ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, რომელიც ჯერ არ ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მალე შემობრძანდებოდა მთელი თავისი დიდებულებით. მას უყვარდა დღის ამ მონაკვეთში სეირნობა, მზის ჩასვლისას. ამ დროს ქუჩაში ფარნების შუქი უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ასეთ წუთებში, დღისა და ღამის გასაყარზე, ყოველთვის რაღაც უხაროდა და, ამავდროულად, აფრთხობდა, თუმცა, ფიქრობდა, რომ ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა…
მაგრამ რაღა წინ, როცა ყველა სურვილი უკვე აუსრულდა? მწარედ ჩაეცინა.
აი, დღეს განსაკუთრებული საჩუქარი არგუნა ბედმა - საიდანღაც ზლაზვნით გამოცურდა ლეგა ღრუბელი, თავზე გადმოაყარა ვეებერთელა თეთრი ფთილები და თავისი უხმაურობით ქუჩის ხმაური გადაფარა. ფანრები ისე ანათებდნენ, ვიკას ეჩვენებოდა, რომ წუთი-წუთზე ორკესტრს უნდა დაეწყო დაკვრა. თითქოს ხედავდა კიდეც, როგორ დაიწყებოდა უვერტიურა, ნელა გაიხსნებოდა ფარდა და სცენაზე ახალ, სხვანაირ, გასაოცარ ცხოვრებას დაინახავდა. როგორც ჩანს, მართლა მოუწევს ახალი ცხოვრების დაწყება…
მერე იდგა საკუთარი ბინის ჰოლში და დაჰყურებდა თავის ქურქს, რომელიც ერთნაირად იყო სველი თოვლისგანაც და ცრემლებისგანაც.
ახსოვს, სანამ ატირდებოდა, თითქოს ერთ ადგილს მიეყინა ორივე. როგორც ჩანს, გაუკვირდა, ქმარი ასე ადრე რომ დაბრუნებულიყო სამსახურიდან. მან უპასუხა, სპეციალურად მოვედი ადრე, რომ დაგლაპარაკებოდიო. ამან კიდევ - თუ ასე მნიშვნელოვანია, ახლავე მითხარი, ვერ ვითმენო.
ახლავე!
მეტაფორულად თითქოს ცეცხლმოკიდებული ატომური ღრუბელი დაეკიდა თავს ზემოთ. თმაზეც მოედო ცეცხლი, კანიც ეწვოდა, ხოლო რადიაციამ ძვლის ტვინი ამოუსრუტა. საუბრის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ნელ-ნელა დანახშირდა და ამობუგულ ცხედარს დაემსგავსა.
ქმარი კი ცდილობდა, შემპარავად ელაპარაკა, თან ამხნევებდა:
- ეს ცხოვრების დასასრული არ არის, ვიკა. სხვა მამაკაცს იპოვი. შენ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, მხოლოდ 35 წლის. მე კი შენთვის ბებერი ვარ, აღარ შეგეფერები… კარგი რა, არ იტირო, ფულს დაგიტოვებ, მთელ ჩემს ქონებას შენს სახელზე გადავაფორმებ, არ იტირო! ახლა მხოლოდ შენი შელახული თავმოყვარეობა გაწუხებს, თორემ არც ისე ძალიან გიყვარდი. მთლად თავს ნუ მოიკლავ, არ გინდა. ვიცი, ძნელია, როცა შენგან მიდიან, მაგრამ ასე გამოვიდა. ეს არავის ბრალი არ არის. ძალიან მალე თვითონაც მიხვდები ამას, აი, ნახავ!
- რა ნახე მასში ისეთი, რაც ჩემში ვერ აღმოაჩინე? - ვიკას ტუჩები უთრთოდა.
- არაფერი.
- მაგრამ მე მტოვებ და მასთან მიდიხარ. რა, ის უფრო ლამაზია?
- არა.
- უფრო ახალგაზრდაა?
