- მიიღებ სიმართლეს, - უნიათოდ გავუღიმე, რატომღაც შევშფოთდი. ვიფიქრე, მართლა ჩემი მიტოვება გადაუწყვეტია და შორიდან უვლის-მეთქი.
- ჩემში რა მოგეწონა? რატომ ხარ ჩემთან?
ოოო… არ ველოდი, ამას თუ მკითხავდა. პასუხი არ გავეცი, მხოლოდ თავი გადავაქნიე.
- ანგელოზივით ქალი ხარ, ჩემისთანასთან რა დაგკარგვია?
თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე. რამდენიმე წამი ასე შევყურებდი, მერე კი ხმადაბლა მივუგე:
- სიყვარული გვაბრმავებს ხანდახან.
- ხანდახან? - ჩამეძია.
- ჰო, იმ შემთხვევაში, თუ შეუფერებლობაზე მიდგება საუბარი. რახან მიგაჩნია, რომ შენზე უკეთესი ვარ, პასუხიც შესაბამისი გაგეცი.
- შენ როგორ გგონია, რითი ხარ ჩემზე უკეთესი?
ვაი, შენს ნისას! რა უნდა მეპასუხა? გარეგნობით არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ხასიათითაც არ ჩამომივარდებოდა. ცოდვები მეც მქონდა ცხოვრებაში და მასაც. რითი ვჯობდი? იმით, რომ ბანკებს არ ვძარცვავდი?
- არ ვიცი… მართლა არ ვიცი და, საერთოდ, რა ლაპარაკია ეს? - კოპები შევკარი, - რატომ მეკითხები ასეთ რამეებს?
კვლავ თეფშს ჩააშტერდა. მერე თავი ასწია, ხელები ერთმანეთში ჩახლართა და შემეკითხა:
- შენ ხომ იცი, ვინც ვარ.
- კი, ვიცი და ეს უკვე გითხარი.
- და მაინც შემომიშვი შენს სამყაროში.
- ჰო, ასე მოხდა. - უფრო და უფრო ვიბნეოდი და ყოველ შეკითხვაზე პასუხს მოზომილად ვცემდი.
- რატომ?
კვლავ გადავაქნიე თავი.
- ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, შენთან არაფრის შემეშინდება. გენდობი. ვიცი, რომ არაფერს დამიშავებ.
ამოიხვნეშა. არ ვიცი, დააკმაყოფილა თუ არა ჩემმა პასუხმა.
- მე ძალიან ცუდი ბავშვობა მქონდა, უარესი ყმაწვილკაცობა და საშინელი ახალგაზრდობა. ნუ მენდობი, ნისა, მე არ ვარ სანდო ადამიანი, თუმცა ვეცდები, არასდროს მოგატყუო.
- ჩემთვის ესეც საკმარისია, - ყრუდ მივუგე და ვიგრძენი, გულზე ლოდი როგორ დამეკიდა. ხასიათი გამიფუჭდა.
- ექვსი წლის ვიყავი, მამაჩემს განგრენა რომ დაემართა. ისე სწრაფად წავიდა პროცესი, რომ ორივე ფეხი მუხლს ზემოთ მოაჭრეს. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება გადარბენაზე იყო, უცებ კუნძივით დაეგდო. ყავარჯნებსაც კი ვერ ხმარობდა, სულ იქცეოდა. სახლიდან ხომ საერთოდ არ გადიოდა. უფეხებო კაცი სამსახურშიც ვერ ივლიდა, მით უფრო, რომ სპორტსმენი იყო, ყოფილი მოჭიდავე და მწვრთნელად მუშაობდა. პირველ ხანებში დედა ხელს უწყობდა. მომვლელიც კი დაუქირავა, მაგრამ მამამ სასტიკი უარი განაცხადა, უცხო ქალი სახლში არ დავინახოო. დედას რა უნდა ექნა, სამსახურს ხომ არ მიატოვებდა? დედას კარგი სამსახური ჰქონდა, თეატრში ადმინისტრატორად მუშაობდა.
