არ ვიცი, ვისთვის როგორ, მაგრამ რიცხვი 13 მთელი ჩემი შეგნებული თუ შეუგნებელი ცხოვრების თანამდევი გახდა. ფატალური როლი ითამაშა თუ საკრალური, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა თუ უბრალო დამთხვევა ამ რიცხვთან იყო და არის დაკავშირებული.
დავიწყოთ თავიდან: მე, ნისა ქართველიშვილი დავიბადე 1993 წლის 13 იანვარს, დღის 13 საათზე, ვიწონიდი 3 კილოგრამსა და 100 გრამს, სიგრძით კი 53 სანტიმეტრი ვყოფილვარ.
მოდი, ჯერ ეს მონაცემები გავაანალიზოთ: ჯერ ის, რომ გვარი ქართველიშვილი 13 ასოსგან შედგება. მეორე _ ჩემი სახელის საწყისი ასო ნ ანბანში რიგით მეცამეტეა. 1993 წელს რომ წარმოთქვამ, ხომ აშკარად ხვდება ყურს `ოთხმოცდას~ შემდეგ ცამეტი? 3 კილო და 100 გრამი ციფრებით რომ გამოხატო, 13-ის შებრუნებულ ვერსიას, 3-იანსა და 1-იანს მივიღებთ, ხოლო 53-ის წარმოთქმისას, როგორც 1993-ისას, ცამეტი აქაც გამოკვეთილია.
რაც შეეხება იანვარს, მართალია, იგი რიგითობით წელიწადის პირველი თვეა და დეკემბერი მეთორმეტე, მაგრამ თვლა რომ გავაგრძელოთ და თვლას მეცამეტე თვე მივუმატოთ, იანვარი იქნება. ასე რომ, იანვარი ჩემთვის პირველი თვეც არის და მეცამეტეც. შეიძლება თქვენ სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ასე მიმაჩნია და მომკალით, თუ გინდათ.
გავაგრძელოთ. რაც შეეხება ჩემს სახელს, ნისას. ცოტა უცნაური სახელია ქართველი ბავშვისთვის, არა? გეთანხმებით, მაგრამ საქართველოშიც ჰქვიათ ბავშვებს ეს სახელი. იგი არაბული წარმოშობისაა და ქართულად ითარგმნება როგორც `ქალი~, თუმცა ამას რიცხვ 13-თან არანაირი კავშირი არა აქვს.
სხვა რა როლი ითამაშა 13-მა ჩემს ცხოვრებაში? ჩამოთვლა შორს წამიყვანს. გარდა იმისა, რომ სკოლაში 13 ნომერი ავტობუსით დავდიოდი, 13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ასევე, 13 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა ბიჭი, თუმცა ამის შესახებ არავის არასდროს არაფერი გაუგია, რადგან უფროსკლასელი იყო და მე ზედაც არ მიყურებდა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ, ალბათ 13 დღე გაგრძელდა ჩემი ცალმხრივი სიყვარული, მერე კი გადამიარა.
თავიდან არც ვაქცევდი ყურადღებას 13 რიცხვს, მაგრამ მერე და მერე, ცოტა ჭკუაში რომ ჩავვარდი, იმდენჯერ შემეჩხირა თვალში, რომ დავფიქრდი. 13-მა თითქოს თავის ხაფანგში მომამწყვდია და გაქცევის ყოველგვარი საშუალება მომისპო. სკოლის ჟურნალის სიაშიც კი მე-13 ნომრად ჩემი გვარი ეწერა. ესეც დამთხვევა იყო? არ ვიცი. ყველა სიკეთესთან ერთად, მე, დედა და მამა ვცხოვრობდით თექვსმეტსართულიანი კორპუსის მე-13 სართულზე.
კოვიდი რომ კოვიდია, რომელიც ერთი წელია, ასე ძალიან შემოგვეჩვია, ჩემს ცხოვრებაში 13 რიცხვს დაუკავშირდა, რადგან სწორედ 13 ოქტომბერს გამომივლინდა, თან კოვიდიანთან კონტაქტიდან მე-13 დღეს და როცა საავადმყოფოში გადამიყვანეს, მე-13 პალატაში ამოვყავი თავი, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ჯერ სხვა ამბები უნდა გიამბოთ.
