- ამას მხოლოდ მაშინ დაგიბრუნებ, როცა საქმე დამთავრდება, - ცივად მომიჭრა და გამითიშა.
პანიკამ მომიცვა. ჩემს სიცოცხლეში ასეთი დილემის წინაშე არ ვმდგარვარ. დამერეკა პოლიციაში? ვაითუ სამუდამოდ დამეკარგა შვილი? იქნებ ჯობდა, არ დამერეკა და დენის დავხმარებოდი? ამით ბავშვის დაბრუნების მეტი შანსი მრჩებოდა.
ისევ დავურეკე. არ მიპასუხა. მერე დავუმესიჯე, ოღონდ ბავშვს არაფერი დაუშავო და თანახმა ვარ-მეთქი.
იმანაც მომწერა, ჩემი ჩაშვება არ გაბედო, თორემ ვაკოს დაემშვიდობეო.
ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი. ასეთ მდგომარეობაში სამსახურში როგორ გამოვცხადებულიყავი? მაშინვე შემატყობდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. როგორმე უნდა მოვრეოდი ჩემს თავს.
ნახევარ საათში დენიმ თვითონ დამირეკა და მითხრა, ჩვენი საქმე რამდენიმე დღით გადაიდო და როცა რამეს დავაპირებთ, შეგატყობინებ, ბავშვზე არ ინერვიულო, ჩემთანაა და არაფერს მოვაკლებო. ვიტირე, ვიღრიალე, ვემუდარე, მომიყვანე, შენც მოდი, ერთად ვიყოთ, სანამ რამეს გადაწყვეტთ-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა, ბოლომდე არც მომისმინა. მერე კი ტელეფონი საერთოდ გამორთო და ვერანაირად ვეღარ ვუკავშირდებოდი.
არაფრის თავი არ მქონდა. მაშინვე პოლიკლინიკაში წავედი და ორშაბათამდე ბიულეტენი გავაფორმე. ასეთ მდგომარეობაში მყოფი სამსახურში ვერ ვივლიდი. შემდეგ მირინდას დავურეკე და ვუთხარი, აღარ გამოხვიდე, როცა საჭირო იქნები, მე თვითონ დაგირეკავ, გაცდენილ დღეებს კი ჩვეულებრივად აგინაზღაურებ-მეთქი.
და დავჯექი სახლში მორიგი განსაცდელის მოლოდინში. თვალებში ცრემლი არ მიშრებოდა, დღედაღამ ვტიროდი და ვწყევლიდი ჩემს ბედს, ასეთ უიღბლო ვარსკვლავზე რომ გამაჩინა.
ასე მიიწურა ის კვირა და ახალი დაიწყო. ორშაბათს არაფერი, არც სამშაბათს და აი, ოთხშაბათს დამირეკა დენიმ, პარასკევისთვის მზად იყავიო. ვაკო მაინც მანახვე მანამდე-მეთქი, ვთხოვე. პარასკევ საღამოს, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჩემი ხელით მოგიყვანო, შემპირდა.
სიმწრით ლამის თითები დავიჭამე. როგორ მეპატიებინა მისთვის ეს საქციელი? ან კი ამის მერე რანაირად უნდა გაგვეგრძელებინა ურთიერთობა? მის გვერდით ცხოვრება არა მარტო შეუძლებელი, არამედ აუტანელიც იქნებოდა. ამას ვერ დავუშვებდი.
ის დღეები კი დავდიოდი სამსახურში, მაგრამ ცოცხალ-მკვდარივით ვიყავი. სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი, თვალები ტირილისგან სულ შეწითლებული და დასიებული მქონდა. ყველა ხედავდა, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ სალაპარაკოდ ახლოს არავის ვიკარებდი.
მაგრამ იმ დღეს, დენისთან საუბრის შემდეგ, ისე ცუდად შევიქენი, რომ სალომე დავიბარე კაბინეტში, სალაპარაკო მაქვს-მეთქი და ყველაფერს მოვუყევი.
გადაირია. რას ელოდები, ახლავე განაცხადე პოლიციაში, თავდასხმისას აიყვანენ და სად წავა, ბავშვის ადგილსამყოფელს რომ არ იტყვის, თავის დანაშაულს ბავშვის გატაცებასაც ხომ არ მიამატებსო.
