ერთი სიტყვით, ხელი იმ დღესვე მოვაწერეთ, იმ ოთახში, ლუიზასა და ქეთევანის თანდასწრებით, ყოველგვარი მეჯვარეების, თაიგულებისა და მენდელსონის მარშის გარეშე. მერე ჩემმა ახლა უკვე დედამთილმა ქეთომ სუფრა გაშალა და მე და ლუიზა მიგვიწვია, მაგრამ ლუიზა არ დარჩა, მეჩქარება, უნდა გავიქცეო, მე კი ისე ვიყავი გაბრუებული ამ ყველაფრით, არც ჭამის თავი მქონდა და არც დედამთილთან ჭორაობის, რომელსაც ენა არ გაუჩერებია. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა წასასვლელად გავემზადე და ავდექი, გიორგიმ ხელის აწევით გამაჩერა:
_ არსადაც არ წახვალ, ნისა. შენ უკვე ამ ოჯახის წევრი ხარ და აქ უნდა დარჩე.
_ რას ამბობ! _ შევიცხადე, _ გამორიცხულია! თუ ასე აპირებდით, წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინეთ. რას ჰქვია, ვერ წავალ! ხვალ სამსახურში უნდა გავიდე, თავს მივხედო, ტანსაცმელი მინდა.
_ სამსახურში? მილიონერი გახდი და მუშაობას მაინც აპირებ? რა თავში იხლი სამსახურს? _ გაიკვირვა გიორგიმ.
_ ამის გამო მუშაობას თავს არ დავანებებ, _ ხმა გავიმკაცრე, _ ჯერ ერთი, მილიონის განკარგვის უფლება ასე უცებ არ მაქვს. მთელი ეტაპებია გასავლელი, სანამ ის ფული ჩემამდე მოვა. მერე კიდევ ის, რომ მილიონი დღეს შეიძლება გქონდეს და ხვალ ცარიელ-ტარიელი დარჩე. კარიერულ წინსვლაზე უარი რატომ უნდა ვთქვა? მე რა ვიცი, ხვალ რა მელოდება!
_ პრაქტიკული ქალის სიტყვა, _ მედიდურად ჩაიცინა გიორგიმ, _ კი ბატონო, მე რა უფლება მაქვს, მუშაობა აგიკრძალო, ეს შენი გადასაწყვეტია.
ამიკრძალავ და კარგ ჩიტსაც დაიჭერ-მეთქი, გავიფიქრე და სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ჩანთას წამოვავლე ხელი.
_ ნისა, ვერ წახვალ შენ დღეს ვერსად, მე უკვე გითხარი. წასვლა-წამოსვლაზე ხვალ ვილაპარაკოთ. დილით დარეკავ სამსახურში, იტყვი, რომ გათხოვდი და ეს დღეები ბანკში ვერ მიხვალ. კანონით, გეკუთვნის რამდენიმე დღით გათავისუფლება, ასე არ არის?
_ ასე რატომ ვჩქარობთ, გიორგი? ერთი დღე რამეს წყვეტს? ამ ყველაფრის შემდეგ, სიმართლე თუ გინდა, მარტო მსურს დარჩენა საკუთარ თავთან და რაღაცების გაანალიზება, ერთ დღეში ამდენი ემოცია, ცოტა არ იყოს, დამძაბველია, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს.
_ შენ დღეს აქ დარჩები და შენს მოვალეობას შეასრულებ! _ ხმას აუწია ჩემმა ქმარმა და თვალები დააბრიალა.
ქეთევანი ხელზე შეეხო, დამშვიდდიო, ის კი უარესად გახელდა:
_ კაცი მე ვარ ამ ოჯახში და მე ვწყვეტ, ვინ როდის სად წავიდეს! დედა, შენ შენს საქმეს მიხედე! ეს შენ არ გეხება!
ძალა ერთბაშად გამომეცალა. ისტერიკის გამართვას აზრი არ ჰქონდა, ეს კარგს არაფერს მიქადდა. ჯიუტად ჩემსაზე რომ დავმდგარიყავი, უარესად დავძაბავდი სიტუაციას. ბოლოს დავნებდი, ერთი დღით ადრე გადმოვალ ამ ხალხთან საცხოვრებლად თუ ერთი დღით გვიან, არაფერი შეიცვლება-მეთქი და დავრჩი.
კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ქეთევანის შეკითხვებს ვპასუხობდი _ მამასთან როგორი ურთიერთიბა მქონდა, დედა როდის გარდამეცვალა, რა ავადმყოფობა აწუხებდა, ბანკში რა პერსპექტივები მელოდა და ამგვარი ყოფითი რაღაცები.
ამასობაში მაგიდა ავალაგეთ, ჭურჭელი დავრეცხეთ, დავამშრალეთ, შევალაგეთ. მერე გიორგიმ ბინა დამათვალიერებინა, თავის საძინებელშიც შემიძღვა და ხაზგასმით მითხრა, ჩემი და შენი ოთახი ეს იქნებაო. ბოლოს კომპიუტერთან დამსვა და სურათები დამათვალიერებინა. აღმოჩნდა, რომ საკმარისად ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ, შემდეგ ალბომიც გადმოიღო და თავისი ბავშვობის ფოტოებიც გადმომილაგა. თითქოს არაფერი იყო გასაკვირი, მაგრამ მაინც გამაოცა იმან, რომ არც ერთ ფოტოზე ინვალიდის სავარძელი არ ჩანდა _ გიორგი ან მყარად იდგა ფეხზე, ან იჯდა, მაგრამ ეტლის გარეშე. ვიფიქრე, ალბათ ახლახან შეემთხვა რამე და ფოტოებზე იმიტომ არ აისახა-მეთქი. ვერ მოვითმინე და ვკითხე:
_ გიორგი, თუ საიდუმლო არ არის, რა შეგემთხვა? დიდი ხანია, რაც ამ სავარძელში ზიხარ?
_ საიდუმლოა, _ მომიგო და მზერით მაგრძნობინა, ამაზე მეტად არ მელაპარაკა.
მეც ხმა ჩავიკმინდე.
ამასობაში ქეთევანმა ახალთახალი ხალათი გამომიტანა, ტანსაცმელი გამოიცვალე და ეს ჩაიცვი, თავი შინაურულად იგრძენიო. მერე ფეხის ზომა მკითხა და როცა გაიგო, 36-ს ვიცვამდი, შეიცხადა, რა პატარა ფეხი გქონიაო, რადგან ოთახის ჩუსტი, რომელიც ხალათთან ერთად გადმომცა, 39 ზომის იყო.Mმადლობა ვუთხარი, თან დავიჩივლე, საცვალი მაინც ხომ მინდა, რომ გამოვიცვალო, მერჩივნა, სახლში გავსულიყავი და წვრილმანი რამეები წამომეღო, კბილის ჯაგრისი რომ ჯაგრისია, ისიც არა მაქვს, არადა, სისუფთავეს ვარ მიჩვეული-მეთქი. მხარზე ხელის მოთათუნებით გამამხნევა, ყველაფერს მოგცემო და გამეცალა.
უეცრად გიორგი მოგორდა თავისი ეტლით და მეკითხება:
_ ნისა, ფაჰიტასის მომზადება თუ იცი?
შევცბუნდი. ალმურმა ამკრა. მსგავსი სახელწოდების კერძი პირველად მესმოდა. რომელ რესტორნებში სიარულით მე ვიყავი განებივრებული, რომ ეს მცოდნოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და დამაჯერებელი ტონით მივუგე, როგორ არა, ვიცი-მეთქი.
_ მშვენიერია. კარგი იქნება, თუ მოამზადებ. ხომ უნდა ვიცოდე, ჩემი ცოლი როგორი მზარეულია? _ და გაიღიმა.
მეც ცალყბად გავუღიმე.
_ მასალას დედაჩემი მოგცემს, დანარჩენი შენ იცი, _ გადმომიგდო და თავისი სავარძლით მეორე ოთახში გაგორდა.
სულ თავ-ბედი ვიწყევლე, ტყუილი რამ მათქმევინა, მეღიარებინა, რომ არ ვიცოდი, დამსჯიდა ამისთვის ვინმე თუ რა-მეთქი, მაგრამ რახან მოვიტყუე, ჩემი თავისთვის უნდა მეშველა. ვტაცე ხელი ჩემს მობილურს და სააბაზანოში შევიკეტე. იმწამსვე შევვარდი ინტერნეტში და ფაჰიტასის რეცეპტის ძებნას შევუდექი. ადვილად ვიპოვე, იმ განსხვავებით, რომ ამ კერძს ზოგი ფაჰიტასად მოიხსენიებდა, ზოგიც ფახიტასად.
