ნოველები

მთავარი როლი - თავი 8

მთავარი როლი - თავი 8
დასაწყისი
იმიჯი, გეგმა, ზუსტი გათვლა…

ჩემი უზარმაზარი კარადის წინ ვიდექი, სარკეში ვიხედებოდი და ვიმეორებდი ერთ დროს სადღაც ამოკითხულ სიტყვებს, მგონი, რომელიღაც ამერიკელი ავტორის წიგნში, «სრულყოფილების გაკვეთილები» თუ რაღაც რომ ერქვა. ვინ იცის, მერამდენეჯერ გადავქექე ჩემი გარდერობი, რომ შესაფერისი კოსტიუმი ამერჩია დღეს ჩასაცმელად.

იმისთვის, რომ წინასაქორწილო სადილზე, სადაც ბიბისთან ერთად გამოვცხადდები, სენსაცია მოვახდინო, მჭირდება გეგმა და ზუსტი გათვლა. თუმცა ამის გარეშეც წავაწყდი წინააღმდეგობას - ჩემს გარდერობში არ აღმოჩნდა ისეთი კაბა, რომლითაც ბიბის მოვხიბლავდი, მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას
მოვახდენდი და თან მეც უფრო თავდაჯერებულს გამომაჩენდა. კიდევ ერთხელ გადავათვალიერე ჩემი შესაშური დიზაინერული კოლექცია: ძვირად ღირებულები, ელეგანტურები, მოდურები, მაგრამ ისეთი, რომ ბიბის ჩემთვის თვალი ვერ მოეშორებინა, მათ შორის არ იყო. ვცადე, შანელისეული ვარიანტი მეცადა - საკიდიდან ჩამოვხსენი პატარა შავი კაბა, გვერდზე ოდნავ ჩახსნილი, რომელიც არაჩვეულებრივად მადგა ტანზე, ისედაც ჩამოსხმულ სხეულს უფრო გამოკვეთდა, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა «გასაგიჟებლამდე». თავის ადგილას დავაბრუნე და უკმაყოფილების ოხვრა აღმომხდა.

საათს რომ დავხედე, მივხვდი, ბუტიკებში სირბილის დრო არ მრჩებოდა. აი, სად მაკლდა ახლა მეგი, რომელიც წამში შემირჩევდა ტანსაცმელს და თან ისეთი გემოვნებით, წამითაც არ შეგეპარებოდა ადამიანს ეჭვი. ეს ის იყო, რომელიც ყოველთვის მაკლდა ცხოვრების განმავლობაში - მე ხომ უდედოდ გავიზარდე და მრჩეველი, ისიც ქალის სახით, არასდროს მყოლია. ამიტომ ყოველთვის მშურდა ჩემი თანაკლასელი გოგონების, დედები რომ მოაცილებდნენ ხოლმე დაბადების დღეებზე ან საღამოებზე კოხტად გამოპრანჭულებს, თმადავარცხნილებს და სუნამოდაპკურებულებს… მაშინ მზად ვიყავი, ასეთი ურთიერთობისთვის ყველაფერი გამეღო…

თითქმის არ მახსოვს დედაჩემი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. საწყალი მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მე და ტეტეს უდედობა არ დაგვტყობოდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ დედის გვერდით ბევრად თავდაჯერებული და გულღია გავიზრდებოდი.

გაღიზიანებულმა ვაქციე ზურგი ჩემს არაფრის მომცემ გარდერობს და სწორედ იმწუთას თავში გენიალური აზრი მომივიდა. ფეისბუკზე ხშირად წავწყდომივარ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნიმუშებს, რომლებსაც თბილისში კერძოდ ყიდდნენ. ეგრევე ვეცი ლეპტოპს და ძებნა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, სულ რამდენიმე წუთში გადავაწყდი იმას, რასაც ასე გამწარებული დავეძებდი. ის კი არა, თვალებზე ხელები ავიფარე, ხომ არ მელანდება-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავშალე თითები და ფრთხილად გავხედე ეკრანზე მაცდურად გამოფენილ კაბას. დიახაც, ეს ჩემი ოცნების სამოსი იყო. მონიტორზეც კი ისე ბრწყინავდა, თითქოს მიხმობდა, ხელი გამოიწვდინე და ჩამომხსენი, რაღას უცდიო. ერთი შევკივლე, წამოვხტი და რამდენჯერმე დავტრიალდი ოთახში. ამწუთას მისი ფასი არ მაინტერესებდა, რადგან ფულის პრობლემა არ მქონდა. ჩემი მუშაობით დამსახურებული მქონდა, თუნდაც ძალიან ძვირად ღირებული სამოსი შემეძინა. ამიტომ წამითაც არ მიყოყმანია. ეგრევე მივწერე კაბის პატრონს, რომელმაც, თითქოს მე მელოდაო, მაშინვე მიპასუხა. მოკლედ, ყველაფერი გავარკვიე, ფასზეც მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ნახევარ საათში კაბას შინ მომიტანდნენ, მე კი ფულს ადგილზე გადავუხდიდი.

