ნოველები

მთავარი როლი - თავი 21

მთავარი როლი - თავი 21
დასაწყისი
სამი დღის შემდეგ ისეთი ამბავი გავიგე, თავზარი დამეცა. მეგიმ დამირეკა და მოკითხვის შემდეგ თავზარდამცემი ინფორმაცია «მახარა».

- იცი, ბიბი კიევში რომ გაემგზავრა?

ცხელი ტაფა, რომელიც ხელში მეჭირა, ლამის გამივარდა. ტაფა კი დავიჭირე, მაგრამ ხაჭაპური უშნოდ დაეპერტყა მაგიდაზე და შუაზე გადასკდა.

- როდის წავიდა? - სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვთქვი.

- წუხელ. თენგოს კომპანიის სარეკლამო რგოლები იქ უნდა დაამზადონ.

- და რამდენი ხნით?

- თვის ბოლოს ჩამოვა. არ გილაპარაკია მასთან, ხომ?

- არა. - ყრუდ მივუგე და
მუხლებმოკვეთილი სკამზე ჩამოვჯექი.

- დებილი ხარ. ტყუილად გეჩიჩინეთ მაგდენი? როგორი გაუგონარი ხარ ხანდახან, რა. ფუჰ… არავის არ უსმენ. ასეთი კაცის ხელიდან გაშვება იქნება, გოგო? ძალიან გამაბრაზე, შენთან ლაპარაკიც არ მინდა! - გამთათხა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.

გონს ვერ მოვდიოდი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც მოვისმინე. ეს როგორ გააკეთა? ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა. არც კი გავახსენდი - დამტოვა დამსხვრეული გულით და სრულ სიმარტოვეში!

დეპრესია დამეწყო. არავის ნახვა არ მინდოდა, ვერც მუშაობას ვუდებდი გულს. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სამზარეულოში ტრიალიც არ მსიამოვნებდა. ადრე სტრესს სწორედ ეს მიხსნიდა, ახლა კი პირიქით, იქით გახედვაც არ მინდოდა.



ასე გავიდა ორი კვირა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბიბის სამსახურს მივადექი. იქ ვიღაც დათო გავიცანი, მისი თანამშრომელი, რომელმაც, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გულღიად მიმიღო და ბიბის სამუშაო კაბინეტში შემაცილა. ვიფიქრე, წერილს დავუტოვებ მაგიდაზე და რომ ჩამოვა, ნახავს-მეთქი. მინდოდა, ისეთი რამე დამეწერა, რაც აიძულებდა, ჩამოსვლისთანავე დაერეკა ჩემთვის. მაგიდა აკურატულად იყო მილაგებული. იქვე რამდენიმე ბლოკნოტი იდო. ორი მათგანი რაღაც შენიშვნებით აღმოჩნდა გაძეძგილი, მესამე - ცარიელი. სწორედ ეს ბლოკნოტი დავიდე წინ და კალამი მოვიმარჯვე. ჩემდა გასაოცრად, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო წერილის წერა და, საერთოდ, რა დამეწერა. რამდენიმე ფურცელი გავაფუჭე, ამოვხიე, დავკუჭე და ჩანთაში ჩავიდე, რომ იქ არ დამეტოვებინა.

ბოლოს, როგორც იქნა, მოვაბი თავი და დავიწყე: «ბიბი, გამარჯობა!» მართლა არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისთავად დალაგდა ფურცელზე. წერილის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვინანიებდი მასთან უხეშად საუბარს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ბოდიშს ვუხდიდი და მისგან ახსნა-განმარტებას მოვითხოვდი, რატომ მომექცა ასე. თუ სათანადოდ არ დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნას, «ვემუქრებოდი», რომ კარავს დავცემდი მისი ოფისის წინ და შიმშილობას გამოვაცხადებდი, სანამ პასუხს არ გამცემდა. მე კი მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, რასაც მასზე ვფიქრობდი. «ბოლოს ისე წამოხვედი ჩემგან, რომ არაფერი არ ამიხსენი. ამჯერად არ მოგცემ უფლებას, იგივე გაიმეორო. გელოდები».

წერილი ასე მთავრდებოდა.



ის იყო, ღუმელი გამოვაღე და შოკოლადის ნამცხვარი უნდა გამომეღო, რომ ტელეფონმა დარეკა. მეგონა, ჩემი გოგოები მირეკავდნენ, ამიტომ არ ვიჩქარე. ნამცხვარი ლანგარზე გადავიღე და მხოლოდ ამის შემდეგ ავიღე ყურმილი.

