებიდან კიდევ ერთი და, ამჯერად, უკანასკნელი თხოვდებოდა, დაუკმაყოფილებლობის მსუბუქი შეგრძნება დამეუფლა. როცა ჩემი გათხოვილი დაქალების კომპანიაში მოვხვდებოდი ხოლმე და ქმრებთან მათ დამოკიდებულებას ვუყურებდი, აშკარად ვხედავდი სასიყვარულო ურთიერთობის ნიშნებს: ხელების მსუბუქი შეხება, თვალებით მიალერსება, ხუმრობების გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მხოლოდ ორს ესმის… მიყვარდა მათთან დროს ტარება, ამასთან, გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ მათ გვერდით სრულიად ზედმეტი ვიყავი. აი, ისე, გამოთქმა რომაა: «მესამე ზედმეტია». ეს აზრი მოსვენებას მიკარგავდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ცოტათი მაინც ამოვისუნთქავ და შესაძლებლობა მომეცემა, რამდენიმე ხანი მაინც არ ვიგრძნო თავი ზედმეტად მათ გვერდით. მთავარია, ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ საღამოები მოეწყობა და აქეთ-იქით ერთად მოგვიწევს სიარული, არაფერში ჩავიჭრა, მერე კი ჩვეულებრივ რუტინას, სამსახურს დავუბრუნდები, რაც ყველაზე კარგად გამომდის.
გაგრძელება იქნება