ჩემმა ხელოვნურმა უდანაშაულო მზერამ მეგიზე არ იმოქმედა. მან მაჯაში ჩამავლო თითები და ლამის ძალით წამათრია ქალების ტუალეტში, სუნამოს სურნელით რომ იყო გაჟღენთილი. ასე მეგონა, მთელი რესტორანი ჩვენ მოგვჩერებოდა, სირცხვილისგან ალმური წამეკიდა. კატო და ლილი უკვე იქ გველოდნენ. ან როდის მოასწრეს ჩვენზე ადრე შემოსვლა? გაოცებული დავრჩი. გოგონებს მოუთმენლობისგან სული ელეოდათ, მაშინვე გარს შემომეხვივნენ და შეკითხვები დამაყარეს.
- ელო, ღმერთო ჩემო, სად იპოვე ასეთი დაცემა კაცი? მაგარი ვიღაცაა!
- მაგარი კი არა, სიტყვები არ მყოფნის! თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი ლამაზია!
- გავგიჟდი, ისე მომეწონა! ჰე, მიდი ახლა, მოგვიყევი დროზე!
შვებით ამოვისუნთქე, ახლა უკვე მომეცა ძალა. სიხარულისგან სიცილი წამსკდა, ორივე ხელი მაღლა ავწიე და თავდაჯერებულმა მივმართე სამივეს:
- მაცალეთ ცოტა, სული მოვითქვა!
- ელენე სვანიძე! თუ ახლავე არ იტყვი, რა ხდება, უკიდურეს ზომებს მივმართავ, იცოდე! -ჩურჩულნარევი ხმით დაისისინა მეგიმ, წინ გადამიდგა და დოინჯი შემოიყარა.
ვიცოდი, როგორ საფრთხილო მდგომარეობაშიც ვიყავი. ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა, არც ისე ადვილი იყო მათი გაცურება. ამიტომ ისევ ავწიე ხელები და სამივეს სათითაოდ გადავხედე, ვითომ გნებდებით-მეთქი.
- კარგი, კარგი, ახლავე გეტყვით, ოღონდ ცოტა ამომასუნთქეთ, რამ გაგაგიჟათ? ისედაც გამაცალა სიქა ბიბიმ, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს.
- შენ გინდა თქვა, რომ…
- როგორ, უკვე?
- ერთი ამას უყურეთ, რა ეშმაკი ყოფილა!
- დაგუბებულ წყალში მეტი ბაქტერიებიაო…
ერთმანეთს არ აცლიდნენ წამოძახილებს.
გავიცინე და ფოიეში გამოვედი, თან უკან ვიხედებოდი, ვითომ ერთი სული მქონდა, ფეხდაფეხ გამომყოლოდნენ. მერე იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ჩემი ახალი ფეხსაცმელი «გავამარიაჟე». თვითონაც ვტკბებოდი მისი ცქერით. 9-სანტიმეტრიანი ქუსლი ყოველთვის თვალში საცემია, მით უფრო, თუ თავისუფლად დადიხარ ასეთ ქუსლებზე შემხტარი.
რამდენიმე საათის წინ, როცა ბიბის კარი გავუღე, მამაკაცი ადგილზე გაშეშდა, არ მოელოდა, ასეთ ფორმაში თუ მიხილავდა. მერე ხელი გამომიწოდა და მაიძულა, დავტრიალებულიყავი. მეც არ დავზარდი და ერთი პირუეტი გავაკეთე.
- უბადლოდ გამოიყურები! - დაიჩურჩულა მან დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით.
