ასეც მოხდა. წელიწადი და ერთი თვე რომ გავიდა, ანუ ცამეტი თვე, უსიამოვნებების მთელი სერია დამატყდა თავს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენი მთელი ცხრა დღით დაიკარგა მაშინ, როცა ორ დღეში უნდა დაბრუნებულიყო. მობილური გამორთული ჰქონდა, ვერ ვუკავშირდებოდი. მისი არც ერთი ძმაკაცის არც ტელეფონის ნომერი მქონდა, არც მისამართი ვიცოდი. ასე რომ, სრულ ვაკუუმში აღმოვჩნდი. გაფაციცებით ვადევნებდი თვალს ყველა არხის საინფორმაციო გადაცემებს, იქნებ კრიმინალურ ამბებში რამეს მოვკრა თვალი თუ ყური და მიახლოებით მაინც გავიგო, რა დაემართა-მეთქი.
მსგავსი არაფერი. იმ დღეებში არც ერთი ბანკის დაყაჩაღების ცნობა არ გადმოუციათ.
მეცხრე დღეს გამოჩნდა. გვიან, უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, ზარი რომ დარეკა. როგორც კი მისი ხმა გავიგონე, სიხარულით აღარ ვიყავი, მაგრამ კარი რომ გავაღე, ადგილზე გავშეშდი. დენის სახე წაშლილი ჰქონდა, ადამიანის ფერი არ ედო, მძიმედ სუნთქავდა. არა, ნასვამი არ იყო, მაგრამ რაღაც ძალზე უცნაურად გამოიყურებოდა. ფეხზე ძლივს იდგა, ლამის იქცეოდა.
- ცოცხალი ხარ? - საყვედურით გაჯერებული ტონით ვკითხე.
პასუხი არ გამცა. კედელს მიეყრდნო და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა. ამას იმდენი ხანი მოანდომა, ნერვები მომეშალა.
- დენიელ, რა გჭირს? - გაღიზიანებული შევეკითხე.
- კარგი არაფერი.
- რა მოხდა? - ნერვიულობისგან ხმა ჩამიწყდა.
- იქნებ მაცალო სულის მოთქმა? - შუბლშეკრული მომაჩერდა და ხმას აუწია, თან თვალით ჩუსტებს დაუწყო ძებნა, რომელიც იქვე, მისგან ორიოდე ნაბიჯში, ფეხსაცმლის სტელაჟის თაროზე იყო შემოდებული.
- აგერაა, - ვუთხარი და ჩუსტი წინ დავუდე.
დავფრთხი. ვაითუ გამომეპარა და ესეც ნარკომანია-მეთქი. ზუსტად წამალდამოკიდებულივით იქცეოდა. თვალები ამღვრეულიც ჰქონდა და ჩაწითლებულიც.
- შეჭამ რამეს? - ვკითხე და გამომცდელად შევაჩერდი.
- არა, - ესღა მიპასუხა და სასტუმრო ოთახისკენ ბარბაცით გაემართა. მერე დივანზე ავიდა და თავის საყვარელ ლოტოსის პოზაში მოკალათდა.
კარგა ხანს კრინტი არ დაუძრავს. ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა და ერთი არხიდან მეორეზე გადართვა დაიწყო. როცა არა და არ დაამთავრა, მოთმინებიდან გამოსულმა პულტი წავართვი და ტელევიზორი გამოვრთე.
უაზროდ მომაჩერდა.
- არ მეტყვი, რა მოხდა? თუ ასე განგებ იქცევი, რომ არ გკითხო, მთელი ცხრა დღე სად დაიკარგე? - შევუტიე.
ტუჩები ერთმანეთს გაუსვა. მერე თავი კისრის გარშემო რამდენჯერმე შეატრიალ-შემოატრიალა და ბოლოს უკან გადააგდო. ერთხანს ამ პოზაში იჯდა. შემდეგ ისევ უაზროდ შემომხედა და დამარცვლით წარმოთქვა:
- ფუ-ლი მჭირ-დე-ბა.
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. აღარ ვკითხე, რისთვის-მეთქი. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი შეემთხვა, ფულს მე რომ მთხოვდა და მხოლოდ იმით დავინტერესდი, რა თანხაზე იყო საუბარი.
- რამდენი? - და ეს ისე ხმადაბლა გამომივიდა, მეგონა, ვერც გაიგონა.
- ბევრი.
ამოვიოხრე. მის გვერდით დავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ცალი ხელი მუხლზე დავადე.
- ბევრი რამდენია, დენი? - შევეცადე, რბილად მეთქვა და უკმაყოფილება არ შემტყობოდა.
- ას ოცდაათი ათასი დოლარი.
