- საიდან მოიტანე, რომ ჩემი შვილი ნარკომანია? ვინ გითხრა ეს სისულელე, ჰა?! - ისტერიკა დაიმართა.
ერთხანს უხმოდ შევცქეროდი, მერე კი ძალზე მშვიდად განვუმარტე:
- ასეთი რამეები საქმეში ოდნავ ჩახედულ ადამიანს არ გამოეპარება. თქვენ რა, ვერ ამჩნევთ, როგორ აქვს ხოლმე გუგები გაფართოებული, თვალები ლამის ამოუცვივდეს ბუდეებიდან. თანაც ეს უაზრო მზერა, თითქოს მოხარშული თევზის თვალები გიყურებსო. რა მიხვედრა ამას უნდა? დააკვირდით მის ფეხებს, ჩალურჯებული აქვს ვენები კოჭებთან.
- ხმა! ხმა! ხმა! ჩაიკმინდე ხმა! - ხელები გაშალა და იწივლა და იწივლა, - დღემდე არავის უკადრებია ჩემთვის ასეთი რამ! მეორედ არ გამაგონო ეს! და საერთოდ, ამ თემაზე ამ ოჯახში ლაპარაკს გიკრძალავ! შენ ვინ გგონია შენი თავი ვითომ? რახან რძლად მიგიღეთ, ჩათვალე, რომ ყველაფრის უფლება გაქვს? ვერ ხვდები, რომ შენნაირი "პროვინციალკის" ჩემს ოჯახში შემოშვება იძულებითი ნაბიჯი იყო ჩვენთვის? რომ არა ის დაწყევლილი ანდერძი…
- უკაცრავად, ქალბატონო ქეთევან! - მკაცრად გავაწყვეტინე, - ადამიანს იძულებით ბევრი რამის გაკეთება უწევს ცხოვრებაში. მე არ მითხოვია თქვენთვის, გიორგის ცოლად შემრთეთ-მეთქი. შექმნილმა ვითარებამ მოიტანა ეს. თქვენი შვილი მანამ თვალით არ მყავდა ნანახი, არც თქვენი მეუღლე, სხვათა შორის. არც ანდერძის შესახებ ვიცოდი არაფერი და არც ის, რომ თქვენს ქმარს დედაჩემი უყვარდა. თქვენი ნების გარეშე არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ორივე მხარეს გვაწყობდა ის, რაც გავაკეთეთ. ასე არ არის? ასეა. ამის შემდეგ ყველანაირად ვეცადე, კარგი ცოლი ვყოფილიყავი, კარგი რძალი და კარგი დიასახლისი. რა, თქვენი მოლოდინი გავაცრუე? რამით უკმაყოფილო ხართ ან თქვენ, ან თქვენი შვილი? რამეს ისე ვერ ვაკეთებ?
გაისუსა. სიტყვა არ დაუძრავს, რადგან მიხვდა, რომ სიმართლეს ვამბობდი და ჩავჭერი. მოლბა. ხმა შეარბილა და დაყვავებით შეგონება დამიწყო:
- მომისმინე, ნისა. შენ მართალი ხარ, მაგრამ ხომ ხვდები, რომ ეს ყველაფერი დროებითია? არც შენ იცი და არც ჩვენ, სანამ დარჩები ამ სახლში. აი, ბავშვი გაჩნდება, ჩვენ ყველა ჩვენს წილს მივიღებთ და მერე რა ვიცით, რა მოხდება?
- რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ მე უკვე ვგრძნობ, რაც მოხდება, - მშრალად მივუგე, -როგორც კი ბავშვი გაჩნდება, მოვკიდებ მას ხელს, ჩემთვის განკუთვნილ თანხასაც და გავქრები აქედან ისე, რომ ჩემს თავს არ დაგანახვებთ. თქვენ - თქვენთვის, მე - ჩემთვის. და ნურც ბავშვზე გექნებათ პრეტენზია. შევთანხმდით? ვინც ჩემს სიკეთეს ვერ დაინახავს, მასთან საერთო არაფერი მაქვს!
აი, ამან კი შეაშინა. მიხვდა, რომ თუ მე აქედან წავიდოდი, ისინი დაკარგავდნენ იმ მილიონს, რომელიც ჩემს სახელზე ინახებოდა ბანკში და რომელზეც ასე მონდომებით ნადირობდნენ დედაც და შვილიც.