აბა, რა გითხრათ. ჩემი დაბადების წლები მე არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემისგან ვიცი, როგორ უჭირდათ იმ პერიოდში. ომი და უბედურება, პროდუქტები ტალონებზე, უშუქობა, უგაზობა და ათასი გაჭირვება გამოუვლიათ. საჭმელს კერასინზე ამზადებდნენ და ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ ნავთის ფული არ ჰქონდათ და ცარიელ პურზე გადადიოდნენ. იმ პერიოდში თურმე ბავშვის ტანსაცმელიც არსად იშოვებოდა და ხან ვისი გამონაცვალი მეცვა და ხან ვისი.
აი, ასე წვალებით გამზარდეს.
დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ კარგა ხანს იარა ქვრივის სტატუსით, მაგრამ ექვსი წლის თავზე ხელმეორედ დაქორწინდა და ოჯახში დედინაცვალი `შეგვეძინა~. ამ დროს მე უკვე 19 წლის ვიყავი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტი და საკმაოდ წარმატებულიც.
ასე რომ, ჩემი ცხოვრების ამბის მოყოლას ამ დროიდან დავიწყებ.
ვსწავლობდი წარჩინებით, ამიტომ სწავლის საფასურს არ ვიხდიდი. პარალელურად ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, პირდაპირ ბანკირად არავინ დამსვამდა, ამიტომ არც მიცდია ამ ეტაპზე ბანკში ფეხის მოკიდება. ჯერ სათამაშოების მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, მერე ფეხსაცმლის მაღაზიაში გადავედი, სადაც უკვე არა გამყიდველი, არამედ კონსულტანტი მერქვა. იქიდან კი ყვავილების სალონში გადავინაცვლე მენეჯერის პოზიციაზე.
ამასობაში უნივერსიტეტი დავამთავრე და დადგა დრო, ბანკში სივი გამეგზავნა. მალევე დამიბარეს გასაუბრებაზე, რომელიც წარმატებით გავიარე და სტაჟირებაზეც ამიყვანეს. ექვსი თვე სტაჟიორად ვიმუშავე, ფეხები არ მივარგოდა მთელი დღე აპარატთან დგომით და კლიენტების მომსახურებით. მიუხედავად ამისა, აქაც გამოვიჩინე თავი და გამივიდა თუ არა სტაჟირების დრო, ოპერატორად გადამიყვანეს.
მამა ხედავდა, რომ დედინაცვალი და მე დიდად ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს, ამიტომ დედაჩემის სამოთახიანი ბინა, რომელიც ვაკეში მდებარეობდა, გაყიდა. იმ ფულის ნაწილით მე ერთოთახიანი ბინა მიყიდა საბურთალოზე, დანარჩენი თანხა კი არ ვიცი, სად წავიდა, მე თვალით არ მინახავს. მითხრა, ვალები მქონდა და გავისტუმრეო. თუმცა მოგვიანებით ყველაფერი ნათელი გახდა, როცა მამამ ბინაში რემონტი წამოიწყო, მერე ახალი ავეჯი შეიძინა და თავის ახალ ცოლს ახალი მანქანა უყიდა.
რა თქმა უნდა, გული დამწყდა და ბევრიც ვიტირე, მაგრამ რას გავაწყობდი? სრულიად უძლური ვიყავი. მამა ისე ჰყავდა ჩაჭერილი ჩემს დედინაცვალს ხელში, გასაქანს არ აძლევდა. სულ იმას უჩიჩინებდა, ზრდასრული გოგოა, შენ რაც შეგეძლო, ყველაფერი გაუკეთე, აწი თვითონ მიხედოს თავის თავსო. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ მამის სანახავად მისვლა ნატოს ნებართვის გარეშე არ შემეძლო.
ამასაც შევეგუე. სადაც დედაჩემის სიკვდილს შევეგუე, მამის კვირაობით უნახაობა რა მოსატანი იყო? ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან მომენატრებოდა, დავურეკავდი და ეგ იქნებოდა.
დროთა განმავლობაში იკლო როგორც მამის მონახულების, ისე დარეკვის სიხშირემაც. ხანდახან ორი-სამი თვე ისე გავიდოდა, ერთმანეთს არ ვეხმიანებოდით.
თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მარტო ცხოვრება სულაც არ მიჭირდა. პირიქით, საოცარ კომფორტს ვგრძნობდი, როცა სამსახურიდან დაბრუნებული ჩემს პატარა, მყუდრო ბინას მივაშურებდი. ჩემი ბინა მე-6 სართულზე მდებარეობდა და იცით, რა ნომერი იყო? 13. ნუ გეცინებათ, მართლა ასე იყო.