და იმ მომენტიდან ზუსტად ასეთი შეგრძნებით ვიყავი აღვსილი. ვინც კი შემომხედავდა, თითქოს ამ ფრაზას მიმეორებდა, რომელიც მხოლოდ ბიბის ხმით ჩამესმოდა ყურში «უბადლოდ გამოიყურები». რაღაცნაირი ჯადოს მოქმედებით გაქრა ჩემი მეხსიერებიდან იმ საღამოს საშინელი მოგონებები, როცა მან მიმაგდო, სიცივისა და დამცირებისგან აკანკალებული მარტო დამტოვა აივანზე და თავის ძმაკაცებს შეუერთდა, რომლებიც აშკარად დამცინოდნენ. ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი ასეთ თამამად, თუმცა კი რესტორნის ეტიკეტი ამას ისედაც მოითხოვდა. ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა თითქოს მაშიშვლებდა, ისე აშკარად გამოკვეთდა ჩემი სხეულის ყველა ნაწილს. გარდა ამისა, ღრმა დეკოლტე და გამომწვევი ჭრილი, რომელიც მარჯვენა ფეხს მთელ სიგრძეზე აჩენდა, კაცს კი არა, ქალს გააყრევინებდა თვალებიდან ნაპერწკლებს. ბიბის სახეზე აღბეჭდილი შეცბუნება და ჟინი ცოტა ყალბი რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ის ბატი გოგო, რომელსაც ბიბი წლების წინ იცნობდა, ყელმოღერებულ გედად გადაიქცა.
ჯერ კიდევ პირველად რომ შევხვდი მოსალაპარაკებლად, მაშინ შევნიშნე მის თვალებში აღფრთოვანება. მას კი არა, ჩემს თავსაც კი დავუმტკიცე, რომ შემეძლო სხვა ადამიანად გარდაქმნა, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა. ახალი იმიჯის შექმნას წლები მოვანდომე, და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გარდასახვა, შინაგანი ბუნებაც უნდა «გამესხლა», ახალი თვისებები უნდა დამემყნო ზედ და ჩემი პირვანდელი მე-სგან სრულიად ახალი, ჯიშიანი ქალი დამეყენებინა. ეს ყველაფერი მოვახერხე, თუმცა კი დიდი ძალისხმევის შედეგად. ერთი კია, თუ გარშემო მყოფებს შეეძლოთ ჩემი სილამაზით დამტკბარიყვნენ და ხარბი მზერა მიმოეტარებინათ ჩემს სხეულზე, შინაგან სამყაროში შეღწევა სასტიკად ეკრძალებოდათ, განსაკუთრებით, უცხო პირებს. ამ გზას ვერა სულიერი ვერ გაივლიდა, მით უფრო - მამაკაცები.
პუბლიკის წინაშე კონტაქტური ლინზებით ვჩნდებოდი, შეუდარებელი მაკიაჟით და ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი. ჩემი სამი საუკეთესო დაქალი ხშირად ხუმრობდა ამ საკითხზე, თუმცა სამივე მათგანი ზრუნავდა თავის გარეგნობაზე და ჩემზე არანაკლებ გამოპრანჭული დადიოდა.
ხშირად მიფიქრია, რას იტყოდნენ ჩემი მეგობრები, «ახალი» ელენეს მიღმა ნამდვილი რომ დაენახათ, სწორედ ისეთი, როგორიც ბიბის ვახსოვდი. ის ერთადერთი იყო ჩემს ნაცნობებს შორის, თუ ტეტეს არ ჩავთვლი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. ტეტე რას ფიქრობდა იმ წლებში ჩემზე, სულერთი იყო, ის ჩემი ძმა გახლდათ და მიყვარდა, ბიბი კი… ბიბი გატრიალდა და წავიდა. მაშინ იმდენად იმოქმედა ჩემზე მისმა საქციელმა, რომ სკოლა დავამთავრე თუ არა, ყველა კლასელთან გავწყვიტე კონტაქტი, ახლოს არ გავკარებივარ არც ერთს, რომ როგორმე წარსული დამევიწყებინა.
ისეთი აღტყინებული ვიყავი, გადავწყვიტე, ჩემი გოგოები გამეღიზიანებინა. ახლა უკვე თავი ქუდში მქონდა, ისინი ვერაფერს მიხვდნენ. ამიტომ სავარძლიდან წამოვხტი და სარკეს მივაშურე, რათა ტუჩებზე პომადა გადამესვა.