- მაგას ნუ ამბობ, ნისა, შვილო. შენ არავინ გაგდებს აქედან. ღმერთმა დაგვიფაროს. ცხელ გულზე რაღაც წამომცდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვიყვარხარ და შენი თავიდან მოცილება გვინდა. პირიქით, მინდა უფრო გამყარდეს შენი და გიორგის ურთიერთობა, ერთმანეთს გვერდით დაუდგეთ, ჩემი ქმრის ბიზნესი გააგრძელოთ, ოჯახს მეტი შემატოთ…
- ჰო, რა თქმა უნდა, - აგდებით მივუგე, - ამაში ეჭვიც არ მეპარება. გეტყობათ, რომ ეს სულით და გულით გინდათ, - ამ სიტყვებით ავდექი და გავეცალე.
ამ საუბარს ისიც დაემატა, რომ მეორე დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულს, გიორგი დამხვდა გაცეცხლებული. შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემი ცხოვრების წესი განსაჯო და იმაზე ილაპარაკო, წამალდამოკიდებული ვარ თუ არაო. შენ შენი მოვალეობა შეასრულე, სხვა არაფერი გეკითხებაო. ისე დამცოფა, ხმის ამოღების საშუალება არ მომცა. არც ჩემი დედამთილი ჩარეულა საუბარში, იქვე იდგა ხელებდაკაპიწებული და აუღელვებლად, ნიშნის მოგებით ისმენდა, როგორ მიტევდა ქმარი.
ამის მერე მივხვდი, რომ არავის იმედი არ უნდა მქონოდა. თუ ქეთოს აწყობდა, ნარკომანი შვილი ჰყოლოდა, მე როგორ უნდა მებრძოლა მარტოს? თუ დედამთილი გვერდით არ დამიდგებოდა, ჩემი ქმარი მე მომისმენდა და ჩემს თხოვნას გაითვალისწინებდა? გამორიცხული იყო. ამიტომ სამუდამოდ შევეშვი ამ თემას და მთლიანად ბავშვზე გადავერთე.
გინეკოლოგს პირველივე ვიზიტისას ვუთხარი, რა პრობლემის წინაშეც ვიდექი. მეშინოდა, ავადმყოფი შვილი არ გამჩენოდა. ექიმმა დამამშვიდა, ამის საშიშროებას ვერ ვხედავ, ნაყოფი ჯერჯერობით სრულიად ჯანმრთელია და არაფერი ემუქრებაო.
მთელი ცხრა თვის განმავლობაში ზედმიწევნით ვიცავდი ექიმის მითითებებს. გართულებები არ მქონია.
ერთი უსიამოვნება, რაც შემემთხვა, ის იყო, რომ რომელიღაც გაზეთიდან დამიკავშირდა ჟურნალისტი, გავიგეთ, მილიონერი გამხდარხართ და თქვენზე სტატია გვინდა დავწეროთო. შემახურა. ნეტავ საიდან გაიგეს? რა პატარაა თბილისი, არაფერი დაიმალება. სასტიკი უარი ვუთხარი, ეს ყველაფერი ჭორია და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ-მეთქი.
თურმე სადა ხარ! გავიდა რამდენიმე დღე და იმ გაზეთში პატარა სტატია გამოქვეყნდა ჩემზე, როგორ მერგო მდიდარი ნათესავის ანდერძით მილიონი დოლარი, როგორ ეცადა მედია ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ ყველა ინტერვიუზე უარი განვაცხადე.
ამის მერე მთელი კვირა ნამდვილი შემოტევა მქონდა. ხან ერთი ტელევიზიიდან მირეკავდნენ, ხან მეორიდან, ხან გაზეთიდან და ხან ჟურნალიდან. იძულებული გავხდი, მობილურის ნომერი გამომეცვალა. სამსახურშიც დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო და არავითარი მილიონი არავისგან არ მიმიღია. მილიონი რომ მქონდეს, აქ ვიმუშავებდი-მეთქი? თავს ასე ვიმართლებდი.
