ერთ საღამოს, აფთიაქიდან გამოსულმა თითქოს კუთხეში დენიელს მოვკარი თვალი. ამან ისე შემაშინა, მთელი სხეულით ავკანკალდი. თურმე ტყუილად მეგონა, რომ მისი გამოჩენა გამახარებდა. ლამის სირბილით შემოვედი სახლში და იმწამსვე იმ გამომძიებელს დავურეკე, ვინც ჩვენი ბანკის გაძარცვის საქმეს იძიებდა. მისი სავიზიტო ბარათი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ახლაც კი საფულეში მედო. თუმცა ამაში დაუჯერებელი არაფერია. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემს არამინიატურულ საფულეში უამრავ სავიზიტო ბარათს მოუყრია თავი, ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, სილამაზის სალონით გაგრძელებული, სარიტუალო ბიუროს მომსახურებით დამთავრებული…
მობილურის ნომერი ავკრიფე და მიპასუხა თუ არა, წარბებგადაბმული მაიორის გამოლენჩებული სახე მაშინვე თვალწინ დამიდგა.
- გისმენთ!
- გამარჯობათ, ბატონო მამუკა.
- ააა, ბანკის ნისა, არა? - მისალმების დამთავრებაც არ მაცალა გამომძიებელმა, -კრედიტოფიცერი თუ რაღაც ამგვარი, თუ არ ვცდები, - და გადაიროხროხა, ოღონდ არ ვიცი, ამაში სასაცილო რა იყო.
- დიახ, მე გახლავართ.
- ხომ მშვიდობაა თქვენს ბანკში? კიდევ ხომ არ დაგესხნენ თავს?
- არა, რა თქმა უნდა.
- კარგია, კარგი, - ისევ უაზროდ გაიცინა, - თორემ იმდენი საქმე მაქვს შემოტენილი, კიდევ ერთ ძარცვას ვეღარ აუვიდოდი.
როგორი უნიჭო გამომძიებელიც იყო, ხუმრობაც ისეთი უნიჭო ჰქონდა. ვაცალე, სანამ ლაზღანდარობას მორჩებოდა, მერე კი ავუხსენი, რატომაც ვურეკავდი.
- იცით? მგონი, ვიცი, იმ მძარცველთაგან ერთ-ერთი ვინც იყო.
მის მობილურში მცირეხნიანი პაუზა დადგა.
- ალო, მისმენთ?
- გისმენთ, გისმენთ. განაგრძეთ, ნისა. ვინ არის, საიდან იცნობთ და ასე შემდეგ.
- ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ გუშინ ავტობუსის გაჩერებაზე დავაფიქსირე, სწორედ ისეთი სვირინგი ჰქონდა, როგორიც იმ ერთს, მე რომ მოგიყევით.
- რა, რა ჰქონდა?
უკვე ნერვებს მიშლიდა ეს გამოყეყეჩებული მაიორი, მაგრამ რადგან დავიწყე ლაპარაკი, გაჩერებას აზრი არ ჰქონდა.
- აი, მაშინ რომ გითხარით, ერთს მაჯაზე ტატუ ჰქონდა-მეთქი…
- ააა, გამახსენდა. კი, როგორ არა, მითხარით. მერე, მერე? სად შეგხვდათ?
- ავტობუსის გაჩერებაზე.
რატომ ვიტყუებოდი ასე მწარედ, არ ვიცი. რატომ დავმალე, რომ გუშინ კი არა, კარგა ხანია, შემხვდა და ვიცნობდი კიდევაც. თავს ვიზღვევდი? თვითონაც ვერ გამეგო.
- გამოელაპარაკეთ?
- რას ამბობთ! ღმერთმა დამიფაროს! მაგას როგორ გავბედავდი, ბატონო მაიორო! მაგრამ მანქანის ნომერი ჩავიწერე, რომელშიც ჩაჯდა.
- მდაა! ეს კარგია, კარგი. მოდი, ასე ვქნათ. ხვალ შეგიძლიათ განყოფილებაში მოხვიდეთ?
- მმმ… ალბათ, შევძლებ. რომელი საათისთვის?
- დილიდან ნებისმიერ დროს, თუმცა მაინც დამირეკეთ წინასწარ, რამე გადაუდებელი საქმე არ გამომიჩნდეს და დაწვრილებით გავიაროთ ყველაფერი, შევთანხმდით?
- კი ბატონო, დაგირეკავთ და გამოვალ. ნახვამდის.
