და ველოდებოდი… გავიდა ერთი კვირა, მეორე დაიწყო… და… როგორც იქნა, ჩემი წამოსვლიდან ზუსტად მე-13 დღეს გამოჩნდა… მაგრამ მხოლოდ ქეთევანი. ლამის ატირებული მოვიდა. ჯერ მე ჩამეხუტა, მკოცნა, მეალერსა, მერე ბავშვს მივარდა, ხელში აიყვანა, აბურთავა, სულ "ბებო გენაცვალოსო" უძახა და როცა გული იჯერა, ძირს, თავის ნახატებიან ხალიჩაზე დასვა.
- როგორ ხართ, ნისა? - მკითხა, დივანზე ჩამოჯდა და ხელისგულები მუხლებზე დაიფინა.
- კარგად. თქვენ? - მშრალად ამოვთქვი.
- შენს მტერს, მე რომ ვარ. მთლად აიშვა ამ ბიჭმა. რაც თქვენ წამოხვედით, მას მერე გაცოფებულია, ახლოსაც არ მიკარებს. დაეთრევიან მისი უგვანო ძმაკაცები, ჩაიკეტებიან ოთახში და მიდიიი…
- და რას აკეთებენ? - დამცინავი ტონით ვკითხე.
- მე რა ვიცი… - ხელები აიქნია და მზერა ამარიდა.
მშვენივრად იცოდა, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ ჩემთან არ გატყდა. ახსოვდა, მის შვილს ნარკომანი რომ ვუწოდე, რა დღეც მაყარა.
- იცით, ქალბატონო ქეთევან, ძალიან კარგად იცით, რასაც აკეთებენ, მაგრამ მე სხვა რამ მიკვირს… რატომ ითმენთ?
შეცბუნებული მომაჩერდა. ფიქრობდა, რა ვუპასუხოო. მერე ამოიოხრა და მიმქრალი ხმით მკითხა:
- სხვა რა ვქნა? რა შემიძლია? საკუთარი ხელით ხომ არ დავაჭერინებ ერთადერთ შვილს?
- თქვენს ადგილას ზუსტად ასე მოვიქცეოდი. იქ წამალს მაინც გადააჩვევდნენ.
- და უარესი ნაძირალა გამოვა იქიდან, - დაასრულა ჩემი დაწყებული.
- ჯანმრთელი მაინც იქნება, ქალბატონო ქეთევან! რა გინდათ, დროზე ადრე მოკვდეს თქვენი ერთადერთი შვილი? ხომ იცით, რაც მოჰყვება მისი ცხოვრების ასე გაგრძელებას? დარწმუნებული ვარ, ციროზი თუ არა, ცე ჰეპატიტი მაინც ექნება. მისი ღვიძლი, ალბათ, დაშლის პირასაა მისული.
ამის გაგონებაზე მიტკლისფერი დაედო, ტუჩებთან ერთად ხმაც აუკანკალდა:
- ნეტავ მე მოვკვდებოდე. ამ ყველაფრის ყურება არ შემიძლია, - თქვა და სახე ხელებში ჩამალა.
მისი ყრუ ქვითინი გულს მიკლავდა. მეცოდებოდა ეს ქალი, მაგრამ მე რას ვუშველიდი?
- ჩემგან რას ითხოვთ? აქ რატომ მოხვედით?
მსწრაფლ ასწია თავი, ცრემლიანი თვალები მომაპყრო და ჩურჩულით მითხრა, თითქოს დიდ საიდუმლოს მანდობსო:
- უნდა დაბრუნდეთ… შენც და ბავშვიც… ბავშვს რომ დაინახავს, ეგებ მოეგოს გონს, ეგებ…
- თქვენ ამის გჯერათ? - ცივად გავაწყვეტინე, - მე არ მჯერა. ეს არ მოხდება. კუზიანს სამარის მეტი არაფერი გაასწორებს. ამდენი ხანი ტალახში ვიცხოვრე, ძლივს ჩამოვირეცხე და ახლა ისევ ტალახში დაბრუნებას მთხოვთ?
- რატომ ტალახში? - დაბნეულმა ამომხედა.
- სხვა რა ვუწოდო იმ ყოფას, რომელიც მის ხელში გამოვიარე? იცით თუ არა, რაც ვაკო გაჩნდა, ერთხელაც რომ არ მომკარებია? არ იცით. რაში მჭირდება ქმარი, თუ ჩემ გვერდით არ დაწვება და არ მაგრძნობინებს, რომ ქალი ვარ? რა, სილამაზე მაკლია თუ ჭკუა-გონება? თუ მის მეგობრებს ჩემზე უკეთესი ცოლები ჰყავთ? რამეში ხომ არ მადანაშაულებს შემთხვევით? ვერა, ვერ დამადანაშაულებს. იმიტომ, რომ მე ღირსეული მეუღლე ვიყავი და ვარ დღემდე, მაგრამ მან ეს არ შეიფერა.
სახეზე მუდარის მიმიკა აიფარა და დაიწუწუნა:
- უნდა გაუგო შვილო, უნდა აპატ…
- მეტი აღარ მითხრათ, ძალიან გთხოვთ. მას რომ ჩემი დაბრუნება უნდოდეს, თვითონ მოვიდოდა აქ თავისი ფეხით. თქვენ რატომ უნდა გამოგყვეთ? რა, თქვენ ხართ ჩემი ქმარი? ქმარს არ ვუნდივარ და თქვენ რაში მჭირდებით? ან მე რისთვის გჭირდებით? მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩენილი ფული გამომცინცლოთ? ეს არის თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი?
- ეს რა შუაშია, ნისა, ეს რამ გაფიქრებინა, - დაფეთებული სახე მიიღო, მაგრამ ვიცოდი, რომ მიზანში მოვარტყი.
- მაშინ თავი დამანებეთ. მე დაბრუნებას და მასთან შერიგებას არ ვაპირებ. ნამდვილად არ მინდა, ჩემს შვილს ნარკომანი მამა ჰყავდეს. წავიდეს, იმკურნალოს და მერე - კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩვენი თანაცხოვრების გაგრძელება.
- ხომ იცი, რომ ამას არ იზამს. როგორმე…
- მაშინ დავამთავროთ. მე მეტი სალაპარაკო არაფერი მაქვს. ხვალვე შევიტან განცხადებას განქორწინების თაობაზე.
- არა, არა, ძალიან გთხოვ, ამას ნუ იზამ! - ხელები გაასავსავა შეშინებულმა, - ყველაფერს დავკარგავთ, რაც გვაქვს, ხომ იცი? დაგავიწყდა, იმ საზიზღარ ანდერძში რაც წერია?
- არა, არ დამვიწყებია, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმის არ მეშინია. მეც დავკარგავ და თქვენც და ეს იქნება ყველაზე დიდი სამართლიანობა.
- მოდი, დაწყნარდი, ნისა, შვილო, გეხვეწები. თუ არ გინდა დაბრუნება, შენი ნებაა. როგორც გაგიხარდეს, ისე მოიქეცი, ოღონდ განქორწინება არ ახსენო. იცხოვრე შენთვის, ვინ გიშლის? ვერავინ გაიგებს, რომ წამოხვედი. არც ფულს გთხოვთ და არც არაფერს, ოღონდ ოფიციალურად მისი ცოლი გერქვას. ნუ დაგვღუპავ, შენ შემოგევლე, ისედაც ცეცხლი გვიკიდია.
სიმწრით გამეცინა. მაინც ფულს უტრიალებდა მისი გონება. ვინ იცის, იქნებ ერჩივნა კიდევაც, მოკვდომოდა შვილი და ქონება მას დარჩენოდა? გათხოვებას ამ ასაკშიც მოასწრებდა, რა პრობლემა იყო, მდიდარ ქვრივზე რომელი კაცი იტყოდა უარს? თავისზე ბევრად ახალგაზრდასაც კი გამოჰკრავდა ხელს. თუმცა ეს ჩემი არც სადარდებელი იყო და არც საზრუნავი. მე უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებდი.
განცხადება არ შევიტანე. დავინდე დედაც და შვილიც. ჩემი რა მიდიოდა? მრქმეოდა გათხოვილი ქალის სახელი, რომელი საყვარელი მე მყავდა ან მთხოვნელი, რომ ქორწინების მოწმობას ხელი შეეშალა?
სანამ წავიდოდა, ქეთოს დავემუქრე, თუ კიდევ ერთხელ მომთხოვთ ფულს ან რამეში ძალას დამატანთ, ეგრევე შევიტან განცხადებას-მეთქი.
ჩემმა მუქარამ გაჭრა. მას მერე ექვსი კვირა გავიდა და არავის შევუწუხებივარ.
