აი, აქ კი გამოცოცხლდა ქალბატონი ქეთევანი, ფანჯარასთან მიყუდებული ძეგლივით რომ იდგა და აქაქანდა:
- მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად მიდის. ახლავე დავრეკავ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
როცა შვილისგან თანხმობა თავის დაქნევით მიიღო, სწრაფად გავიდა ოთახიდან და ჩვენ მარტონი დავრჩით.
მე კითხვით სავსე მზერა შევავლე, რა ხდება-მეთქი. იმანაც არ დააყოვნა, მაშინვე მიმიხვდა და მომიგო:
- ხელს აქვე მოვაწერთ, ახლავე. ქორწილი არ იქნება, არც სუფრა ვიწრო წრეში. ამის არც თავი მაქვს და არც ნერვები. პრეტენზია ხომ არ გექნება?
ცოტა არ იყოს, დავიბენი. არა იმიტომ, რომ ჩვენ შეუღლებას აღნიშვნა არ ეწერა. უბრალოდ, აქვე და ახლავეს არ მოველოდი.
- ჰოც და არაც, - დამაბნეველი პასუხი გავეცი.
- ეგ როგორ გავიგო?
- სუფრა და ქორწილი რომ არ იქნება, ეს არ მადარდებს, ჩემთვის სულერთია, მაგრამ დღეს მე მხოლოდ შენ გასაცნობად მოვედი აქ. ასე უცებ თუ უნდა მოგვეწერა ხელი, არ მიფიქრია.
- რაღას უნდა ველოდოთ? ხომ თქვი, არ გადავიფიქრებო?
პასუხი ვერ გავეცი, ამიტომ მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ავილეწე. სულ რამდენიმე წუთი და უკვე გათხოვილი ქალი დამერქმეოდა. ამის გაფიქრებაზე შემახურა, თურმე ამისთვის სულაც არ ვყოფილვარ მზად.
და შემეშინდა.
- კიდევ ერთი რამის დაზუსტება მინდა, - წამოვიწყე, - ჩვენი შეუღლება საიდუმლოდ უნდა დარჩეს?
- გაინტერესებს, შენს ნაცნობ-მეგობრებს გააგებინო თუ არა შენი გათხოვების ამბავი?
- ჰო, ეგ მაინტერესებს.
- რა თქმა უნდა, აბა, სხვანაირად როგორ ახსნი, რომ ჩემთან ცხოვრობ? უბრალოდ, არ აღვნიშნავთ და მორჩა.
- გასაგებია.
- ნისა, ეს არაბული სახელი ვინ შეგარქვა? - მოულოდნელად მკითხა.
ისე დავიბენი, კარგა ხანს სიტყვა ვერ დავძარი. საიდან იცოდა ჩემი სახელის წარმოშობის შესახებ? ნუთუ ასეთი განათლებულია? თუ წინასწარ მოიძია ინფორმაცია?
მის კითხვას მეც კითხვა დავახვედრე:
- საიდან იცი, რომ ნისა არაბული სახელია?
- მე აღმოსავლეთმცოდნეობა მაქვს დამთავრებული, არაბული ენის სპეციალისტი ვარ, -მითხრა და კიდევ ერთხელ გამაოგნა, - და ისიც ვიცი, რას ნიშნავს შენი სახელი.
- ქალს, - ვთქვი მე და თქვა იმანაც - ორივემ ერთდროულად წარმოვთქვით და ამაზე ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.
სიცილმა სრულიად შეუცვალა სახე და სიმკაცრის ნიღაბიც ჩამოეხსნა. ახლა ჩემ წინ ნამდვილი გიორგი იჯდა.
ამ სიცილმა თითქოს რაღაცნაირად დაგვაახლოვა, თითქოს სულაც არ იყო ჩემთვის უცხო, თითქოს კარგა ხანია, ვიცნობდი. თუმცა შემდეგმა შეკითხვამ კვლავ მომცელა.
- რამდენ კაცთან ხარ ნამყოფი?
ისე შევკრთი, სახეზე მაშინვე შემეტყო. სწორედ ამ დროს დედამისიც შემოვიდა და ამან მიშველა.
- ლუიზა ნახევარ საათში აქ იქნება, - თქვა მან და კვლავ თავისი შვილის უკან დადგა, კვლავ ფანჯარასთან მიყუდებული ძეგლივით გაშეშდა.
- მშვენიერია, - წარმოთქვა გიორგიმ და მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილი ასწია.
ქეთევანმა მის ხელს თავისი თითები შეაგება და დედამ შვილს სოლიდარობა ასე გამოუცხადა, ან პირიქით - შვილმა დედას.
- ნისა, მე პასუხს ველოდები, - ტონი კვლავ გაიმკაცრა გიორგიმ და მშობელს ხელის ზურგზე ნაზად აკოცა.
