რონის ისე გახარებია, რომ მაშინვე დათანხმებულა, მაგრამ მადონას ქვა აუგდია და თავი შეუშვერია, ამხელა ბავშვი არაფერში მჭირდება, მე ის დედად არ მიმიღებს და ვერ შემიყვარებსო. ერთი სიტყვით, ისე უჩხუბიათ, დაუხოცავთ ერთმანეთი. არადა, რონის ბავშვი უკვე უნახავს. ისიც ჩახუტებია, როცა უთქვამთ, ეს შენი მამიკოაო. ერთი წამითაც არ მცილდებოდაო გვერდიდან, მიყვებოდა რონი.
ამ ამბავს ის მოჰყვა, რომ მადონა სახლიდან წავიდა და რონიმ ბავშვი მაინც იშვილა.
_ ახლა უკვე იმხელა ბიჭია… ის რომ არ მყავდეს, ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა, _ გაიღიმა მამაკაცმა, _ დედაჩემი უვლის. საღამოობით ხანდახან ისეთი დაღლილი მოვდივარ, ჭამის თავიც არ მაქვს, განსაკუთრებით მძიმე ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ის რომ გამოიქცევა მამიკოს ძახილით და გულში ჩამეკვრება, ყველაფერს მავიწყებს.
_ მეუღლესთან შერიგება არ გიცდიათ? _ დავინტერესდი.
_ როგორ არა, ვცადე, მაგრამ არ ისურვა. მეც აღარ დამიძალებია. შვილის სიყვარული მაინც სხვააა. ცოლს ცხრას შევირთავ ხვალვე, მაგრამ თომას სიყვარულს ვერავინ დამათმობინებს. _ სახეგაბადრულმა მითხრა.
გული შემეკუმშა. ჩემი ვაკო, ჩემი ცხოვრების მიზანი აღარ მყავდა გვერდით და არც ის ვიცოდი, მკვდარი იყო თუ ცოცხალი. კარგად მესმოდა მისი, რას განიცდიდა, როცა შვილზე ჰყვებოდა. მერე რა, რომ ღვიძლი არ იყო. რაც მთავარია, ხომ თვითონ გაზარდა?
_ შენ? შენ როგორი ცხოვრება გამოიარე? _ მკითხა, როცა თავის თავზე ლაპარაკი დაამთავრა.
_ მე? მე ორი ქმარი მყავდა, ერთი შვილი და საბოლოოდ სამივე დავკარგე, _ სევდიანად გავხედე და თვალზე ცრემლი მომადგა…
არასდროს გამჩენია სურვილი, ვინმესთვის ჩემი თავგადასავალი დაწვრილებით მომეყოლა, მაგრამ ახლა უცებ მომინდა, რონის ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდა. არ ვიცი, ეს რა იყო, რატომ მომიარა ასეთმა ჟინმა ან რა მიზიდავდა ამ კაცში ასე, თუმცა იმ მომენტში ამაზე არც დავფიქრებულვარ. თუ მოისურვებდა, ისედაც გაიგებდა ყველაფერს ვინმესგან, თანაც არა ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა, არამედ, როგორც ხდება ხოლმე, გამოგონილი ჩანართებით. ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს. რაც მეტ სიმძაფრეს ჩართავენ ამბავში და გააოცებენ სხვებს, მეტ სიამოვნებას იღებენ თვითონაც.
ამიტომაც რონის ჩემი ამბავი ზუსტად ისე მოვუყევი, როგორც საკუთარ თავს მოვუყვებოდი _ სრულიად შეულამაზებლად.
_ ის საშინელი ეგოისტი იყო, რომელიც თავს სხვების ოცნებების, სურვილებისა და ცხოვრების გათელვის ნებას აძლევდა, _ ასე დავახასიათე დენი და მოყოლაც დავამთავრე.
რონის ხელები თავქვეშ ამოედო და ისე შემომცქეროდა. მისი სახე ბევრს არაფერს გამოხატავდა _ ცოტა გაოცებას, ცოტა ეჭვს, ცოტა გაურკვევლობას. ეს იყო და ეს. ბოლოს წამოჯდა, უკან გადაიზნიქა, გაშლილ ხელისგულებს დაეყრდნო და თქვა:
_ მდაა. შენ საბედისწერო ქალი ყოფილხარ, ნისა. აბა, რომელი მამაკაცი ისურვებს შენს ცოლად შერთვას?
გულ-მუცელი ამეწვა, ისე მეწყინა მისი სიტყვები. თანაც ბოლომდე ვერც ჩავწვდი, ამით რისი თქმა სურდა.
_ რატომ საბედისწერო? _ ჩურჩულით ვკითხე და ცრემლებით სავსე თვალები დაჟინებით მივაპყარი.
_ ორი ქმარი მოგინელებია და შვილიც დაგიკარგავს… არ გიფიქრია, რატომ მოხდა ასე? გიღირდა კი, მთელი სიყვარული ქმრისთვის დაგეთმო და შვილი განზე დაგრჩენოდა? ფაქტია, რომ ყურადღება მოადუნე და ბავშვიც იმიტომ დაკარგე.
_ არა! _ შევყვირე სასოწარკვეთილმა, _ არ არის მართალი! მე, უბრალოდ, ვერ მოვასწარი ვაკოს გადამალვა. მან დამასწრო.
_ ეს უნდა გაგეთვალისწინებინა.
_ იცი რა? მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. ჯობდა, საერთოდ არაფერი მეთქვა. მივქარე, _ გავღიზიანდი.
_ მესამედ რომ გათხოვდები, შეცდომები გაითვალისწინე. _ ისეთი ტონით დამმოძღვრა, აშკარად დამცინა.
_ მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ბეჭედს არ ვუმიზნებ.
_ ჰო, რა თქმა უნდა. მილიონთან შედარებით ბეჭედი რა მოსატანია, _ მითხრა და ირონიულად ჩაიცინა.
ამოვიოხრე. მასთან ჩხუბი არ მინდოდა. იმიტომ კი არა, რომ ამის ძალა არ შემწევდა, უბრალოდ, მისი განერვიულება არ შეიძლებოდა. რამე რომ დამართოდა, მე დამბრალდებოდა, ამიტომ გაჩუმება ვარჩიე და წყენა გულში ჩავიმარხე. მივხვდი, რომ მან არ დაიჯერა ჩემი ამბავი. იფიქრა ის, რასაც მე სხვის მონაყოლზე ვიფიქრებდი _ რომ შევალამაზე ჩემი ცხოვრების ამბავი, რომ ის უფრო საშინელი იყო, ვიდრე მე მოვყევი და ჩემს მონაყოლს მიღმა საზიზღარი ქალი, ურჩხული, მედუზა გორგონა იმალებოდა.