ხანდახან სევდა ისე შემომაწვებოდა, ავტირდებოდი და ჩემს უბედობას თუ უიღბლობას სწორედ 13-ს ვაბრალებდი. ამ რიცხვმა დამთარსა და იმიტომაც არ მიმართლებს-მეთქი, მოვთქვამდი ჩემთვის. თუმცა უბედური სულაც არ ვიყავი. მართალია, მაღალი ხელფასი არ მქონდა და ფუფუნებით არ ვცხოვრობდი, მაგრამ კარგი ის იყო, რომ მამას არ შევყურებდი ხელებში და ჩემი დედინაცვლის გამჭოლ მზერას არ ვეფეთებოდი. არც მაცივრის კარის გამოღების და საჭმლის ჭამის მერიდებოდა.
გარეგნობით ბავშვობიდანვე თოჯინასავით გოგო ვიყავი, მრგვალი სახით, გაბუსხული ტუჩებით და ლამაზი, ნუშის მოყვანილობის თვალებით. ამიტომ თაყვანისმცემლები არ მაკლდა.
ბევრი გოგო ვიცი, რომელსაც თავში უვარდება, როცა ხედავს, რომ ბევრ ბიჭს მოსწონს. მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ. პირიქით, რაც დედა გარდამეცვალა და მამამაც, ფაქტობრივად, ზურგი შემაქცია, უფრო ფრთხილი გავხდი. ვცდილობდი, თითოეული ნაბიჯი სწორად გადამედგა და შეცდომა არ დამეშვა. ამის უფლება არ მქონდა, რადგან ჩემი შეცდომის გამოსწორებაში დამხმარე აღარავინ დამრჩა. დედა სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა. მამაც ისეთ დროს წამართვეს, როცა ფეხზე მყარად დადგომას ვსწავლობდი. ამიტომ ფრთხილად უნდა მევლო, რომ ჩემთვის ზურგიდან ხელი არავის ეკრა და ცხვირ-პირი არ დამემტვრია.
მეგობრობითაც არ ვმეგობრობდი ბევრთან. გოგოებთან ურთიერთობასაც კი გავურბოდი. სულ ორი ახლო მეგობარი მყავდა, ნათია, ჩემი ჯგუფელი და სალომე, ჩემი თანამშრომელი. მერე ნათია გათხოვდა და სულ უფრო იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს, თუმცა ქორწილში მისი მეჯვარეც ვიყავი და ბავშვიც მოვუნათლე.
ექვსი წლის წინ ჩვენთან, ბანკში, ერთმა ბიჭმა დაიწყო მუშაობა, დემნა ერქვა. კარგი ბიჭი იყო, სიმპათიური და წყნარი. დაჟინებით ყურება უყვარდა. მოგაპყრობდა თავის ლამაზ თვალებს და რამდენიმე წუთი არ გაშორებდა.
პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მოვეწონე. ყოველთვის გამოძებნიდა რაღაც მიზეზს, რომ მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. მეც მომეწონა, არ იყო ცუდი ბიჭი. ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. ჩემგან განსხვავებით, მას დალაგებული ოჯახი ჰქონდა, დედაც ჰყავდა და მამაც. ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა, მაგრამ გარკვეული სიმპათია გამიჩნდა. თუმცა ისიც შევატყვე, რომ დემნა სალომესაც მოსწონდა. რა თქმა უნდა, მას ამაზე ჩემთან სიტყვა არ დასცდენია, რადგან ხედავდა, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონდა და სამსახურის მერე ერთად გავდიოდით ოფისიდან, მაგრამ მე ვინ რას გამომაპარებდა? როცა სალომემ საღამოობით ჩემთან გამოვლას მოუხშირა, დავასკვენი, რომ ამით მამოწმებდა _ მომყავდა თუ არა დემნა ჩემთან ბინაში, ანუ რამდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა. მე კი გულში წამითაც არ გამივლია, დემნასთან `ბოიფრენდული~ რომანი გამება. შეიძლება იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობას სიყვარულს ჯერ ვერ დავარქმევდი.