მაშ, ასე: ფაჰიტასი _ გრილზე შემწვარი დამარინადებული ხორცი სიმინდის ან პურის ტორტილებით, მექსიკურ-ტექსასური კერძიო, წერდა ვიღაც. და იქვე რეცეპტსაც მთავაზობდა.
სხვათა შორის, ადვილი მოსამზადებელი იყო. დიასახლისობა მეხერხებოდა, დედას ყოველთვის ვეხმარებოდი სადილების მომზადებაში და დამოუკიდებლადაც ბევრი მიკეთებია. კარგი ხელი მქონდა, რასაც ვაკეთებდი, გემრიელი გამომდიოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად ვაკეთებდი. ახლაც იმის იმედი მქონდა, რომ ხელი არ მომეცარებოდა და ამ ხალხთან სირცხვილს არ ვჭამდი.
გამოვედი თუ არა სააბაზანოდან, ქეთევანს მივადექი და საჭირო მასალა მოვთხოვე. იმანაც გადმომილაგა მაცივრიდან, რაც მჭირდებოდა, თან შემომთავაზა, მოგეხმარებიო. უარი ვუთხარი.
_ ცოტა მერიდება, რახან თქვენთან პირველად ვაკეთებ, _ მოვისაწყლე თავი, _ ამიტომ მირჩევნია, არავინ მიყურებდეს. არ მიწყინოთ, ქალბატონო ქეთევან. ასე უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს. თუ რამე დამჭირდა, დაგიძახებთ.
და დავრჩი ჩიჩუების სამზარეულოში მარტო ქათმის ფილესთან ერთად.
ყველაფერი ისე მოვამზადე, როგორც რეცეპტში ეწერა. რა თქმა უნდა, გვარიანი დრო წაიღო კერძის მომზადებამ, რადგან ჯერ დამარინადება იყო საჭირო. თავიდან კი ვიყავი ძალზე დაძაბული, მაგრამ მერე ისე გამიტაცა კეთების პროცესმა, რომ სამზარეულოში გიორგის შემოგორება ვერც გავიგე.
_ როგორ მიდის საქმე? დახმარება ხომ არ გინდა?
_ არა, ყველაფერი რიგზეა, მალე მოვრჩები.
_ კარგი სურნელი კი დაგიყენებია, _ შემაქო.
_ ვნახოთ, რა გამოვა, _ მივუგე და გავუღიმე.
გამოვიდა. მართალია, მე პირველად ვაგემოვნებდი ამ კერძს, მაგრამ მეგემრიელა. ქეთო და გიორგიც მადიანად მიირთმევდნენ.
_ ჩაგეთვალა, _ ისევ შემაქო გიორგიმ, _ ძალიან გემრიელია. ბევრნაირი მიჭამია, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულად კარგია, როგორც ჩანს, კარგი ხელი გაქვს.
_ მადლობა! _ შექებისგან გავწითლდი, თან გულში გამეცინა, ნეტავ იცოდეს, დღეს პირველად რომ მოვამზადე ჩემთვის ასე უცხო ფაჰიტასი-მეთქი.
_ უჰ, გადასარევია, ნისა, ყოჩაღ! კიდევ უნდა გადავიღო. საჭმლის გაკეთება დედამ გასწავლა?
_ კი, დედამ მასწავლა. ზოგადად, ყველაფერი დედამ მასწავლა.
მერე ისევ ავალაგეთ მაგიდა რძალ-დედამთილმა, ისევ დავრეცხეთ ჭურჭელი, გავამშრალეთ და შევალაგეთ. თან ისე ვმუსაიფობდით, თითქოს დიდი ხნის ურთიერთობა გვქონოდა.
ამასობაში დაღამდა და დაძინების დროც მოვიდა. ახლა კი შემომენთო გულზე ცეცხლი. სად უნდა დავწოლილიყავი ამაღამ? ცალკე ოთახში თუ გიორგის გვერდით?
სწორედ ამ ეიფორიაში ვიყავი, ქეთევანმა თავის ოთახში რომ მიმიხმო.