აი, ასეთი წარმოდგენა შეექმნა ჩემზე. მე კი აბსოლუტური გულწრფელობით მოვუყევი, რაც გადამხდა. მინდოდა მასთან მაინც ვყოფილიყავი ბოლომდე გულახდილი. შედეგი? მისი ნდობა დავკარგე.
ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ისევ გავუცხოვდით. ნებისმიერი მისი ქმედება ნერვებს მიშლიდა და მზად ვიყავი, ყელში ვწვდომოდი. განსაკუთრებით მისი სატელეფონო საუბრები მაღიზიანებდა. დღეში ვინ იცის, რამდენი ადამიანი ურეკავდა _ ქალები, კაცები, დედა, შვილი…. ყველას აინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისიც ყველას ელაპარაკებოდა და დაწვრილებით უხსნიდა, როგორ იყო და რა აწუხებდა. ნეტავ არ იღლებოდა? ან არ ეზარებოდა ერთი და იმავეს ცხრაასჯერ გამეორება?
ერთ დღესაც ვერ მოვითმინე და დავაცხერი:
_ არ შეიძლება ცოტა ნაკლები ილაპარაკო ტელეფონზე? უკვე თავი ამტკივდა.
გაოგნებული მზერა მომაპყრო.
_ მე მეუბნები?
_ ჰო, შენ. სხვას ხედავ აქ ვინმეს?
_ და შენი რა მიდის, მე თუ ვინმეს ვესაუბრები?
_ ის, რომ ჩემი გაჭირვება მყოფნის. ტკივილებისგან ღამეები არ მძინავს. შენ კი დღისითაც არ მაძლევ დაძინების საშუალებას. რა უბედურებაა ამდენი რატრატი?
_ და შენ ვინ ხარ, რომ ლაპარაკი ამიკრძალო? რატომ აძლევ შენს თავს ამდენის უფლებას? თუ ის გაცოფებს, შენ რომ არავინ გირეკავს და შეგშურდა? ბოღმა გახრჩობს? _ შემომიტია.
მისი ყოველი სიტყვა გულს მტკენდა, მადამბლავებდა. ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ მამცირებდა. რა თქმა უნდა, ჩემი მომკითხავების რიცხვი თითქმის ნულის ტოლი იყო, რადგან მირინდა, სალომე და დემნა თუ დამირეკავდნენ, მაგრამ შური და ბოღმა აქ რა შუაში იყო? შევეცადე, მისი ნათქვამი ჩემს ოცდაშვიდწლიან გონებაში დეტალურად გადამეხარშა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ამხელა შეურაცხყოფა როგორი ასატანი იყო? მოულოდნელად მისგან მიღებული ყველა წყენა ერთად ბურთივით შევკარი და მის საწოლში გადავისროლე:
_ უმადური კაცი ხარ. გრცხვენოდეს! მგონი, შენგან ამას არ ვიმსახურებ. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს!
ამან აღაშფოთა.
_ კიდევ მე ვარ უმადური? მე უნდა მრცხვენოდეს? ვერ გავიგე, შენ უნდა შეგითანხმო, ვის ველაპარაკო და ვის არა? რას შემომისახლდი აქ? ვინმემ დაგაძალა? ამხელა ქალს იმის არ შეგრცხვა, რომ უცხო კაცთან ერთად ერთ საწოლში დაგეძინა და კიდევ მე უნდა მრცხვენოდეს? იქიდანვე გეტყობოდა, ვინც ბრძანდებოდი! დგას აქ და მეუზრდელება!
მოვკვდი და აღარ დავრჩი. გავფითრდი. ცივმა ოფლმა დამასხა და თვალთ დამიბნელდა. წამით ცნობიერება წამერთვა, ვერც ვერაფერს ვხედავდი და არც არაფერი მესმოდა. ალბათ, ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი, რახან რონის შეეშინდა. როგორც ჩანს, საშველად სხვებს უხმო…
თვალი რომ გავახილე, საწოლზე ვიწექი და ორი თეთრხალათიანი ზემოდან დამჩერებოდა.
_ კარგად ხართ? _ მკითხა ნოდარმა, რომელსაც ჩემი მაჯა ეჭირა და თავის მაჯის საათს დაჩერებული ჩემს პულსს ითვლიდა.
_ არა მიშავს… რა დამემართა?
_ ისეთი არაფერი, გული წაგივიდათ, _ მის ნაცვლად მეორე ექიმმა მიპასუხა, გივიმ.
იქაურობას თვალი მოვავლე და ფანჯარასთან მდგარი რონი შევამჩნიე. მან დამნაშავის მზერით გამომხედა, აშკარად პატიებას მთხოვდა…
ვაპატიე. ისევ შევრიგდით. მე ჩემს ტკივილებს ვუმკლავდებოდი, ის _ თავისას. ხანდახან მაინც აგვეშლებოდა ერთმანეთზე ნერვები, შემდეგ კვლავ ვმშვიდდებოდით. იყო მომენტები, როცა მეზიზღებოდა. ვეზიზღებოდი. ვიბუტებოდით. ვრიგდებოდით. ვლაპარაკობდით. არ ვლაპარაკობდით. ვჩხუბობდით. არ ვჩხუბობდით.
და…
მიყვარდა… ვუყვარდი…
თუმცა ამას იშვიათად ვგრძნობდით. ამაზე არასდროს ვსაუბრობდით. სიყვარულის ახსნას ადგილი არ ჰქონია. არც გრძნობების დაუფარავად გამოვლენას. უბრალოდ, ვგრძნობდით. ვგრძნობდით და გამოტყდომის გვეშინოდა. მე ჩემი შეცდომების გამეორების შიში მძალავდა, მას _ თავისი. ვიყავით ერთად აქ და ეს `აქ~ ორივეს გვაკმაყოფილებდა. ერთ პატარა სივრცეში აღმოცენებულ გრძნობას გარეთ რა ძალა ექნებოდა, არც ერთმა არ ვიცოდით. ჩვენი `საჰოტელო~ რომანი, ჩუმი, უსიტყვო, ძვლებგაუმაგრებელი, შეიძლება ბანალურად დასრულებულიყო, როგორც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში საკურორტო რომანი _ ნომერში დაწყებული უცნაური სიყვარული ფერფლივით გაფანტულიყო ამ კედლებს მიღმა გარეთ _ უკიდეგანო სივრცეში.
