როცა ჩემმა ქმარმა ვნება დაიცხრო, გულაღმა კი არ გადაწვა "მოვალეობამოხდილი", წამოჯდა, ჩემკენ შემობრუნდა და გაოგნებული მომაჩერდა.
- შენ რა, ქალიშვილი იყავი?
გავწითლდი.
- ხომ გითხარი, არავინ მყვარებია-მეთქი.
- მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემამდე არავინ გყოლია.
- როგორც ჩანს, ნიშნავს, - ვთქვი და წამოვდექი.
ნეტავ არ წამოვმდგარიყავი. გადასაფარებელი ერთ ადგილას ჩემი სისხლით შეღებილიყო, თითქოს წითელი მელანი დაასხესო.
ისე შემრცხვა, რეტი დამესხა. პირზე ხელი ავიფარე შეწუხებულმა და ლაქას მივაჩერდი. გიორგიმ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და როცა დაინახა, რამაც შემაძრწუნა, კმაყოფილმა გაიცინა.
- ეგ არაფერია, სხვა დროს რომ მოხვალ, ეს ლაქა აქ აღარ დაგხვდება. რომ მცოდნოდა, საქმე ასე იყო, სხვანაირად მოვიქცეოდი.
- ადექი, გთხოვ! - მუდარა დავუწყე.
- კარგი, რას ნერვიულობ, ისეთი არაფერი მომხდარა, - ჩემ დამშვიდებას შეეცადა იგი, მაგრამ არაფრის გაგონება არ მსურდა. მანამ არ მოვეშვი, სანამ საწოლიდან არ გადმოვიდა.
სწრაფად დავტაცე ხელი გადასაფარებელს, მის ქვეშ გაფენილ ზეწარსაც და სააბაზანოში გავვარდი. კიდევ კარგი, საბანი არ ეგო, თორემ ალბათ მის ამორეცხვას ვერ შევძლებდი. ვიცოდი, რომ სისხლის კვალს ცივი წყალი შლიდა, ამიტომ ონკანი მოვუშვი და შლეგიანივით შევუდექი სისხლის ამორეცხვას.
ამან კარგა გვარიანი დრო წაიღო. უკვე ყველაფრის ხალისი წამიხდა. გიორგისთან რა მინდოდა, მე ვიყავი დამნაშავე. რატომ არ ვიფიქრე, რომ ასე მოხდებოდა? მერე რა, რომ პრაქტიკულად გამოუცდელი ვიყავი, ამ პიკანტურ საკითხში თეორიულად მაინც ხომ ვიყავი გაცნობიერებული?
ასე თუ ისე, გამოვასწორე ჩემი შეცდომა, სისხლის ნაკვალევი გავაქრე. დაუოთებაც მინდოდა, მაგრამ ჩემმა აწ უკვე ნაღდმა ქმარმა არ დამანება, ამას ქალბატონი ეთერი მიხედავსო.
უკან რომ გამოვბრუნდით, საშინელ გუნებაზე ვიყავი. სამაგიეროდ, გიორგი დადგა კარგ ხასიათზე. ხმამაღალი მუსიკა ჩართო მანქანაში და თვითონაც აღიღინდა.
ჩემი გათხოვებიდან ორი კვირა მიიწურა. როცა პირველ დილას სამსახურში დავრეკე და გამოვაცხადე, გავთხოვდი-მეთქი, თურმე ერთი აჟიოტაჟი ამტყდარა. ეს მერე სალომემ მითხრა. ყველას გაგვიკვირდა, მაგრამ გაგვიხარდა შენი ბედნიერება, მხოლოდ დემნა გადაფითრდაო. ისე დაიბნა თურმე, რომ კარგა ხანს წარამარა ისწორებდა ცხვირზე სათვალის კეხს. უცხოს ეგონებოდა, იმ დღეს პირველად გაიკეთა სათვალეო, მიყვებოდა ჩემი დაქალი.
ორი კვირის თავზე სამსახურში გამოვცხადდი. რა თქმა უნდა, ამისთვის საგანგებოდ მოვემზადე. ასი ათასი დოლარის განკარგვის უფლება უკვე მქონდა, ამიტომ გარკვეული თანხა გამოვიტანე ბანკიდან და ყველაზე მოდური მაღაზიები დავლაშქრე. რა თქმა უნდა, გიორგიც თან გავიყოლე, მინდოდა ხაზგასმით მეგრძნობინებინა მისთვის, შენს გემოვნებასაც ვითვალისწინებ-მეთქი.