ესეც ასე. ნახევარ საათში მაგარი კაბა მექნება, ორ საათში კი განუმეორებელი კავალერი მომაკითხავს. იქამდე სალონს ვესტუმრები თმის დასავარცხნად, ჩაწერილი ვარ. ნეტავ მალე გავიდეს ორი საათი!..



- კიდევ ხომ არ გინდა რამის დამატება, სანამ შენს დაქალებს მეტყველების უნარს წავართმევ?

გაღიმებისას ტუჩები ამითრთოლდა, რადგან ჩემმა ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია:

- მიხარია, რომ ასე ხარ შენს თავში დარწმუნებული, - მივუგე.

- როცა გვერდით ასეთი თვალისმომჭრელი ქალი გყავს, ადვილია, შენს თავში დარწმუნებული იყო, - იდუმალი ხმით მიჩურჩულა და იდაყვზე ხელი მომიჭირა.

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის როლში შედიოდა და იმიტომაც იქცეოდა ასე, მაგრამ მის შეხებაზე მაინც ჩემი დამემართა.

- ყველაფერი გახსოვს? როგორ შევხვდით ერთმანეთს, როგორ გავიცანით… და ასე შემდეგ…

- დამშვიდდი, მახსოვს. - ისევ იმავე ხმით მომიგო და თითის წვერები ჩემს ლოყას ჩამოაყოლა.

ათრთოლებულს გული ლამის მუცელში ჩამივარდა, ისე დავიშალე ნაწილებად.

დამშვიდდიო? დამცინის? როგორ უნდა დავმშვიდდე და მოვეშვა ასეთი მამაკაცის გვერდით, მით უფრო, როცა ისე მიყურებს, თითქოს მართლა ჩემზე იყოს შეყვარებული?

- რაც უფრო მალე ვნახავთ შენს დაქალებს, მით უფრო მალე დაწყნარდები. მთავარია, თავი შეიკავო, ცოტა ხნით მაინც, რომ სიყალბე არ შეგატყონ. - სკოლის მასწავლებელივით მარიგებდა ჭკუას.

«არა მგონია, ამან მიშველოს,» - გავიფიქრე, როცა ჩემი ხელი ხელში აიღო და ჩვენი თითები ერთმანეთში გადახლართა. ყველაფერი რეალურს ჰგავდა და რა მანერვიულებდა? ალბათ სწორედ ის, რომ ყველაფერი ასე რეალურს ჰგავდა.

ეს შეგრძნება მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი ახალი კაბა ჩავიცვი. ბიბიმ რომ დამინახა, ადგილზე გახევდა, თითქოს იატაკს მიალურსმნესო და მივხვდი, რომ ამხელა ფული ტყუილად არ გადამიყრია და ეს სიამოვნება ღირდა იმად, რამდენიც კაბაში გადავიხადე. ბიბი მალევე მოეგო გონს და განცვიფრებული გამომეტყველება სხვა, უფრო საშიშ გამომეტყველებად შეეცვალა. აუჩქარებლად ამათვალიერა ფეხებიდან თმის ძირამდე და მის მზერაში უშეცდომოდ წავიკითხე, რაც გაიფიქრა.

ამის გახსენებაზე ისე შევკრთი, რომ თითები ჩემდა უნებურად გავარხიე მის თითებში. უკვე ვნანობდი, ეს საბედისწერო თამაში რომ წამოვიწყე, მაგრამ გვიან იყო.

- გინდა, გაგიშვა ხელი? - ჩამესმა მოულოდნელად მისი ხმა.

მაგრამ მის მიერ წარმოთქმული ფრაზა შეკითხვას იმდენად არ შეიცავდა, რამდენადაც დასტურს. უარესად მაცოფებდა მისი მიხვედრილობის ნიჭი, ასე ადვილად რომ კითხულობდა ჩემს აზრებს.

- გგონია, გავგიჟდი, ასეთი საშინელი თამაში რომ წამოვიწყე? - გაფითრებულმა ვუჩურჩულე.

ბიბიმ გაიღიმა, რამაც კიდევ უფრო შეარყია ჩემი თავდაჯერებულობა.

- სრულიად ნათელია, რომ საქმიან ქალს არ სცალია პაემანზე სასიარულოდ. სიმარტოვეში გულის შემაწუხებელი არაფერია, მაგრამ შენ ალბათ ამას ვერასდროს გაიგებ.

ბიბი უცებ შეჩერდა, ხელი შემიშვა, წინ დამიდგა, ნიკაპი ამიწია და ცერი ქვედა ტუჩზე ვნებიანად მომისვა.

სუნთქვა შემეკრა. ვიმედოვნებდი, რომ ის ვერ შეამჩნევდა ჩემს შეცბუნებას, რომელიც მისმა თითის შეხებამ გამოიწვია. ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან. ოდნავ რომ დაეხარა თავი, არაფერი დაუშლიდა, რომ…

- თუ შენ მაინც გინდა ეს საქორწინო გამოცდა ჩააბარო, იცოდე, რომ ბოლომდე შენს განკარგულებაში ვარ. გადაწყვიტე.

მართლაცდა, რას ვყოყმანობ? ან რა ეჭვები შემიჩნდა? რა დიდი ამბავია ერთი თვე. ამ ერთი თვის განმავლობაში მაინც ხომ იქნება ეს კაცი ჩემი? რაც მოხდება, მოხდება. თუ ჩემი ბედისწერის რომელიღაც გვერდზე ეს უკვე დიდი ხანია, ჩაწერილია, ისედაც ვერ ავიცილებ თავიდან, ამიტომ მოეშვი, ელენე და მიჰყევი დინებას.

თავი გადავაქნიე, ჩამოშლილი თმა მხრებს უკან გადავიყარე, ამაყად მოვიღერე ყელი, მიუხედავად იმისა, რომ მუხლები მიკანკალებდა და ნაბიჯი წინ გადავდგი:

- წავედით.

- ჩემი ჭკვიანი, - შემაქო ბიბიმ, კვლავ ჩახლართა თავისი თითები ჩემსაში და რესტორნის კარი ამერიკელ ჟიგოლოსავით შეაღო.

დარბაზში შევედით თუ არა, რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე. კიდევ მქონდა რამდენიმე წუთი, სანამ ჩემი გოგოები შემამჩნევდნენ. და უეცრად სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა - ამხელად დარბაზში წამიერად სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა სტუმარმა, მოლაპარაკებულივით, ჩვენკენ შემოაბრუნა თავი. დავიფიცებ, რომ ყველას ერთხმად და ერთდროულად აღმოხდა «კოლექტიური ოხვრა». არა, ვერ დავიფიცებ, მაგრამ ასეთი შეგრძნება ნამდვილად დამეუფლა. პირველმა მეგიმ მოიხედა და ეგრევე გაჰკრა იდაყვი ლილის და კატოს.

- შეგვამჩნიეს, - ბიბის მთელი დარბაზისთვის სამყოფი ღიმილი იმაზე მეტყველებდა, რომ გათამაშებული სპექტაკლის ყოველი წამით ტკბებოდა, - გინდა, ახლავე გაკოცო? - დაიხარა და ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა, - მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს.

- გაგიჟდი? - შორს დავიჭირე და თვალები დავაფახულე.

ბიბიმ მოკუმული ბაგეებით ჩაიხითხითა.

ჩემი დაქალები უკვე მოიწევდნენ ჩვენკენ, სწრაფად უქცევდნენ გვერდს ყოველ შემხვედრ მაგიდას.