ბოლოს ჩემი წასვლის დღეც დადგა. ცუდად აღარ ვიყავი. შემეძლო კიდევ დავრჩენილიყავი, მაგრამ გარეთ უამრავი ადამიანი იცდიდა, ვინც ადგილის გათავისუფლებას ელოდა. დღე არ გავიდოდა, არ გამოეცხადებინათ, ამდენი და ამდენი კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდაო. ნამუსიც კარგი საქონელია ხანდახან. ჩემს ძვირფასს ადგილს, რომელსაც სხვა შემთხვევაში არასდიდებით სხვას არ დავუთმობდი, უნდა შევლეოდი.
რონი ჯერ კიდევ რჩებოდა, ისევ სუსტად იყო. მე ძვლების თუ სახსრების ტკივილმა გამიარა, მაგრამ არც ყნოსვა დამბრუნებია და არც გემო. დამამშვიდეს, დროთა განმავლობაში დაგიბრუნდებაო.
ჩემი საყვარელი კვერცხის ნაჭუჭისფერი კაბა ჩავიცვი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ დროს ვწელავდი. მეგონა, რონი წასვლის წინ რამეს მაინც მეტყოდა _ ან იმედის მომცემს, ან უიმედობის მაუწყებელს. ის კი ხმას არ იღებდა. იწვა საწოლზე თავქვეშ ხელებამოდებული და ჭერს შეჰყურებდა.
მისი ღირსეული სიჩუმე მაცოფებდა.
როგორც იქნა, მოვრჩი. წელში გავიმართე და მივაჩერდი.
_ წავედი… _ ამოვთქვი.
_ წადი… _ ამოთქვა.
მინდოდა მეთქვა, შეხვედრამდე-მეთქი, მაგრამ შევხვდებოდით კი? ექნებოდა ამის სურვილი?
გულისტკივილის გაცვეთილი ნარჩენები ერთად მოვაქუჩე და ძალად ღიმილმორგებულმა ვუთხარი:
_ მიხარია, რომ გაგიცანი. იმედია, ცუდად არ გამიხსენებ.
_ არ გაგიხსენებ. _ თუთიყუშივით პერიფრაზირებდა ჩემს ნათქვამს, თან ჭერს თვალს არ აშორებდა.
_ წარმატებებს გისურვებ. კარგი ოჯახი შეგექმნას… გამიხარდება. _ ვთქვი და გავწითლდი.
აბა, რა მომივიდოდა? ასეთ ტყუილზე აფერისტიც კი გაწითლდებოდა.
_ მგონი, წასვლის წინ რაღაცის თქმა გინდა და ვერ ამბობ. სწორად მიგიხვდი? _ ცალ გვერდზე წამოიწია და იდაყვს დაეყრდნო.
ჰო, ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, სათქმელი გონებიდან მთლიანად გამიფრინდა.
რისი თქმა მინდოდა?
_ იცი? მე თავის დროზე არასწორი ადამიანი შემიყვარდა, რასაც დღემდე ვნანობ. მას მერე გვარიანმა დრომ გაიარა და ბევრი რამ ვისწავლე. საკუთარ თავზეც ბევრი ვიმუშავე. სიკვდილი ორჯერ გავიცანი, რადგან ორი ქმარი დავკარგე. თუმცა ეს არ არის მთავარი… ახლა მე ჩემი თავის იდეალური ვერსია ვარ. არც ამაზე უკეთესი გავხდები და, იმედია, არც უარესი. რაც ვარ, ეს ვარ. ჩემს გონებაში ალტერნატიული სამყაროც შევქმენი, მაგრამ იქაც ისეთად დავრჩი, როგორიც აქ ვარ. ვერც დავბრძენდი და ვერც გავფილოსოფოსდი. ჩემი ვიპბილეთი ჩემი შვილი იყო, რომელიც უაზრო შეცდომის გამო დავკარგე. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ თავი უკეთესად მოგაჩვენო. უკვე გითხარი, რაც ვარ, ეს ვარ. უბრალოდ, საგრძნობლად შევიცვალე.
_ ადამიანები არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ თამაშის წესებს ცვლიან სხვებთან მიმართებაში. _ ცივად მომიგო.
_ შეიძლება მართალი ხარ… ვერ შეგეკამათები… კარგი, რაც არის, არის. ნახვამდის… ან მშვიდობით…
_ ნახვამდის… ან მშვიდობით… _ გაიმეორა და კვლავ გულაღმა გაწვა. კვლავ ამოიდო ხელები თავქვეშ. კვლავ ჭერს მიაშტერდა.
მე წამოვედი.
განადგურებული, დამცირებული, გარიყული და მიტოვებული.
არ ვიცი, გულის რომელი ნაპრალიდან შემომეპარა მისი სიყვარული. არადა, დავიფიცე, არც არავის შევიყვარებ და არც არასდროს გავთხოვდები-მეთქი. საყვარლის გაჩენაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. არადა, პირიქით მოხდა…
სახლში დაბრუნებულს აღარაფერი მახარებდა. ყველაფერი ნაცრისფერი გამხდარიყო ირგვლივ. ჩემი ხელოვნური წითელი ტიტებიც კი, ლარნაკში რომ ტიტინებდნენ, ნაცრისფრად მეჩვენებოდა. მირინდა თან მყვებოდა, სალომეც მოდიოდა ხოლმე, მაგრამ მე დანა პირს არ მიხსნიდა. ფიქრებით სულ მასთან ვიყავი, არონ კვესელავასთან. წარმოვიდგენდი, როდის რას აკეთებდა, რა დროს რით იქნებოდა დაკავებული უჩემოდ. ალბათ, შეუსახლეს ვინმე, რა თქმა უნდა, მამაკაცი, ჩემზე ცუდად მყოფი, კოვიდით დაავადებული. რონი, სავარაუდოდ, მასზე გადაიტანდა მთელ ყურადღებას. თვითონაც ექიმი, ვალდებულიც კი იყო, სხვების მიმართ მზრუნველობა გამოეჩინა.