ამის შემდეგ ცოტა ხანს სიტუაცია ჩაწყნარდა. ტელევიზიაც მომეშვა და პრესაც. ფულს მე არაფერში ვფლანგავდი და არც სამოგზაუროდ დავდიოდი, რომ ვინმე ჩამსაფრებოდა და მერე სააშკარაოზე გამოეტანა, აი, რამდენ ფულს რაში და რაში ხარჯავს, თუ მილიონერი არაა, ფუფუნებით როგორ ცხოვრობსო? როგორც იქნა, თავი დამანებეს.
მერე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ აამღვრია წყალი და ოჯახური კონფლიქტი გააღვივა.
უკვე დეკრეტში უნდა გავსულიყავი. კიდევ ცხრა დღე და სახლში დავჯდებოდი. ვაპირებდი მშვიდად, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ჩამეთავებინა დარჩენილი ორი თვე, რათა ნორმალურად მემშობიარა. არაფერზე ვდარდობდი, გულთან ცუდი არაფერი მიმქონდა, ხელი მქონდა ჩაქნეული ქმარზეც და დედამთილზეც. ახლა მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობაზე ვზრუნავდი, მაგრამ ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო?
ერთ საღამოს, ჯერ შებინდებულიც არ იყო, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ქეთო გავიდა კარის გასაღებად და რაოდენ გასაკვირი იყო ჩემთვის, როცა იგი სასტუმრო ოთახში მამაჩემს შემოუძღვა.
- მამა? - გაოგნებული ფეხზე წამოვდექი.
- გამარჯობათ, - მიესალმა მამა გიორგის, რომელიც სავარძელში მოკალათებული ტელევიზორს უყურებდა.
გიორგიმაც არანაკლებ გაოცებული სახე მიიღო. რაც გავთხოვდი, მამას არ შევხმიანებივარ. ისიც არ ვიცოდი, ჩემი გათხოვების ამბავი გაიგო თუ არა. მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვეტილი მქონდა ჩემი დედინაცვლის გამო. მამამ თავისი სურვილით აიღო ხელი ჩემზე და არც მე გამომიჩენია ინიციატივა, მასთან ურთიერთობა განმეახლებინა.
- ასე უნდა, შვილო? - ხელები გაშალა მამაჩემმა და ისეთი საცოდავი სახე მიიღო, თითქოს ძალიან დათრგუნული ყოფილიყო, - გათხოვდი და არ შემატყობინე. აგერ, ორსულად ყოფილხარ და ესეც დამიმალე. მე მამა არ ვარ შენი? რა, მეწყინებოდა შენი ბედნიერება თუ რა? - ამას ამბობდა, თან მე კი არ მიყურებდა, ხან გიორგის შეაჩერდებოდა, ხანაც ქეთევანს, -გაგიგიათ, ხალხო? შეიძლება სხვისგან ვიგებდე ჩემი შვილის გათხოვების ამბავს?
ენა ჩამივარდა. როგორ არ მინდოდა ამათთან ჩემი საყვედურები ეთქვა, მაგრამ არა და არ გაჩერდა.
ჩემი დედამთილი მაშინვე დაფაცურდა და მაგიდის გაშლა დაიწყო. გიორგიმაც თავაზიანად მიიწვია სიმამრი სუფრასთან და ჩემი დაცვა დაიწყო, - ისე მოულოდნელად გადავწყვიტეთ დაქორწინება, რომ არავისთვის არაფერი გვითქვამს, არც ქორწილი გადაგვიხდია და არც ნათესავები მოგვიწვევიაო.
როგორც იქნა, დაშოშმინდა მამაჩემი, მაგრამ რამდენიმე ჭიქა დალია თუ არა, შეზარხოშდა და ისეთ რამეებზე დაიწყო ლაპარაკი, სირცხვილისგან სად შევმძვრალიყავი, არ ვიცოდი.