- წარმოდგენა დაიწყო! - ისევ მიჩურჩულა ბიბიმ, მაგრამ ამჯერად ჩემკენ არ გადმოხრილა.

- საყვარელო, რა ლამაზი ხარ, არაჩვეულებრივად გამოიყურები! - ხელებგაშლილი მომიახლოვდა მეგი, მაგრამ სანამ ამ ფრაზას წარმოთქვამდა, წამის მეასედში მოასწრო, შეეფასებინა ჩემი ოქროსფერი კაბა და როგორც კი ჩამეხუტა, ეგრევე ჩამჩურჩულა: «ვაუ!» მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა მზერა ბიბიზე, - ელოს ახალი მეგობარი ხართ? სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

მეგის მერე ლილიმ და კატომ გადამკოცნეს. ბიბის წამითაც არ უგრძნია უხერხულობა. მან სამივეს თამამად ჩამოართვა ხელი და განზე გადგა, რომ ჩემთან სიახლოვეში მათთვის ხელი არ შეეშალა.

- თავს მოვალედ ვცნობ, წარმოგიდგეთ - ბიბი კოკაია, - წარმოთქვა ჩვენი შეხვედრის ცერემონიალის დამთავრების შემდეგ, - მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის. - და მომაჯადოებელი ღიმილი შეაფრქვია სამივეს, - რომელია ამ სამ ულამაზესთაგან საპატარძლო?

ჩემი გოგოები ეგრევე ახმაურდნენ. თვალს აღარ აშორებდნენ მის «დაცემა» ღიმილს, რომელსაც ბიბი უანგაროდ აპნევდა ირგვლივ, მოურიდებლად ათვალიერებდნენ თავით ფეხამდე და მის კომპლიმენტებზე პატარა ბავშვებივით აცეტებულები ტკარცალებდნენ.

- ბიბი, გაიცანი ჩემი მეგობრები - კატო, მეგი და ლილი. - მერე კი თეატრალურად გავიქნიე ხელი ბიბისკენ და ხმამაღლა დავამატე, - გოგოებო, ეს კი ბიბია, ჩემი კაცი.

- ძალიან სასიამოვნოა, გვიხარია თქვენი გაცნობა, ბიბი, - ერთმანეთს ასწრებდნენ ჩემი დაქალები, თან დაუფარავად კეკლუცობდნენ.

ლამის გაოცების შეძახილი აღმომხდა და არც ვიცი, როგორ მოვახერხე თავის შეკავება, როცა მეგიმ დიასახლისივით ჩასჭიდა ბიბის ხელი და შინაურულად მიმართა:

- წამო, ჩვენს ქმრებს გაგაცნობ. სანამ ჩვენ ელოს რაღაც-რაღაცებს გამოვკითხავთ, შენ მათი გაცნობის დრო გექნება.

სანამ ბიბი მეგის გაჰყვებოდა, მოასწრო ჩემთვის ხელზე ხელი მოეჭირა და ისეთი ვნებით სავსე მზერა მესროლა, რომ გულმა ბაგაბუგი ატეხა.

- იმედია, არაფერი მემუქრება, - გაიხუმრა მან, სანამ გაგვეცლებოდა.

- ვნახოთ, ვნახოთ, - ეშმაკურად გაუცინა მეგიმ.

ლილი და კატო ეგრევე შემომიბრუნდნენ.

- ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს შენთან, - გოგონები აშკარად აღელვებული ჩანდნენ, -რაღაც-რაღაცების ახსნა მოგიწევს, ელენე!

კინაღამ გული გამისკდა. ალბათ შეგვატყვეს, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს და ეს ყველაფერი თამაშია. სიმხურვალემ სახეში ამასხა, მაგრამ ისეთი უმწიკვლო გამომეტყველება მივიღე, თითქოს ვერ მივხვდი, რას მერჩოდნენ. გონება მექანიკურად ამუშავდა, რომ თავდაცვისთვის მომზადებული ვყოფილიყავი. არაფრით არ უნდა გავმტყდარიყავი, თუ ბრალს სიყალბეში დამდებდნენ. შევძლებდი კი? ისინი ხომ აქამდე არასდროს მომიტყუებია?

წინ მწამებლური სამსჯავრო მელოდა…

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93