სანამ ბომჟი ბანაობდა, მისთვის ერთი ხელი ტანსაცმელიც გადაარჩია და გადაწყვიტა, ტყის კაცის ძონძები სანაგვეში მოესროლა, ვიდრე თავის სარეცხ მანქანაში შეეყარა გასარეცხად.
შემდეგ ვახშამი მოამზადა. შეწვა ხორცი, მოხარშა მაკარონი და მწვანილებიც დაჭრა. წვერიანი მთელი საათი ბანაობდა, ალბათ ცხელ წყალს დახარბდა. ამის გაფიქრებამ ღიმილი მოჰგვარა.
უსიამოვნო შეგრძნება არ სცილდებოდა. რას აიჩემა ეს გამყოლი? ან რაღა ეგ მათხოვარი შეარჩია? უნდოდა, არ ეფიქრა ამაზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. როცა სუფრა გაშალა, სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. მერე რა, რომ უსახლკაროა და საწყალი? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბომჟი ნამუსგარეცხილია და რადგან სახლში შემოიყვანა, აუცილებლად ავნებს? რა იცის მათ შესახებ? არც არაფერი. იქნებ მასზე უკეთესი ოჯახის შვილებიც კი არიან? იქნებ არ გაუმართლა ადამიანს ცხოვრებაში და აქამდე დაეცა? წესიერი კაცია, ნასწავლი, მაგრამ ღატაკი?
თავისსავე ნააზრევზე გაეცინა. იდიოტი გოგო! ოჯახის მცენარე, რომელსაც ყინვის ბოროტებაზე წარმოდგენაც არა აქვს; რომელიც ისე მსჯელობს, როგორც მდარე სერიალის ან უხარისხო რომანის გმირი. წესიერი და ნასწავლი მათხოვარი ვის გაუგია! ასეთები ნაგვის ურნის გარშემო არ დაწანწალებენ დღე-ღამის განმავლობაში და ნარჩენებით არ იკვებებიან.
«საქმე იმაშია, ჩემო ვიკა, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას გადაეჩვიე. შენ მაგივრად ყველა საკითხს ქმარი წყვეტდა ოჯახშიც და მის გარეთაც. მან ყველაფერი იცოდა, შენ - არაფერი. და ეს შენც გაწყობდა. ახლა კი ქარივით აწყდები აქეთ-იქით და არ იცი, როგორ მოიქცე. საკუთარ იდეებში იხლართები. ერთმანეთის საპირისპირო აზრები მოგდის თავში და ვეღარ აკონტროლებ, როდის რა მოიმოქმედო. დროა, გონს მოეგო, ისწავლო დამოუკიდებლად მოქმედება. ერთხელ გარისკე და გადადგი პირველი ნაბიჯი. თუმცა იგი უკვე გადადგი და ახლა ეს შენი «პირველი ნაბიჯი» აბაზანაში წევს და ფრუტუნებს. ჰოდა, ასე გააგრძელე. კარგი გადაწყვეტილება იყო ეს თუ ცუდი, ამას დრო გვიჩვენებს!»
სწორედ ამ ფიქრებში იყო, როცა სააბაზანოს კარი გაიღო და ზღურბლზე, ორთქლის ოხშივართან ერთად, მიშას ხალათში გამოწყობილი ფეხშიშველა კაცი გამოჩნდა…
ტყის კაცი ისე გათეთრებულიყო, ვიკას გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ჭუჭყს შეუჭამიაო, გაიფიქრა და რომ არ გაღიმებოდა, პირზე ხელი აიფარა. მამაკაცი ფეხშიშველი იყო. ვიკას გაახსენდა, რომ მისთვის ჩუსტის მიცემა დაავიწყდა და ფეხზე წამოხტა.
- მოიცა, ახლავე! - შესძახა და ჰოლში გავარდა.
- არა უშავს, ასედაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, - მოერიდა წვერიანს.
ქალმა ყური არ ათხოვა და ყოფილი ქმრის დათბილული ფაჩუჩი გამოუტანა.
- მართალია, ჩემთან არ ცივა, მაგრამ მაინც არ გირჩევ ფეხშიშველა სიარულს. პლაჟზე ხომ არ ვართ!