ორი კვირა გავიდა, რაც სასტუმრო დავტოვე. რონიზე არაფერი ვიცოდი. ჩემი ნომერი ჰქონდა, მაგრამ ერთხელაც არ დაურეკავს. არც მე. გადავწყვიტე, დამევიწყებინა. გადავწყვიტე, როგორმე ამომეშრო გულში ის ადგილი, რომელიც მან დაიკავა და გავთავისუფლებულიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი ვერ ექნებოდა.
სადაც ამდენი გადავიტანე, როგორმე ამასაც გადავიტანდი. ყოველ შემთხვევაში, უნდა მეცადა.
ერთ საღამოს დემნა მესტუმრა. სიმპათიურად გამოიყურებოდა. მამაკაცისთვის დამახასიათებელი სიმელოტე უხდებოდა. ნასვამი იყო. ტორტი და ვეებერთელა თაიგული მოგვიტანა. მირინდამ მაშინვე სუფრა გაშალა. ბევრი არაფერი გვქონდა, მაგრამ რაც გვქონდა, არ დაიშურა.
_ დასალევი გაქვთ რამე? _ შეგვეკითხა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
_ შევცდი, რომ არ წამოვიღე, _ დანანებით თქვა.
_ გავალ, მოვიტან, რა დიდი ამბავი ეს არის, _ დაფაცურდა მირინდა.
_ არა, არა, თქვენ როგორ შეგაწუხებთ. იყოს, არა უშავს, ყავას დავლევთ და ეგაა.
_ მირი, ტასოსთან გადადი, ჯიხურში, სახლში დამზადებული კონიაკი აქვს, ჩამოსასხმელი და ის წამოიღე. კარგი დასალევია, _ ვუთხარი მირინდას.
ისიც წავიდა, არ დაიზარა. მე და დემნა მარტო დავრჩით.
_ სულ ვფიქრობ შენზე, _ შეფიქრიანებული ხმით მითხრა.
_ რა საჭიროა, დემნა? შენ ცოლი გყავს, ხომ არ დაგავიწყდა?
_ ჰო, ცოლი მყავს, მაგრამ საყვარელი ქალი არა.
_ და ვინაა შენი საყვარელი ქალი, მე? _ გამეცინა.
_ კი, შენ. ერთადერთი იყავი, ვინც შემიყვარდა და ვერა და ვერ დაგივიწყე. სალომეს მივატოვებდი, შენ რომ…
_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! ჩვენ შორის არაფერი ისეთი არ ყოფილა, ასე იფიქრო. მე შენ არასდროს მყვარებიხარ, ხომ იცი.
_ იმიტომ, რომ არ მოინდომე.
_ სიყვარული მონდომებით არ მოდის, დემნა. იმედია, ამდენი გესმის. მივთხოვდი იმას, ვინც შემიყვარდა. შენც ის შეირთე ცოლად, ვინც შეგიყვარდა და ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. დავივიწყოთ წარსული.
_ წარსულის დავიწყება არ შეიძლება. მის გარეშე მომავალი არ გვაქვს. წარსული კვებავს ადამიანს, მხოლოდ ის ანოყიერებს მომავალს.
_ თუ ასე გააგრძელებ, ეგერაა კარი და მიბრძანდი! _ თვალები დავაბრიალე, _ ხომ იცი, ზედმეტობები არ მიყვარს!
_ კარგი, მოვრჩეთ, რახან ასე გსურს. შენ ჩემი მეგობარი ხარ და არ მინდა დაგკარგო.
ამასობაში მირინდაც მოვიდა და კონიაკი მოიტანა. ჩამოვასხით. დავლიეთ. მესიამოვნა. საუკუნეა, არ დამილევია და ეგრევე შემათრო. სასმელმა დარდიც გამიიოლა და რონის იგნორირებაც. ფსიქოლოგიურმა და ფიზიკურმა სიმშვიდემ მომიცვა. გავმხიარულდი.
_ კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი, _ შევცინე დემნას, _ ახლა დალევა ნამდვილი წამალი იყო ჩემთვის. შენ გაიხარე.
_ მეც მესიამოვნა, იცი? _ ამყვა მირინდაც, _ აი, სალომეც რომ გამოსულიყო, უფრო კარგ დროს გავატარებდით. _ გულუბრყვილოდ დაამატა.
სალომეს ხსენებაზე დემნამ კოპები შეიკრა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ დავასწარი:
_ სხვა დროს სალომეც მოვა, შემოგვიერთდება და ისევ ვიქეიფებთ.
_ ჰო, ასეა, _ იძულებით დამეთანხმა დემნა, _ მე ახლა წავალ, თორემ მაგრად მომეკიდა და საჭესთან ვეღარ დავჯდები.
_ სახლში რომ მიხვალ, დარეკე, კარგი? არ გვანერვიულო, იცოდე! _ დათბილული ხმით ვუთხარი და კარამდე მივაცილე.
_ დავრეკავ… აბა, რას ვიზამ, _ თავი დააქნია და გავიდა.
წავიდა და საფიქრალი დამიტოვა. ნუთუ მართლა ასე ვუყვარდი? მე სადღა ვიყურებოდი? იქნებ ის იყო ჩემი ბედი და მე ხელი ვკარი? ვინ იცის, იქნებ ერთად ბედნიერებიც ვყოფილიყავით… ნუთუ საკუთარი ბედნიერება ფულზე გავცვალე? ახლა ფული მაქვს, საკმარისად ბევრი, ბედნიერი კი არ ვარ. ამას რა ჰქვია, ბედის ირონია თუ დაუდევრობა? იქნებ სიხარბე? ალბათ, ყველაფერი ერთად.
ვერა, ვერ შევძელი რონის დავიწყება. სულ თვალწინ მედგა, სულ მისი ხმა ჩამესმოდა ყურში _ ხან ალერსიანი, ხან გაბრაზებული, ხან ზიზღით სავსე… მაგრამ მაინც მონატრებული. მასთან ყოფნა მინდებოდა… მის მხარზე თავის დადება მინდებოდა… მისი სხეულის სითბოს შეგრძნება მინდებოდა… მისი ხელის უნებლიე შეხებით გამოწვეული ჟრუანტელის გამეორება მინდებოდა…
ექვსჯერ გადავწყვიტე დამერეკა.
ექვსჯერ ვიფიქრე სანახავად მივალ-მეთქი.
ერთხელაც არ დამირეკავს.
ერთხელაც არ მივსულვარ მისი ამბის გასაგებად.
ამით საკუთარი თავი დავსაჯე.
ამით ისიც დავსაჯე.