- დამშვიდდით, გოგოებო. ჩვენ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა და ჯერ მხოლოდ ვეჩვევით ერთმანეთს.
- ო-ო-ხხხ! - თითქმის ერთდროულად ამოიოხრა სამივემ.
სიცილი ვერ შევიკავე, მათ იმედგაცრუებულ სახეებს რომ შევხედე.
- არ გეწყინოთ, კარგი? როგორც კი ჩვენ შორის რამე მოხდება, აი, ისეთი, პიკანტური, გპირდებით, რომ მაშინვე მოგიყვებით.
ამწუთას სულაც არ ვეშმაკობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა… ან იქნებ მომხდარიყო კიდევაც? კონტრარგუმენტმა ჟრჟოლა მომგვარა.
- ისეთ ბიჭს, როგორიც ბიბია, დიდხანს ლოდინი არ მოუწევს! - შენიშნა მეგიმ, რომელიც ჩემს მიტოვებულ სავარძელში ჩაეშვა, - საშინლად მაგარი ვიღაცაა.
მომეჩვენა, რომ ჩემი დაქალის ხმის ნოტებში შური გაკრთა, ამიტომ ეკლიანი ფრაზისგან თავი ვერ შევიკავე:
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ის დაუვიწყარ ეფექტს მოახდენს თქვენზე, გოგოებო!
- კივილამდე მიიყვანს ადამიანს! - ემოცია ვერ მოთოკა კატომ.
- თუ მამაკაცურ სექსუალურობას შოკოლადის მიმზიდველობას შევადარებთ, როგორც ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, - ლილიმ საინტერესო თემას გვერდი ვერ აუარა, - მე პირადად ბიბის შვეიცარიული შოკოლადის უმაღლეს ხარისხს გავუტოლებდი.
«ბიბი შოკოლადი… მ-მ-მ…» - წამით მეც კი წარმოვიდგინე.
მოულოდნელად სამი წყვილი თვალი გაოცებული მომაჩერდა. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ უეცრად გავიაზრე - თურმე ხმამაღლა წარმომითქვამს ჩემი ნაფიქრი. მეგი ატკარცალდა.
- შენმა სახემ ყველაფერი შენ მაგივრად თქვა.
არა, ასე არ უნდა მოხდეს! მოლაპარაკების თანახმად, ჩვენი ურთიერთობა პლატონურს არ უნდა გასცდენოდა. მე ხომ არ ვარ ისეთი სულელი, რომ სერიოზულად აღვიქვა ბიბის მოხიბვლის ხელოვნების ჩვეულებრივი არსენალი და დავდნე, როცა ის ხელს მკიდებს, თითებზე მეფერება და ყოველი შესაძლებლობისთანავე მიხუტებს მკერდზე? ჩვენ ხომ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ასე არ არის?
ლილიმ და კატომ ჩაიხითხითეს და სარკესთან გადაინაცვლეს მაკიაჟის შესასწორებლად.
- თავი დაანებე. ვერ ხედავ, უკვე ყურებამდეა შეყვარებული და ერთი სული აქვს, მასთან მივიდეს? - თქვა ლილიმ.
- სულაც არ ვარ შეყვარებული, - ნირწამხდარმა წამოვიყვირე, თან ვცდილობდი, როგორმე დამეფარა გრძნობა, რომელიც აშკარად სიყვარულს გამოხატავდა.
ბიბი თავის სტიქიაში იყო. დიდებული მიღება, უგემრიელესი კერძები, საინტერესო ადამიანები, ჭკვიანური საუბრები და ულამაზესი ქალი გვერდით. მეტი რაღა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის?
დარბაზში მივბრუნდი. ბიბიმ თვალი მომკრა თუ არა, მზერა აღარ მოუშორებია ჩემთვის. მეც ამაყად თავაწეული, ბალერინას ნაბიჯებით მივიწევდი მისკენ. მის მზერაში აშკარად იკითხებოდა, რომ ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. თითქოს მეუბნებოდა, შენამდე ბევრი გოგო შემხვედრია, ბევრიც «გამისინჯავს», მაგრამ ასე ერთმანეთში შერწყმული შინაგანი ხიბლი, ბრწყინვალე გონება და თავბრუდამხვევი გარეგნობა არავის ჰქონია, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, უფრო ახლოს გაგიცნოო.
