მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა ჩემი გოგოები, მაგრამ როცა საუბარი ჩემ გათხოვებაზე ჩამოვარდებოდა, მათი დანახვაც აღარ მინდოდა, რადგან იმ წუთებში თითქოს თვალებში უბნელდებოდათ, იმდენს მეჩიჩინებოდნენ. ამიტომაც შევარქვი «ქორწინების ფანატები». არადა, მათ ქმრებს ისეთი ძმაკაცები ჰყავთ, შეიძლება ნერწყვი გადაგცდეთ სასულეში და ერთს არ იფიქრებენ, საუკეთესოები გამაცნონ, იქნებ მართლა გამიღიმოს ბედმა. მხოლოდ «წყალწაღებულები» ემეტებათ ჩემთვის. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. არ მინდა ვიფიქრო, რომ შურია ამაში გარეული, ღმერთმა დამიფაროს! ორივეს ისეთი ქმარი ჰყავს და მესამეც ისეთ კაცზე თხოვდება, ალბათ მარკ ცუკერბერგს, კემერონ ჯონსონს ან ალექს ტიუს უნდა მივთხოვდე, რომ ჩემი შეშურდეთ და დაიბოღმონ. როგორ მეცინება, ამას რომ ვწერ. თვითონაც რამდენჯერ უნატრიათ ამ ახალგაზრდა მილიონერებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ქმრები ჰყავთ.
- კიდევ ხომ არ გინდა წყალი? - ბიბიმ წყლით სავსე გრაფინი მოიმარჯვა.
- არა, მადლობა, - ვჩქარობდი, რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა ეს შეხვედრა, - აჯობებს, საქმეს მივუბრუნდეთ.
- კი ბატონო, მე მზად ვარ.
უეცრად გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. მან ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი დააძრო ზედ მიმაგრებული კალმით, გადაშალა, თავში რამდენიმე სიტყვა დაწერა და მერე სვეტები ჩამოხაზა.
- რას აკეთებ? - წარბები ავზიდე.
- უნდა ჩამოვწერო, რა გავაკეთო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი სწორად გავიგე, რომ მერე პრეტენზიები არ გქონდეს. - სერიოზული სახე მიიღო და ჩასაწერად მოემზადა.
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მაინც შემაწუხა ეჭვებმა.
- შენ მითხარი, რამდენჯერმე ერთად მოგვიწევს საღამოებსა და პიკნიკებზე ყოფნაო. დაწვრილებით მომიყევი შენი მეგობრების შესახებ.
- საპატარძლოს მეგი ჰქვია. ადრე სტიუარდესა იყო, სწორედ მაშინ გაიცნო თენგო.
- ეგ ის კირვალიძეა, არა? შენ რომ მეუბნებოდი.
- ჰო, ისაა.
- მაგარია. იმედია, დავმეგობრდებით.
ახლა კი ვერ დავმალე გაოცება. თვალებგაფართოებული მივაშტერდი. აი, თურმე რა გამორჩენას ელოდა ჩემთან სიახლოვით. თუმცა, რა გასაკვირი იყო, თვითონ არ შევთავაზე დახმარება? დახმარება კი არა, ჩვენს გარიგებას ბარტერი უფრო ერქვა.
- კარგი, ეს გავიარეთ. - ბიბიმ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში, - შემდეგი?
- შემდეგი კატოა, რომლის ქმარია დუდუ ბოლქვაძე, მასზეც გელაპარაკე, თუ გახსოვს.
- როგორ არ მახსოვს, სკლეროზი კი არ მჭირს. - თავმომწონედ მომიგო, - ასეთი მნიშვნელოვანი რამეები არ მავიწყდება. კომპიუტერებით რომ ვაჭრობს, არა?
- არამხოლოდ. საერთოდ, ციფრული ტექნიკა შემოაქვს, ტელევიზორები, ტელეფონები და რა ვიცი, ნაწილებიც…
- გასაგებია… წავიწიოთ წინ.
