რა პასუხი გამეცა? არა-მეთქი, რომ მეთქვა, იფიქრებდა, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვსო. კი-მეთქი და… ეს ვინ ყოფილაო, იტყოდა, ამიტომ მისი კონტრშეკითხვა უპასუხოდ დავტოვე. უპასუხოდ და უღიმილოდ.
_ მეც ვიცი, რომ არ გეპარებათ, _ დასკვნა თავად გამოიტანა, _ ყველამ იცის, რომ ძალიან, ძალიან საინტერესო მანდილოსანი ბრძანდებით, _ და თავის ნათქვამს ფამილარული ღიმილი მოაყოლა.
აი, ეს კი არ მომეწონა. აქამდე თითქოს რაღაცით გამოირჩეოდა სხვა კაცებისგან, ახლა კი ამაში ეჭვი შემეპარა. ესეც სხვებისნაირია-მეთქი, გავიფიქრე და სალაროსკენ დავიძარი.
_ ცუდად არ გამიგოთ, ნისა, _ გვერდით გამომყვა, _ არ იფიქროთ, რომ თქვენზე ინფორმაციას ვაგროვებდე. არა, არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ, მე და თქვენ ერთი საერთო ნაცნობი გვყავს და ესაა მიზეზი, რომ მცირე რაღაცები ვიცი თქვენზე.
_ ვინ საერთო ნაცნობი? _ შევჩერდი და გამგმირავი მზერით მივაჩერდი.
_ ოღონდ ახლა ნუ მეთქმევინებთ, ძალიან გთხოვთ. სხვა დროს გეტყვით, მაგრამ ახლა ვერა. არ მინდა იმ ადამიანს რამე ვავნო.
_ სხვა დროს? _ თვალები მოვწკურე, _ რას გულისხმობთ სხვა დროში? ჩემთან კიდევ ერთხელ შეხვედრას?
_ უფრო მეტს. კიდევ ბევრჯერ შეხვედრას.
_ როგორი თავდაჯერებული ყოფილხართ, _ ირონიულად ჩავიცინე.
_ თავდაჯერებული რომ არ ვიყო, უფრო მოგეწონებოდით?
_ საიდან მოიტანეთ, რომ საერთოდ მომწონხართ?
_ ყოველ შემთხვევაში, არმოწონებაც არ შემიმჩნევია თქვენი მხრიდან.
_ რახან ასეა, დღეიდან შემამჩნევთ! _ ამაყად მივუგე და სალაროსთან რიგში ჩავდექი.
თითქოს რაღაცით განვიხიბლე. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი გამიცრუა. რატომღაც, დენი ძალზე ბანალური მეჩვენა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც აქამდე იყო, როგორც თავიდან იქცეოდა. ამიტომ ერთი სული მქონდა, თავი დაენებებინა ჩემთვის და თავისი გზით წასულიყო.
თუმცა გარეთ გამოსულს კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა.
_ ნისა, შეიძლება სახლამდე მიგაცილოთ? _ წინ გადამიდგა და ორი სავსე პარკის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ არ დავანებე.
_ ტაქსი უკვე გამოიძახეთ? _ ამრეზით ავხედე ჩემ წინ კლდესავით აზიდულს.
_ არა, ამჯერად ჩემი მანქანით ვარ, _ მითხრა, დისტანციური მართვის პულტი წინ გაიშვირა და თითი მიაჭირა. რამდენიმე მეტრში შავი ჯიპი აჭყვიტინდა. ისეთი კრიალა `ნისანი~ იყო, თვალები გამიფართოვდა.
_ მოდი, ნუღარ ვიკამათებთ და პატარა ბავშვებივით ნუ მოვიქცევით. მხოლოდ სახლამდე მიგაცილებთ და მორჩა, _ ამ თხოვნას ისეთი მუდარა გაურია ხმაში, რომ… დავეთანხმე.
ალბათ, ესეც ბედისწერა იყო. თვითონაც არ ვიცი, რამ მომიარა.
მართლაც, სახლამდე მიმიყვანა. თქვენ წარმოიდგინეთ, მისამართი არც მითქვამს, ესეც კი იცოდა. ამჯერად აღარ მიკითხავს, ჩემი მისამართი საიდან იცით-მეთქი. ისედაც დღესავით ნათელი იყო ყველაფერი.
_ დიდი მადლობა და ნახვამდის, _ ცივად წარმოვთქვი და მანქანიდან გადავედი.
_ შეხვედრამდე, ნისა! _ ყურებამდე გაღიმებული დამემშვიდობა და რამდენიმე ნაბიჯით დავშორდი თუ არა, მომაძახა, _ 13 მაისს გნახავ!
