მას მერე მთელი კვირა ისე გავიდა, დენიელი არ გამოჩენილა. ცოტა არ იყოს, მოუსვენრობა დამჩემდა. რომ ვთქვა, არ ვიცი, რატომ-მეთქი, ალბათ გაგეცინებათ. მართალიც იქნებით. ვიცოდი, რატომაც. დენის გაუჩინარებამ შემაწრიალა. სამსახურიდან გამოსული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს, იქნებ სადმე იყოს ჩასაფრებული-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ერთხელაც ვერ მოვკარი თვალი. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ნებისმიერ კლიენტს, რომელიც უნდა მიმეღო, მოუთმენლად ველოდი იმ იმედით, რომ სიურპრიზს მომიწყობდა და ბანკში გამომეცხადებოდა. არც ეს ვარაუდი გამიმართლდა.
ბოლოს ბედს შევეგუე. ჩემი თავი დავარწმუნე იმაში, რომ პირად ცხოვრებაში არ მიმართლებდა. ბედი ერთს ყველაფერს ჩუქნის, სხვებს კი მხოლოდ სესხად აძლევს. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. ჯერ დემნა მასესხა, მერე გიორგი, ბოლოს - დენიელი და ამით ამოწურა. თუმცა ვაღიარებ, რომ მხოლოდ ბედი არაფერ შუაში იყო, ბევრ რამეში მე თვითონ დავაშავე. მაგალითად, იმაში, რომ დემნას სათანადო ყურადღება არ დავუთმე, გიორგის კი საკუთარი სურვილით მივახტი, რადგან ფულს დავხარბდი. ჰო, ფულს… ეს ხომ ფაქტია. რომ არა ის ანდერძი, გიორგის ვერასდროს შევხვდებოდი, ცოლად გაყოლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არა, არა, შტერი, თავქარიანი და უტვინო სულაც არ ვარ, მაგრამ ჭკვიანს და წინდახედულსაც შეიძლება ერთხელ ფეხი დაუცდეს. დაუცდეს და ისე მტკივნეულად დაენარცხოს, რომ წამოდგომა დიდხანს ვერ შეძლოს.
სამაგიეროდ, გიორგისგან ვაკო დამრჩა - ჩემი სიცოცხლის მიზანი და ჩემი მომავლის ყვველაზე ნათელი წერტილი. თუნდაც მის გამო ღირდა იმ რისკზე წასვლა, გიორგიზე გათხოვებით რომ გავწიე.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დენიელის შემთხვევაში რა შემეშალა? რა ვერ გავაკეთე ისე? შეიძლება ვცდებოდი და იმ კაცს სულაც არ ვყავდი მიზანში ამოღებული? იქნებ მომეჩვენა, რომ ჩემი გაცნობა სურდა და ამისთვის დამდევდა? იქნებ მართლა შემთხვევითობა იყო ჩვენი უცნაური გაცნობა და შემდეგ განვითარებული მოვლენები? და თუ ასე არ იყო, მაშინ სად გაქრა? მე რა ვიცი… ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არ არის გამორიცხული, რომ მანქანა დაეჯახა ან ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა და დაჭრეს, ან სულაც სიცოცხლეს გამოასალმეს…
აი, ასეთ უაზრო რამეებზე ვფიქრობდი იმ დღეებში. ვარაუდს ვარაუდზე ვაგებდი, პასუხი კი არსაიდან ჩანდა.
