დროის უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვაში ატარებდა, უყურებდა საყვარელ ფილმებს და ძრომიალობდა ინტერნეტში. სკოლისდროინდელი უბის წიგნაკებიც კი გამოჩხრიკა. არა, არანაირ «გოგოშკურ» საიდუმლოებებს არ ინახავდა ეს წიგნაკები, მხოლოდ მისი აზრები იყო ლამაზ ფრაზებად ჩამწკრივებული, რომელიც ძალუმად მოაწვებოდა ხოლმე გარდატეხის ასაკში და იწერდა, რათა არ დავიწყებოდა.
რამდენი წელია, არაფერი დაუწერია, ახლა კი უცებ მოაწვა. მოაწვა და დაიწყო ნაფიქრალის კვლავ ქაღალდზე გადატანა: «ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, რომელიც ჯერ არ ჩანდა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მალე შემობრძანდებოდა მთელი თავისი დიდებულებით. მას უყვარდა დღის ამ მონაკვეთში სეირნობა, მზის ჩასვლისას». ამ ჩანაწერს მალე ტყის კაცის დახასიათებაც მიემატა: «ეს ხმა წვერიან მამაკაცს ეკუთვნოდა, რომელსაც საეჭვოდ გაბრწყინებული და მოელვარე თვალები ჰქონდა. ალბათ ერთი-ორი ჭიქა არაყი ან ღვინო ჰქონდა გადაკრული, რასაც ხუმრობის ხასიათზე დაეყენებინა. ნამდვილ ტყის კაცს ჰგავდა». მოგვიანებით კი ყოველივეს თავისი ახალგამომცხვარი თაყვანისმცემლების სასაცილო პორტრეტებიც მიემატა…
ცოტა ხნის შემდეგ ვიკა მიხვდა, რომ რაღაც დონეზე კომპიუტერიც უნდა შეესწავლა. ჩვენს დროში ვიღა წერს ხელით, ყველა კლავიატურის კაკუნზეა გადასული. ჩვენს ეპოქაში იდეები ელექტროყუთებში ინახება მხოლოდ. ადგა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე ჩაეწერა. თანდათან ისე გაერთო, რომ წიგნები იყიდა და დამოუკიდებლადაც შეუდგა სწავლას. დაიდებდა წიგნს გვერდით და დიდი ინტერესით ასრულებდა ყოველ მომდევნო ინსტრუქციას, იქნებოდა ეს ფანჯრის გახსნა თუ დახურვა, ტექსტების ამოჭრა, ჩასმა თუ გადაადგილება, წაშლა თუ აღდგენა… რამდენიმე კვირის შემდეგ ისე გაიწაფა ხელი და გონება, რომ თვითონაც სიამოვნებით ჩაუტარებდა გაკვეთილებს დილეტანტებს.
იმდენად გაიტაცა ტექნიკური პროგრესის ამ «შედევრმა», რომ ნელ-ნელა ჩამოშორდა ყველას, ვისთანაც კი ურთიერთობდა.
ამან ცუდი შედეგი გამოიღო. ერთ მშვენიერ დღესაც შეამჩნია, რომ ტელეფონი, რომელიც დღის განმავლობაში ასჯერ რეკავდა და თაყვანისმცემლები მოკითხვით თავს აბეზრებდნენ, თანდათან დადუმდა. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. ადგა და თავად დაიწყო მათთან დარეკვა და თავის შეხსენება, მაგრამ ისეთი გულგრილობა შერჩა მათი მხრიდან, რომ გაოგნდა.
მიხვდა, რომ იგი კარგა ხანია, ამოშალეს თავიანთი უბის წიგნაკებიდან. მამაკაცების მისით დაინტერესებას თვითონ გადაუღობა გზა, ხოლო რაც შეეხება საქმიან მხარეს, ის არავის აინტერესებდა, რადგან არც არაფერს წარმოადგენდა ამ სფეროში. ის ახლა არავინ იყო. ყოფილი მეგობრის ყოფილი ცოლი, მორჩა და გათავდა!
ამ აღმოჩენამ დიდად არ გაახარა. ის კი არა, სამი დღე ტიროდა კიდევაც. ხოლო ერთი კვირის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდა. ეს გადაწყვეტილება კი დევიზად ჩამოყალიბდა - არავისთვის საჭირო ყველასთვის საჭირო გახდება!
ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიკამ ბიზნესლედობა დაისახა მიზნად.
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ბიზნესი დაუტოვა ქმარმა. არასდროს დაინტერესებულა მიშას საქმიანობით. რაღაც აქციები, წილები, ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება… მისთვის ეს ყველაფერი ჩინურივით იყო. გარდა ამისა, მეუღლემ თავისი ბიზნესის 51-პროცენტიანი წილი მის სახელზე გადააფორმა, რომელსაც ერთ პატარა ფირმაში ფლობდა. სანამ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებოდნენ, ყოფილმა ქმარმა მისი თანდასწრებით დარეკა ფირმაში და მოადგილეს ვიკაზე ელაპარაკა, თან ხაზგასმით შეახსენა, რომ, როცა დრო მოვიდოდა, ლეოს თანამშრომლებისთვის ახალი უფროსი წესის და რიგის დაცვით უნდა წარედგინა.