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მსურს! - უხეშად მივუგე, - ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შეყვარებული არ მყავს, არც საქმრო მყოლია, თორემ ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამდი.
- მაინტრიგებ? - კბილებში გამოსცრა.
- არა, ინტრიგა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ეს შეკითხვა უადგილოდ მეჩვენება. თუ ეს საკითხი გაღელვებდა, მანამ უნდა მცოდნოდა, ვიდრე რამეს ხელს მოვაწერდი, - თამამად შევუტიე.
- კარგი, კარგი, გასაბრაზებლად არ მიკითხავს. - დათმო გიორგიმ, - მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, დარწმუნებული ხარ, რომ ჩემ შეყვარებას შეძლებ? თუ ოღონდ მილიონი ჩაიდო ჯიბეში და ქმარზე შეყვარებულის როლს წარბშეუხრელად ითამაშებ?
- წარბშეუხრელად მხოლოდ ერთს გეტყვი - ამას ცხოვრება გვიჩვენებს, როგორი ქმარიც იქნები, ცოლიც ისეთი გეყოლება. დაიმსახურებ სიყვარულს? მიიღებ, არ დაიმსახურებ? მაშინ მხოლოდ მოვალეობას შევასრულებ ცოლისას.
- გიორგი, შვილო, - ქეთევანი შეაშფოთა ჩვენმა დიალოგმა, - სუფრა ხომ არ გავშალო? ნისა მე სადილად დავპატიჟე და…
- არ არის საჭირო, ქეთო! ცოტა მოგვიანებით, მაცალე ერთი წუთით! - ხმას აუმაღლა ჩემმა საქმრომ, - და, საერთოდ, თუ მარტო დაგვტოვებ, კარგი იქნება, ნისასთან ცალკე მინდა დალაპარაკება.
ქეთევანს პასუხი არ გაუცია, ისე გაიძურწა ოთახიდან.
- ეს დაკითხვა არასდროს დამთავრდება? - ნაწყენი ხმით შევეკითხე.
- ეს დაკითხვა სულაც არ არის. განა არა მაქვს უფლება, ვიცოდე, ვის ვირთავ ცოლად? -დამცინავად შემომეპასუხა.
- ამის უფლება სწორედ რომ გაქვს, მაგრამ სხვა რამ მაკვირვებს და ვერ გამიგია. დავუშვათ…ცუდი ქალი ვარ, სულ ცოტა, ცხრა კაცთან ვწოლილვარ და ახლაც ვხვდები ვინმეს. ეს რამეს შეცვლიდა?
დაფიქრდა და ეს დაფიქრება კარგა ხანს გაგრძელდა. მერე ყურზე მოისვა ხელი და თქვა:
- იცი? ალბათ, შეცვლიდა. ალბათ კი არა, შეცვლიდა. არ დაგიმალავ და მეც მაქვს სურვილი, ცოლი მიყვარდეს და მასაც ვუყვარდე. თუმცა ამის იმედი მაინცდამაინც არ მაქვს. როგორ შეიძლება შევუყვარდე ქალს, რომელიც ფულის გამო ასეთ რამეზე წავა? ეს ერთი. მეორე და მთავარი: შვილი რომ გვეყოლება, ვიღაცამ სულაც არ მინდა წამოაძახოს, შენი თახსირი დედაც ვატირეო.
- ასეთ რამეს შენს შვილს ვერავინ წამოაძახებს. ეს ერთადერთი რამაა, რაზეც პასუხს ვაგებ და შეგიძლია მენდო.
- და რაში შეიძლება არ გენდო? - კუთხეში მიმიმწყვდია.
- თუნდაც იმაში, რომ არ ვიცი, შემიყვარდები თუ არა. მე ვეცდები, კარგი ცოლობა გაგიწიო, მაგრამ ამის პირობას ვერ მოგცემ, რადგან შენი მხრიდან საპასუხო ნაბიჯი თუ არ გადაიდგმება, ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა მოხდება. ის, რომ ფულის გამო მოვიქეცი ასე, ფაქტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გარიგებითაც ბევრი ოჯახი შექმნილა და იმაზე მტკიცე ყოფილა, ვიდრე სიყვარულით შექმნილი. ამიტომ ის, რომ ჩვენ დღემდე ერთმანეთს არ ვიცნობდით, დასაძრახი სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, მივცეთ ერთმანეთს დრო, უფრო ახლოს გავიცნოთ, იქნებ საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდეს, ან საერთო იდეები, ან საერთო…
ამ დროს ზარის ხმა გაისმა. ვიღაც მოვიდა. ეს ვიღაც ვინმე ლუიზა აღმოჩნდა, რომელსაც საქორწინო რიტუალი უნდა ჩაეტარებინა.
გაგრძელება იქნება