ამასობაში ცუდი ამინდი დამთავრდა და მზიანი დღეები წამოვიდა. მიკვირდა კიდევაც, პირველი შემთხვევაა, მაისში წვიმა რომ სანატრელი გახდა-მეთქი. გაზაფხული უკვე მთავრდებოდა და მე ახლა გამოვიგაზაფხულე. ლაბადა გავიხადე და პიჯაკზე გადავედი. როგორც ადრე ვთქვი, შავები არ მეცვა, მაგრამ მაინც მუქი ფერის სამოსით დავდიოდი. რატომღაც, ნაცრისფერი და ყავისფერი ამოვიჩემე. ვერ ვიტყვი, რომ ან ერთი მიხდებოდა ძალიან, ან მეორე, მაგრამ მაინც ამ ფერებით ვიმოსები. სამაგიეროდ, პიჯაკი ამოვიჩემე ლურჯი, რაც მართლა მომიხდა. ნაცრისფერ შარვალსა და ამავე ფერის პერანგთან ერთად ლუჯი პიჯაკი უგემოვნოდ სულაც არ გამოიყურებოდა. მით უფრო, რომ ბანკში ფორმა არ გვეცვა, არც ფერების დრეს-კოდი იყო შემოღებული. პირიქით, თავისუფალი ჩაცმის სტილი გვქონდა. ჩვენმა დირექტორმა ჯინსი რომ ჯინსია, ისიც კი დაუშვა, ოღონდ ექსპერტებისთვის - ასე უფრო მეტ ნდობას აღძრავთ კლიენტებშიო.
ჩვენც გავიჯეჯილეთ. ვინ როგორი ჩაცმული დადიოდა სამსახურში, არ მკითხოთ. ქალებმა ისე მოიღეღეს მკერდები, კაცები პირდაპირ ძუძუების ღარებში უძვრებოდნენ მზერით, მამაკაცებმა კი წვერი მოუშვეს და ასე გაისიმპათიურეს თავი. ჩვენი ბიჭები ერთად თავშეყრილი რომ ენახა ვინმეს, მოჯაჰედების საიდუმლო ჯგუფში ამოვყავი თავიო, იფიქრებდა.
ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, ქვრივობაც მომიხდა და დედობაც. რაც დღე გადიოდა, უფრო და უფრო ვლამაზდებოდი. თვითონაც კი მიკვირდა, ისე გარდავიქმენი. ცოტა წონაში მოვიმატე, მკერდიც გამეზარდა და ერთბაშად ძალზე თვალში საცემი ქალი გავხდი. ვერ ვიტყვი, არ მიხაროდა-მეთქი, თუმცა კეკლუცობა არ დამიწყია. ცხოვრებას ძველებურად ვაგრძელებდი, არც არავის ვეპრანჭებოდი და არც არავის გამოჭერას ვცდილობდი, მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები არ მაკლდა. მაკლდა კი არა, პირიქით, მათმა რიცხვმა იმატა. უკვე ყველამ იცოდა, რომ მდიდარი ქვრივი ვიყავი, ამასთან - ლამაზიც და წინ რა დაუდგებოდათ? პირველი, ვისაც ჩემთან დაახლოების სურვილი გაუჩნდა, ჩვენი დირექტორი იყო, რომელსაც ერთი დუჟინი ცოლ-შვილი ჰყავდა. პირველი ცოლისგან - ოთხი შვილი, მეორისგან - ორი. მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი, ჩემთვის ნიადაგი მოესინჯა.
სამწუხაროდ, პირველსავე მცდელობაზე მოეცარა ხელი. მის შემპარავ წინადადებას, საღამოს ერთად ვივახშმოთო, სალი კლდესავით შევხვდი და ისეთი "როჟა" შევუკერე, საუბრის გაგრძელების სურვილი წავართვი. რა თქმა უნდა, ჩემს რეაქციას სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა - მას არ გაუჭირდებოდა მიზეზის გამოძებნა და ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება, მაგრამ ეს არც უცდია და არც გაუკეთებია. მეც დავუფასე. სამსახურში არავის გაუგია მისი მცდელობის ამბავი. ნამუსი შევუნახე.
სხვა ერთი-ორიც იყო კოლეგებიდან, ოღონდ არა ჩვენი ფილიალიდან. ჩვენ, ბანკირებს, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სხვა ფილიალის თანამშრომლებთან. მე რომ ფული "ჩეჩქივით" მქონდა, ეს ამბავი უკვე აღარ იყო ახალი, მით უფრო, ბანკში მომუშავე პერსონალისთვის. ჰოდა, წამოვიდა და წამოვიდა წინადადებები. ზოგი რესტორანში მეპატიჟებოდა, ზოგი გაცილებას მთავაზობდა. უფრო ჭკვიანები საქმიანი წინადადებით ცდილობდნენ ჩემთან დაახლოებას, მაგრამ არავის ახლოს არ ვიკარებდი. ამას დენიელის გამოჩენაც დაერთო, რამაც ისედაც უკარება უარესი უკარება გამხადა.