- პირიქით, ბევრად უფროსია. ვიკა, იქნებ დაწყნარდე და მერე ვისაუბროთ?
- აბა, რითია ჩემზე უკეთესი, რითი!
რატომღაც, ისევ ისე იდგნენ ჰოლში, ოთახში არ შედიოდნენ. ახლა აღარ ახსოვს, რატომ…
ახსოვს ის, რომ ტიროდა, მუშტებს მკერდზე უბრაგუნებდა ქმარს, ცრემლიანი კოცნებით უფარავდა სახეს იმ იმედით, რომ მისი სხეულის ვნებიან გამოძახილს იგრძნობდა, როგორც ადრე.
სულ ტყუილად… საპასუხო მოფერების ნაცვლად, მიშამ სამზარეულოში შეიყვანა, ძალით სკამზე დასვა და თვითონაც წინ დაუჯდა. ერთი სიტყვით, «მოლაპარაკების მაგიდას» მიუსხდნენ. შემდეგ «მიმტოვებელმა» «მისატოვებელს» ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა:
- მასთან უფრო მიადვილდება. უფრო უბრალო ურთიერთობა გვაქვს. დამნაშავე ვარ შენ წინაშე, არ უნდა მომეყვანე ასეთი ახალგაზრდა ცოლად… დავიღალე, ვიკა, დავიღალე შენი ხასიათის შეთავსებით. 54 წლის ვარ. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ბევრსაც მივაღწიე. ამასთან, ვცდილობდი, კარგი ქმარი ვყოფილიყავი, მაგრამ დავიღალე. შენ ისე გარბიხარ შენი აზროვნებით, ვეღარ გეწევი. ჰოდა, ახლა მსურს, დავისვენო. უნდა შეეგუო. და რადგან აწი მე ასაკი არ მომაკლდება, ამ სურვილსაც არ უწერია შეცვლა.
- და მე? შენ დაისვენებ, მაგრამ მე? მე რა მეშველება?
იმდენი წლის ცოლქმრობა აკავშირებდათ, ვიკას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა მიშას გარეშე. მიშამ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გამოსდიოდა, თვითონ კი - არაფერი. ოთახის ჭირვეული ყვავილივით იყო, რომელსაც განსაკუთრებული სასათბურე პირობები სჭირდება. და აი, რაღაც ძალამ ერთ ყინვიან დღეს ფანჯარა შემოგლიჯა და გამჭოლმა ქარმა წამში განდევნა ოთახიდან საჭირო ტემპერატურის ჰაერი. ვიკა კი კანკალებდა, რადგან ოთახი ნელ-ნელა ცივდებოდა, სითბოსგან იცლებოდა და მას გაყინვა ემუქრებოდა. დარწმუნებული იყო, ის ამ ყინვას ვერ გადაიტანდა, დაჭკნებოდა და გახმებოდა.
- ვიკა, შეწყვიტე ეს დრამატიზება! მთავარია, რომ ფული გექნება. მეტი რაღა გინდა? არ იცი, როგორ ჩახვიდე მაღაზიაში და პროდუქტი იყიდო ან ტანსაცმელი? ნუ სულელობ, მშვენივრად იცხოვრებ უჩემოდ, შენ ხომ დიდი გოგო ხარ…
- ის გიყვარს? - ნაღვლიანი ხმით ჰკითხა.
- ჰო.
ცრემლების ახალმა ნაკადმა მეტყველების უნარი წაართვა. მიშა კი იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის გადაუვლიდა უკვე ცოლყოფილს ცრემლების შემოტევა. თითქოს თანაგრძნობაც იკითხებოდა მის მზერაში. ჰო, ალბათ ასე იყო, თორემ სხვა დროს კარს გაიჯახუნებდა და გავარდებოდა. რომ არ მიდიოდა, ეს დასაფასებელი იყო მისი მხრიდან, ქმარი ხომ ვერასდროს იტანდა მის ცრემლებს.
- ესე იგი, იმ ქალის გამო უნდა განვქორწინდეთ? - მაინც ებღაუჭებოდა.
- იცი? ჯენიფერი ამერიკელია. გვინდა, კალიფორნიაში სახლი ვიყიდოთ და მშვიდად ვიცხოვროთ. დავტკბეთ სიბერის მოახლოებით და ერთმანეთის სიყვარულით. ამისთვის კი დაქორწინება აუცილებელია. თუ შენთან ხელს არ გავაწერ, ეს ამბავი არ გამოვა. შენ არ ინერვიულო, არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, ყველაფერს მე მივხედავ. - და რადგან ვიკამ ტირილს უმატა, რის გამოც კრინტი ვერ დაძრა, აღტყინებული ხმით გააგრძელა:
- ფინანსურად არ დაზარალდები, ვიკა, თავად ვიზრუნებ ყველაფერზე. განცხადებასაც მე შევიტან და საბუთებსაც მე გავაფორმებ, შენი ჩარევის გარეშე, გესმის? მე ვიზრუნებ შენზე.
ო, ღმერთო! როგორ უნდა ეზრუნა მასზე, როცა შორდებოდა? როცა ტოვებდა და სხვა კონტინენტზე გადადიოდა საცხოვრებლად? ან კიდევ, მხოლოდ ფინანსური პრობლემებია პრობლემები? ამაზე რატომ არ ფიქრობს?
აი, თუნდაც, დღეს, მანქანა რომ გაუფუჭდა. როგორ სჭირდებოდა გვერდით კაცი. რა ექნა, თვითონ მიიყვანა ავტოსერვისში, სადაც ჟორა მუშაობს. მართალია, კაი აფერისტია ეს ჟორა, ბევრ ფულს ტეხავს, მაგრამ, სამაგიეროდ, მარჯვე ხელოსანია. მის გაკეთებულ საქმეს წყალი არ გაუვა. ვიკას კი მანქანის არაფერი გაეგება. 237 დოლარი დაგიჯდებაო, ისე უთხრა ჟორამ, თვალი არ დაუხამხამებია. აფერისტია, აბა რა. არასდროს მრგვალ ციფრს არ დაასახელებს, ვითომ ზუსტად ანგარიშობს, ხელობა რა უჯდება. აბა, მიშა ყოფილიყო და ერთად მისულიყვნენ? გაუბედავდა მას ამდენს? რა თქმა უნდა, ვერა. ვიკა კი მიატოვეს. ახლა მარტოხელაა და ეგუება ახალ ცხოვრებას. უჭირს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს.
რა სასაცილო იყო წეღან. რადგან მანქანის ავტოსერვისში დატოვებამ მოუწია, უმანქანოდ მოუხდა შინ წამოსვლა. ვერაფრით გადაწყვიტა, რით ემგზავრა - მეტროთი თუ ტაქსით. მეტრო არასდროს უყვარდა. არც ახსოვს, ბოლოს როდის ჩავიდა მეტროში. რაღაცნაირი შიში ჰქონდა. ასე ეგონა, აუცილებლად წაიქცეოდა ესკალატორზე და ტრავმას ვერ ასცდებოდა. ან უარესიც - ლიანდაგებში ჩავარდებოდა და მატარებელი გადაუვლიდა უმწეოს.
ტაქსის გაჩერება რომ მოინდომა, მისდა ჭირად, არც ერთი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე. იფიქრა, კერძო მანქანას ავიყვანო, მაგრამ ისევ შიში დაეუფლა. პირველი მანქანა, რომლისთვისაც ხელის დაქნევა გადაწყვიტა, დანჯღრეული «ოპელი» აღმოჩნდა და არ მოეწონა. მეორეში კი ორი ისეთი საშინელი ტიპი იჯდა, ლამის გული გაუსკდა. ისევ მეტრო არჩია და მიწისქვეშეთში ჩაყვინთა.