- მესამე დაქალს ლილი ჰქვია, ანტონ შუბლაძის ცოლია.
- ოქროულობის «ოქროკაცი», არა?
- მშვენივრად დაგიმახსოვრებია, ყოჩაღ!
- როცა კარიერის აწყობას აპირებ, ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო, ყველაფერი, ნებისმიერი წვრილმანიც კი, ლოკატორებივით უნდა გქონდეს ყურები. - მთელი სერიოზულობით გამომიცხადა.
- მაგაში გეთანხმები. რაც შეეხება ჩემს დაქალებს, სამივე საყვარელია, ლამაზი და მხიარული. «ქორწინების ფანატებს» ვეძახი, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.
- «ქორწინების ფანატებს»? - ბიბის ცალი წარბი მაღლა აიჭრა, რამაც სასაცილო შესახედავი გახადა. ამწუთას პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელსაც ტყუილებით აკვირვებენ.
- პირველად ლილი გათხოვდა და ამის შემდეგ აიწყვიტეს სხვებმაც. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მდიდარ და სიმპათიურ საქმროს დაითრევდა. ყველას მეჯვარე მე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მეგი ბოლოა და დავისვენებ.
უეცრად ჩაფიქრებული გაუხდა გამოხედვა, თითქოს რაღაცას საზრობსო. ვერ მივხვდი, რამ შეაწუხა, მაგრამ იმწუთშივე თავად ამიხსნა ყველაფერი.
- ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ანდაზასავითაა… მაგრამ არ ვიცი, გითხრა თუ არა, მეშინია, არ გეწყინოს.
- თქვი, არ მეწყინება. - გავუღიმე, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა.
- სამჯერ მეჯვარე - არც ერთხელ პატარძალიო, ასე იციან თქმა. - მითხრა და მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი, იფიქრა, არ ეწყინოსო, - არ ვიცოდი, ასე თუ გეზარებოდა მეჯვარეობა.
- მეჯვარეობა კი არა, მათი ჩიჩინი მეზარება. აი, ჩვენ ყველანი დავთხოვდით, შენ კი ისევ მარტო ხარო.
- მერე რა არის ამაში ცუდი? რახან თავისი თავისთვის ამდენი სცადეს, შენთვისაც გაირჯებიან.
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლაც გამახსენდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ლილიმ ვითომ შემთხვევით მომიწყო. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთ სადილზე შეგნებულად მოაწვევინა თავის საქმროს «შესაფერისი კანდიდატები», ოღონდ არა საკუთარი ძმაკაცები, არამედ მისი შორეული ნათესავები, თვითონაც რომ არ იცოდნენ წესიერად, რას წარმოადგენდნენ. კინაღამ ვიჩხუბეთ ამის გამო. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და ლამის წამომცდა, ჩემი სიკეთე თუ გინდა, რატომ ანტონის ფულიან მეგობრებს არ გამაცნობ-მეთქი. ჩხუბი იმიტომ მოგვივიდა, რომ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც თავისი ჭკუით მირიგებდა, ლოთი აღმოჩნდა. ისე გამოტყვრა, რომ შუა ქეიფში პერანგის გახდა დაიწყო და ლამის მაისურისამარა დარჩა მაგიდასთან. მეორემ ზედ მაგიდაზე მოინდომა ცეკვა, რათა ჩემთვის თავი მოეწონებინა. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მეგი ვიღაც მფრინავს რომ მაცნობდა, რომელსაც მისი დაჟინებული თხოვნით შევხვდი და კინაღამ გამარეკინა - მთელი საღამოს განმავლობაში პირი არ დაუხურავს, სულ ამთქნარებდა.
- ჩემს გოგოებს არ სურთ იმის გაგება, რომ უკაცოდაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და სრული ბედნიერებისთვის სამსახურიც მყოფნის, - შევჩივლე ბიბის.