მამამ ბოღმისა და დარდისგან სმას მიჰყო ხელი. სულ მთვრალი იყო, არ ფხიზლდებოდა. ჩემზე საშინლად მოქმედებდა ის სიტუაცია, რომელიც ერთ დროს მხიარულ ოჯახში შეიქმნა. ერთადერთი შვება სკოლაში სიარული იყო, მხოლოდ კლასელებთან ურთიერთობა მავიწყებდა ინვალიდ და ამავდროულად, ლოთ მამას. ხანდახან განრისხებული ჭურჭელს ამსხვრევდა, ყველაფერს ლეწავდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა.
დედამ სამი წელი ითმინა. ბოლოს… ბოლოს იმაზე უარესი გააკეთა, ვიდრე მამამ… ადგა და სახლიდან წავიდა. ჩემ სკოლიდან დაბრუნებასაც არ დალოდებია, ისე გაიქცა. მაშინ უკვე ცხრა წლის ვიყავი. მახსოვს, საღამოს, დედამ რომ დააგვიანა და მამაჩემს ვკითხე, სად არის-მეთქი, მიგვატოვაო, მითხრა და მთვრალმა არეული მზერით შემომხედა. იმდენად შოკის მომგვრელი იყო მისი პასუხი, რომ თავზარდაცემულმა უცებ არც დავიჯერე, მერე კი სახლიდან გავვარდი. უმისამართოდ მივრბოდი… დიდხანს, ძალიან დიდხანს, სანამ არ დავიღალე და მუხლები არ მომეკვეთა.
რა უნდა გვექნა დედის გარეშე? ფული საიდან გვეშოვა? ხსნას ვერაფერში ვხედავდი. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ვინმე ნათესავს არ შევეფარებინე. სხვასთან ვერაფრით ვერ ვიცხოვრებდი, თუმცა ამის საშიშროება არ მემუქრებოდა. ვის რაში ვჭირდებოდი? ზედმეტი ბარგი ვის უნდოდა? რომელი რამით გამორჩეული ბავშვი მე ვიყავი?
ისიც კარგად მახსოვს, ერთხელ ვიღაცები რომ მოვიდნენ და მამას მკაცრად უთხრეს, თუ ასე გააგრძელებ, შენს ბიჭს ბავშვთა სახლში გადავიყვანთო. მამა ისე შეაშინა ამ ამბავმა, რომ იმ დღის მერე წვეთი არ დაულევია.
ერთი კვირა იწვალა, სანამ საბოლოოდ გამოფხიზლდებოდა. მე სკოლაში უკვე აღარ დავდიოდი. გაკვეთილებზე რა დამსვამდა? სულ მეშინოდა, ვინმემ არ წამომაძახოს, დედამ მიგატოვაო. ამას კიდევ ავიტანდი, მაგრამ დედაზე უფრო ცუდი რამე რომ ეთქვათ, ვიღაცას თავს შევაკლავდი. დედა სიცოცხლეს მერჩივნა, მიუხედავად იმისა, რომ შემელია და ვიღაცასთან ერთად სადღაც გაიქცა.
ჰო, სწორად გაიგე. ის გათხოვდა და ახალ ქმართან ერთად მოსკოვში გადაბარგდა.
როცა მამას საღად აზროვნების უნარი დაუბრუნდა, გვერდით მომისვა და კაცურად დამელაპარაკა. ერთმანეთს რომ არ დაგვაშორონ, როგორმე სამუშაო უნდა ვიშოვოთ და თავის რჩენა შევძლოთო. ეს ვერ წარმომედგინა. რისი გაკეთება შეეძლო, როცა არც ერთი ფეხი არ ჰქონდა და ყავარჯნებსაც ვერ ხმარობდა? ინვალიდის ეტლის საყიდელი ფული სად გვქონდა?
