- სულელი სულაც არ მგონიხარ, მაგრამ ბიზნესში ღრმა ცოდნა და ხასიათის გამოჩენაა საჭირო. შენ კი, არ გეწყინოს, მაგრამ არც ერთი გაგაჩნია და არც მეორე.
- გასაგებია, - ღრმად ამოიოხრა ვიკამ და თავი ჩაღუნა. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა, ცივად დაემშვიდობა მეგობარს და დაბოღმილი გაუდგა გზას სახლისკენ.
«თურმე ხასიათი არ მქონია. აბა, უყურე, - ფიქრობდა ქუჩაში მიმავალი, - მაგას კი ჰქონდა, როცა სკოლაში მუშაობდა და დირექტორისგან ლანძღვა-გინებით დათრგუნული ჩემთან მოდიოდა და შემომჩიოდა? მერე ვინ ურჩია, მიეტოვებინა სკოლა და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი? ვინ დააძალა, მაინცდამაინც ტურისტული სააგენტო გაეხსნა? განა მე არ ვიყავი ის ადამიანი? განა რა, მაშინ ჰქონდა ცოდნა და ხასიათი? ეს ყველაფერი მერე გამოიმუშავა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ. აბა, როგორ იწყებენ ადამიანები საქმეს? ყველას ხომ არა აქვს სათანადო გამოცდილება? ეჰ, არ ახსოვს, როგორ ვედექი გვერდზე, როცა პრობლემები წამოჰყოფდა თავს. ერთად ვმსჯელობდით, რა მოგვემოქმედა, როგორ გამომძვრალიყო რთული სიტუაციიდან. ის კი არა, ბიზნესის დასაწყებად საწყისი კაპიტალიც მიშამ მისცა. ისიც იმიტომ, რომ მე ვთხოვე. როგორც ჩანს, ნატას დაავიწყდა რაღაც-რაღაცები. აი, მეგობარიც ასეთი უნდა - ის მე შტერად მთვლის. ყოველთვის ასეა. ადამიანი რაღაცას რომ მიაღწევს, ყველა წარმატებას თავის თავს მიაწერს და კეთილის მსურველები და გვერდში მდგომები ავიწყდება. არა უშავს, ნატა, შენი დახმარება არაფერში მჭირდება. თვითონ მივხედავ თავს და მივხვდები, როგორ მივუდგე ჩემს პრობლემებს!»
თავის კვარტალს რომ მიუახლოვდა, ძალაუნებურად გაიხედა ნაგვის ურნებისკენ. ბომჟები ადგილზე იყვნენ, უსაქმოდ ისხდნენ გაზონზე და ისვენებდნენ.
შეუძლებელი არაფერია. ვიკაც ამ ბომჟებივით მონახავს თავის ადგილს ცხოვრებაში. აი, ამათ, თითოეულ მათგანს აწერია სახეზე, რომ სულაც არ არის უკმაყოფილო თავისი საქმიანობით. მათთვის საკმარისია ურნების გადაქექვა და იქ ნაპოვნი ნადავლის მითვისება. ესაა მათი ცხოვრების წესი და არც ცდილობენ, უკეთესობისკენ შეცვალონ. ვიკაც შეეცდება. კომპიუტერი ხომ შეისწავლა? ხომ გამოუვიდა? სხვა საქმეებიც გამოუვა. აი, ნახავთ, თუ ასე არ მოხდეს!
როგორც ჩანს, დიდხანს შეჰყურებდა ბალახზე მიწოლილ მათხოვრებს, რადგან ტყის კაცმა ხორხოცით გამოსძახა:
- სადილზე ხომ არ დაგვეწვევით, ქალბატონო? - და პასუხად ორად გაკეცილი თონის ლავაში დაანახვა.
ვიკამ გადაწყვიტა, სიჩქარისთვის მოემატა და დროზე გასცლოდა ამ ხალხს, მაგრამ რატომღაც, უხერხულობა იგრძნო. განა ისინი ადამიანები არ არიან? განა წვერიანი არ დაეხმარა, როცა გაუჭირდა? ადამიანობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ასეთებსაც ადამიანურად მოეპყრა. ამიტომ სვლა უფრო შეანელა, ტყის კაცს გაუღიმა, - შეგერგოთო, გასძახა და ხელი დაუქნია.