მამაკაცმა კეფა მოიქექა და გაშლილ სუფრას გადახედა. თვალები გაუბრწყინდა. აშკარა იყო, შიოდა. ვიკას შეეცოდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს უპატრონო ძაღლს აპურებდა.
- დაჯექი! - ხელით ანიშნა.
ტყის კაცი მაშინვე მაგიდას მიუჯდა და ჭამას ხელით შეუდგა. აბა, რა ეგონა ვიკას? საინტერესოა, სხვას რას ელოდა? რომ დანა-ჩანგალს მოიმარჯვებდა და დახვეწილი ჟესტებით შეუდგებოდა ჭამას? ღმერთო, როგორ ძაღლივით ათქლაფუნებდა. ჰა-ჰა-ჰა! რა «იდიოტკა» ხარ, ვიკა! ეს ვინ შემოუშვი სახლში? ბომჟებიღა აკლდა შენს სრულ ბედნიერებას!
თავდაპირველად თვითონაც სტუმართან ერთად აპირებდა ვახშმობას, მაგრამ ეს პირველყოფილური პროცესი რომ დაინახა, გადაიფიქრა. უსიამოვნო სანახაობა იყო. მაცივრიდან ერთი ქილა იოგურტი გამოიღო და ფეხზე დამდგარი შეუდგა ჭამას, რათა შიმშილის გრძნობა ოდნავ მაინც მოეკლა.
- შენ რატომ არ ჭამ, მადმაზელ? - ლუკმით პირგამოტენილმა წვერიანმა ირიბად გახედა.
«მადმაზელზე» კინაღამ სიცილი წასკდა. ჯერ ქალბატონოო, თითქოს დიდი ინტელიგენტი ყოფილიყო, ახლა მადმაზელო… სწორი ფორმით მაინც დაემახსოვრებინა სიტყვა.
- დიეტაზე ვარ, - იცრუა.
როგორც იქნა, ტყის კაცი ჭამას მორჩა და ხელები ხალათზე შეიწმინდა.
- ხელსახოცი შენგან ხელმარცხნივ დევს, - დააკვალიანა.
- ამაზე მეუბნები? - ლამაზად დაკეცილ ხელსახოცს თითით შეეხო დანაყრებული წვერიანი.
- ჰო. - უკმაყოფილოდ გაისმა ვიკას ხმა.
გაოცება მერე უნდა გენახათ. მამაკაცმა ხელსახოცი აიღო, გაშალა და ცხვირი ხმაურით მოიხოცა.
ვიკა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.
- ხელსახოცი იმისთვისაა, - დამოძღვრა სტუმარი, - რომ ჭამის შემდეგ პირი მოიწმინდო ან ხელები შეიწმინდო. ცხვირის მოსახოცად კი ცხვირსახოცებს იყენებენ. ახლა უკვე ქაღალდისას. აი, ასეთს, - ვიკამ სერვანტზე შემოდებული ერთჯერადი ხელსახოცის შეკვრა აიღო და მამაკაცს წინ უდიერად დაუგდო.
უცნობი შეიშმუშნა. რა მნიშვნელობა აქვსო, ჩაიბურტყუნა და ასადგომად მოემზადა.
ვიკა გაჩუმდა. მართლაც, რა მნიშვნელობა ჰქონდა? რას გადაეკიდა? ქაღალდი ქაღალდია, იხმარ და სულერთია, ბოლოს მაინც სანაგვეში მოისვრი. რა ჭკუის სწავლება აუტყდა?
- ჩაი მურაბით გინდა?
- თუ გაქვს, ცუდი არ იქნებოდა, - მეოცნებე ხმით წარმოთქვა ბომჟმა.
ვიკამ უხმოდ გამოიტანა სამზარეულოდან ორი ქილა მურაბა - მარწყვის და ჟოლოსი და ჩაის ასადუღებლად კვლავ სამზარეულოს მიაშურა.
«როგორ ნთქავს მურაბას! ალბათ ბავშვობიდან აქვს მისი სიყვარული გამოყოლილი. ერთ დროს დედაც ეყოლებოდა და მამაც. ვინ იცის, რა ცხოვრება გამოიარა», - ქალს უსიამოვნო ფიქრები ეძალებოდა.
ორი ფინჯანი ჩაი გაამზადა. გადაწყვიტა, ჩაი მაინც დაელია ახალ ნაცნობთან.
ასეც მოიქცა. მის პირდაპირ დაჯდა და უშაქრო ჩაი თვითონ დაიდო წინ, შაქარჩაყრილი კი ტყის კაცს დაუდგა.
- თუ სიტკბო აკლია, შეგიძლია, ჩაამატო, - საშაქრეზე ანიშნა.
საშინლად არაკომფორტულად გრძნობდა თავს. თითქოს თვითონ იყო სტუმრად ბომჟთან და არა ის მასთან.
- აბა, რა გადაწყვიტე, მადმაზელ? - მამაკაცმა ჩაი მოხვრიპა და ალმაცერად გახედა.
სანამ ვიკა მოიფიქრებდა, რა ეპასუხა, ტყის კაცმა მორიგი შეკითხვა დაუსვა:
- ისე და… რა გქვია?
- ვიკა.
- ეს იგივეა, რაც ვიქტორია, არა?
- ჰო.
- ლამაზი სახელია… გამარჯვება.
«ერთი ამას დამიხედეთ!» - გაიფიქრა ვიკამ, - «რა მცოდნე ყოფილა!» - უნდოდა, ირონიულად ეთქვა რამე, მაგრამ არ დასცალდა:
- ბევრჯერ გაგიმარჯვია, ვიქტორია?
შეკითხვამ დააბნია. ეგღა აკლდა, ბომჟთან განეხილა თავისი პირადი ცხოვრება! გაღიზიანებულმა არ იცოდა, რა ეპასუხა, თუმცა აღარც დასჭირდა, ტყის კაცმა თავად გასცა პასუხი შეკითხვას:
- არც ისე ბევრჯერ, ჩემი აზრით. აბა, დახმარებისთვის ჩემნაირ მათხოვარს რატომ მიადგებოდი? ჰე, მითხარი ახლა, რა მოხდა, რა გაგჭირვებია ასეთი.
ვიკამ საოცრად თბილი ინტონაცია დაიჭირა მის სიტყვებში. აი, რას ნიშნავს უბრალო ადამიანი. ასეთები უკეთ გრძნობენ ყველაფერს, უკეთ შეუძლიათ ჩასწვდნენ ადამიანის სულს, გაიგონ მისი ტკივილი. მათში ნაკლებადაა სიყალბე. ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, სიძნელეების არ ეშინიათ, მიჩვეულნი არიან. თითქოს გამოწრთობილები. ამიტომ მეტი თავგანწირვით იბრძვიან გადარჩენისთვის. ამიტომაც იციან, რასაც ნიშნავს ურთიერთთანადგომა.
კინაღამ გაეცინა. როგორი პათოსი იგრძნობოდა მის ნაფიქრში. ასეთი რამ ხომ უნდა მოგივიდეს ადამიანს თავში!
- ასე მგონია, - ისევ გააგრძელა ტყის კაცმა, - რახან დამიძახე, ესე იგი, სიძნელეც არსებობს. რახან მე ამომირჩიე, ესე იგი, სხვა უკეთესი არავინ გყავს ან არ ენდობი, ან ვერ ეუბნები. ახლა კი შეკითხვა: მე შემიძლია შენი პრობლემის გადაჭრა? ამაზე კი პასუხის გაცემას მხოლოდ მაშინ შევძლებ, ვიქტორია, როცა შენი გასაჭირის შესახებ მომიყვები. აბა, დაიწყე, თორემ ისე გამოვა, რომ სულ ტყუილად მიჭამია შენი ვახშამი.
ვიკა გამომცდელად მიაჩერდა. მართალი იყო ეს კაცი! რადგან ის აქაა, საქმე ლოგიკურ ფინალამდე უნდა მიიყვანოს. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ალაპარაკდა.
ტყის კაცი უსმენდა, თავი გვერდზე გადაეხარა, სწორედ ისე, ძაღლებმა რომ იციან, როცა პატრონი რაღაცას ეუბნება. ამწუთას იგი მართლაც ჰგავდა ძაღლს, ოღონდ მიტოვებულს, ქუჩაში გაგდებულს, მაწანწალას და მოშიებულს. თითქოს უპატრონო ცხოველი შეიფარა.
- როგორც გავიგე, - წარმოთქვა უცნობმა, როცა ვიკამ მოყოლა დაამთავრა, - მე უნდა წამოგყვე იმ კანტორაში, სადაც შენი წილი სხვებზე მეტია. შენ კი გრცხვენია… თუ გეშინია, ვაითუ, კაცებმა საქმიდან მომტეხონო. მართალია?
მართალია! ზუსტად ასეა! ამ უსახლკარომ ზუსტი ფორმულირება ჩამოაყალიბა. არც ისე უტვინო ყოფილა, როგორც ეგონა. უმუშავებს გონება, როგორც ჩანს.
- ჰოდა, გადაწყვიტე, მეტი სოლიდურობისთვის თან კაცი წაიყვანო, ხომ? სწორად მიმხვდარხარ, ვიქტორია. ქალს გვერდით კაცი უნდა ჰყავდეს, საქმისთვის ასე ჯობია. ჩვენთან კიდევ ხომ ხედავ, როგორ ხდება. ყველა ქალს თავი გენერალი ჰგონია, მაგრამ საქმე რომ გაფუჭდება, მერეღა ამოეფარებიან შეშინებულები კაცის ზურგს. ასეთი ბუნების ხართ თქვენ, ქალები, რას ვიზამთ. როგორც ვატყობ, მეგობრობის «პონტში» ვერავინ იშოვე და გადაწყვიტე, დაიქირავო ვინმე და ფული გადაუხადო. ის, ვინც უნდა დაიქირავო, მე აღმოვჩნდი. რამეს ხომ არ შემისწორებდი?
- არა, შენ ყველაფერი სწორად გაიგე, ტყის კაცო.
- ტყის კაცო… არ გეკითხები, ასე რატომ მეძახი, რადგან ვხვდები. ახლა ის მითხარი, რამდენი უნდა გადამიხადო?
- ჯერ ის მითხარი, შეგიძლია ამ დავალების შესრულება?
- და რა სირთულეა ამაში? - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
- სირთულე არის. ბომჟივით არ უნდა გამოიყურებოდე. სოლიდურ ადამიანს უნდა დაემსგავსო. ვითომ თეატრში ხარ, როლი უნდა შეასრულო. მე კიდევ ეჭვი მეპარება, შეძლებ კი?
- გავიგე, რა დავალებასაც მთავაზობ. კიდევ არის რამე?
- კიდევ? - ვიკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- რა, არა? მარტო ის ხომ არ არის საკმარისი, ინტელიგენტს დავემსგავსო. ვინ უნდა ვიყო შენთვის? მეზობელი? ქმარი? ძმა? მეგობარი თუ საყვარელი?
- ჯერ არ გადამიწყვეტია ეგ საკითხი, - ვიკა გაწითლდა.
- მაშინ მომისმინე. მე შენ არაფერს გპირდები, გაიგე? მაგრამ ვსინჯავ. შევეცდები, შესაფერისად მოვიქცე. ყოველთვის მათხოვარი კი არ ვიყავი.
- და ვინ იყავი? - დაინტერესდა.
- რა მნიშვნელობა აქვს. ვინც ვიყავი, ის აღარ ვარ. წავიდა ის დრო, ჩაიარა.
- მაპატიე…
- საპატიებელი რა არის? გინდოდა და მკითხე. მე კი, როგორც მინდოდა, ისე გიპასუხე. ამით არავინ დაზარალებულა. მაგრამ ასე თუ იხადე ბოდიშები, კაცები მართლა მოგასრიალებენ საქმიდან.
- ჰო, ეგ ვიცი, - ვიკას კვლავ გადაურა სიწითლემ.
- ესე იგი, თუ საქმე კარგად წავიდა, რამდენს გადაგიხდიო, რა მითხარი? - ირონიანარევი ღიმილით შეხედა ტყის კაცმა მის აფორაჯებულ ღაწვებს.
- შენ რამდენს ითხოვ?
- აპააა! ეგრე არ გამოვა. შენ დამიქირავე, ციფრიც შენ უნდა დაასახელო.
- რა ვიცი… ათასი დოლარი არ იქნება საკმარისი?