აი, უკვე სამი კვირა, ექვსი დღე და ცხრა საათია, არ მინახავს და ადგილს ვერ ვპოულობ.
რა ვქნა, ბავშვივით გავჭირვეულდე, მორიდების ზღვარი გადავლახო და ურცხვობაში გადავაბიჯო? მაგრამ მე ხომ ბავშვი აღარ ვარ? რაღა დროს ჩემი ბავშვური საქციელია. არ გამოვა. აჯობებს, დავნებდე. დინებას მივყვე და წინ გავიხედო, მომავლისკენ.
ვინ იცის, რა მელის. იქნებ მის გარეშე უკეთესადაც ვიგრძნო თავი?
ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რომ სიყვარული საშინლად მწყუროდა. რონი პირველი მამაკაცი იყო, ვინც უარმყო და მაინც მიყვარდა. პირველი შემთხვევა იყო, რომ თავმოყვარეობამ შემაკავა და არ მივადექი…
ბევრი პირველი დამიგროვდა… ესეც პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში…
ახალ წელს მარტო შევხვდი. მირინდა სოფელში წავიდა თავისიანებთან. სიმართლე რომ ვთქვა, გამიხარდა კიდევაც. რა მეახალწლევებოდა. მარტო ყოფნა ჩემთვის ნარკოტიკივით იყო. ხელს არავინ მიშლიდა, დავრჩენილიყავი ჩემს ფიქრებთან, ჩემს წარსულთან, ჩემს სიზმრებთან. ბოლო დროს, რატომღაც, ლუციდური სიზმრები დამჩემდა. მეძინა და არც მეძინა. როგორც გამიხარდებოდა, ისე შემეძლო საკუთარი ზმანებების მართვა. ჩემი სამიზნეები სიზმარშიც რონი და ვაკო იყვნენ. შემეძლო მოვფერებოდი ჩემს შვილს, ხელში ამეყვანა, მეთამაშა, მეფრინა და მერბინა მასთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ გვერდით მუდამ იყო რონი, რომელიც სიზმარში არ მტოვებდა.
ცხადში კი… ცხადში საშინლად მარტოსული ვიყავი. წარსულის მოგონებებს მივეძალე. როცა არ მეძინა, იმ დღეებს ვიხსენებდი, როცა შვილი გვერდით მყავდა. არც გიორგი, არც დენიელი ჩემს გონებაში არ ამოტივტივებულან, თითქოს არც არასდროს ყოფილან ჩემს ცხოვრებაში. ისინი ცუდი მოგონებების დინებამ წალეკა. ახლა მხოლოდ ტკბილ მოგონებებზე ვიყავი გადართული. იმდენად შევერწყე წარსულს, რომ თვალებდახუჭულს ცხადად მესმოდა ვაკოს ხმა, მისი ფეხების ბაკუნი, მხიარული ჭყლოპინი, მისი სხეულის სითბოსაც კი რეალურად შევიგრძნობდი. ყნოსვის შეგრძნება ხომ დავკარგე, მაგრამ ბავშვის სუნს ვგრძნობდი. ვგრძნობდი იმდენად მძაფრად, რომ თვალებს ვახელდი, იქნებ საოცრება მოხდა და მართლა აქვე დარბის, ჩემ გარშემო-მეთქი. ბოლოს მივხვდი, ასე თუ გავაგრძელებდი, ჭკუიდან შევიშლებოდი.
სალომემ დამპატიჟა, ახალ წელს ჩვენთან შეხვდიო, მაგრამ უარი ვუთხარი. შინ ჩავიკეტე, მობილური გამოვრთე და სიბნელეში, დაწოლილმა ვიახალწლევე. კარგა ხანს ვუსმენდი ბათქაბუთქის ხმას და როცა პეტარდების ხმაური მიწყდა, ჩემს თავს ვუჩურჩულე: `ახალ წელს გილოცავ, ნისა!~
და გულდაღმა დავწექი…
მეორე დილით მობილური ჩავრთე და გამოტოვებული ზარები შევამოწმე. მირინდა, სალომე, დემნა, ჩემი ბაღის ღსაზრელების მშობლები და… მეტი არავინ. რონიმ ახალი წელიც არ მომილოცა. ისევ ტკივილი. ისევ ჩხვლეტა გულში. მაინც არ შევეპუე, ავდექი და მესიჯი მივწერე, ახალი წელი მე მივულოცე. მერე კი გულაღმა გავიშხლართე და პასუხს დაველოდე.
შენც არ მომიკვდე! არავითარი პასუხი! ლამის თავში წავიშინე ხელები, რატომ მივწერე, რისთვის გავიმასხარავე თავი-მეთქი.
ცოტა ხანში მობილური აწრიპინდა. მესიჯი მეგონა. არა. თქვენი წერილი არ იგზავნებაო, შემატყობინა ჭკვიანმა ტელეფონმა. როგორც ჩანს, დამბლოკა. ჰა-ჰა-ჰა! ესეც შენ, ნისა!
არ ვიცი, ის დღეები როგორ გადავიტანე. სასოწარკვეთილება არ ერქვა იმას, რაც მე მჭირდა. ამას დასასრული ერქვა. ყველაფრის დასასრული…
მირინდამ დამირეკა, რახან მუშაობა არ არის, ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და ვეცდები, შენი დაბადების დღისთვის ჩამოვიდეო. მოვატყუე, 13-ში სალომესთან მივდივარ, ძველით ახალ წელს იქ უნდა შევხვდე და არ ჩამოხვიდე-მეთქი. გამიტკბა მარტოობა, არავის ნახვა არ მსურდა. არავისთან დალაპარაკება არ მსურდა. ლაპარაკი არ მსურდა საერთოდ.
და აი, 13 იანვარიც გათენდა. ჩემი ოცდამეშვიდე დაბადების დღის ბოლო დღე. ახლა დილის 12 საათია. კიდევ ერთი საათი და ოცდამერვე წელიწადში გადავაბიჯებ. ეს ის ასაკია, როცა არც ბებერი ხარ და არც მთლად ახალგაზრდა. თუ ამ ასაკში გაუთხოვარი ხარ, იტყვიან, აწი გათხოვება გაუჭირდებაო. თუმცა სულაც არ მიმაჩნია, რომ ასეა. გათხოვება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. აი, მაგალითად, ჩემმა დედამთილმა, რომელიც მეორედ გათხოვდა, თანაც წარმატებულად _ ცხრა წლით ახალგაზრდა ქმარი `დაირტყა~. თავის 56 წლის ასაკში იგი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, 60-იანი წლების ჟურნალებიდან გადმომხტარს ჰგავდა…
ამჯერად ტელეფონი არ გამოვრთე. დამირეკეს. მომილოცეს. სიხარული მისურვეს, ბედნიერება, სიყვარული, წარმატებები…
მეც `გმადლობ~ და `გაიხარე~ არ დავიშურე, უხვად დავარიგე. მერე სალომე მოვიდა, თაიგული და ტორტი მომიტანა. გადამკოცნა, მომილოცა, დემნა ვერ მოვა, რადგან დღეს მისი ნათლულის დაბადების დღეცაა და იქ გავიდაო, მერე კი გაციკროვნებული სახით შემომაჩერდა, ხელები გაშალა და მახარა:
_ ნისა, იცი? ორსულად ვარ!
_ მართლა? მომილოცავს… _ მშრალად წარმოვთქვი და ღიმილი პირზე შემაშრა.
მეწყინა? არა, არ მწყენია. დავიბოღმე? არც ეგ იქნება მართალი. აბა, რა დამემართა, შემშურდა? არა, ეს არც შური ყოფილა _ არც თეთრი დ არც შავი. უბრალოდ, სინანულმა ამიწვა მკერდი. ის ბედნიერი იყო, მე _ არა. მას დემნა ჰყავდა, მე _ არა. ის შვილს ელოდებოდა, მე _ არა…
აი, რამდენი რამ მაკლდა ცხოვრებაში. მას ყველაფერი ჰქონდა, მე _ არაფერი. მე მხოლოდ ფული მქონდა, სხვა მთავარი კი აღარ…
სალომე რომ წავიდა, შვება ვიგრძენი. მარტო უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს. სწორედ ასეთი თავისუფლება მგვრიდა შვებას.
დაღამდა. შევყურებდი მაგიდაზე დადებულ ორნაჭერმოჭრილ ტორტს და მისი მაცივარში შედება მეზარებოდა. იმიტომ, რომ ადგომა მეზარებოდა. განძრევა მეზარებოდა. ფიქრიც კი მეზარებოდა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. არავის ველოდი. უნებურად მობილური მოვიმარჯვე და საათს დავხედე. ცხრა გამხდარიყო. ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს? სავარაუდოდ, დემნა. იმ უსიამოვნო საუბრის შემდეგ არ მინახავს. როგორც ჩანს, ისევ ნასვამია და მომადგა. არადა, შინ ორსული ცოლი ელოდება.
უნდა გამოვლანძღო, თუ ისევ გაჭედავს!
ამ შემართებით გავეშურე კარის გასაღებად, მაგრამ მომზადებული სიტყვები პირზე შემაშრა, როცა ზღურბლთან რონი დავინახე… არონ კვესელავა საკუთარი პერსონით! დენიელი რომ მკვდრეთით აღმდგარიყო და მომდგომოდა, ალბათ, ასე არ გამიკვირდებოდა.
_ გამარჯობა! _ ერთი სიტყვით მომესალმა.
_ გაგიმარჯოს! _ ერთი სიტყვით მივესალმე.
_ გილოცავ დაბადების დღეს! _ ეს სამსიტყვიანი მოლოცვა იყო.
_ დიდი მადლობა. _ ეს კი ორსიტყვიანი სამადლობელი.
_ სტუმრები გყავს?
_ არა, _ დაბნეული ვპასუხობდი და თვალებს დისნეის მულტფილმის გმირებივით ვახამხამებდი.
_ წავიდე თუ შემოვიდე? _ უხერხულობის დასაფარავად გაიღიმა.
მხრები ავიჩეჩე.
_ იმისთვის მოხვედი, რომ წახვიდე? _ მის კითხვას კითხვით ვუპასუხე.
_ მაშინ შემომიშვი.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ადგილზე დალურსმნულივით კარის ზღურბლზე ვიყავი გახიდული.
_ ვაიმე, ბოდიში. შემოდი, შემოდი, _ როგორც იქნა, გამოვერკვიე და გზა დავუთმე.
_ ძლივს რომ გიპოვე, იცი? _ სიცილით მითხრა, სანამ სასტუმრო ოთახში შევუძღვებოდი, _ ვაა, სტუმრები გყოლია? _ ტორტის დანახვაზე წამოიძახა.
_ ჩემი დაქალი იყო ამოსული, ტორტიც იმან ამოიტანა.
_ მე კი ხელცარიელი მოვედი. იმედია, მაპატიებ, არაფერი რომ არ მოგიტანე.
`შენი თავი ხომ მომიტანე?~ _ უხმოდ მივუგე, ხმამაღლა კი ვთქვი:
_ რა სისულელეა, არც იყო საჭირო.
_ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ზუსტ მისამართზე მოვდიოდი, ამიტომ ცარიელი მოგადექი. მაგრამ გამოვასწორებ.
_ მთავარია, რომ მოხვედი.
_ მართლა? გაგიხარდა? _ შემოტრიალდა და წინ დამიდგა, თან თვალი თვალში გამიყარა.
_ ყოველ შემთხვევაში, არ მწყენია, _ ვთქვი და გავწითლდი.
გამიხარდა რომელია, გული გაფრენას ლამობდა, ოღონდ ეს ჩუმი სიხარული იყო, მხოლოდ მე რომ ვგრძნობდი, ისეთი. ის აქ იყო, ჩემს სახლში, ჩემთან. მას ჩემი დაბადების დღე ახსოვდა, მაგრამ როგორც თვითნასწავლ მატყუარებს სჩვევიათ, მტკიცე ტყუილი არ გამომივიდა და თავი გავეცი.
_ `წლის ქალბატონის~ ტიტული გეკუთვნის, იცი? _ ისევ გაიცინა.
_ რატომ? _ ისევ დავიბენი.
_ იმიტომ, რომ შეძელი ჩემი აქ მოყვანა.
_ ?..
_ მე მუდმივად დამდევენ ქალები, მაგრამ ვერ მიჭერენ, შენ კი დამიჭირე, _ განმიმარტა.
ახლა კი აფრინდა ჩემი გული. ოთახში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტივით მიაწყდა ჯერ კედლებს, მერე ფანჯრებს, ბოლოს რონის მკერდს და მის გულს კლანჭებით ჩაებღაუჭა.
_ მართლა? _ სხვა ვერაფერი ვთქვი. სიამოვნების ტალღა სახეზე შემომასკდა.