- ელ, გამარჯობა!

გული ისე შემიფრთხიალდა, თითქოს საგულიდან ამოფრინდაო. იმდენად იმოქმედა მისმა ზარმა, რომ მაგიდის კიდეს ჩავებღაუჭე, არ წავიქცე-მეთქი, სიხარულისგან მუხლები ამიკანკალდა.

- გაგიმარჯოს. როგორ ხარ?

- ამწუთას ჩამოვფრინდი, კიევში ვიყავი.

- ვიცი.

- შენი წერილი ვნახე და დაგირეკე.

- აკი ამწუთას ჩამოვფრინდიო?

- მინდოდა მეთქვა, ამწუთას შემოვედი კაბინეტში-მეთქი.

- გასაგებია.

- შენი ნახვა მინდა… - ყოყმანის მსგავსი პაუზა გააკეთა, სანამ გააგრძელებდა, - იმიტომ გირეკავ, რომ წინასწარ გაგაფრთხილო.

ხმაში აშკარად დაეტყო შეფარული ირონია, რამაც გამაცინა.

- ვხედავ, შეცდომებზე სწავლობ. მეც მინდა შენი ნახვა. თუ ძალიან არ ხარ დაღლილი, იქნებ შემომიარო? შოკოლადის «ტორწიკი» გამოვაცხვე. - «ტორწიკი» ხაზგასმით წარმოვთქვი.

- მაცდუნებელია.

- კიდევ ვაშლის «პეროგი» მაქვს, ქადები, კრუასანები და ათასი «წვრილეული». - გავიხუმრე.

- მაგარია! სიმართლე გითხრა, თვითმფრინავში არ მიჭამია, ამიტომ სიამოვნებით დაგეწვევი. თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.

ბევრი რამ მინდოდა მეთქვა. უნდა დამეწყო პატიების თხოვნით და «მე შენ მიყვარხარ»-ით დამემთავრებინა, მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ ეს ვუთხარი:

- მოუთმენლად გელი.

- უკვე მოვრბივარ! - სიხარულით სავსე ხმით შესძახა და გამითიშა.

ყურმილი მკერდზე მივიდე და ისე ჩავიხუტე, თითქოს მინდოდა, მისი სიტყვები პირდაპირ გულში ჩასულიყო და გავეთბე.

თხუთმეტი წუთი…

უამრავი დრო მქონდა, თავი მომეწესრიგებინა. საძინებელში შევვარდი და სარკის წინ დავჯექი. ჯერ თმა ჩამოვიშალე, რომ ფენით დამევარცხნა, მერე კი მაკიაჟისთვის მიმეხედა, მაგრამ უეცრად შევჩერდი. მე ხომ გადავწყვიტე, ბოლომდე მართალი ვყოფილიყავი და ბიბი არ მომეტყუებინა? განა დატონიკებული სახე, ფენით გასწორებული თმა და საგანგებოდ ჩაცმულ-დახურული ბუნებრივი ელენე ვიქნებოდი? მან ისეთი უნდა მიხილოს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩემი აღიარება ამჯერად ბევრად გულწრფელი იქნება, დადგა დრო, გამოვემშვიდობო ძველ შიშებს და სისუსტეებს.

ამას წინათ, როცა უდროო დროს წამომადგა თავზე და ფორმაში არ ვიყავი, ისე ავნერვიულდი, თავი ხელში ვერ ავიყვანე, რადგან მეგონა, ჩემ დანახვაზე მაშინვე გატრიალდებოდა და უკანმოუხედავად გაიქცეოდა, როგორც წლების წინ. მაგრამ ახლა ასე არ მოიქცა. ის მოდის, ესე იგი, ბრუნდება. შესაძლოა, იმიტომ მოდის, რომ მითხრას, გიჟი ხარო. მერე რა? მითხრას, მშვიდად მოვუსმენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის შანსი ჩემთვის და იგი ხელიდან არ უნდა გავუშვა.

უკანასკნელად გავხედე ჩემი კოსმეტიკის «ყულაბას», მოდური ტანსაცმლით სავსე კარადას და დემონსტრაციულად გამოვედი ოთახიდან. კვლავ სამზარეულოს მივაშურე და სუფრის გაშლას შევუდექი. ისე ვღელავდი, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. მეშინოდა, ჩემ დანახვაზე სახე არ შეცვლოდა და უკან გაბრუნება არ მოესურვებინა.

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93