- შენმა დედინაცვალმა კარგი ოინი კი მომიწყო, რომ იცოდე. ბინა დამაგირავებინა, ვაჭრობა უნდა დავიწყო, თურქეთიდან საქონელს ჩამოვიტან, მაღაზიას გავხსნი და ცოტა სულს მოვითქვამთო. როგორ არ უნდა დამეჯერებინა საკუთარი ცოლისთვის? გავყევი ბანკში, ჩავდე ბინა, ავიღეთ სესხი და ჰაიდა, გავარდა თურქეთისკენ. მას მერე მისი ავან-ჩავანი არ ვიცი. აგერ, ექვსი თვე გავიდა და არც მირეკავს, არც არაფერს მატყობინებს. გავთავდი კაცი. გაგიგიათ? ცოლმა მიმატოვა, შვილმა ზურგი მაქცია. ვიღას მივმართო ამ ხნის კაცმა? ბანკმა ამიკლო, ექვსი თვეა, კაპიკი არ გადამიხდია. ბინას გაგიყიდითო, შემომითვალეს.
ღმერთო, რაებს ლაპარაკობდა! თანაც, სად! რამდენჯერმე გავკარი ფეხი, გაჩუმდი-მეთქი, მაგრამ გაგიგონია? ვითომც არაფერი, ისევ გააგრძელა.
- შენ კარგ ოჯახში რომ მოხვდი, ამას წყალი არ გაუვა, ნისა. მიხარია, რომ ცხოვრება აიწყვე, მაგრამ მამაშენსაც ხომ უნდა მიხედო? სხვას ვის მივმართო? ის ბინა თუ დავკარგე, ქუჩაში აღმოვჩნდები. რა ვქნა? მათხოვრობას ხომ არ დავიწყებ? ჩემი პენსიით კიდევ თვეში 900 ლარს ბანკს მე ვერ გადავუხდი. არადა, ეს პროცენტებიც ემატება და ემატება. როგორმე უნდა დამეხმარო, შვილო, დამახსნევინო ის ბინა ბანკიდან და მერე მე ვიცი შენი პატივისცემა.
ღმერთო, როგორ დამცეცხლა! სიბრაზისგან ლამის გავმწვანდი.
- მამა, საუკუნეა, არ გამოჩენილხარ! - ვეღარ მოვითმინე და სიმართლე პირში მივახალე, - არ გიკითხავს, ვკვდებოდი თუ ვრჩებოდი. სად ვიყავი, რით ვსუნთქავდი, კარგად ვიყავი თუ ავად. გაგიჭირდა და მომადექი. ჩემგან რას ითხოვ? რამე ვალი მაქვს შენი თუ რა? ცხოვრებაში ერთხელ გამოიდე თავი, ბინა რომ მიყიდე და ქუჩაში არ დამტოვე. და რა, არ იყავი ვალდებული? მაგ შენი ცოლის გამო შვილიც დაკარგე და ახლა თურმე სახლ-კარიც. დედას ხსოვნას ბოლომდე პატივი არ ეცი. მიახტი იმ აშარ ქალს და ცოლად დაისვი! სხვას რა ელოდი მისგან? ან ჩემგან რას ელი? მე რით უნდა გამოვისყიდო შენი ბინა ან რატომ?
თვალებგაფართოებული მომაჩერდა. არ ელოდა, ასე თუ შევუტევდი. ალბათ ეგონა, ქმრისა და დედამთილის წინაშე თავს მოიწონებს და დამეხმარებაო.
- კი მაგრამ, შენზე ამბობენ, მილიონები იშოვაო და… - ისევ გაშალა ხელები და შემთვრალს თვალები აუწყლიანდა, - ასე უნდა მოექცე მშობელ მამას? ამას ველოდი შენგან?
სუფრიდან ავდექი და ჩემს ოთახში გავედი. ვიცოდი, თუ დავრჩებოდი, აუცილებლად ვიყვირებდი და ვიწივლებდი, ამიტომ გამოვერიდე.
მანამ ვიყავი შეკეტილი საძინებელში, სანამ მამაჩემი არ წავიდა. არც კი დავემშვიდობე. არადა, სინდისი მქენჯნიდა, ასე რომ მოვექეცი, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ისედაც დაგეშილები იყვნენ ჩემი ქმარი და დედამთილი ჩემზე, რომ მეთქვა, დაგეხმარები-მეთქი, შავ დღეს დამაყრიდნენ. თუმცა მაინც არ დამადგა კარგი დღე, როცა მამა გაისტუმრეს.
გიორგიმ დამიძახა, გამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. გამოვედი.