_ არ გჯერა? თვალები სიმართლესაც აქვს, ჩამხედე და მიხვდები.
მივუახლოვდი. თავი ავწიე და მზერა გავუსწორე.
_ ჩაგხედე… _ ვთქვი.
_ მერე?
_ მივხვდი, _ ვუთხარი და გავუღიმე.
_ მიხარია ამის მოსმენა, _ ყურში ჩამჩურჩულა, თავისი ვეება მკლავები მომხვია და მკერდზე მიმიკრა.
ერთიანად თრთოდა. მე უფრო.
_ მაგრამ რა ეშველება ჩემს წარსულს? მე ხომ საბედისწერო ქალი ვარ.
_ შენ სენსაციური ქალი ხარ და არა საბედისწერო. ამას დანახვისთანავე მივხვდი. რაც შეეხება წარსულს, ნუ ეცდები მის გამოსწორებას. მთელი ძალისხმევით მხოლოდ იმას შეეცადე, მომავალი არ გაიფუჭო. კარგი?
თავი მკერდზე მივადე და მის გულს ვუთხარი:
_ კარგი.
_ რაღაც უენთუზიაზმო `კარგი~ იყო. რატომ ასე? აბა, შემომხედე! _ თავი ამაწევინა და ზემოდან დამხედა, _ პესიმიზმი ხომ არ მოგვეძალა?
მხრები ავიჩეჩე და მზერა ავარიდე.
_ აბა, მითხარი, ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?
გულიანად გამეცინა. ამ ბანალურ შეკითხვაზე ყოველთვის ერთი გრძელი, არაბანალური პასუხი მქონდა:
_ თუ ჭიქიდან წყალი მოსვეს, მაშინ ის ნახევრად ცარიელია, მაგრამ თუ პირიქით, ჩაასხეს, მაშინ ნახევრად სავსე.
_ ვაა! რა ორიგინალური პასუხია, ამაზე არასდროს მიფიქრია. ეს შენ მოიფიქრე თუ ვინმემ გიკარნახა?
ისევ ავიჩეჩე მხრები.
_ არ მახსოვს… შენ ის მითხარი, ჩემს მესიჯს რატომ არ უპასუხე? ახალი წელი რომ მოგილოცე.
_ ჰმ… იმიტომ, რომ ტელეფონი დავამტვრიე. ისე მომეშალა ჩემს თავზე ნერვები, წამოსვლის წინ რომ ვერ გითხარი ჩემი სათქმელი, გაბრაზებულმა ვისროლე და კედელს მივანარცხე. დაიფშვნა ის შობელძაღლი. თან ისე, რომ კონტაქტების აღდგენა შეუძლებელი გახდა. ამის გამო შენი ნომერიც დავკარგე. მერე ისევ ცუდად გავხდი. მოკლედ, ამ კორონამ ჩემთვის მოიცალა. ძლივს გამოვიხედე თვალებში. და როგორც კი გამოვიხედე, შენს ძებნას შევუდექი. სასტუმროს ჟურნალში მოვიძიე შენი მისამართი. მერე ვიყოყმანე, მივადგე თუ არ მივადგე-მეთქი. ბოლოს ვიფიქრე, დაბადების დღეზე ავალ და ხომ არ გამომაგდებს, რაც იქნება, იქნება-მეთქი. და აი, მოვედი. ხომ არ გამაგდებ?
_ სიამოვნებით ვივლიდი კურსებზე, სადაც მტკიცე `არა~-ს თქმას ასწავლიან, მაგრამ ამ შემთხვევაში კურსების გავლა აღარ მჭირდება… არ გაგაგდებ კი არა, არ გაგიშვებ… _ ჩურჩულით მივუგე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
რა ძალა აქვთ შეყვარებულ ტუჩებს… ისე სწრაფად იპოვიან ხოლმე ერთმანეთს…
დილით გვიან გაგვეღვიძა. რონიმ დილა მშვიდობისა მისურვა, მერე თავისი თითები თავქვეშ ბალიშად დამიდო, ცხვირის წვერზე მაკოცა და მითხრა:
_ ნისა, მე შენ წუხელ მეორედ გნახე. ჩათვალე, რომ ეს იყო ორი ნახვით შეყვარება. მინდა ერთად ვიყოთ, თუ ამის სურვილი გექნება. არაფერსაც არ გპირდები. შეიძლება ცოლად მოგიყვანო, შეიძლება არა. ამას მომავალი გვიჩვენებს… მაგრამ მსურს გვერდით მყავდე. მოვსინჯოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა. როგორ შეეწყობი დედაჩემს, ჩემს შვილს. დედას უკვე ველაპარაკე, მოვუყევი შენი ამბავი. მითხრა, თუ შვილი დაკარგა, თომას ნამდვილად მიიღებს შვილივითო. მე მაგარი დედა მყავს, ყველაფერი ესმის. ამიტომ ახლა ავდგეთ, ჩავიცვათ და ჩემთან წავიდეთ. ჩემები უნდა გაგაცნო.
ღმერთო, ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ შემეშინდა. ჯერ მასთან ურთიერთობისთვის არ ვიყავი ბოლომდე მზად და დედამისის და თომას გაცნობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მაგრამ რონის არაფრის გაგონება არ სურდა.
_ წავიდეთ. გზაში გიყიდი 13 ვარდს, 13 გაბერილ ბუშტს და დაბადების დღეს ასე მოგილოცავ. წუხანდელ შეცდომას გამოვასწორებ. მერე ჩემებთან მივიდეთ. დედა უკვე ემზადება შენს გასაცნობად. ალბათ დილიდან სამზარეულოში ტრიალებს. საჩუქარიც კი მოგიმზადა.
_ კარგი… გავრისკავ, _ ერთიანად აჭარხლებულმა წარმოვთქვი და საწოლიდან ზლაზვნით გადავედი…
წარმოიდგინეთ, რა სანახავი ვიქნებოდი ვარდებითა და ბუშტებით ხელდამშვენებული. ასე მეგონა, ასაკისთვის შეუფერებელ ქალს ვგავდი, რომელიც თავის პატარა გოგოდ წარმოჩენას ცდილობს.
ძლივს გადმოვედი ბუშტებიანად რონის მანქანიდან. მუხლები მიცახცახებდა, სადარბაზოში რომ შევდიოდი. ლეკვივით მივდევდი უკან ჩემს სანუკვარ მამაკაცს.