მაგრამ რას საქმიანობდა ეს ფირმა, ვიკას წარმოდგენა არ ჰქონდა. მაშინ მისთვის სულერთი იყო ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ ქმართან დაშორება აწუხებდა.
როგორც ჩანს, რაღაც დაცვითი საქმიანობა ევალებოდა ამ ფირმას, თუმცა ვიკას იქ კუნთებდაყენებული მამაკაცები არ შეუმჩნევია. მაგრამ იქნებ სულაც არ არის საჭირო დაცვის თანამშრომლებს ბატიბუტივით ეყაროთ კუნთები? გაახსენდა, მიშამ სავიზიტო ბარათი რომ დაუტოვა, თუ სირთულეები შეგექმნება, ამ ნომერზე დარეკე, ლეო დაგეხმარებაო.
სასწრაფოდ მოძებნა სავიზიტო ბარათი და დახედა. აი, საოცრება! ფირმას მისი სახელი ერქვა - «ვიქტორია». ქვემოთ კი წვრილი შრიფტით ეწერა - «თქვენი ბიზნესის საიმედო დაცვა». ესე იგი, არ შემცდარა - პირადი და მსხვილი კომპანიების დაცვითი სამსახური ყოფილა.
თუმცა, მისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ეს არის ფირმა, ფირმა აწარმოებს ბიზნესს, ბიზნესს კი ფული შემოაქვს. ხოლო ამ ფირმაში მისი წილის პროცენტულობასაც თუ გავითვალისწინებთ, სრული უფლება აქვს, ჩაერთოს საქმიანობაში და გაარკვიოს, როგორ ართმევს თავს კომპანია მასზე დაკისრებულ მოვალეობას და რამდენად საიმედოა მისი შემოსავალი. გამოდის, უნდა დაიკავოს ხელმძღვანელი თანამდებობა და საქმეს შეუდგეს.
წაიოცნება და წარმოიდგინა სურათი - აი, ზის კაბინეტში და მდივან გოგონას მნიშვნელოვანი საბუთები შემოაქვს ხელმოსაწერად. ვიკა ლამაზად, გამოყვანილი ასოებით აწერს ხელს დოკუმენტებს, ხომ უნდა ნახონ, როგორი მოწესრიგებული ბიზნესლედია!
ცხოვრებაში არასდროს უმუშავია. სტუდენტი იყო, როცა გათხოვდა, ქმარი კი იმ დროს უკვე მყარად იდგა ფეხზე - ის ხომ ბევრად უფროსი გახლდათ ცოლზე. ვიკა დარწმუნებული იყო, რომ სიყვარულით გათხოვდა. ერთი სიტყვით, თხუთმეტი წელი გაატარეს ერთად. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში სიყვარული მიჩვევაში გადაიზარდა. ალბათ ყოველთვის ასე ხდება, არა? ვიკა არც პირველია და არც უკანასკნელი.
და საერთოდ, რა არის სიყვარული?
ამა თემის განსჯა აღარ სურდა. ბოლოს და ბოლოს, მიშამ მიატოვა ის და არა მან. გაცვალა იგი არა ახალგაზრდა და ლამაზ ქალში, არამედ ვიღაც ამერიკელ ბებრუხანაზე, რომელიც თურმე სიკვდილამდე დაეხმარება, მიშამ ვიკასგან დაისვენოს!
დაე, ასე იყოს. საბოლოო ჯამში ის არაფერს ნანობს. სხვათა შორის, მიშა მართალი იყო. ათიოდე წელიწადში იგი მართლა დაბერდებოდა, ვიკა კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და «ქორფა მზეთუნახავად» დარჩებოდა. იქნებ იმ დროს თვითონვე მოესურვებინა ქმრის მიტოვება. ალბათ სწორედ ეს იწინასწარმეტყველა მიშამ და თავს უშველა, რომ ცოლისთვის დაესწრო.
ჰო, რა თქმა უნდა, მან ყველაფერი გაითვალისწინა და ამჯობინა, ცხოვრების დარჩენილი წლები თავისი ტოლი ადამიანის გვერდით გაეტარებინა, რომ მიტოვების ან ღალატის მწარე გემო არ ეწვნია ახლო მომავალში.