_ ეს პიჟამაა, _ ხმადაბლა ამიხსნა, _ ამ ცელოფანში კი ახალთახალი საცვლებია. ყველაფერი მაქვს ცოტ-ცოტა გადანახული რძლისთვის, მერე კიდევ მოგცემ რაღაც-რაღაცებს. აი, კბილის პასტა და ჯაგრისიც გამომართვი. ნუ გერიდება, შენ ახლა ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, ჩემო გოგო, _ და ეს ისე გულწრფელად მითხრა, გული ამიჩუყდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ხელოვნურად არ იქცეოდა.
_ ქალბატონო ქეთევან, მე სად უნდა დავწვე? _ საიდუმლოდ ვუჩურჩულე.
_ სად და შენს ქმართან, _ კისკისით მომიგო და თავი თავზე მომადო, _ მეც ვიყავი შენი ტოლი და ზუსტად ასე დავიბენი გათხოვების პირველ ღამეს.
მერე თავისი ოთახიდან გამომიყვანა და შვილის საძინებელში შემიძღვა, გარდერობი გამოაღო და ქვედა თაროზე მიმითითა:
_ აბანოს პირსახოცები აქაა. თეთრებს გიორგი ხმარობს, დანარჩენი, რა ფერიც გაგიხარდება, ის აიღე, ყველა შენია.
ფრთამოტეხილი ქათამივით წავჩანჩალდი წყლის გადასავლებად. გული ისე მქონდა აჩქარებული, მეგონა, გამისკდებოდა. გიორგი ამ ხნის განმავლობაში ტელევიზორს არ მოსცილებია, სპორტულ არხზე ჰქონდა გადართული და ფეხბურთს უყურებდა.
ვიბანავე თუ არა, ოთახს მივაშურე, პიჟამა ჩავიცვი, შუქი ჩავაქრე და სასწრაფოდ შევწექი ლოგინში, თან საბანი თავზე გადავიფარე. თვალები კი დავხუჭე, მაგრამ რა დამაძინებდა?
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ ხმაურზე მივხვდი, რომ კარი გაიღო და გიორგი შემოვიდა. სხეული საშინლად დამეჭიმა, განაბული ველოდებოდი, როდის დამიძახებდა. ინვალიდი თავისით ვერ გადმოვიდოდა ეტლიდან, დახმარება დასჭირდებოდა.
ის კი არ მეძახდა. მერე ჩამრთველის ტკაცანის ხმა გაისმა, ჩემმა ქმარმა შუქი აანთო. მთლად სოფლურად რომ არ გამომსვლოდა, სახიდან საბანი გადავიწიე და გამოვიხედე.
გამოვიხედე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა _ გიორგი საწოლთან იდგა თავისი ეტლის გარეშე, მას ხეიბრობის არაფერი ეტყობოდა.
გაოცებული წამოვჯექი ლოგინში და უსიტყვოდ მივაჩერდი.
_ ეს პატარა ხუმრობა იყო, _ მითხრა და ჩაიცინა.
`შენ ამას ხუმრობას ეძახი?~ _ გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს.
_ ვიცი, ვიცი, რასაც ფიქრობ, მაგრამ შენც უნდა გამიგო. ვიფიქრე, ინვალიდს რომ დამინახავს, შეიძლება დაფრთხეს და ყველაფერზე უარი თქვას-მეთქი, მაგრამ შევცდი. მეგონა, ეს შეგაშინებდა. ისე, რატომ არ შეგეშინდა?
_ ამის პასუხი მე დღესვე გითხარი, _ სრულიად აუღელვებელი ხმით მივუგე, _ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მეც გავხდე ინვალიდი. ამიტომ რა, უნდა მიმატოვო?
თავი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ რამდენჯერმე გადააქნია.
_ სწორი პასუხია, ჩაგეთვალა. მე კი მაინც მგონია, რომ ფულის გულისთვის ყველაფრის ასატანად ხარ მზად.
_ იცი რა? _ დამცინავად ავხედე, _ თუ გინდა, ხვალვე გავაუქმებ ჩემს თანხმობას და დავიშალოთ. გაწყობს?
_ არა, არ მაწყობს.
_ მაშინ სხვა სათქმელი არაფერი მაქვს, მით უფრო, თავის გასამართლებელი. _ საკმაოდ უკმეხად ვუპასუხე და მარცხნივ გადავტრიალდი, ზურგი შევაქციე.
მან შუქი ჩააქრო და გვერდით მომიწვა. მოკუნტული ვიწექი და ყოველ წამს ველოდებოდი, როდის შემეხებოდა.