გათხოვება და უღელში თავის გაყოფა კი სულაც არ მეჩქარებოდა. ჩემთვის პირველ ადგილზე მაინც კარიერა იდგა. მინდოდა, რაც შეიძლება მალე დავწინაურებულიყავი და მეც დემნასავით ექსპერტი გავმხდარიყავი. მის პოზიციამდე ბევრი მაკლდა, მაგრამ მცირე სესხებზე გადასვლა შემეძლო. ჩვენი მენეჯერი, გვანცა მპირდებოდა, როგორც კი ჯგუფი შეიქმნება, პირველს შენ გადაგიყვანო. მეც მოუთმენლად ველოდებოდი ჯგუფის შექმნას.
არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, სრულიად მოულოდნელი რამ რომ არ მომხდარიყო. ისეთი რამ, რამაც ჩემი მომავალი თავდაყირა დააყენა. ახლა 2021 წელია, 13 იანვარს 28 წლის გავხდი და 29-ში შევდგი ფეხი. იმ დღეს კი, როცა დალუქული წერილი მივიღე, ანუ 2013 წელს, ზუსტად 20 წლის ვიყავი. კონვერტზე ერთ-ერთ საადვოკატო ოფისის მისამართი ეწერა. ადვოკატი გამყრელიძე ანდერძის გასაცნობად მიბარებდა.
გაოგნებული დავყურებდი წერილს. რა ანდერძი, რის ანდერძი! ვერაფერი გავიგე. მთელი ღამე ვიწრიალე ლოგინში, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი-მეთქი.
მეორე დილით, სამსახურში მისვლისთანავე გვანცასთან შევედი, ავუხსენი საქმის ვითარება და ორი საათით დავეთხოვე.
ადვოკატმა გამყრელიძემ ერთობ თბილად მიმიღო. მან პირადობა მომთხოვა, დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი, მერე კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
_ მესმის თქვენი, ქალბატონო ნისა. ალბათ მოულოდნელი იყო, როცა გაიგეთ, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა თავის ანდერძში მოგიხსენიათ, არა? _ შემომღიმა და თითები ერთმანეთში ჩახლართა.
_ თქვენ კი გესმით, ბატონო ვაჟა, მაგრამ მე არ მესმის. რა ანდერძზეა საუბარი? _ დაბნეულმა მხრები ავიჩეჩე.
_ ერთმა ჩემმა კლიენტმა, მოქალაქე ვახტანგ ჩიჩუამ, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, თქვენს სახელზე ფულადი თანხა დატოვა.
_ რა? _ გაოცებული წინ გადავიხარე, _ ეს… ეს რა, საპირველაპრილო ხუმრობაა?
_ არა, არა, _ გულიანად გაიცინა ვაჟამ, _ ეს არც ხუმრობაა და არც მასხრობა. ეს სიმართლეა. თუ გარკვეულ პპირობებზე დათანხმდებით, თქვენ მილიონი დოლარის მფლობელი გახდებით. და კიდევ ნუცუბიძის მეორე პლატოზე მდებარე კერძო სახლის.
იმდენად გამაოგნებელი იყო მისი ნათქვამი, რომ ყბა ჩამომივარდა.
_ რამდენის? _ ვერ ვიჯერებდი.
_ მილიონი დოლარის.
როგორც ფინანსისტმა, გონებაში მსწრაფლ გადავითვალე, ამ მილიონიდან სახელმწიფო რამდენს წაიღებდა და მე რამდენი დამრჩებოდა, მაგრამ იმდენად ძნელი დასაჯერებელი იყო ეს ამბავი, რომ ხმას ვერ ვიღებდი.
_ თქვენ თვითონ გაეცნობით ანდერძს თუ მე გითხრათ, რა წერია მასში?
_ თქვენ მითხარით, _ მისუსტებული ხმით მივუგე, რადგან ანერვიულებულს თვალზე ბინდი გადამეკრა და ახლა არაფრის წაკითხვის თავი არ მქონდა.
_ მოკლედ, ბატონ ვახტან ჩიჩუას სახელზე მისი გარდაცვალების შემდეგ ირიცხება სამი მილიონი დოლარი. ამ თანხის ერთი მესამედის მესაკუთრე თქვენ შეგიძლიათ გახდეთ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მის ვაჟს ცოლად გაჰყვებით, ანუ მისი რძალი გახდებით.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაც მწარედ მაშაყირებდა.
_ რა სისულელეა, _ ჩავიცინე, _ არც ვახტანგ ჩიჩუა გამიგია არასდროს, არც მის შვილზე მსმენია არაფერი. ვინმეში ხომ არ გეშლებით, ბატონო ვაჟა? იქნებ სხვა ნისა ქართველიშვილზეა საუბარი?
_ როგორ გეკადრებათ! ასეთი შეცდომის უფლება ადვოკატებს არ გვაქვს! აგერაა, ბატონო, ანდერძი, შეგიძლიათ თავად გაეცნოთ.
_ თუ შეიძლება, _ ღრმა ამოსუნთქვით ვთქვი და ხელი მისკენ გავიწოდე.
გამყრელიძემ ერთმანეთზე სტეპლერით დაკრული თაბახის რამდენიმე ფურცელი ხელში დამაკავა.
ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი. რასაც ადვოკატი მეუბნებოდა, ყველაფერი მართალი იყო. მე შემეძლო მილიონი დოლარის მფლობელი გავმხდარიყავი. შესაბამისად, მილიონერი ქალი. ამასთან, საკუთარი სახლიც მექნებოდა 200 კვადრატული მიწის ნაკვეთით. თითოეულ წინადადებას ორ-ორჯერ ვკითხულობდი, რომ გონებამდე ხეირიანად დასულიყო. ნუთუ ასეთი რამეებიც ხდება? არაფრისმქონე გოგოდან უცებ მილიონერი უნდა გავმხდარიყავი? რა დამსახურებით? რატომ?
_ უკაცრავად, შეიძლება ერთი რამ გკითხოთ? _ ანდერძი უკან დავუბრუნე ვაჟას და შეკითხვის დასასმელად მოვემზადე.
_ რამდენიც გაგიხარდებათ, იმდენი მკითხეთ. ჩემი მოვალეობაა, ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ.
_ რატომ მაინცდამაინც მე? სულ არ ვიცნობ ამ ადამიანს, პირველად მესმის მისი სახელი და გვარი. რა პრინციპით შემარჩია? თვალები დახუჭა და ლოტოტრონიდან ჩემი გვარ-სახელი ამოიღო თუ რა?
გამყრელიძეს ისევ სიცილი აუტყდა.
_ არა, არა, ქალბატონო ნისა. ლოტოტრონი აქ არაფერ შუაშია. საქმე ისაა, რომ ბატონ ვახტანგს წლების განმავლობაში დედათქვენი უყვარდა, მაგრამ ქალბატონმა მზევინარ კავსაძემ, ანუ დედათქვენმა მისი სიყვარული არ გაიზიარა. უფრო სწორად, მან უარი თქვა ოჯახის დანგრევაზე, მიუხედავად იმისა, რომ მასაც უყვარდა ბატონი ვახტანგი.
_ დედაჩემს? როგორ, დედაჩემს სხვა კაცი უყვარდა? _ თავზარი დამცა ამ ამბავმა.
_ დიახ, დიახ. ასე იყო, ჩემო ბატონო. მათ ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, პირველ რიგში, საქმიანი, ეს საბავშვო პროექტებს ეხებოდა. დედათქვენი ხომ პედაგოგი იყო. ვახტანგ ჩიჩუა კი ბიზნესმენი გახლდათ და პერიოდულად საქველმოქმედო საქმეებში აბანდებდა ფულს. ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი საბავშვო პროექტის განხილვისას გაიცნეს ერთმანეთი. დეტალები არ ვიცი, რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ამაზე ანდერძში არაფერია ნათქვამი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა და ვახტანგმა დედათქვენს შესთავაზა, მე ცოლს გავეყრები, შენც დაშორდი ქმარს და ოჯახი შევქმნათო, ქალბატონმა მზევინარმა უარი უთხრა _ ვერც ჩემს ქმარ-შვილს გავაუბედურებ და ვერც თქვენს ცოლ-შვილსო. თუმცა ბატონი ჩიჩუას სიყვარული ერთობ ძლიერი გამოდგა და გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა. მისი შინაარსი თქვენ უკვე იცით. ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დათანხმდებით თუ არა ამ პირობას. მილიონი დოლარი ციდან არ ცვივა, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. _ დამმოძღვრა გამყრელიძემ.
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვის უნდა გავყოლოდი ცოლად, ან რატომ იყო აუცილებელი, მაინცდამაინც მისი რძალი მე გავმხდარიყავი, ვერ ვხვდებოდი. ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვერავინ გამცემდა, რადგან არც დედა იყო ცოცხალი და აღარც ჩიჩუა.
გაგრძელება იქნება