მართლა არ იყო ცუდი ადამიანი. სწრაფად შევეთვისეთ ერთმანეთს. გარდა იმისა, რომ უზომოდ განათლებული იყო, უცხოსთან საერთო ენის გამონახვაც არ უჭირდა. უცებ დაამყარა ჩემთან კონტაქტი და დელიკატურად მოიქცა, რომ მის მიმართ სიძულვილი არ გამჩენოდა. ზუსტად იცოდა, ქალისთვის თავი როგორ მოეწონებინა. არც ხასიათით დაიწუნებოდა, იუმორის ნიჭითაც დაეჯილდოებინა ბუნებას, ოღონდ ლაპარაკი არ უყვარდა, სიტყვაძუნწი იყო.
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მომწონდა როგორც გარეგნობით, ისე ბუნებით. არც ის იყო კვაზიმოდო და არც მე ვიყავი ესმერალდა. არ ვიცი, თვალი შევაჩვიე თუ რა, ახლა ბევრად მესიმპათიურებოდა. პირველი შთაბეჭდილება, უაზრო, არაფრისმთქმელი თაფლისფერი თვალები ჰქონდა-მეთქი, სადღაც გაქრა. ახლა პირიქით, ძალიანაც მომწონდა მისი თვალები. ერთადერთი, რასაც ვერ ვეგუებოდი, - მისი სახის ფერს. ზეფერმკრთალი იყო, რაც ავადმყოფურ იერს ანიჭებდა.
სიტყვა არც ერთხელ არ ჩამოგვიგდია ნარკომანიაზე, ჯერ ამის დრო არ დამდგარიყო. ვფიქრობდი, უფრო რომ შევეჩვევით ერთმანეთს და რაღაც უფლებებს მომანიჭებს, როგორც ცოლს, ამაზე მერე დაველაპარაკები-მეთქი. ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანის ნაკლის გამოსწორება შესაძლებელი იყო ან რჩევით, ან შეგონებებით, ან ტკბილი სიტყვით… ასე რომ, შესაფერის მომენტს უნდა დავლოდებოდი…
ორი კვირის შემდეგ სამსახურში ერთობ გამოპრანჭული გამოვცხადდი. რა თქმა უნდა, მარჯვენა ხელის არათითს საქორწინო რგოლიც მიმშვენებდა. დედამთილს თავი არ გამოუდვია ჩემი შემოსვით, არც ოქრო-ვერცხლით გავუნებივრებივარ, მაგრამ ასეთ რამეს არც ველოდი და, ისედაც, არც არასდროს დავხარბებივარ. ამ დროში ვის გააკვირვებ ძვირფასი სამკაულების ასხმით? ვის რაში აინტერესებს? ახალგაზრდობა კარგა ხანია, ბიჟუტერიას არჩევს ძვირფას თვლებს. არც მე ვიყავი გამონაკლისი.
- ნისა, ნისააა! - გნიასით მომცვივდნენ თანამშრომლები.
- გილოცავ, საყვარელო!
- გილოცავ, გოგონი!
- ბედნიერი ყოფილიყავი, გენაცვალე!
ისმოდა ხან აქედან და ხან იქიდან.
ყველაზე ბოლოს დემნამ მომილოცა, მაგრამ ისეთი მიტკლისფერი სახე ჰქონდა, ჩემი ქმარი გამახსენდა, ამწუთას კანის ფერით მისგან არაფრით განსხვავდებოდა. დავიჯერო, ამ ბიჭს ვუყვარდი? მერედა, რატომ არ მითხრა, რას ელოდებოდა იმდენი ხანი? მხოლოდ ერთხელ წამოსცდა, მომწონხარო და მას მერე ხმა არ გაუღია. არც ის უთქვამს, სერიოზულ ურთიერთობას თუ აპირებდა ჩემთან. შეიძლება ამიტომაც არ შემიყვარდა. თვითონვე აღმართა ზღუდე ჩვენ შორის, სათქმელი შორეული მომავლისთვის მოიტოვა და მე რა შუაში ვიყავი? საერთოდ არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. ჩვენ რომ შეყვარებულები გვრქმეოდა, შეიძლება ღალატად ჩამთვლოდა ჩემი ნაბიჯი, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. კი, საღამოობით ხშირად ერთად გავდიოდით სამსახურიდან, ხან მე ვუცდიდი გარეთ, ხან ის მიცდიდა და დავსეირნობდით ან სადმე კაფესა თუ რესტორანში შევიდოდით, მაგრამ სხვა ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, არც სიყვარული აუხსნია და არც პირობა ჩამოურთმევია, ჩემ გარდა ცოლად არავის გაჰყვეო. სახლშიც კი არ შემიპატიჟებია არასდროს, ჩემთან ერთხელაც არ ყოფილა. სალომე ტყუილად მამოწმებდა ხოლმე, არიქა, ერთად არ იყვნენ ნისასთან შეყუჟულები, იქნებ წავუსწროო.