პირკატა მეცა. მარტო იმან კი არ დამშოკა, 130 ათასი ცამეტი რიცხვით რომ იწყებოდა, არამედ იმანაც, რომ საოცრად დიდ თანხაზე იყო საუბარი.
- ამისთანა რა მოხდა? - სიმშვიდის შენარჩუნებას მთელი ძალისხმევით ვცდილობდი.
- ოფჰ… - ამოიხვნეშა, თავი ჩაქინდრა და მცირე პაუზის შემდეგ ალაპარაკდა, - შენთვის ხომ არასდროს არაფერი მითხოვია და არც გავაკეთებდი ამას, სერიოზული პრობლემა რომ არ გამჩენოდა. შეგიძლია არაფერი მკითხო და ფული ისე მომცე?
სანამ ვუპასუხებდი, დავფიქრდი. მისთვის ფული ნამდვილად არ მენანებოდა, მაგრამ რატომ არ უნდა მცოდნოდა, რაში დასჭირდა ათასობით დოლარი? ეს ხომ 130 ან 1300 დოლარი არ იყო? ამიტომ მტკიცედ ვუპასუხე:
- არა, არ შემიძლია.
თვალები დახუჭა და ამოიფშვინა.
- რატომ, გენანება?
- არა, არ მენანება, მაგრამ არ მინდა რამეს მიმალავდე.
- არაფერს არ გიმალავ. უბრალოდ, არაა საჭირო ყველაფერი იცოდე. შენთვის ასე აჯობებს.
გავწიწმატდი.
- მოდი, იცი, რა? მე თვითონ გადავწყვეტ, ჩემთვის რა აჯობებს. შენ კი, კეთილი ინებე და მითხარი, რა გადაგხდა. სხვანაირად ერთ თეთრსაც არ მოგცემ!
უეცრად ეს ჩემი მოსიყვარულე ქმარი დივნიდან გადმოხტა, წინ ამესვეტა და საშინელი ხმით მიღრიალა:
- რა ულტიმატუმებს მიყენებ, გოგო, შენ! ერთი აქეთ გამომხედე, ვინმეში ხომ არ გეშლები? შენი ყოფილი ქმარი ხომ არ გგონივარ? გითხარი, ფული მჭირდება-მეთქი და მეტჯერ აღარ გამამეორებინო, გასაგებია?
ვიგრძენი, როგორ გავფითრდი.
- ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები! - ხმა გავიმკაცრე, არადა, ისე შევშინდი, ლამის სული გამძვრა.
- ოხხხ… შენი… - კბილები გააღრჭიალა, მუშტი შემართა და მომიღერა, მაგრამ არ დაურტყამს.
გაცოფებულმა ხელი ავუკარი და თვალებით ჭერს მივაჩერდი, არ მინდოდა საკუთარი სახე ყელთან ბურთად შეკრული ცრემლებით მომერწყო.
დენიმ მუშტი დაუშვა, დოინჯი შემოიყარა და ისე შემათვალიერა, თითქოს ზოოპარკის გალიაში გამოკეტილი რომელიღაც აყროლებული ცხოველი ვყოფილიყავი.
მაინც ვერ შევაჩერე ცრემლები, რომლებმაც ცოტა ხანში მზერა დამიბინდა.
როგორც ჩანს, ჩემმა უხმო ტირილმა გული მოულბო. ისევ დაჯდა, მხარზე ხელი გადამხვია და ბოდიში მომიხადა.
- მაპატიე, ნისა, მაპატიე, რა. ვიცი, საზიზღრად მოვიქეცი, მაგრამ უნდა გამიგო. მაგარ ცუდ დღეში ვარ.
- ჰოდა, ზუსტად ეს მაინტერესებს, რატომ ხარ ცუდ დღეში, - გავჯიუტდი.
- კარგი, რახან არ იშლი, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ჯერ ყავა მომიდუღე, უშაქრო და მაგარი.
უსიტყვოდ წამოვდექი და სამზარეულოს მივაშურე. გონებაში ათასი აზრი მიტრიალებდა. ასეთი რა შეემთხვა? ან რატომ მიმალავს? იქნებ აქამდე ყველაფერი ფარსი იყო და თავის ნამდვილ სახეს ახლა აჩენს? უნებურად საშინელებათა ფილმში ხომ არ ამოვყავი თავი? ამწუთას ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა, ვაკოზე ფიქრი იყო. მთავარია, ბავშვს არაფერი დაშავებოდა, მე როგორმე გავუძლებდი უბედურებას, თუ მსგავსი წინ მელოდა, მაგრამ შვილი? საშინელი სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. იმის შეგრძნება, რომ ქმარი შვილზე ნაკლებად არ მიყვარდა, სადღაც გაქრა. ახლაღა მივხვდი, რომ ვაკოს ადგილს დენიელი ჩემს გულში ვერასდროს დაიკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ გონის დაკარგვამდე მიყვარდა. ახლა, როცა დენის სხვა მხარეც დავინახე, გასაგები გახდა, რომ მისნაირ მამაკაცს ვერ ვენდობოდი, ამიერიდან თუნდაც ყველაფერი კარგად წასულიყო. რაც ხდებოდა, ცუდი სიზმარი მეგონა. თურმე რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მტკივნეული ყოფილა დაცემა. მე კიდევ ბედნიერებისგან მეცხრე ცას ავცდი, ახლა კი ზღართანი მოვადინე ძირს და საშინლად მეტკინა.