- რას ნიშნავდა ეს? - პირქუშად გამომხედა, - აქაოდა, ფულიანი გახდაო და აწი შენი ნათესავების ვიზიტებს ვერ ავუვალთ?
- მე არ მითხოვია მისთვის, გამოდი-მეთქი. ისიც არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემი ამბავი და მისამართი.
- შენს სამსახურში უთქვამთ, ბატონო, - ჩაერია საუბარში ჩემი დედამთილი, - ამიტომ გეუბნებოდით, დაჯექი სახლში, არ გინდა მუშაობა, რა გჭირს სამაგისოო.
- ძაან კი გახვედი თავს ბოლო დროს, შენ! - კვერი დაუკრა დედას ჩემმა ქმარმა, - ჯერ იყო, მთელ ქვეყანას მოსდე, არიქა, მილიონერი ვარო. პრესა და ტელევიზია შეძარი!
- მე არავისთვის არაფერი მითქვამს. არც ის ვიცი, ვინ საიდან რა გაიგო, - ისევ თავის მართლება გავაგრძელე.
- არა, ბიჭო! აბა, საიდან იციან? შემთხვევით, მე ხომ არ ვუთხარი?
- ჰო, იქნებ ჩვენ გვაბრალებ მაგასაც? - მხარი აუბა ქეთევანმა შვილს.
ვეღარ მოვითმინე ამდენი ბრალდება და მეც ავუმაღლე ხმას:
- მე არ ვიცი, ვინ ვის რა უთხრა და საიდან გაჟონა ამ ამბავმა, მაგრამ სულაც არ ვიქცევი ისე, როგორც მილიონერი. სხვა ჩემ ადგილას არაფერს დაიკლებდა, მე კი ვირივით ვმუშაობ შინ და გარეთ და ზედმეტად ერთ თეთრსაც არ ვხარჯავ. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ ამას, ამიტომ ასეთ საყვედურს თქვენგან ვერ მივიღებ!
- მშვენიერია! - მოიშველია გიორგიმ თავისი საყვარელი სიტყვა, - როგორ უკადრისობს შენიშვნებს, ხომ ხედავ? - დედამისს მიუბრუნდა, - საყვედურიც არ უნდა, რომ ვუთხრათ, უკადრისობს. შენ მართლა და მართლა, ვინ გგონია შენი თავი?
- არავინაც არ მგონია. მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია. და, როგორც ხედავთ, არც თქვენს მილიონს გავუგიჟებივარ. მაგრამ თუ თქვენ ამას ვერ ხედავთ, მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე. ის ფული ჩემია და დღეიდან როგორც მომესურვება, ისე დავხარჯავ. რა გგონიათ, კარგი ცხოვრების გემო არ ვიცი თუ რა?
- ერთი ამას უყურეთ! - იყვირა გიორგიმ, - ხომ არ გავიწყდება, რომ ის ფული მამაჩემმა დაგიტოვა? ის რომ არა, ისევ ისეთი უნიფხვო იქნებოდი, როგორიც მოხვედი! უმადური ხარ და მეტი არაფერი! ნორმალური ადამიანი იცი, რას იზამდა? ცოტას დაიტოვებდა იმ ფულიდან მადლობის ნიშნად და დანარჩენს ჩვენ მოგვცემდა. მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი…
- მაგრამ შენ არა ხარ ჩემს ადგილას და ვერც ვერასდროს იქნები! - მეც ვიყვირე. - არ ამომადინეთ ეგ მილიონი ცხვირში? ჯერ ხელიც არ მიმიწვდება იმ თანხაზე და რომც შემეძლოს ხელის ხლება, თქვენ რატომ უნდა მოგცეთ? მე აგერ, შვილს ველოდები და მისთვის მინდა ყველაფერი, რაც მაბადია. მის მომავალზე უნდა ვიზრუნო. თქვენ რა, სხვა ვინმესთვის გინდათ, რაც გაქვთ? და ისიც, რაც ხვალ გექნებათ? თუ სულერთია ჩიჩუების ოჯახისთვის, ეს ბავშვი გაჩნდება თუ არა? იქნებ თქვათ, რომ თქვენი გვარის გამგრძელებელი არ იქნება?
გაგრძელება იქნება