ეს შოკის მომგვრელი ფრაზა იყო. ადგილზე გავხევდი. კინაღამ გამცვივდა ხელიდან ჩემი სანოვაგით დატვირთული პარკები. მძიმედ მოვტრიალდი და ყურადღებით შევხედე, მან კი ხელი დამიქნია და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
თურმე 13-ის შესახებაც სცოდნია. საიდან ამდენი რამ? ვისგან გაიგო? მართალია, სამსახურშიც ხშირად ვხუმრობდი ცამეტ რიცხვზე, მაგრამ არ მეგონა, სხვები ამას დიდ ყურადღებას თუ მიაქცევდნენ. ვისგან უნდა მიცნობდეს? რომელ ჩემს თანამშრომელთან აქვს ურთიერთობა? სალომესთან? დემნასთან? იქნებ ჩემს მენეჯერთან ან, სულაც, დირექტორთან?
ესეც ახალი თავის ტკივილი! ამ კაცთან ურთიერთობა თუ გავაბი, სინქრონული რომანი გამოგვივა, ვფიქრობდი ჩემთვის, სანამ შინ შევიდოდი. მან ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ. ალბათ ისიც, რა მიყვარდა გამორჩეულად ან რით ვიკვებებოდი.
ერთბაშად შიში ვიგრძენი. არც ის ვიცოდი, ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რითი ცხოვრობდა და უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოღწევას ლამობდა, რაშიც მეც შევუწყვე ხელი. ყველაფერი გააკეთა, რომ მისით მოვხიბლულიყავი, ბოლოს კი ის სასიამოვნო პეიზაჟი, რომელიც აქამდე დამიხატა, ფუნჯის ერთი მოსმით გააუბრალოვა თუ დააუშნოვა. არც ვიცი, რა დავარქვა.
დღეები გადიოდა, მე კი მაინც მასზე ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრა ჩემი იმედგაცრუებით დასრულდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი მობილურის ნომერიც იცოდა, ამიტომ წარამარა მის ეკრანს დავჩერებოდი. რატომღაც, მეგონა, რომ 13 მაისამდე აუცილებლად დამირეკავდა და თავს შემახსენებდა. ის კი არა და არ რეკავდა. არც სახლთან გამოჩენილა უცაბედად, არც სუპერმარკეტში და არც სამსახურის სიახლოვეს. თითქოს ცამ ჩაყლაპა… იქნებ მიწამაც. ისღა დამრჩენოდა, დათქმულ დროს დავლოდებოდი, თანაც მტკიცე გადაწყვეტილებით _ მასთან საბოლოოდ გამეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა _ მისალმებიდან დაწყებული დამშვიდობებით დამთავრებული. არანაირი სურვილი არ მქონდა, კიდევ ერთხელ დამეშვა შეცდომა და სისულელე ჩამედინა.
თუმცა მასზე მაინც ვფიქრობდი. კარგს არაფერს, მაგრამ მაინც ვფიქრობდი. თითქოს ფიქრებში ჩამისახლდა, მოსვენება დავკარგე.
არადა, სიმპათიური ყმაწვილი იყო, ყველა გოგო რომ ინატრებდა ისეთი. თანაც, ძვირფასი მანქანით დადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღარიბი სულაც არ იყო. არა მგონია, ნათხოვარი ჯიპით მომდგომოდა და ამით ჩემ წინაშე `ემარიაჟა~. ტანსაცმელიც ხომ არ ექნებოდა ნათხოვარი? გემოვნებითაც ეცვა და მდიდრულადაც. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი ბიჭი არ იყო, აშკარად გამოირჩეოდა ბევრისგან. ისეთი იყო, ქალების უმრავლესობას რომ მოეწონებოდა. სწორედ იმ უმრავლესობას მივეკუთვნებოდი მეც. მოხიბლული ვიყავი, თუმცა მისი პროვნების უკან ვინ იმალებოდა, წარმოდგენა არ მქონდა და სწორედ ეს მაშინებდა.
ვინ იცის, იქნებ მანაც იცოდა ჩემი საბანკო ანგარიშების ამბავი და ამიტომ ცდილობდა ჩემთან დაახლოებას? რატომაც არა? თუ ერთი საერთო ნაცნობი გვყავდა, როგორც თვითონ მითხრა, გამორიცხული სულაც არ იყო. ამიტომ სიფრთხილე უნდა გამომეჩინა.
13 მაისიც გათენდა. ერთი სული მქონდა, მირინდა როდის მოვიდოდა, რომ სამსახურში გავვარდნილიყავი. მაინტერესებდა, ამჯერად რა სიურპრიზს მომიზადებდა დენიელი, სად და როგორ გამომეცხადებოდა მოჩვენებასავით. მირინდა არასდროს იგვიანებდა, თუმცა მე მაინც ეკლებზე ვიჯექი, სანამ კარს შემოაღებდა. ის კი დროზე მოვიდა, მაგრამ მე ჩემი დამემართა.
მას ჩემი აფორიაქება არ გამოჰპარვია.
_ ცუდად ხომ არ ხარ? _ გაოცებული შემეკითხა, _ ფერი არ გადევს სახეზე.
_ არა, არაფერი, მირინდა. უბრალოდ, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე და კარგად ვერ გამოვიძინე.