მისი რჩევა ჭკუაში დამიჯდა. კიდევ ერთხელ დავურეკე ჩემს ნაცნობ წარბებგადაბმულ მაიორს და ვთხოვე, სერიოზული ინფორმაცია მაქვს თქვენთვის, ამიტომ იქნებ ბანკში მოხვიდეთ-მეთქი. პოლიციაში მისვლის შემეშინდა, ვაითუ დენი მითვალთვალებდა.
ბატონმა მამუკამაც არ დააყოვნა და მალევე მოვიდა. მენეჯერის კაბინეტში შევიკეტეთ და ყველაფერს მოვყევი, თან ცრემლებს ვყლაპავდი.
ზუსტი დრო არ ვიცოდი, როდის დაეცემოდნენ ბანკს თავს. დანარჩენი უყოყმანოდ დავფქვი.
თუმცა გამომძიებლისთვის დროის არცოდნა პრობლემა სულაც არ აღმოჩნდა. პოლიციელებს ბანკის თანამშრომლების ფორმას ჩავაცმევთ და მძარცველებს დილიდან მზად დავხვდებითო, თქვა. თან გამამხნევა, დარდი ნურაფრის გექნებათ, როგორც კი თქვენს ქმარს ავიყვანთ, პირველ რიგში, ბავშვის ადგილსამყოფელს ვათქმევინებთო.
ამან იმედი დამიბრუნა. ახლა მხოლოდ ლოდინი მრჩებოდა. ისე უნდა გავმაგრებულიყავი, როგორც არასდროს. საქმე ჩემი შვილის სიცოცხლეს ეხებოდა…
ჩემდა სამწუხაროდ, ოპერაცია ისე არ წარიმართა, როგორც დაიგეგმა, რაშიც ბატონ მამუკას სულაც არ მიუძღოდა ბრალი. ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაიწყო და დამთავრდა. გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი. მოლაპარაკებული ვიყავით, როგორც კი დენი და მისი ბანდა ფილიალში შემოიჭრებოდნენ, მე ავთანდილის გვერდით უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო ოფიცერი, სპეცრაზმელი, ვისზეც ყველაზე დიდ იმედს ამყარებდნენ დანარჩენები. ვითომ ის იყო თანამშრომელი, რომელსაც სეიფის გასაღები ჰქონდა. დენი ხომ მხოლოდ ამას მოითხოვდა ჩემგან.
რაც უფრო ახლოვდებოდა დაყაჩაღების დრო, მით უფრო მიპყრობდა პანიკა. უცნაური პანიკა. ერთი წამით სრულიად მშვიდი ვიყავი, მეორე წამში კი მთელი სხეული მითრთოდა. მშვიდად ყოფნის გარანტიას პოლიცია მაძლევდა, შიშის საბაბს - დენიელი, რომელიც არასდროს მაპატიებდა ღალატს. მით უფრო, რომ ჩემი შვილი მას ჰყავდა მძევლად და ახლა რომ დამეხსნა, მომავალში რა მოხდებოდა, წარმოდგენა არ მქონდა.
ბოლო მომენტში პანიკას სიმშვიდემ აჯობა, სიმშვიდემ კი იმედი გამიორკეცა. ხოლო გაორკეცებულმა იმედმა ჩუმი სიხარული მომგვარა - ცოტაც და ჩემს პირმშოს ჩავეხუტებოდი.
არც ერთი თანამშრომელი, ჩემ გარდა, შენობაში არ იმყოფებოდა. ისინი პისტოლეტებით შეიარაღებულმა ჯავშანჟილეტიანმა პოლიციელებმა შეცვალეს. დაკვირვებული თვალი მხოლოდ იმას თუ შეამჩნევდა, რომ ბანკში სუსტი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ მე ვიყავი. თუმცა ესეც გათვლილი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სანამ ისინი რამეზე ეჭვს აიღებდნენ, უკვე დაპატიმრებულები იქნებოდნენ.