ძალიანაც კარგი. ახლა კი, როცა ვიკა თავისუფალია, ამასთან - ლამაზი, წარმოსადეგი და ჭკვიანი, დროა, საქმეს მიხედოს - სერიოზულ საქმიანობას მიჰყოს ხელი. სხვათა შორის, ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. მართალია, ცუდად სწავლობდა, ალღო ვერ აუღო კომერციულ მეცნიერებას, მაგრამ დრო შეიცვალა. ახლა უნდა გაერკვეს ვაჭრობის საიდუმლოებებში და დამოუკიდებელი ნაბიჯებიც გადადგას…
მაშ ასე, გაანალიზების დროა. ვიკა აქციების 51 პროცენტის მფლობელია, ხოლო დანარჩენი სამი, რომლებიც მის თანაპარტნიორებად მოიაზრებიან, დარჩენილ 49 პროცენტს თანაბრად იყოფენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ მათზე ბევრად მეტის უფლება აქვს. მის გარეშე ცხვირსაც ვერ ჩაყოფენ საქმეებში, ვერავინ გადაეღობება წინ გადაწყვეტილებების მიღებაში.
მიუხედავად ამისა, მაინც ყოყმანობდა. თხუმეტი წლის თანაცხოვრების განმავლობაში მას არაერთი პრობლემა გადაუჭრია დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც ისე არსებობდა, როგორც ქმრის დამატება და არა მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამაზე აქამდე არასდროს დაფიქრებულა, რადგან ქმრისგან ყურადღება არ მოჰკლებია. დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მიშასთვის მხოლოდ აქსესუარს წარმოადგენდა და მეტს არაფერს. მას ეამაყებოდა, გვერდს ახალგაზრდა და ლამაზი მეუღლე რომ უმშვენებდა.
ახლა კი თავად მოუწევს თანამშრომლობა იმ მამაკაცებთან, ბიზნესში ქვას რომ კვნეტენ და რომლებიც ალბათ საქმიანობის დაწყებისთანავე კეთილად ურჩევენ, შინ დაბრუნდეს და საოჯახო საქმეებს მიხედოს.
შიშს ან მართლა დიდი თვალები აქვს, ან მას ეშინია სრულიად უსაფუძვლოდ.
რადგან მარტო ვერ გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, დაქალს ესტუმრა და სთხოვა, რჩევა მიეცა მისთვის.
- ტყუილად გეშინია, ვიკა, - წარმოთქვა ნატამ, როცა ვიკამ თავისი მოსაზრება გააცნო, - ყველა კაცი არამზადაა. ბიზნესი საზიზღარი რამეა. როცა ვიღაცას წილში ეცილები, ისინი ცდილობენ, ისე დაგელაპარაკონ, თითქოს ფსიქოდისპანსერიდან სიგიჟის დამადასტურებელი ცნობა გქონდეს მოტანილი.
- ნუთუ მართლა ყველა კაცი ერთნაირია? _ შეწუხებული სახით გახედა დაქალს ვიკამ.
- რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ არც ღირს მათი სათვალავში ჩაგდება.
- აბა რა უნდა ვქნა?
- შეეშვი ამაზე ფიქრს, - მკაცრად გააფრთხილა ნატამ მეგობარი.
- მაგრამ მოწყენილობისგან მოვკვდები, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია!
- არ მოკვდები. წადი, გაემგზავრე სადმე, ევროპის რომელიმე კურორტზე, მე თვითონ შეგირჩევ კარგ ტურს. ზაფხული კარსაა მომდგარი, ახლა მაღაზიებში უნდა დარბოდე და საცურაო კოსტიუმს ირჩევდე. შენ კიდევ ზიხარ აქ და იმაზე ფიქრით იღლი თავს, როგორ მოერგო ბიზნესს.
- ნატა, 35 წლის ვარ. კიდევ ხუთი წელი თუ ვირბენ მაღაზიებში «კუპალნიკის» ასარჩევად და საყიდლად, მართლა მომიწევს ფსიქოდისპანსერიდან სიგიჟის დამადასტურებელი ცნობის აღება.
- წადი, დაისვენე, ზღვის სანაპიროზე ამოხსენი «სუდოკუები» და ინტელექტს გაგივითარებს.
- მომისმინე… - ვიკას სიბრაზე ყელში მოაწვა, - შენ გინდა თქვა, რომ… რომ ვერ შევძლებ? რომ მე ერთი სულელი და ქარაფშუტა ქალი ვარ? მთელი ცხოვრება ქმრის ზურგს ვიყავი ამოფარებული? ასე ფიქრობ, ხომ?
ნატა თავად ნამდვილი ბიზნესლედი გახლდათ. ათი წლის წინ თავის კომპანიონთან ერთად ტურისტული სააგენტო დააარსა, რომელიც მისი გონივრული მარკეტინგით წლიდან წლამდე ვითარდებოდა. ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი ამაყობდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისით მიაღწია, თავისი ცოდნისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით. გასაგები იყო, რატომაც არ ურჩევდა იგი დაქალს ბიზნესში ჩაბმას - სათანადო ცოდნის და გამოცდილების უქონლობის გამო. ან იქნებ, ცოტა შურის გამოც?
ნატამ პასუხად გაუღიმა.
გაგრძელება იქნება