ჰოდა, მეც გადავბარგდი ჩემი მამამთილის დანატოვარ სახლში. დავიქირავე ძიძა, ერთი ძალიან სანდომიანი გოგო, მირინდა და კარგი ხელფასიც დავუნიშნე, რომ მისი ნდობა მომეპოვებინა. გარდა ამისა, საჩუქრებსაც არ ვიშურებდი მისთვის. წესიერი გოგო იყო, სალომემ გამაცნო. მისი მეზობელი აღმოჩნდა. რამდენიმე წელი ძიძად უმუშავია და გამოცდილება არ აკლდა. ამიტომ, როცა სამსახურში მივდიოდი, მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, ბავშვს მირინდა არაფერს მოაკლებდა. მხოლოდ იმის მეშინოდა, გიორგის თავში "შარიკი" არ გადატრიალებოდა და ისეთ დროს არ მოგვდგომოდა სახლში, როცა მე სამსახურში ვიყავი. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა.
სამაგიეროდ, უარესი მოხდა. ერთ დღესაც ვიღაც უცნობმა დამირეკა, ქეთევანის მეზობელი ვარო და მაცნობა, თქვენი მეუღლე გიორგი ჩიჩუა გარდაიცვალაო. ყურებს არ ვუჯერებდი. კი ვიცოდი, რომ სიცოცხლეს ასე დაამთავრებდა, მაგრამ ჯერ არ ველოდი.
გული დამწყდა. არ მიტირია, მაგრამ ძალიან განვიცადე. რაც უნდა იყოს, ერთად გვიცხოვრია და კარგი რაღაცებიც მახსენდებოდა ჩვენი ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში.
რა თქმა უნდა, გავიგე თუ არა, მაშინვე გავქანდი. ქეთევანი ჩემ დანახვაზე აკივლდა, ჩემი საყვარელი რძალი მოვიდაო. გიორგი, შვილო, შეხედე, შენი სანაქებო ცოლი მოვიდა, ადექი, შეეგებეო და ცხრაასი ასეთი სისულელე…
ქალი ჭკუაზე არ იყო. მეც ამეტირა. გადავეხვიე დედამთილს და ორივე ერთად ავქვითინდით.
დიაგნოზი, როგორც ხდება ხოლმე, ჭარბი დოზის მიღება იყო. ლიფტში გათიშულა. თავის ძმაკაცებთან ერთად ყოფილა. როცა დაეცა. იმათ შეეშინდათ, არ დაგვიჭირონო და სასწრაფოს არ გამოუძახეს. სასწრაფოს გამოძახება კი არა, იქვე მიაგდეს და გაიქცნენ თურმე. მერე მეზობელს უპოვია შემთხვევით ლიფტის კარში გახიდული. როცა საავადმყოფოში მიიყვანეს, უკვე გარდაცვლილი ყოფილა.
აი, ასე დაამთავრა ცხოვრება კაცმა, რომელსაც შეეძლო ამქვეყნად ყველაფერი ჰქონოდა, მაგრამ არც ერთი თავისი შესაძლებლობა არ გამოიყენა. ტვინში უჭირდა და იმიტომ. თავის დროზე შრომას რომ არ შეაჩვიეს და ფუფუნებაში გაზარდეს, იმიტომ. კაცი, რომელსაც არავის სიყვარული არ შეეძლო, ღვიძლი შვილისაც კი. აბა, ასეთ ადამიანს რა მომავალი უნდა ჰქონოდა?
გიორგი გარდაიცვალა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მთელი ქონება ქეთევანს დარჩა, მე კი გულზე მომეშვა მხოლოდ იმიტომ, რომ არსაიდან ქმრის თავდასხმას არ ველოდებოდი. ამიერიდან შემეძლო ჩემს შვილთან ერთად მშვიდად მეცხოვრა.
ფულს ყაირათიანად ვხარჯავდი. სულაც არ მეტყობოდა, ამხელა თანხის პატრონი რომ ვიყავი. მართალია, მილიონერი უკვე აღარ მერქვა, რადგან ჩემს მილიონს "კაპიკი" უკვე დააკლდა, მაგრამ რაც დარჩა, მთელი სიცოცხლე მეყოფოდა, სულ რომ არ გამენძრია ხელი. მიუხედავად ამისა, მუშაობას ვაგრძელებდი, ბანკისთვის თავი არ დამინებებია.
ქეთევანი ხანდახან მოვიდოდა, გვინახულებდა. მას ახლა მართლა არ ჰყავდა ჩვენზე ახლობელი არავინ. ერთხელ ისე, სხვათა შორის ახსენა, მის ქონებაზე პრეტენზია ხომ არ მექნებოდა. მე ჩავიცინე და დავამშვიდე, თქვენგან არაფერი მინდა, რაც გაქვთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ-მეთქი.
გაგრძელება იქნება