ზუსტად 13:00 საათზე, როგორც დენიმ დამითქვა, ფილიალის მინის კარში ხუთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შემოიჭრა. სუნთქვაშეკრულმა მაშინვე ავთანდილს მივაშურე, რომელიც ჩემგან სულ ექვსიოდე ნაბიჯში იდგა. ეს ნიშანი იყო ჩემი ქმრისთვის, მაგრამ უეცრად სასწაული მოხდა: დენიმ სროლა ატეხა. არანაირი შეძახილი, არც იატაკზე გაწექით, არც ხელები მაღლა, არც მუქარა, არც ყვირილი… უცებ ააკაკანა ავტომატი და ჯერი ჭერზე მიუშვა. ამან მოულოდნელად დააბნია ცამეტი (ზუსტად ცამეტი) ფარულად შეიარაღებული პოლიციელი და მონასტერიც აირია. ვინ ვის ესროდა, კაცი ვერ გაარკვევდა.
იატაკზე ჩაცუცქულს თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ამ ყველაფრის დამთავრებას შეძრწუნებული ველოდებოდი. თავის მაღლა აწევის და წინ გახედვის მეშინოდა. თუმცა ისე სწრაფად დამთავრდა ყველაფერი, მგონი, "ღმერთო, შენ გვიშველეს" გაფიქრებაც ვერ მოვასწარი.
- კარგად ხართ? - რაღაც ცივი შემეხო მხარზე და თვალებიც გავახილე.
ავთანდილი იყო, პისტოლეტიანი ხელით მსუბუქად მანჯღრევდა.
თავი დავუქნიე და წამოვდექი, მაგრამ მაშინვე ჩავიკეცე - მუხლებმა მიღალატა. ისე ვთრთოდი, როგორც ცხრაბალიანი მიწისძვრის დროს მეთექვსმეტე სართულზე მყოფი ადამიანი.
- ნუ გეშინიათ, ყველაფერი მორჩა, - მხარში შემიდგა სპეცრაზმელი და სკამამდე ლამის ჩოჩიალით მიმიყვანა, რადგან სიარული კი არა, ფეხზე მყარად დგომაც არ შემეძლო.
სამაგიეროდ, როცა ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემ თვალწინ საზარელი სურათი გადაიშალა, შლეგიანივით წამოვხტი და შუა დარბაზისკენ კივილით გავქანდი - ხუთივე თავდამსხმელი გაშოტილი ეგდო იატაკზე და სისხლის გუბეში ცურავდა.
ზუსტად ვიცოდი, ჩემი ქმარი რომელიც იყო, მას ათას კაცში ამოვიცნობდი. ამიტომ პირდაპირ მისკენ გავქანდი და მუხლებზე დავეცი, მაგრამ ის უკვე აღარ ეწერა ცოცხლებში.
როცა გავიაზრე, რომ ჩემი შვილის პოვნის შანსი ნულამდე იყო დასული, გონი დავკარგე…
თვალი რომ გავახილე, სასწრაფო დახმარების მანქანის საკაცეზე ვიყავი გაშოტილი და ორი თეთრხალათიანი - ქალი და ბიჭი - თავზე დამტრიალებდა.
- მამუკა… ბატონი მამუკა სადაა? - ჩახრინწული ხმით ვიკითხე. ალბათ, განწირულად ვყვიროდი, ხმა ასე რომ ჩამხლეჩოდა.
- აქ ვარ, ქალბატონო, აქ! - მომესმა ღია კარიდან და ისიც გამოჩნდა. სახე ერთიანად გაოფლილი ჰქონდა.
- მოკვდა?
დასტურის ნიშნად თავი დამიქნია და მზერა ამარიდა.
- მერედა, ჩემი შვილი? - ტუჩებთან ერთად ხმაც ამიკანკალდა და ღაწვებზე ცხელი ცრემლის ნაკადი დამედინა.
- ვიპოვით, ნუ ნერვიულობთ. აუცილებლად ვიპოვით…
სახეზე ხელები ავიფარე და გულამოსკვნილი მთელი ხმით ავქვითინდი…
დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, დენიელმა არ იცოდა ჩასაფრების შესახებ, თორემ თავდასხმას ან გადადებდა, ან საერთოდ აიღებდა განზრახვაზე ხელს. შესაძლებელია გულმა რაღაც უგრძნო ან შეამჩნია, რომ ფილიალში ჩემ გარდა სხვა ქალი არ ჭაჭანებდა. მართლა არ ვიცი და აწი ამას ვერც ვერავინ მეტყვის. თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ხუთივე მათგანი ადგილზე ჩაცხრილეს, ჩემი შვილის ადგილსამყოფელს კი ვერ მიაგნეს.