დემნამ ძალზე მშრალად მომილოცა და თავისი "მარადიული" ჟესტით სათვალის კეხი შეისწორა ცხვირზე.
- არასდროს გითქვამს, შეყვარებული თუ გყავდა… უფრო სწორად, საქმრო, -საყვედურგარეული ხმით მითხრა.
- არც მყოლია, - თბილად გავუღიმე, - ყველაფერი უცებ მოხდა.
- რა, მოგიტაცეს? - თვალები გაუფართოვდა ჩემს პასუხზე.
- არა. უბრალოდ, ერთ დღეში გადაწყდა ყველაფერი. ნუ… მთლად ერთ დღეში არა, მაგრამ სადღაც ერთ კვირაში.
- კარგია… ბედნიერებას გისურვებთ, - ნირწამხდარი შეიშმუშნა.
- მადლობა… შენც, - ისევ გავუღიმე.
შებრუნდა და გამერიდა.
მერე გოგოებმა დამაყარეს შეკითხვები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინე და "ლამაზი ზღაპარი" ჩემი გათხოვებისა წინასწარ შევქმენი, რათა არ ჩავჭრილიყავი, მაგრამ მაინც გამიჭირდა "უვნებელი ტყუილის" თქმა: როგორ შევხვდი ჩემი ბავშვობის მეგობარს სრულიად მოულოდნელად, რომელსაც ვუყვარდი და ოდესღაც მეც მომწონდა, როგორ გაიღვიძა ჩვენში ძველმა გრძნობებმა და მოგონებებმა და უცაბედად როგორ გადავწყვიტეთ დაქორწინება.
- კმაყოფილი ხარ?
- კარგი ბიჭია?
- სიმპათიურია?
- სად მუშაობს?
- როგორი ოჯახი აქვთ?
- დედამთილი როგორ შეგხვდა?
ერთმანეთს არ აცლიდნენ შეკითხვებს.
- რა დროს დედამთილია, ქმარი როგორი ჰყავს, ის ჰკითხეთ, ხალხო, რა გემართებათ! -შენიშნა სალომემ და წარბები ასხიპა.
- აი, მოვა საღამოს ჩემ წასაყვანად და ნახავთ, - ერთი წინადადებით დავაშოშმინე მათი ცნობისმოყვარეობა.
- ქორწილს არ აპირებთ? - ირიბად გამომხედა გვანცა მენეჯერმა.
- არააა. არ უყვარს ეგეთი რამეები. სერიოზული ტიპია. თანაც, რამდენიმე თვის წინ მამა გარდაეცვალა და… აი, გაიცნობთ ერთ დღესაც და მიხვდებით, - ძალზე უდარდელად ვუპასუხე.
- ძაან კი მოგიხდა გათხოვება, - კეკლუცად წარმოთქვა სალომემ, - განაზებული ჩანხარ და კმაყოფილი. სად მუშაობსო, რა თქვი?
მის შეკითხვას არ გავექეცი და სიმართლე მივუგე:
- დროებით აღარ მუშაობს. არც სჭირდება დიდად. შეძლებული ოჯახი აქვთ, არ უჭირთ. მამამისი ბიზნესმენი იყო, სასტუმროების სქელი აქვს თბილისსა და ბათუმში. ალბათ გააგრძელებს მის საქმეს. ალბათ კი არა, გააგრძელებს.
- და შენც ჩაგრთავს, არა? - გამოხტა მეტიჩარა მარგო.
- ჯერ არ ვიცი. ისე, დიდად არ მინდა, სადაც ვარ, იქ მირჩევნია. აქაც თავისუფლად შევძლებ წინ წაწევას, - დავიკვეხნე.
- ჰო, ეგ არ გაგიჭირდება, შენ ისეთი ჭკვიანი ხარ, - "თეთრმა შურმა" იძალა ირას ხმაში, - იმ თვეში, ხომ იცი, ახალი ჯგუფი იქმნება. გვანცამ უკვე ჩაგწერა.