შინ მისულმა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა, რათა წყალი გადაევლო და ის უსიამოვნო შეგრძნება ჩამოერეცხა, ნატასთან საუბარმა რომ დაუტოვა.
სხვა არაფერი გაუკეთებია, მსუბუქად ივახშმა და დასაძინებლად დაწვა, რომ დილით, საღ გონებაზე მოეფიქრებინა, როგორ მოქცეულიყო.
მეორე დილით დასვენებულმა გაიღვიძა და პირველი, რაც მოაფიქრდა, პარტნიორებთან მოლაპარაკების მაგიდასთან მომავალი თანამშრომლობის განხილვა იყო. ამისთვის კი სწორი ტონის შერჩევა ხდებოდა საჭირო, დანარჩენი თავისით მოგვარდებოდა.
მაგრამ სწორედ ამ სწორ ტონზე უნდა დადებულიყო ყველა ფიშკა და იგი გამოიხატებოდა არა ხმაში, არამედ მანერებში, თავის დაჭერაში, გარეგნობასა და კიდევ რაღაცაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თვალით არ ჩანდა და ვერც სახელს დაარქმევდი. ვიკა კი ამ მხრივ სრულიად გამოუცდელი იყო. არა მარტო გამოუცდელი, არასერიოზულიც, ქარაფშუტაც. განა ყველაფერში ტყუოდა ნატა. თუ დაქალი ასე ელაპარაკა, უცხო კაცებისგან რისი იმედი უნდა ჰქონოდა?
უნდა გამოსვლოდა. მტრის ჯინაზე უნდა გამოსვლოდა! იმისთვის, რომ საქმეს შესდგომოდა, პირველ რიგში, ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო. სამჯერ გამოიცვალა სამოსი სარკის წინ და როგორც იქნა, მისაღები ვარიანტი შეარჩია. მერე უაზროდ მხრებზე დაყრილი თმა აიწია და კეფაზე დაიმაგრა. ბოლო შტრიხი სათვალე გამოდგა, რომელიც მას მართლაც საქმიანი ლედის იერს სძენდა.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ღირს კი იქ მარტო მისვლა? მიშას ხომ არ დაურეკოს? მართალია, ამერიკაშია, მაგრამ იქნებ მისი გულისთვის ჩამოფრინდეს? მიჰყვებოდა ფირმაში, კიდევ ერთხელ წარადგენდა უფროსებისა და თანამშრომლების წინაშე და მოითხოვდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ახალ უფროსს და მიშას შემცვლელს.
რა ცუდი სიტყვაა «ყოფილი». სულაც არ უნდა, ახალ სამსახურში მივიდეს, როგორც ვიღაცის ყოფილი ცოლი. იქნებ ახალი ქმარი გამოაცხოს? ბრწყინვალე იდეა იყო, თუმცა განსახორციელებლად თითქმის შეუძლებელი. იმ თაყვანისმცემლებს შორის, რომლებიც ბოლო დროს თავს აბეზრებდნენ, ღირსეულ კანდიდატს ვერ ხედავდა.
პირადი მცველი ხომ არ დაიქირაოს? დაკუნთული ბრგე მამაკაცის თანხლებით რომ მივიდეს, ვერ მოახდენს ეფექტს? არა, არ გამოვა. აი, ძმა რომ ჰყოლოდა, სხვა ამბავია. ეჰ, ძმა არ ჰყავს და, შესაბამისად, არ ღირს ამაზე ფიქრით ტყუილუბრალოდ დროის ხარჯვა.
ყველაზე კარგი იქნებოდა, საყვარელი გაეჩინა. რატომაც არა? ჭკვიანური ნაბიჯიც იქნება და სოლიდურიც.
არა, არც ეს ივარგებს. ნაჩქარევად ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე შეხვედრაზე ვიღაცამ გვერდი დაუმშვენოს. კარგი იქნებოდა, ისეთი მეგობარი ჰყოლოდა გვერდით, რომელიც დაეხმარებოდა, საქმროს ან საყვარლის როლს შეასრულებდა და თან გაჰყვებოდა ამ ერთობ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მაგრამ ვიკას ასეთი მეგობარიც არ ჰყავდა.