მთელი თბილისი შევძარი. არც ერთი ჟურნალისტისთვის ინტერვიუზე უარი არ მითქვამს, იქნებ იმ ვიღაცის ყურამდე მიეღწია ჩემს გოდებას, ღაღადს და ვედრებას, ვისაც ვაკო ჰყავდა ჩაბარებული. იქნებ გამოეჩინა გულისხმიერება და ჩემთვის შვილი დაებრუნებინა… უშედეგოდ. ყველაფერი ამაო იყო. არავინ გამოხმაურებია ჩემს თხოვნას, არავის გამოუჩენია ჩემი შვილი. პოლიციაში კი მამუნათებდნენ, ასე უფრო შეაშინებთ იმ ადამიანს და საერთოდ აღარ გამოაჩენს ბავშვს, მუშაობაში ხელს ნუ გვიშლითო, მაგრამ არც მესმოდა მათი, არც მჯეროდა. პოლიციას უკვე აღარ ვენდობოდი.
აღარ მოვყვები, ამის შემდეგ როგორ ვცხოვრობდი. ვცხოვრობდი კი? უბრალოდ, ვარსებობდი. თავს არ ვიკლავდი მხოლოდ იმიტომ, რომ ვაკოს პოვნის მცირედი იმედი მაინც მქონდა შერჩენილი. დავიარეთ ყველა ბავშვთა სახლი, ყველა საავადმყოფო, მაგრამ ჩემი შვილის ადგილსამყოფელს ვერ მივაგენით. ჩემმა ნაცნობმა წარბებგადაბმულმა მაიორმა ააწრიალა დენიელის ნათესაობა, მაგრამ არც აქედან გამოდნა რამე. შვილი დავკარგე. ან ცამ ჩაყლაპა, ან მიწამ. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ დენი ბავშვს რამეს დაუშავებდა. ბოლოს და ბოლოს, მხეცი ხომ არ იყო? ამდენი ხანი შვილივით უვლიდა და სასიკვდილოდ როგორ გაიმეტებდა? არა, ამას ვერაფრით დავიჯერებდი. იგი ნამდვილად ვიღაცისთვის ჰყავდა მიბარებული, იმ ვიღაცას კი ეშინოდა, მეც თანამზრახველად არ ჩამთვალონ და არ დამიჭირონო.
ძაძები არ ჩამიცვამს, რადგან იმედს არ ვკარგავდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს "თავი სიზმარში მგონია" სიხარული დამატყდებოდა თავს ვაკოს გამოჩენით. ამაოდ…
დრო გადიოდა, ბავშვის შესახებ ვერაფერს ვიგებდი. ჩემი იმედი უიმედობამ შეცვალა, უიმედობა - უილაჯობამ. დაპრესიამ შემიპყრო და რამდენიმე თვე ლოგინს მიმაჯაჭვა.
მამაჩემი და სალომე გვერდიდან არ მშორდებოდნენ, ასევე - დემნაც. თავის მოკვლაც ვცადე, ერთდროულად სამოცი აბი დაფქული და წყალში გარეული ანტიდეპრესანტი დავლიე, მაგრამ მაინც გამომტაცეს სიკვდილს ხელიდან.
ასეთი სიცოცხლე არ მინდოდა.
ასეთ სიცოცხლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდნა მერჩივნა.
ბოლოს იმ ზომამდე მივედი, რომ სამი კვირით ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი გამომკეტეს. ჩემი ნერვული აშლილობა და დეპრესია ფსიქოზმა შეცვალა. ხან ვკიოდი, ხან ვიცინოდი. სულ ვაკოს ველაპარაკებოდი, ხან ვეფერებოდი, ხან ვუწყრებოდი…
ამასობაში მამაჩემი ჩემზე დარდს გადაჰყოლია. ისე დაკრძალეს, არც კი გამაგებინეს, თუმცა, რომც გამეგო, ალბათ, ვერც გავაცნობიერებდი ან გულთან ახლოსაც არ მივიტანდი…
ერთი სიტყვით, რაღა ბევრი გავაგრძელო და… ექვის თვის თავზე ცოტა გამოვიხედე, მაგრამ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე. არ ვგლოვობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო და სადღაც სხვაგან, სხვა დედასთნ იზრდებოდა… ან მამასთან. ეს მანუგეშებდა.
ჩემთვის კი ყველაფერმა აზრი დაკარგა. გაქრა სიხალისე, რომელიც ოდესღაც მქონდა. სამსახურიდან, რა თქმა უნდა, დამითხოვეს. სხვას არც ველოდი. კიდევ კარგი, მეც ციხეში არ მიკრეს თავი, თუმცა ჩემთვის ესეც სულერთი იყო. რა გარეთ ვყოფილვარ, რა შიგნით -შვილის გარეშე ჩემმა არსებობამ ყველგან დაკარგა აზრი.
ნურავინ იტყვის, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ტყუილია. სიცრუე.
მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობები სულ მოდიოდნენ ჩემ სანახავად, სანუგეშოდ, თანაგრძნობის გამოსახატავად, მრავლად იყო სტანდარტული "რას იზამ, უნდა შეეგუო", "შენ ძლიერი ხარ, უნდა გაუძლო", "ახლა გმართებს სიმტკიცე", "თავი ხელში აიყვანე, ცხოვრება გრძელდება" და სხვა, მაინც არ გამინელდა შვილის დაკარგვით გამოწვეული დარდი. ოდნავადაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ცოცხალი იყო, მაინც სასოწარკვეთილი ვრჩებოდი, რადგან გვერდით არ მეგულებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უბედური დედებიც არსებობდნენ და მე მათთან შედარებით უკეთეს პოზიციაში ვიყავი, ეს შვებას ვერ მგვრიდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მე შვილდაკარგულ დედად ვითვლებოდი და ეს სტატუსი მანგრევდა.
ვერა და ვერ ვპატიობდი თავს დენის ჩემს გულში შემოშვებას და ვაკოზე მაღლა დაყენებას. ღმერთმა სამაგიერო მომიზღო ამისთვის-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ამას ხმამაღლა და სხვის გასაგონად როგორ ვიტყოდი? ახლა ვიღას ახსოვდა ქმარი, როცა ჩემი ერთადერთი შვილი დაკარგული მყავდა? ვინ იცის, როგორ ვენატრებოდი, როგორ მწარედ მეძახდა, მე კი მის გვერდით არ ვიყავი.
ალბათ, ყველა შვილდაკარგული დედა, ვინც თავის მოკვლას ვერ ახერხებს, საკუთარი უბედურების კომპენსირებას სხვადასხვა ფორმით ახერხებს. ზოგი ეკლესიას მიაშურებს და ლოცვებში ჰპოვებს შვებას, ზოგი კიდევ აჩენს შვილს ან სულაც იშვილებს და ამით იხშობს ვარამს; ზოგი სამსახურით იქარვებს დარდს… მეც გამოვძებნე კომპენსირების ჩემეული ფორმა.
როცა ასე თუ ისე გამოვჯანმრთელდი და საღ გონებაზე დავდექი, იმაზე დავიწყე ფიქრი, სხვა რამეზე გადავრთულიყავი. ცოცხალი თავით ვერ ვიცხოვრებდი იმ სახლში მარტო, სადაც ვაკოსთან ერთად თითქმის სამი წელი გავატარე. ყველა ოთახი, განსაკუთრებით საძინებელი, მის თავს მაგონებდა. პირველ ხანებში ყურებში მხოლოდ მისი ტირილის ხმა მედგა. რამდენჯერ დაფეთებული წამოვმხტარვარ შუაღამისას, შვილის ძახილს გავუღვიძებივარ. კოშმარები არ მასვენებდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ გამოსავალს მივაგენი და… კერძო ბაღი გავხსენი, თანაც… იაფფასიანი. ფული მქონდა, რომელიც არაფერში მჭირდებოდა, ამიტომ ჩემი შვილის წინაშე დანაშაული რომ გამომესყიდა, ეს გზა ავირჩიე. მარტო ნამდვილად ვერ შევძლებდი ბავშვების მოვლას, დამხმარე მჭირდებოდა. მირინდას გავანდე ჩემი იდეა. მომიწონა. შევთავაზე, ერთად ვიმუშაოთ და ხელფასს გადაგიხდი-მეთქი. გაუხარდა, სიამოვნებითო, ოღონდ უფასო ბაღის იდეა არ მოიწონა, ხალხს გიჟი ეგონები, ამიტომ სიმბოლური ფასი მაინც დავადოთო. დავთანხმდი. წავედით, ყველა საჭირო ნივთი და ინვენტარი ვიყიდეთ, რაც ბაღის ასაკის ბავშვებისთვის იყო საჭირო, სათამაშოებით გავავსეთ ორი ოთახი, ოთხი ორსართულიანი საწოლიც დავდგით და ერთიც ვაკოსი დავამატეთ ყველაზე პატარასთვის. ეზოში საქანელები დავკიდეთ, სასრიალოებიც შევუკვეთეთ. იქვე დავდგით ველოსიპედები და მინი-სკუტერები, რათა ბავშვებს არ მოეწყინათ. მერე განცხადებებიც გავაკარით უბანში - კერძო ბაღი მინიმალურ ფასად - თვეში 60 ლარად, დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე.
რახან მირინდა მარტოხელა იყო, საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა, თავისი ბინა კი გააქირავა. ჩემთვისაც უკეთესი იყო - სულ რომ არავის მოეყვანა ბავშვი, მისი სახით ხმის გამცემი მაინც მეყოლებოდა.
საოცრება მოხდა. იმდენი მსურველი გამოგვიჩნდა, რომ ერთი კვირის შემდეგ ყველას უარით ვისტუმრებდით. მაქსიმუმ, ცხრა ბავშვი, მეტს ვერც მოვუვლიდით და ვერც დავატევდით ორ ოთახში.
რა თქმა უნდა, თავიდან მშობლები ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, კერძო ბაღი და ასეთი იაფი მათთვის დაუჯერებელი ამბავი იყო. ეგონათ, რაღაც ხრიკი იმალებოდა ამ შემოთავაზების უკან, მაგრამ როცა იგებდნენ, რატომ გადავწყვიტე ასე, სიხარულით აღარ იყვნენ. მერე ერთმა მეორეს უთხრა, მეორემ - მესამეს და მალე მთელ ქალაქში გაგვივარდა სახელი.
მთელი ჩემი ყურადღება, მზრუნველობა და სითბო ამ ბავშვებისკენ მივმართე, არაფერს ვაკლებდი. დღეში ორჯერადი კვება, ოღონდ თავიანთი მოტანილი საჭმლით. ჩვენ მხოლოდ იმათ ვაჭმევდით, ვისაც სადილის მოტანა არ შეეძლო, ვინც უდროობის გამო კერძის მომზადებას ვერ ასწრებდა. კვირაში ერთი დღე კი საუზმეც და სადილიც ჩვენი ხარჯებით კეთდებოდა. ეს ერთგვარი საჩუქარი იყო ჩვენგან. გასეირნება, ლექსების დასწავლა, კონცერტების მოწყობა და გონებრივი სათამაშოები თუ სავარჯიშოები, არაფერს ვაკლებდით. გარდა ამისა, შუადღეს ვაძინებდით, რაც მშობლებს ყველაზე მეტად აწყობდათ. სწორედ ამისთვის ვიყიდეთ ოთხი ორსართულიანი საწოლი.
გვიანობამდეც ვიტოვებდით ბავშვებს, თუ დროზე ვერ ასწრებდნენ მშობლები მოსვლას და მათ წაყვანას. მათთან ურთიერთობა ისე ავაწყვეთ მე და მირინდამ, არც კი ვიღლებოდით. შრომას ისიც გვიმსუბუქებდა, რომ დამლაგებელი ავიყვანეთ, რომელიც საღამოობით მოდიოდა და ბავშვების მიერ "დარბეულ" ოთახებს ალაგებდა. კერძებს კი მე და მირინდა მორიგეობით ვამზადებდით.
გაგრძელება იქნება