- აუ, რა კარგია, როგორ გამიხარდა, - თვალები გამიბრწყინდა, - სწორედ დროულია. ახლა დაწინაურება ძალიან მაწყობს…
ერთი სიტყვით, სამუშაო დღემ ისე ჩაიარა, არ მომიწყენია. როგორც კი გავთავისუფლდებოდი და ფანჯარა გამომიჩნდებოდა, ხან ერთი თანამშრომელი გამომელაპარაკებოდა, ხან მეორე. მეც ტყუილ-მართალს ერთმანეთში ვურევდი და ვპასუხობდი. ამდენი ტყუილი ჩემს დღეში არ მითქვამს. თვითონაც მიკვირდა, საიდან აღმომაჩნდა ამის ნიჭი. ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი ტყუილებს და ბოლოს თავად დამიდგა ისეთი დრო, როცა სიცრუის ზვინი უნდა დამედგა. ამაზეა ნათქვამი, ალბათ, "რაც გეჯავრებოდეს, ის გეძალებოდესო".
საღამოს, გახდა თუ არა ექვსი საათი, გიორგიმ მომაკითხა და დამირეკა, გარეთ გელოდებიო. ცნობისმოყვარეთა ნაწილი ფანჯრებს მიაწყდა, ზოგი განგებ გავიდა გარეთ სიგარეტის მოსაწევად, ისინიც კი, რომლებიც არ ეწეოდნენ და მწეველებს დაუდგნენ წინ, თან ცალ თვალს ჩემკენ აპარებდნენ, რომელ მანქანაში ჩავჯდებოდი და ექნებოდათ თუ არა იმის ბედნიერება, თვალი მოეკრათ ჩემი ქმრისთვის.
როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინა გიორგიმ. როგორც კი კიბე ჩამოვათავე, მანქანიდან გადმოვიდა და შემეგება. მერე ხელი მომხვია, ხომ არ დაიღალეო, მკითხა და შუბლზე მაკოცა.
უდიდესი კმაყოფილება ვიგრძენი. მეამაყებოდა, რომ ჩემი მეორე ნახევარი ნამდვილი ჯენტლმენი იყო და ასეთი რამეები არ ეშლებოდა. დარწმუნებული ვიყავი, თანამშრომელთა უმეტესობას მისი ეს ჟესტი შურით აავსებდა.
ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ მაინც…
დღეები გადიოდა… თვეებიც. გაზაფხული მიილია და ზაფხული დაიწყო. ქეთევანიც შემომეჩვია. ხედავდა, რომ არც ცუდი ცოლი ვიყავი და არც ცუდი რძალი, ამიტომ უკმაყოფილების გამოთქმის ყველანაირი საშუალება მოვუსპე და ისიც დაოკდა. მართალია, თავისი ქლესობა ვერ მოიშალა, მაგრამ ცუდი თვალით რომ არ მიყურებდა, ამას ნათლად ვგრძნობდი.
მე და გიომ ზღვაზე დასვენება გადავწყვიტეთ. თანაც, მინდოდა ცოტა ხნით მარტო ვყოფილიყავით, რომ მასთან სერიოზულად მელაპარაკა წამალდამოკიდებულებაზე, თუმცა ამის საბაბი არასდროს მოუცია. შეიძლება მაშინ გარბოდა წამლის შესაშხაპუნებლად, როცა მე სამსახურში ვიყავი. არ ვიცი. რაც არ მინახავს, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებდი, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ქრონიკული ნარკომანი იყო.
ჰოდა, სწორედ გამგზავრების წინა დღეებში მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ: მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი, რაც ტესტმა და მერე გინეკოლოგთან ვიზიტმაც დაადასტურა. სიხარულთან ერთად, ამ ამბავმა შიშიც მომგვარა: ვაითუ ავადმყოფი ბავშვი გამიჩნდეს-მეთქი…
რა თქმა უნდა, ზღვაზე ვეღარ წავედით. მე არ მოვისურვე. შემეშინდა, მცხუნვარე მზეზე წოლამ ორსულობა არ გამირთულოს-მეთქი. გიორგის კი ჩაუფლავდა დასვენება, მაგრამ არ შემწინააღმდეგებია, ჩემი დედამთილი კი ისედაც არ აპირებდა ჩვენთან ერთად წამოსვლას. მას სხვა გეგმები ჰქონდა, დაქალი ეპატიჟებოდა ბორჯომში და იქ აპირებდა გამგზავრებას. სანამ წავიდოდა, ერთ დღესაც დრო ვიხელთე, სამზარეულოში დავიმარტოხელე და გიორგიზე ჩამოვუგდე საუბარი. იქნებ რამე ვიღონოთ და განვკურნოთ-მეთქი. ამის თქმა და ისეთი კივილი ატეხა, შიშისგან გული გამისკდა.
გაგრძელება იქნება