ტელეფონი გავთიშე და თავი გავაქნიე. ასეთ ლენჩს რა უნდა გამოეძიებინა? კაცმა ის არ იცოდა, ტატუს რომ სვირინგი ჰქვია და ბანდიტის დამჭერი იყო? დარწმუნებული ვიყავი, თითსაც არ გაანძრევდა დენიელის დასაჭერად, მისი ზუსტი მისამართიც რომ მიმეცა. მაგრამ მაინც უნდა მეცადა. დენის თავიდან თუ არ მოვიცილებდი, აშკარად გავებმებოდი მის მაცდუნებელ მახეში და თავს შემაყვარებდა.
ვაკო დავაძინე და ის იყო, კომპიუტერს ჩავუჯექი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. არავის ველოდებოდი, უკვე ცხრა საათი გადასული იყო, ამიტომ კართან მისულმა ხმადაბლა ვიკითხე:
- ვინ არის?
- თქვენს სახელზე შეკვეთაა, - გაისმა მამაკაცის ხმა.
შეკვეთა? ამ დროს? მაგრამ მე რომ არაფერი შემიკვეთია?
- რა შეკვეთა? - ვიკითხე და სათვალთვალოში გავიხედე, საიდანაც მხოლოდ უზარმაზარ ბუკეტს მოვკარი თვალი.
- გააღეთ, თუ შეიძლება! - ისევ იმავე ტონით გაისმა უცნობის ხმა.
გავაღე. წამითაც არ დამიშვია, რომ მორიგი სიურპრიზი მელოდა.
პარმაღზე დენიელი იდგა ვარდების ვეებერთელა თაიგულით. ელდა მეცა, მაგრამ მხოლოდ წამით დამრია შიშმა ხელი, მაშინვე თავი ხელში ავიყვანე და მომაკვდინებელი მზერა ვესროლე, რომელიც საგანგებოდ მისთვის მქონდა შემონახული.
- რისთვის მოხვედი?
- არ შემომიშვებ?
- არა.
- რატომ?
- ვინმემ დაგპატიჟა? - შეუვალი ვიყავი.
- დაპატიჟების გარეშეც მიდიან მეგობრები ერთმანეთთან სტუმრად.
- შენ ჩემი მეგობარი არ ხარ.
- სამაგიეროდ, შენ ხარ ჩემი მეგობარი.
- წადი აქედან, ბავშვი ახლახან დავაძინე, არ გამიღვიძო. - მტრული მზერა ვესროლე.
- ოოო, მაშინ ჩუმად ვილაპარაკოთ. კარგი, გეყოფა, ნისა, არ გიხდება ასეთი სიმკაცრე. აჰა, გამომართვი! - და თაიგული ხელში მომაჩეჩა.
სანამ აზრზე მოვიდოდი, მხრებში წამეტანა, განზე მიმწია და სახლში შემოაბიჯა.
ღრმად ამოვიოხრე და ბედს მივნებდი. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ მომკლავს ბავშვიან ქალს-მეთქი, გავიფიქრე.
დენიმ ჰოლი გაიარა და სასტუმრო ოთახში შევიდა, თან აქეთ-იქით იყურებოდა, ყველაფერს ათვალიერებდა და მოწონების ნიშნად უსტვენდა.
- ძალიან გთხოვ, ბავშვი არ გამიღვიძო! - კიდევ ერთხელ გავუმეორე.
- ბოდიში, ბოდიში, - ხელები გაშალა და სავარძელში ჩაჯდა, ჟურნალების მაგიდასთან რომ იდო. მერე წინ გადაიხარა და მოდის ჟურნალის თვალიერება დაიწყო. თავისი განუყრელი შავი სვიტერი თეთრი პერანგით ჩაენაცვლებინა.
ხმას არ ვიღებდი. კარის ძგიდეს მიყრდნობილმა ხელები მკერდზე დავიკრიფე და მივაჩერდი.
- ერთი ყავა, რა, გთხოვ! - დამეღრიჯა და საჩვენებელი და ცერა თითით თავის ატმის კურკასავით გამოწეულ ხორხს ჩააფრინდა.
- რომელი? ხსნადი თუ მოსახარში?
- სულერთია, - კმაყოფილი ღიმილი მომაფრქვია და ფეხი ფეხზე გადაიდო, - მშვენივრად ცხოვრობ თურმე.
- არ ვემდური, - აგდებულად მივუგე და სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად.
როცა ქაფქაფა ყავა წინ დავუდგი, სერიოზული სახით შემომხედა და ვითომ სევდანარევი ხმით მითხრა:
- მადლობა, ჩიკიტა.
ასეთი სიტყვა პირველად მესმოდა, ამიტომ წარბები შევიკარი.
- ეს რაღას ნიშნავს?
- რა, ჩიკიტა? ოოო, ეს ლამაზი ესპანური სიტყვა ქართულად ასე ითარგმნება: "პატარა მშვენიერი გოგო".
ირონიულად ჩავიცინე.
გაგრძელება იქნება