საბედნიეროდ, ისე იმგზავრა, არც ესკალატორზე დაცემულა და არც მატარებელს ჩავარდნია რელსებში. სამაგიეროდ, მეტროდან ამოსულს დაემართა საშინელება. იმდენად მიუჩვეველი იყო ქუსლებით გრძელი გზის გავლას, რომ ერთ ადგილას ჩაღრმავება ვერ შეამჩნია, წაიფორხილა და რომ არ წაქცეულიყო, ჰაერში გაიქნია ხელები. ამან არ უშველა, წაიქცა და გარდა იმისა, რომ ფეხი გადაუბრუნდა, ქუსლიც მოტყდა მის ძვირფას ფეხსაცმელს.
კოჭლობით გაუყვა გზას, მოტეხილი ქუსლი რელიკვიასავით ეჭირა ხელში. გამვლელები ღიმილით შესცქეროდნენ მიმავალს, იშვიათად თუ შეავლებდა ვინმე თანაგრძნობიან მზერას.
სახლს რომ მიუახლოვდა, ბომჟები შეამჩნია, სანაგვეს რომ შემოხვეოდნენ - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ისინი არაერთხელ დაუნახავს თავისი ოთახის ფანჯრიდან. ეს სანახაობა ყოველთვის უსიამოვნო განცდას ჰგვრიდა. ამიტომ ცდილობდა, როცა მანქანით იყო, უფრო სწრაფად გაევლო ის ადგილი და მათთვის არ შეეხედა…
ახლა კი ნელა მიდიოდა, ზედმეტად ნელა, თან უმანქანოდ, და ფრთხილად უნაცვლებდა ერთმანეთს ქუსლიან მარცხენა ფეხს უქუსლო მარჯვენას. ახლა უკეთ შეეძლო სიტუაციის შეფასება, სწორედ იმ სიტუაციისა, რომელსაც აქამდე თვალს არიდებდა. ზამთრისა და გაზაფხულის მიჯნაზე ბომჟების მდგომარეობა შედარებით შეცვლილიყო. საჭმლის ნარჩენები ეპოვათ სანაგვეში, შემოსხდომოდნენ მიწაზე ფეხმორთხმულნი ამ ნარჩენებს და გამოცოცხლებულები თან ილუკმებოდნენ, თან რაღაცაზე ხალისიანად საუბრობდნენ. ჩანდა, რომ თავს ძალზე კომფორტულად გრძნობდნენ, თითქოს სასიამოვნო პიკნიკი გაემართოთ.
კიდევ ერთხელ დაზვერა მხიარული პუბლიკა და უეცრად მიხვდა, რომ მათი გახალისების მიზეზი თავად იყო - უქუსლო ქალის შემხედვარე, სამივე გულიანად იცინოდა.
- ქალბატონო, სამი ლარი გადამიხადეთ და სახლამდე მიგიყვანთ, არ გინდათ? - მოესმა ამ დროს.
ირიბად გახედა. ეს ხმა წვერიან მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელსაც საეჭვოდ გაბრწყინებული და მოელვარე თვალები ჰქონდა. ალბათ, ერთი-ორი ჭიქა არაყი ან ღვინო ჰქონდა გადაკრული, რასაც ხუმრობის ხასიათზე დაეყენებინა. ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა.
სწრაფად შეაქცია ზურგი. ბომჟების მომსახურებაღა აკლდა!
მერე კი, თავის ბინაში, რომელიც მყარად იყო დაცული უღიმღამო გარესამყაროსგან, ბინაში, სადაც ერთი კარადა მთლიანად გახლდათ სავსე ნაირნაირი კონფიგურაციის ფეხსაცმლით, საწოლზე მიესვენა, შალის პლედი გადაიფარა და აღრიალდა.
ცხოვრება უფრო და უფრო ამცირებდა მას… მას, ვინც ქმარმა მუხანათურად მიატოვა, ხსნას კი ვერსაიდან ხედავდა.
გაგრძელება იქნება