_ კაი რა, სიზმრების ნუ გჯერა, სისულელეა. ვაკოს სძინავს?
_ კი, ჯერ სძინავს. აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ, _ თბილად შევხედე, _ შენ რომ მის გვერდით ხარ, არ იცი, როგორ მშვიდად ვგრძნობ თავს, საერთოდ არ ვნერვიულობ.
_ მადლობა, ნისა. გარდა იმისა, რომ ეს ჩემი მოვალეობაა, ორივენი ძალიან მიყვარხართ. ასე მგონია, ჩემი ოჯახის წევრები ხართ.
_ ასეცაა, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს.
_ ის მანქანა, გარეთ რომ დგას, შენ ხომ არ გელოდება? _ მოულოდნელად ხელი ქუჩისკენ გაიშვირა ვაკოს ძიძამ და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
ვიგრძენი, ცივმა ოფლმა როგორ დამასხა.
_ რა მანქანა?
_ შავი ჯიპია, პირდაპირ ჭიშკართან დგას.
დავბარბაცდი. არ მინდოდა მირინდას რამეზე ეჭვი აეღო, ამიტომ გულგრილი სახე მივიღე:
_ ა, კლიენტია ჩემი, სესხს ვუკეთებ და მომაკითხა, ალბათ. გუშინ ტვინი გამომილაყა, იმდენჯერ დამირეკა, ხვალ მჭირდება თანხა და სესხის დამტკიცება როგორმე დამიჩქარეთო. _ ჩქარ-ჩქარა წარმოვთქვი და გასასვლელისკენ დაბნეული დავიძარი, _ წავედი და შენ იცი. საღამომდე!
არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მირინდა ფანჯრიდან არ მითვალთვალებდა, ამიტომ ჭიშკრიდან გავედი თუ არა, მაშინვე ჯიპისკენ ავიღე გეზი. დენიელს მანქანის კარი გამოეღო და მძღოლის სავარძელზე მიწოლილი ჩემს გამოსვლას ელოდებოდა.
_ აუცილებელი იყო სახლში მომდგომოდით? _ კოპებშეკრულმა შევხედე.
_ აბა, სამსახურიდან გამოსული შეიძლება არც გამომლაპარაკებოდით და ავტობუსში ამხტარიყავით.
_ და აქ რისი იმედი გაქვთ?
_ იმის, რომ აქ ავტობუსი არ გამოივლის, ქვემოთ უნდა ჩახვიდეთ. გარდა ამისა, თქვენი ძიძის მოგერიდებათ, ალბათ და უარს არ იტყვით, მანქანაში ჩამიჯდეთ.
_ ეს რა, შანტაჟია?
_ ვააა, ეს ქალები რანაირები ხართ! _ ხელები გაასავსავა დენიმ, _ ადამიანურად მოვედი, სამსახურამდე მინდა მიგაცილოთ, თქვენ კიდევ… რა დავაშავე, რამე საბაბი მოგეცით, ასე მტრულად რომ მხვდებით?
ხმა არ გავეცი, წინა სალონის კარი გამოვაღე და დავჯექი.
_ დილა მშვიდობისა, ნისა! _ სიცილით მომესალმა, _ არ გიხდებათ ასე გაბრაზება, მართლა გეუბნებით.
მისალმებაზეც არ ვუპასუხე. კუშტი სახით წინ ვიყურებოდი და მის სიტყვებს აინუნშიაც არ ვაგდებდი.
მანქანა დაიძრა. კარგა ხანს ხმა არ ამომიღია. არც თვითონ ამბობდა არაფერს, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა:
_ რატომ დამატეხეთ თქვენი რისხვა თავს, რა დაგიშავეთ? _ მკითხა და სიჩქარე შეანელა.
_ არაფერი, _ ყრუდ მივუგე, _ მაინცდამაინც უნდა დაგეშავებინათ?
_ აბა, რატომ მერჩით?
_ იმიტომ, რომ არ მომწონს, ასე რომ დამდევთ კუდში!
_ ვააა! ეს დანაშაულია? ლამაზ ქალს მოემსახურო, ეს დანაშაულია? გეკითხებით.
_ არ მჭირდება თქვენი მომსახურება, მე ეს არ მითხოვია. ძალიან გთხოვთ, ამას იქით აღარ გამოჩნდეთ ჩემ სიახლოვეს! საერთოდ დამივიწყეთ, კარგი? _ ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა.
_ და რას ვაშავებ?
_ დაშავებაზე არ არის. მე ქვრივი ვარ, მეუღლე წელიწადზე ცოტა მეტია, რაც გარდამეცვალა. არ არის ლამაზი, ჯიპებით რომ დავგრიალებ სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში!
_ ნუ იტყუებით, ნისა! სამსახურიდან სახლში მე თქვენ მანქანით არ მიმიყვანიხართ. არც ერთხელ.
_ ღმერთო ჩემო, ეს ხომ სიტყვის მასალად ვიხმარე! მშვენივრად ხვდებით, რაც ვიგულისხმე!
გაგრძელება იქნება