არ შემეხო. მარჯვნივ შეტრიალდა, ღამე მშვიდობისა მისურვა და… დაიძინა.
უფრო და უფრო მაოგნებდა. ვერ ვხვდებოდი, ან რატომ დამტოვა იმ დღეს, ან რატომ არ დამეუფლა, ჩვენ ხომ უკვე კანონიერი ცოლ-ქმარი ვიყავით.
ამ საქციელმა რაღაცით აამაღლა ჩემს თვალში. რა თქმა უნდა, ცოლქმრული მოვალეობის შესრულება რომ მოესურვებინა, უარს არ ვეტყოდი, მაგრამ რამდენად სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, ვერ გეტყვით. შეიძლება ისე შემზიზღებოდა, მეორე დღესვე გავქცეულიყავი იქიდან. მიუხედავად ყოველივე ამისა, იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე. არა და არ დამეძინა. ის კი მშვიდად ფშვინავდა მთელი ღამე.
მეორე დილა მცირე სკანდალით დაიწყო. დილაუთენია ავდექი. მასაც მაშინვე გაეღვიძა და იდაყვებზე წამოიწია. ჩავიცვი თუ არა, ჩანთას ხელი დავავლე და წასასვლელად გავემზადე. ეს რომ დაინახა, ერთმანეთს გადაჭდობილი თითები გაჩაჩხულ ფეხებშუა მოიქცია და კოპებასხმული შემეკითხა, საით გაგიწევიაო.
_ ჯერ სახლში, მერე სამსახურში.
_ სამსახურში რა გინდა? გუშინ გათხოვდი და დღეს უკვე ბანკში გარბიხარ? რას იტყვიან შენი თანამშრომლები?
_ მათთვის ჯერ არაფრის თქმას არ ვაპირებ, _ გამომწვევად ვთქვი.
_ რატომ? რას ელოდები?
_ არ მინდა საჭორაო საბაბი მივცე. რას იტყვიან, ისე გათხოვდა, არავის უთხრაო? ამის უკან რაღაც იმალებაო, იფიქრებენ.
_ ნისა, კარგად მომისმინე, თუ შეიძლება, _ გააღიზიანა ჩემმა გადაწყვეტილებამ, _ სახლში, კი ბატონო, წადი, მეც გამოგყვები, მანქანით წაგიყვან და წამოგიყვან. სამსახურში კი არ გიშვებ. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ გუშინ. დარეკავ და ეტყვი, რაც მოხდა. ორკვირიანი შვებულება გეკუთვნის.
_ და რა მოხდა? ფიქტიური ხელის მოწერა? ეს ვთქვა? _ თავი ვერ შევიკავე.
_ რატომ ფიქტიური?
_ იმიტომ, რომ… _ მივუგე და უმალ ენას კბილი დავაჭირე, იმიტომ, რომ შენთან სექსი არ მქონია-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი?
_ ააა, გასაგებია. მაინცდამაინც უნდა დაგტაკებოდი, რომ ჩვენს ცოლქმრობას ფიქტიური არ დარქმეოდა? _ დამცინა, _ მე მეგონა, კაცურად მოვიქეცი.
გავწითლდი. შემრცხვა, რომ სათქმელს მიმიხვდა. მართლაცდა, ჯენტლმენურად მოიქცა, მე კი ეს `დანაშაულად~ ჩავუთვალე.
კარს ზურგით მივეყრდენი, ჩანთა ძირს დავუშვი და ორივე ხელით ჩავებღაუჭე.
_ მაპატიე, როგორც ჩანს, ცუდად გამომივიდა. მე მეგონა, ჩვენი ურთიერთობა სულ ასე უნდა გაგრძელებულიყო.
_ ასე როგორ? _ ამ სიტყვებით წამოხტა და ჩაცმას შეუდგა, _ შენ მარცხნივ გადატრიალებული მთელი ღამე და მე მარჯვნივ? ეს ღამე მხოლოდ მოთელვა იყო, სულ ასე კი არ იქნება, _ მითხრა, გამომხედა და გაიღიმა.
კიდევ კარგი, ღიმილს არ იშურებდა. უკვე მერამდენედ გაიღიმა გუშინდელს აქეთ. არადა, თავიდან ვიფიქრე, სრულიად უღიმილო კაცია-მეთქი.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი