ერთ დღეს, როცა კვლავ ჩაუარა სანაგვე ურნებთან მოკალათებულ ბომჟებს, რაღაც გაახსენდა. ამას წინათ გაზეთში მოჰკრა თვალი სტატიას, ასეთ უსახლკარო ხალხს სპეციალურად ქირაობენ, ფულს უხდიან და არაფორმალურად ნიშნავენ ფირმების დირექტორებად, რომ თავიანთი ფული და სახელი არ გამოაჩინონო. თვითონაც ხომ არ მიემართა მათთვის დახმარების მიზნით? აი, მაგალითად, ის ტყის კაცი. რომ დაბანო, გაპარსო და ჩააცვა, მშვენიერი მამაკაცი დადგება. თუმცა, იმ სტატიაში ისიც იყო ნათქვამი, რომ ბომჟებისგან მხოლოდ პირადობის მონაცემებს ითხოვდნენ და მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე არ დაჰყავდათ, მაგრამ მერე რა? ფულს გადაუხდის, თავის დაჭერას ასწავლის და გამოიყენებს.
მოეწონა იდეა. ახლა მთავარი იყო, გაერკვია, გამოადგებოდა თუ არა ტყის კაცი იდეის განსახორციელებლად.
ხუთჯერ მაინც გაიარ-გამოიარა ურნებთან და ყოველ გავლაზე გაუგებარ ღიმილს უგზავნიდა წვერიანს, ვითომ მისალმების ნიშნად. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და მანქანა გააჩერა.
- ეი, ოჩოპინტრე! ერთი წუთით, თუ შეიძლება! - გასძახა ტყის კაცს.
წვერიანი გაოცებული მიაჩერდა. რატომ უწოდეს ოჩოპინტრე, ვერაფრით მიხვდა, მაგრამ მაინც გამოემართა მისკენ. ალბათ, იფიქრა, ისევ დასჭირდა ჩემი დახმარება ჩანთების ატანაშიო.
- შენთან საქმე მაქვს, - ვიკამ თავი ფანჯარაში გაყო და ბომჟს ამჯერად მეგობრული ღიმილით გაუმასპინძლდა.
ტყის კაცმა უხმოდ დაუქნია თავი და ნაცნობი მიმართულებით გაეშურა, მისი სადარბაზოსკენ. ვიკამ მანქანით გადაუსწრო და სარკიდან დაუწყო თვალიერება მომავალს. საკმაოდ შთამბეჭდავი კაცია, რა უჭირს? წამით წარმოიდგინა კიდევაც, როგორი შესახედავი იქნებოდა გაპარსულ-დაბანილი წვერიანი.
როცა მანქანიდან გადმოვიდა, ტყის კაცი უკვე საბარგულთან იდგა და ელოდა, როდის გააღებდა პატრონი მას. ქალმა კი მხოლოდ ერთი სიტყვა ესროლა - «წავედით!» და სადარბაზოსკენ მიუთითა.
როცა ბინაში შევიდნენ, ვიკა თითქოს რაღაცამ შებორკა. წამით ინანა კიდევაც, ასეთი სისულელე რომ წამოიწყო, ამიტომ საუბრის დაწყება გაუჭირდა.
- აბა, რა უნდოდა ქალბატონს? - მოუთმენლობა დაეტყო ტყის კაცს.
ვიკამ ძლივს გამოძებნა საჭირო სიტყვები, რომ მისთვის სიტუაცია აეხსნა.
- ქალბატონო, მე უბრალო კაცი ვარ… ცოტა გასაგებად ვერ ამიხსნით, რაშია საქმე?
- იცით? მე კაცი მჭირდება, რომელიც შეძლებს ჩემთან ერთად წამოსვლას… ნუ, მაგალითად, როგორც ჩემი ძმა…
- და შენ რა, ძმა არ გყავს?
- არა, არ მყავს, მაგრამ ისე უნდა მოვაჩვენო თავი, ვითომ მყავს. სადაც მივდივარ, იქ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არა ვარ. არადა, მარტოხელა ქალი ვარ. გესმის?
- შენ რა, გცემეს? საქმის გარჩევა მოგვიწევს? - ჩაიხითხითა ტყის კაცმა.
- არა, რა საქმის გარჩევა! - განერვიულებული ვიკა მიხვდა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომ ამ კაცს ვერაფერს გააგებინებდა.
სწორედ ამ დროს ალაპარაკდა ბომჟი:
- კარგი, ქალბატონო, თუ დაბანის საშუალებას მომცემ და ცოტა რამეს მაჭმევ, ვინც გინდა, ის ვიქნები.
ვიკა დადუმდა. საშინლად შერცხვა თავისი საქციელის. ისეთ სიტუციაში ჩაიგდო თავი, ახლა წვერიანის არც გაგდება გამოდიოდა და არც საქმისთვის გამოყენება. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხომ ყოფილა უტვინო და სულელი? რას ერჩოდა ნატას, მართალი არ უთხრა?
წვერიანი მიხვდა, რომ ქალს რაღაცის შეეშინდა:
- ისა და… შენ არაფრის შეგეშინდეს, ქალბატონო. მართალია, ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მაიტა, მაჭამე, დამბანე და იქნებ გამძღარმა შევძლო, რამეს მივხვდე. თუ ვერ მივხვდები, მერე შეგიძლია მითხრა, წადიო და წავალ, ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ.
ვიკამ არ იცოდა, დაეჯერებინა თუ არა მისთვის. ტყის კაცმა თავისებურად გაიგო მისი დუმილი.
- რახან ასეა, მე წავალ… მგონი, უკვე გადაიფიქრე.
შეიძლება ვიკას ბევრი არაფერი გაეგებოდა ცხოვრებაში, მაგრამ ერთი რამ კარგად იცოდა -როცა ვერ ხვდები, რა თქვა, სიმართლე უნდა ილაპარაკო.
- ჯერ არ გადამიფიქრებია. მაგრამ პატიოსნად გეტყვი - ეჭვი მეპარება, რამე გამოვიდეს. იდეა მომწონდა, თუმცა უკვე სისულელედ მეჩვენება.
- კარგი, იფიქრე, რამდენიც გინდა, მე რაში მაინტერესებს. თუ დაგჭირდები, დამიძახე, შორს არ ვარ, - მხრები აიჩეჩა ტყის კაცმა და კარისკენ გაემართა.
- არა, არ წახვიდე. მოდი, დაიბანე, საჭმელს გაჭმევ, მე კი მოვიფიქრებ იქამდე, კარგი? -საბოლოოდ გადაწყვიტა ვიკამ.
- როგორც იტყვი, ქალბატონო, უფროსი აქ შენ ხარ.
- წამოდი, - ვიკა სააბაზანოსკენ გაუძღვა წვერიანს და კარი გამოაღო. მერე კარადასთან მიირბინა, პირსახოცი და ქმრის ნაქონი ხალათი გადმოიღო და მიაწოდა.
გაგრძელება იქნება