მივუახლოვდი თუ არა, მორცხვი ღიმილი შევაფრქვიე, რამაც გამაოგნებლად იმოქმედა მასზე. დავინახე, როგორ შეცბა, თითქოს თავბრუ დაეხვაო და იქვე მდგარი სკამის ზურგს ჩაეჭიდა. მისი თვალები დაჟინებით მიშტერებოდა ჩემს ტუჩებს. ადვილი მისახვედრი იყო, ამწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - მაგრად მივეკარი მკერდზე და კოცნით დაელბო ჩემი პომადიანი ბაგეები.
უკაცრავად, ბიბი… სხვა რომ არაფერი, ახლა არც დროა ამისი და არც ადგილი… თუმცა…
მე ხომ უნდა დავარწმუნო ყველა, რომ მიყვარს იგი და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ხომ შეყვარებული წყვილი ვართ. იმაზე უფრო დამაჯერებელი რა იქნება, ახლა რომ ვაკოცნინო?
- არც გაიფიქრო! ახლავე ამოიგდე თავიდან ეგ სულელური აზრი! - მკაცრად შევუძახე ჩემს თავს, თუმცა ჩემი თვალები სულ სხვა სურვილს ამჟღავნებდა და ამ რეალობას ვერსად გავექცეოდი.
- იქნებ ღირს კიდევაც, რომ ვცადო? - ვებრძოდი ჩემს გრძნობებს.
ბიბიმ სკამი გამოსწია და სანამ დავჯდებოდი, ოდნავ შემეხო მხარზე. ისე ამიტანა თრთოლამ, რომ მასაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი. ავხედე. გაკვირვება არ ეხატა სახეზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ამას ელოდა. როგორი თავდაჯერებულია! მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიხედვით, წმინდა საქმიანი ურთიერთობა უნდა შეგვერნარჩუნებინა, საკუთარ სხეულს ვერაფერს ვუხერხებდი, რომელსაც არ შეეძლო არავის მოტყუება და ალერსს მოითხოვდა.
- გოგოები დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან, - ხმადაბლა ვთქვი.
- ჩემგან?
- არა, ჩემი ახალი აიფონისგან, - გავიცინე, - რა შეკითხვაა?
- დიდი კმაყოფილებით გავაკეთებდი დღეს იმის დემონსტრირებას, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. მთავარია, შენ მიბრძანო და თითები გაატკაცუნო.
- ისედაც არ გამოგდის ცუდად, ნუ ცელქობ.
- უკეთესადაც შემიძლია, - მრავალმნიშვნელოვნად მიჩურჩულა და თითის წვერები ნაზად გადაატარა ჩემს შიშველ მკლავზე.
«ჯილდოდ» ჩემგან მსუბუქი ამოოხვრა მიიღო, თავი ვერ შევიკავე. დაზაფრულს სუნთქვა შემეკრა. უეცრად ხელი მაჯაზე მტაცა და ცერი შიდა მხარეზე დამადო, სადაც გულის ფეთქვა ისინჯება. ყურებამდე გავწითლდი, რადგან ვგრძნობდი, როგორი ბაგაბუგი გაჰქონდა ჩემს გულს, ეს კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ის ისევე მაღელვებდა, როგორც მე მას.
- მადლობა. უკვე საკმარისია.
ჩემმა ხმამ გამყიდა, მაგრამ განზე გაწევა მაინც არ მიფიქრია. სიახლოვისგან გათამამებულმა ბიბიმ, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი სუნამოს სურნელითაც გაბრუვდა, მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და მჭიდროდ მიმიკრა. ისარგებლა ჩემი სისუსტით.
გააგრძელეთ კითხვა