ყავა შევუტანე და მივაწოდე. კი ჩამომართვა, მაგრამ ხელი ისე უკანკალებდა, რომ ლამბაქზე ფინჯანი აწკარუნდა. ვიფიქრე, გამოვართმევ და სკამზე დავუდგამ-მეთქი, მაგრამ ისე მკვეთრად გასწია ხელი თავისკენ, რომ ეს ქაფქაფა ყავა ზედ გადაესხა, რასაც კიდევ ერთი გულიანი შეგინება მოჰყვა.
უარყოფითი ემოციებისგან ისე მქონდა ძალა გამოცლილი, რომ მიშველება არც მიცდია.
გინებ-გინებით გავარდა სააბაზანოში. მის ყვირილზე ბავშვს გაეღვიძა და დაფეთებული საძინებელში შევვარდი. ვაკო ლოგინში წამომჯდარიყო და ბოლო ხმაზე ჯღაოდა. ძლივს დავაწყნარე და ჩავაძინე.
როცა უკან მოვბრუნდი, დენი ისევ დივანზე იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და იატაკს დასჩერებოდა.
ამჯერად გვერდით აღარ დავუჯექი, სავარძელი მივაჩოჩე დივანთან და იმაში მოვკალათდი. თან დაველოდე, როდის დაიწყებდა მოყოლას. მაისურზე დაღვრილი ყავის ლაქები ამოერეცხა, მაგრამ ერთ ადგილას მაინც ეტყობოდა. ისე მივაჩერდი ამ ლაქას, თითქოს დენიელის ყველა საიდუმლო იქ იმალებოდა.
- დაწვას გადავრჩი, - გაღიმება სცადა, მაგრამ სახე დაეღმიჭა.
"სამაგიეროდ, მე ვერ გადამირჩები, თუ შენი მონაყოლი არ დამაკმაყოფილებს", - უსიამოდ გავიფიქრე და თვალი თვალში გავუყარე.
- მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ ბიჭებს ვუღალატე, - დაიწყო დენიმ, რახან მე ხმა არ ამოვიღე, - ერთი მაყუთიანი დავაყაჩაღეთ, მაგრამ სანამ გამოვიდოდით, მოგვისწრო და სროლა აგვიტეხა.
- ვინ მაყუთიანი? - შევაწყვეტინე.
- ამის ცოდნა შენ არაფერში გჭირდება. რაც ნაკლები გეცოდინება, მით უფრო მშვიდი ძილი გექნება. იდეა ჩემი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის კაცი სახლში არ იქნებოდა. მითხრეს, აგარაკზეა ერთი კვირით წასული და ბინა ცარიელიაო.
- და როდის აქეთ დაიწყეთ ბინების გატანა? აკი ამას შევეშვითო? - შევეჭვდი.
- სხვა გზა არ იყო. ბანკებში დაცვა გააძლიერეს. ცოტა ხნით უნდა შეგვესვენა, რომ არ ჩავვარდნილიყავით. ყოველთვის კოკაც კი ვერ მოიტანს წყალს. ის კაცი მარტო არ იყო. ალბათ, დაცვა ჰყავდა თან, არ ვიცი. შეიძლება ძმაკაცები ახლდნენ. მოკლედ, სროლა აგვიტეხეს. იარაღი ჩვენც გვქონდა და, რა თქმა უნდა, საპასუხოდ ჩვენც გავისროლეთ. მირზა დაიჭრა. მართალია, არ მოკვდება, მაგრამ მაინც… საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით, ამიტომ ნაცნობ ექიმთან მივიყვანეთ და მის სახლში დავტოვეთ. იმედია, გამოჯანმრთელდება და ფეხზე დადგება. ფული მე მომქონდა. ასდოლარიანების დასტები იყო. არ ვიცი, როგორ გამივარდა ხელიდან პარკი, რომელშიც ფული იდო. რა მომენტში, რა ადგილას… ერთი სიტყვით, დავკარგე. ახლა ისინი თავიანთ წილს მთხოვენ. გარდა იმისა, რომ საქმე გართულდა, კინაღამ მირზაც მოგვიკლეს, თან ჩემი ინიციატივით წავედით საქმეზე და ჩავფლავდით. პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება, გესმის? თუ ფულს ხვალვე არ ჩავიტან, არ მაპატიებენ.