- მდააა. წავა… ოღონდ ლარები მომეცი, დოლარები არაფერში მჭირდება. მაგრამ ამის გარდა, კაი ბლომად ფული კი დაგიჯდება ჩემი საქმეში ჩაბმა. ასე ხომ არ წავალ? ტანსაცმლის ყიდვა მოგიწევს ჩემთვის. ერთი-ორჯერ რესტორანშიც უნდა წამიყვანო, ჰაი-ჰუი… ჰოდა, ნახე, შემომხედე. დარწმუნდი, გამოგადგები თუ არა.
- კარგი, თანახმა ვარ, - ამოიოხრა ვიკამ, - ისე, რა გქვია?
- გიორგი და არავითარი გია და გიკა და ეგეთები. მე ისეთი სახელი მქვია, რომელსაც არც შემოკლება სჭირდება და არც გადაკეთება. ახლა კი წავედი.
- რას ამბობ! საით გაგიწევია?
- საიდანაც მოვედი. რა, არ უნდა წავიდე?
- კი, მაგრამ… შენი ტანსაცმელი… მე ის გადავყარე.
- ჰეჰ! - თავის გაქნევით წამოიძახა გიორგიმ, ხალათზე დაიხედა და ჩაიცინა. ეს ჩაცინება ცხენის ფრუტუნს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანურ სიცილს.
- ახლავე გავიქცევი მაღაზიაში, პიჯაკს და შარვალს გიყიდი, - აწრიალდა ვიკა.
- და მერე რა, პიჯაკით დავბრუნდე ჩემებთან?
- ჯინსის შარვალს გიყიდი და რა ვიცი, უბრალო პერანგსაც, მითხარი, როგორი ჯობია, -შეწუხდა ქალი.
- კარგი რა, ახლა სად უნდა წახვიდე, ღამის ათი საათია, ყველა მაღაზია დაკეტილია. რა დღეში ხარ, მადმაზელ, საერთოდ არ უფიქრდები, როცა რამეს აკეთებ. შენს ქმარს არ დაუტოვებია ტანსაცმელი? იქნებ მომერგოს.
- მხოლოდ ეს ხალათი, შენ რომ გაცვია. - იცრუა ვიკამ და არ უთხრა, რომ წეღან მისთვის ერთი ხელი ტანსაცმელი სპეციალურად გადაარჩია, მაგრამ რატომ დამალა ეს, ვერ გეტყოდათ.
- მდააა…
ტყის კაცი კარგა ხანს დუმდა. ვიკაც.
- მაშინ ხვალისთვის… - ამოღერღა ბოლოს ქალმა.
- მაშინ ხვალისთვის, - თუთიყუშივით გაიმეორა მამაკაცმა.
- იქნებ…
- იქნებ…
ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდნენ, მაგრამ ორივე ხვდებოდა, რითიც უნდა დამთავრებულიყო ეს დანაწევრებული დიალოგი.
- ოღონდ, ისა… - წამოიკნავლა ვიკამ.
- ჰო, ერთი სიტყვით… - ამჯერად გიორგიმ აღარ გაიმეორა მისი სიტყვები, ისე გააგრძელა:
- არ ინერვიულო, ვიქტორია, შენ გაძარცვას არ ვაპირებ და კიდევ ისა… არ ვიკბინები…
- გასაგებია, - ქალმა თვალი აარიდა, - შეგიძლია ამ ოთახში დაწვე, ახლავე გაგიშლი თეთრეულს.
- ძალიანაც კარგი. მეც ავდგები და ახალ თეთრეულში შიშველი ჩავწვები, - გულიანად გაიცინა მამაკაცმა.
- სერიოზულად? - შიშისგან თვალები გაუფართოვდა ვიკას.
- კარგი, ვიხუმრე, რა სისულელეს მეკითხები, - ხელი აიქნია გიორგიმ.
- მართალი ხარ, - ამოიოხრა ქალმა, - სისულელეებს ვაკეთებ და კითხვებსაც სულელურს ვსვამ.
- სწორედ მაგაშია შენი უბედურება, მადმაზელ, - ფილოსოფიურად შენიშნა ტყის კაცმა.
გაგრძელება იქნება