არ ვიცი, რატომ დამაინტერესა ამ ბიჭმა ასე, მაგრამ ფაქტია, დღე იყო თუ ღამე, მასზე ვფიქრობდი. სულ თვალწინ მედგა მისი სახე, მისი ღიმილი და ხმა, ძველი ნაცნობივით რომ მომიკითხავდა ყოველ შეხვედრაზე, როგორ ბრძანდებითო.
და აი, როგორც იქნა, ერთი კვირის თავზე ისევ გამოჩნდა. თან ისე მოულოდნელად, როგორც პირველი შეხვედრისას.
სამსახურიდან წამოსულმა სუპერმარკეტში შევიარე, ვაკოსთვის ხილი და ფაფის მასალა უნდა მეყიდა. შევარჩიე ვაშლი, ბანანი და ფაფებზე გადავედი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვადიანობას ვამოწმებდი, რომ დაძველებული ჰერკულესი არ მეყიდა. ჰერკულესის ფაფას ყველაზე გემრიელად მიირთმევდა ჩემი ბიჭი.
- ქლიავით აიღეთ, ბავშვისთვის ეს ძალიან მარგებელია, - მომესმა უეცრად ზურგს უკან.
გაოცებულმა მოვიხედე და დენი არ შემრჩა ხელში? უნებურად გამეღიმა. არ ვიცი, თვითონ მიმიხვდა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ეს სიხარულის ღიმილი იყო. შეიძლება თვალებიც კი გამიბრწყინდა, რა ვიცი.
- თქვენ? - უნებლიეთ აღმომხდა და კინაღამ დავამატე, სად დაიკარგეთ-მეთქი, თუმცა დროზე დავაჭირე ენას კბილი.
- მე, - თავი თვითონაც ღიმილით დამიკრა, ჯენტლმენურად, ყველა კაცს რომ არ შეუძლია, ისე, - თქვენი მონა-მორჩილი დენიელი.
- მეც ზუსტად ქლიავნარევის ყიდვას ვაპირებდი და ატმისას კიდევ, - ვუთხარი და ჰერკულესის ფერადი ყუთებით სავსე თაროს ავხედე.
- კომბინირებულიც არ იქნება ურიგო. - დაამატა დენიმ.
- მართალი ხართ, არ იქნება ურიგო. - მომენტალურად დავეთანხმე და სამივე სახეობის ფაფის მასალას რკინის კალათაში ვუკარი თავი.
- ნახეთ, ვადაგასული არ იყოს, - საჩვენებელი თითი კალათას მიაშვირა დენიელმა.
- უკვე შევამოწმე, - მივუგე და მხოლოდ ახლაღა დამკრა თავში, ამან საიდან იცის, ამ ყველაფერს ბავშვისთვის რომ ვყიდულობ-მეთქი.
ამის აღმოჩენამ ცოტა დამაფეთა. სახეზე წამოვწითლდი, ისე ავღელდი.
- თქვენ საიდან იცით, მე რომ ბავშვი მყავს? - ჯიქურ მივაჩერდი და შევეკითხე.
მან მხრები აიჩეჩა, თან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.
- კაცი თუ მოისურვებს, საინტერესო ქალზე საინტერესო ამბებს ყოველთვის გაიგებს.
- აჰააა… - თავი დავაკანტურე, - ესე იგი, საინტერესო ქალი მე ვარ?
- ამაში ეჭვი გეპარებათ? - ხელები ზურგს უკან დაიწყო და ოდნავ წინ გადმოიხარა, თითქოს ყური უფრო ახლოს მოიტანაო.