- და რა, მოგკლავენ? - თვალები დავაკვესე.
- აბა, რას იზამენ? არც ერთს არ უნდოდა იმ ბინის დაყაჩაღება, მე ვაიძულე. ვარწმუნებდი, მაგარი საქმეა და უნდა წავიდეთ, რისკი მინიმალურია-მეთქი.
ისევ მის ყავის ლაქას მივაჩერდი, თითქოს ასე დაჟინებით ყურებით მის ამოყვანას შევძლებდი.
- დამეხმარები? - თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა.
- აბა, რას ვიზამ, ხვალვე გამოვიტან ფულს, რა პრობლემაა, - მაინც ვერ გავიმეტე უარის სათქმელად, - ახლა კი გაიხადე ეგ მაისური, გავრეცხავ, სულ დალაქავებულია.
- წეღან არ ამოვრეცხე? - გაკვირვებულმა ტანზე დაიხედა და როცა დარწმუნდა, რომ მართალს ვამბობდი, მაისური მაშინვე გაიძრო და მომაწოდა.
- ნისა, მაპატიე, ასე არ მინდოდა. საერთოდ არ მინდოდა შენს ფულს შევხებოდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, ხომ გესმის.
- არაფერია, დაივიწყე, - რბილად მივუგე, - კიდევ კარგი, რომ მაქვს, თორემ…
- შენ ეგა თქვი. ახლა თამამად შეგიძლია მითხრა, რომ სიკვდილს გადამარჩინე. ამიტომ მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები შენგან.
- შენი ირონია შენთვის შეინახე, - შუბლი შევიკარი.
- ირონია არაფერ შუაშია, გულით გეუბნები. ამას არასდროს დაგივიწყებ, გეფიცები.
- ვნახოთ… - ურწმუნოდ გადავაქნიე თავი, მაისური გამოვართვი და სააბაზანოსკენ უხალისოდ გავემართე.
გგონიათ, ინციდენტი ამით ამოიწურა? ორი კვირაც არ გასულა მას მერე, 130 ათასი დოლარი რომ ჩავახუტე და კიდევ მომთხოვა. ამჯერად თითქმის ორჯერ ნაკლები, მაგრამ მაინც… თან არც კი ინება, ეთქვა, რისთვის სჭირდებოდა.
სულ მიკვირდა, თუ ბანკებს ძარცვავდა, სად მიჰქონდა ის ფული? მე რატომ მთხოვდა? ამაზე პასუხს არ მცემდა. მეტყოდა, ის ფული აღარ არისო და მორჩა, ამით ამთავრებდა ჩემთან ლაპარაკს. მე კი, სულელს, ისე მიყვარდა, უარს ვერ ვეუბნებოდი.
ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჩემი ანაბარი ნელ-ნელა ცოტავდებოდა. მალე, ალბათ, ანგარიშზე ორი თეთრიც აღარ დამრჩებოდა.
ერთ საღამოს სწორედ ამაზე ჩამოვუგდე ლაპარაკი.
- დენი, ეს ფული რომ გამომელევა, მერე რას აპირებ?
- მერე? მერე ისევ ბანკს მივუბრუნდებით.
- ბანკს? - ჩავეკითხე, მხოლობითში რახან ახსენა.
- ჰო. ისევ შენს ბანკს დავაყაჩაღებთ.
თითქოს ურო ჩამარტყეს თავში. ხომ არ მომესმა-მეთქი, გავიფიქრე.
- რას ნიშნავს ჩემს ბანკს?
- შენ სადაც მუშაობ, იმ ბანკს.
- მოიცა, მოიცა, - შემზარავად გავხედე, - ის ერთხელ ხომ უკვე გაძარცვეთ?
- ჰოდა, მაგიტომაც. ვინ იფიქრებს, რომ იქ კიდევ მივალთ? შენც გაგიკვირდა, ხომ ხედავ!
- გაგიჟდი? არც კი გაიფიქრო ეგ! - აღვშფოთდი.
- უკვე გავიფიქრეთ. ასე რომ, არ დამიწყო ახლა ესაო და ისაო. ეგ საქმე გადაწყვეტილია. და შენ დაგვეხმარები.
- მე-ე? - შევძრწუნდი, - მე რაში უნდა დაგეხმაროთ?
გაგრძელება იქნება