მეზობლებს ვეცოდებოდით. ხან ვინ შემოგვიტანდა საჭმელს, ხან ვინ. ჩვენ გვერდით ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც მოხიკავდა ორ-სამ კვირაში ერთხელ ჩვენს ტანსაცმელს, თეთრეულს და გასარეცხად თავისთან გაიტანდა, მერე დარეცხილ-დაუთოებულს უკან მოგვიტანდა. მისი ქმარიც ინვალიდი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მისი დანატოვარი სავარძელი გვათხოვა. სანამ მომაგრდებით და ინვალიდის ეტლის ყიდვას შეძლებთ, ჩემსას გათხოვებთო.
გვათხოვა. ჰოდა, მამამაც მოიფიქრა, რა უნდა გაგვეკეთებინა… მეტროს შესასვლელთან დგებოდა, მე გვერდით მომისვამდა და გიტარაზე უკრავდა. მე სმენა საერთოდ არ მქონდა, ის კი კიდევაც უკრავდა და კიდევაც მღეროდა. თავიდან მაგრად მრცხვენოდა, თუმცა თანდათან მივეჩვიე. ყოფილა შემთხვევა, როცა პოლიციას გავუძევებივართ, მაგრამ როცა ჩვენს მდგომარეობას იგებდნენ, თვალს ხუჭავდნენ და გვერდით ისე ჩაგვივლიდნენ ხოლმე, თითქოს ვერ გვამჩნევდნენ.
კარგა ხანს ასე გაგვქონდა თავი. თუმცა ჩემი გასაჭირი ამით არ დამთავრებულა. მეტროს შესავლელთან დგომამ, იმ ორპირ ქარში, მამაჩემის ჯანმრთელობა მთლად შეარყია, ფილტვების ანთება დაემართა. სულ ახველებდა, მაგრამ ექიმთან მისვლა არც უფიქრია.
ერთხელაც, შუა სიმღერისას, გიტარა ხელიდან გაუვარდა და სავარძელზე უგონოდ გადავარდა. ჩემი ღრიალის ხმა მთელ არემარეზე ისმოდა…
ვეღარ უშველეს. სამ დღეში გარდაიცვალა.
სულ მარტო დავრჩი. ახლა კი ვიცოდი, რომ ბავშვთა სახლი არ ამცდებოდა. საუკეთესო გამოსავალი სახლიდან გაქცევა მეგონა, მაგრამ სად გავიქცეოდი? ღამე სად უნდა გამეთია? დედაჩემის ასავალ-დასავალი არ ვიცოდი.
ისევ ნათესაობამ მიშველა. მამაჩემის ბიძაშვილი გადმოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად თავისი ცოლ-შვილით და ჩემზე მეურვეობა იკისრა. ვერ გეტყვი, რომ მათთან თავს კარგად ვგრძნობდი. არა. ასე მეგონა, საკუთარ ბინაში სტუმრად ვიყავი. საჭმელსაც კი ვერ ვჭამდი თავისუფლად. სანამ ისინი არ დამიძახებდნენ სუფრასთან, მანამ პირს არაფერს ვაკარებდი. ერთხელ არ გამომიღია მშიერს მაცივრის კარი, არადა, მუცელი შიმშილისგან სულ მიყურყუტებდა.
ისევ აღმადგინეს სკოლაში. დავდიოდი, მაგრამ სწავლა ჭირის დღესავით მეზარებოდა. თან საშინელი წლები იყო, 90-იანები. ყველაფერი არეული იყო ქვეყანაში. ვის ეცალა ჩემთვის? არავის. მეც უბნის ბიჭებში გავერიე. ცუდ წრეში მოვხვდი. ჯერ მოსაწევს გავუსინჯე გემო, მერე წამალს. ამას კი ფული უნდოდა, ისე ვინ რას მიწილადებდა? ფულს კიდევ შოვნა სჭირდებოდა.