რონი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა, მე-16 ბინაში. კიდევ კარგი, არა მე-13-ში, თორემ, ალბათ, ამდენი დამთხვევით გავგიჟდებოდი კიდევაც. მან კარის სახელური ჩამოსწია, მაგრამ სანამ შეაღებდა, გამომხედა, გამიღიმა და თვალებით გამამხნევა. ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. რატომ მივყვებოდი უკან ასე მორჩილად მამაკაცს, რომელიც არც ქმარი იყო ჩემი, არც საქმრო და, სავარაუდოდ, არც საყვარელი? ერთი ღამის ერთად გატარება სულაც არ ნიშნავდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ხვალაც და ზეგაც გაგრძელდებოდა. ხომ მითხრა, არაფერს გპირდებიო? მაშინ რა მომარბენინებდა? სულ თავბედს ვიწყევლიდი, ასე რამ ამაცუნდრუკა-მეთქი.
_ ჩემს საქციელს გათავქარიანება ჰქვია, _ ჩურჩულით ვუთხარი რონის, კრავივით რომ მივდევდი უკან და თან მის ზურგს ვეფარებოდი.
_ პირბადე მოიხსენი, გოგო! _ ხმადაბლა მომცა შენიშვნა და ორაზროვნად გამიღიმა.
სასწრაფოდ მოვიხსენი ჩემი ცისფერი პირბადე იმ ხელით, რომლითაც ვარდები მეჭირა და მუჭში ჩავიტენე.
_ მოხვედით, დედი? _ სამზარეულოდან შავგვრემანმა ქალმა გამოყო თავი. იგი საოცრად ჰგავდა რონის.
_ მოვედით, თინა. გაიცანი, ეს ნისაა, ჩემი მეგობარი.
_ სასიამოვნოა, გენაცვალე, _ ქალმა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და გაღიმებულმა მარჯვენა გამომიწოდა. მეც ბუშტებს ხელი გავუშვი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
_ უი! _ წამოიძახა თინამ სიცილით და ჭერში ასულ ბუშტებს ახედა.
_ არა უშავს, აქედან ვერ გაფრინდებიან, _ თქვა რონიმ, მერე კი ხმამაღლა დაიძახა, _ თომა! თომა! სადა ხარ, მამი?
_ მამიკოო! _ მოისმა ბავშვის მხიარული შეძახილი და ფეხების ბაკაბუკი.
ლოჯიიდან თომა გამოვარდა და რონის შეახტა.
მამა შვილიანად რამდენჯერმე დატრიალდა და ბოლოს ჩემ წინ გაჩერდა.
_ მამიკო, გაიცანი. ეს არის ნისა დეიდა.
ბავშვი მორცხვად შემომაჩერდა. მე კი… მე მუხლები მომეკვეთა და იქვე ჩავიკეცე… რონის ხელში ჩემი ვაკო ჰყავდა აყვანილი…
ჰო, რონის შვილი ვაკო იყო, ჩემი შვილი. მაშინვე ვიცანი. ან კი რა დამავიწყებდა მის თვალებს, მის ღიმილს, მის ტუჩებს… გაზრდილი და ოდნავ გადასხვაფერებული, მაგრამ ის იყო, ჩემი სამი წლის უნახავი პირმშო. მაშინვე ვიცანი. თვითონ, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და ალბათ, ვვერც გამიხსენებდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?
თინამ და რონიმ ძლივს მომასულიერეს. ვერ მიხვდნენ, რა დამემართა. როცა ავუხსენი, რაც ხდებოდა, კარგა ხანს გონს ვერ მოვიდნენ. ლამის თინაც მოსასულიერებელი გახდა. გაოგნებულები მივჩერებოდით ერთმანეთს. თავი სამივეს სიზმარში გვეგონა. მხოლოდ თომა გვათვალიერებდა მიამიტურად, რომელიც ვერაფრით მიხვდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. მორიგეობით ვიხუტებდით ბავშვს გულში, ვკოცნიდით და ვეფერებოდით აცრემლებულები. მერე ვათვალიერეთ სურათები. მე მობილურში მქონდა ვაკოს ფოტოები, რონის კიდევ ალბომში. რა თქმა უნდა, ის იყო, ამაში ეჭვი უკვე მათაც არ ეპარებოდათ. ეს კი ყველას გვიცხრამაგებდა სიხარულს. ჩემი სახით თომამ დედინაცვალი კი არა, დედა იპოვა…
მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მკლავდა, მაინც უარი ვუთხარი რონის, როცა შემომთავაზა, წავიდეთ ბავშვთა სახლში, დირექტორი ვნახოთ და დაწვრილებით გავიგოთ, ბავშვი იქ როგორ მოხვდაო. ჩემთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი. დენიელმა სწორედ იმის გამო გააჭიანურა ბანკის გაძარცვა, რომ ჩემი ბიჭი მოეშორებინა თავიდან. ალბათ, ფული გადაუხადა იმ ქალს, რომელმაც თავი ვაკოს დედად გაასაღა და იგი ბავშვთა სახლში მიიყვანა. საბუთების გაყალბებას რა დიდი ამბავი უნდოდა? კაცი წლების განმავლობაში ბანკებს ძარცვავდა და ვერ იჭერდნენ. მისთვის ერთი საბუთის გაკეთება რა დიდი ბედენა იყო?
აი, ასე გამიღიმა ბოლოს ბედმა. ერთდროულად დაკარგული შვილიც ვიპოვე და მოსიყვარულე ქმარიც _ ოცდაცამეტი წლის (ისევ ცამეტი) არონ (რონი) კვესელავა.
ახლა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ვცხოვრობთ ერთად და ოთხივეს ერთმანეთი გვიყვარს. ვაკო უკვე დედას მეძახის, რადგან იცის, რომ მე მისი ნამდვილი დედა ვარ.
რას უნდა ვუმადლოდე ჩემს ბედნიერებას? ხაფანგად ქცეულ მაგიურ 13-ს თუ კოვიდ-19-ს?
ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. ოღონდ მე ნუ განმსჯით, რადგან ვიცი, სად და როდის დავუშვი შეცდომები და ვინანიებ.
ახლა კი, მაცალეთ, დავტკბე ჩემი ბედნიერებით… ჩემმა ქმარმა ეს-ესაა, ხელის ზურგზე ცერა თითი გადამისვა…
მიყვარს… ვუყვარვარ…
დასასრული