- აი, თურმე სხვა რატომ არ აირჩიე ამ როლისთვის, - ღიმილით ჩამიკრა თვალი, - მე იმიტომ გამირიგდი, რომ დაქალები გააგიჟო, რა კაცი ჩაგიგდია ხელშიო, არა?
- თავში ნუ აგივარდა, - სიცილი ამიტყდა და მუქარის ნიშნად თითი დავუქნიე, - უბრალოდ, საჭირო მომენტში სწორედ შენ გამოჩნდი ჩემი კომპიუტერის მონიტორზე, ეგ იყო და ეგ.
- შენ რა, კანდიდატებს ინტერნეტში ეძებდი?
შევეცადე შეცბუნება დამეფარა. ღაწვები ისე ამეწვა, მეგონა, ცეცხლი წამეკიდა, და თავი დავუქნიე.
- ვიფიქრე, ასე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვაგვარებ საქმეს-მეთქი. შედიხარ ფეისბუკზე, ეძებ საჭირო კანდიდატურას, დაუთქვამ შეხვედრას და მორჩა, საქმე გაჩარხულია.
- და მერე? შედეგმა რა მოგცა?
«შენი თავი მომცა» - გავიფიქრე და კინაღამ ხმამაღლა წამომცდა ნაფიქრი.
შენ - გასაგიჟებელი ცისფერი თვალებით, საყვარელი ფოსოებით და დამმდუღვრელი ღიმილით, რომლითაც მონაზონის შეცდენასაც კი შეძლებ;
შენ - ფართომხარბეჭიანი, სპორტული ფიგურით, რელიეფური კუნთებით და ქარიზმით, რომელიც ფოტოზეც კი ადვილი შესამჩნევია და რეალურ ცხოვრებაში ხომ საერთოდ, თავბრუდამხვევი. - გავაგრძელე ფიქრი, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს აღმომხდა:
- სიმართლე თუ გინდა, რამდენჯერმე პაემანზეც კი ვიყავი. ისე გამოვიდა, თითქოს ყველა, ვისაც შევხვდი, დაპროგრამებული იყო - ერთსა და იმავეს იმეორებდნენ, სიტყვასიტყვით, გეგონებოდა, დაზეპირებული აქვთო.
- ალბათ, ერთი სკოლა თუ გამოიარეს, - ახარხარდა ბიბი, - გინდა, გამოვიცნო, რას გეუბნებოდნენ? რომანტიკული გასეირნება წვიმაში, ვახშამი სანთლის შუქზე, ზღვის სანაპიროზე გასეირნება…
- შენ საიდან…
- ამერიკაში ყოფნის დროს სამსახურში გამოკითხვას ვაწარმოებდით. შევდიოდით გასაცნობ საიტებზე და მცირე ცდებს ვატარებდით, მერე კი ვაჯამებდით და მცირე კვლევას ვიღებდით.
სიცილი ვერ შევიკავე. მასთან საუბარმა ურთიერთობა გამიადვილა. გამახსენდა ის ერთადერთი და უკანასკნელი საღამოც, რომელიც წლების წინ ერთად გავატარეთ. რვა წელი ცოტა დრო არ არის. არ ველოდი, ისევ ისეთი მოხიბლული თუ დავრჩებოდი. გარდა იმისა, რომ მოქმედების კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, სხვა ბევრ რამეზეც ვისაუბრეთ და დრო ჭკვიანი და სასიამოვნო თანამოსაუბრის კომპანიაში გავატარე, რომელმაც სითბოთი გამავსო.
ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ბიბი თავის მისიას ისე შეასრულებდა, როგორც მე მსურდა - ჩემს დაქალებს გააოგნებდა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, მე თვითონ თუ ვერ გავუძელი მის მაგნიტიზმს? ასეთი ძლიერი მიზიდულობის ძალის მქონე მამაკაცი არსად არასდროს შემხვედრია.
გაგრძელება იქნება