ჰოდა, აქედან დაიწყო ჩემი გასტროლები. ჯერ ჯიბის ქურდობა ვცადე, მერე ბინების გატეხვაზე გადავედი. ნელ-ნელა ავითვისე ჩემი ახალი პროფესია და დავოსტატდი. იმდენი მომიპარავს, ზოგს არც დაესიზმრება, მაგრამ ციხეში არასდროს ვმჯდარვარ. თავის დაძვრენას ყოველთვის ვახერხებდი.
ასე მოვაღწიე აქამდე. ახლა პროფესიონალი ვარ. უბრალო საქმეებზე არ გავდივარ. მხოლოდ ისეთ ბინებს ვძარცვავთ, სადაც ფულიც გვეგულება და ოქროულობაც. რამდენიმე ბანკიც გაგვიტანია. ამის მოწმე შენც ხარ. ახლა ფული არ მაკლია, ძმაკაცებიც მაგრები მყავს, მაგრამ მაინც ვერ არის ჩემი ცხოვრება აწყობილი. არ დაგიმალავ, სულ იმის შიში მაქვს, რომ ერთ დღესაც დამიჭერენ და ციხეში ამომალპობენ. იქ არ მინდა. იქ ვერ გავძლებ. რამდენიმე თვეში სულს განვუტევებ.
დღეს ვინ ვარ? არ ვიცი, ვინ ვარ. ერთადერთი, რასაც ნათელი წერტილი ჰქვია ჩემს ცხოვრებაში, შენ და ვაკო ხართ. თქვენმა გამოჩენამ შემცვალა. ამიტომაც გკითხე, თუ გიყვარვარ და ჩემთან რატომ ხარ-მეთქი. აი, სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.
დაამთავრა და დადუმდა. მეც არ ვიღებდი ხმას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რაღაც მინდოდა მეკითხა.
- ნისა, რატომ არაფერს მეუბნები? ვიცი, რომ ცნობისმოყვარეობა გკლავს. მკითხე, თუ რამე გაინტერესებს.
ამოვიოხრე და ცრემლმოძალებული მზერით შევხედე. მისმა ნაამბობმა გული ამიჩუყა.
- სად ცხოვრობ, ბინა გაქვს? - როგორც იქნა, ამოვღერღე.
- არა, არ მაქვს. ჩემი ბინა მამაჩემის ბიძაშვილს დარჩა. მათ მანამ მომისროლეს სახლიდან, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, თუმცა არ მანაღვლებს. ბინის ქირის გადახდა არასდროს გამჭირვებია.
- და რატომ არ მოითხოვე შენი წილი?
- იმიტომ, რომ ვერ მოვასწარი. იმათ ჩემი ბინა ჯერ გადაიფორმეს, მერე გაყიდეს და სხვაგან იყიდეს.
- და შენი გარეთ გაგდება შერჩათ?
- როგორ გგონია, შევარჩენდი? არა, არ შევარჩინე. მივაგენი, სადაც გადავიდნენ საცხოვრებლად და ორჯერ გავძარცვე. თითის გადასახვევიც კი არ დავუტოვე.
საშინლად მომხვდა გულზე მისი ნათქვამი. როგორი შურისძიება სცოდნია, რა სასტიკი სამაგიეროს გადახდა, თუმცა მისი ნათესავები ამას იმსახურებდნენ.
- ცოლ-შვილი არ გყავს?
ჩაიცინა.
- ჩემნაირ კაცს ცოლ-შვილი რაში სჭირდება? არა, არც მყავს და არც მყოლია. არასდროს. -მერე მცირე პაუზა გააკეთა და დაამატა, - თუმცა ბოლო დროს ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ვფიქრობ, ამაზე დაფიქრება მმართებს.
თავი მსწრაფლ ავწიე და კითხვით სავსე მზერა შევანათე. მივხვდი, რომ მე მგულისხმობდა.
- ჰო, მმართებს. შენ არ გგონია ასე?
- მე? მე… არ ვიცი… ჩვენ ხომ სულ რაღაც…
გაგრძელება იქნება