ღამემ წარმატებით ჩაიარა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვიკას დაწოლისთანავე ჩაეძინა, ხოლო დილით, თვალი რომ გაახილა და ფეთიანივით წამოხტა, გიორგი სამზარეულოში აღმოაჩინა - პურსა და მურაბას მიირთმევდა. ღამით არც მისი გაძარცვის მცდელობა ჰქონია და არც გაუპატიურების. ამან ოდნავ დაამშვიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტყის კაცთან თანამშრომლობა შეიძლებოდა.
საუზმის შემდეგ ვიკა მაღაზიაში წავიდა და გიორგისთვის ყველაზე იაფფასიანი ჯინსის შარვალი, მოკლესახელოებიანი პერანგი, წინდა და ფეხსაცმელი იყიდა. მართალია, შერცხვა, მაგრამ ქვედა საცვალიც არ დაივიწყა. მან კი ისე მიიღო საჩუქრები, წამითაც არ უგრძნია უხერხულობა. საქმიანად გამოიჯგიმა ახალ სამოსში და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა - «წავა!»
- ახლა კი ერთად წავიდეთ ბაზრობაზე და ნორმალური «შარვალ-კოსტუმი» შევიძინოთ. დროა, საქმეს შევუდგეთ, - წარმოთქვა გიორგიმ და დოინჯი შემოიყარა.
- არა, ჯერ საპარიკმახეროში. ასეთი წვერით სად უნდა გამოგაჩინო? - გაეღიმა ვიკას.
მამაკაცი შეყოყმანდა. როგორც ჩანს, გული ეთანაღრებოდა, თავის დიდებულ წვერთან რომ მოუწევდა გამოთხოვება.
- გიორგი, ასე არ გამოვა! წვერი უნდა გაიპარსო! გარდა ამისა, თმაც შესაკრეჭი გაქვს, ლამის მხრებამდე გაყრია. ასეთ ფორმაში არ ჰგავხარ სოლიდურ მამაკაცს.
გიორგის აშკარად დაეტყო შეცბუნება. მზად იყო, ახლავე გაეხადა ახალი ტანსაცმელი და კვლავ ძონძები ჩაეცვა, ოღონდ კი თავის სანაქებო წვერს არ გამომშვიდობებოდა. ცოტათი გაცხარდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაჰყაბულდა ქალს. ათასი დოლარი ალბათ ღირდა ამად. ეს მის მზერაში იკითხებოდა. და ვიკამ, გამარჯვებულის იერით, იგი საპარიკმახეროში ჩაიყვანა.
ნათლად აუხსნა პარიკმახერს, რასაც ითხოვდა. მერე გიორგის ნიშნისმომგებიანი ღიმილით დაუქნია ხელი და მანქანაში დაბრუნდა, რათა იქ დალოდებოდა თავის ახალგამომცხვარ პარტნიორს.
ჰოდა… როცა ტყის კაცი სალონიდან გამოვიდა… არა, ეს ის არ იყო! უფრო სწორად, უკვე აღარ იყო ტყის კაცი. იქიდან ერთობ სიმპათიური, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ძალიან დაბნეული გამოხედვა ჰქონდა. თითქოს თავისი პირველყოფილი წვერის გაპარსვით ორიენტაცია დაკარგა და გზის გაგნება უჭირდა.
ვიკას აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა. აი, კაცი! მისმა დაბნეულობამაც გაახალისა. არა უშავს, თვითონაც ასე ჰქონდა ორიენტაცია დაკარგული, როცა მიშამ მიატოვა. ეგ არაფერი, ამისგან არავინ კვდება, მიეჩვევა.
- გიორგი, ახლა აღარ ხარ ტყის კაცი, ოჩოპინტრეს ვეღარ დაგიძახებ!
- ვხედავ, - უკმეხად ჩაიბურტყუნა მამაკაცმა.
რამდენიმე ბუტიკი მოიარეს, მაგრამ გიორგის მოსაწონი კოსტიუმი ვერ შეარჩიეს.
- კარგი, როგორც გინდა, - გაღიზიანდა ვიკა, - მე მეტი აღარ შემიძლია. აჯობებს, ისევ შენს მშობლიურ აპარტამენტებში დაგაბრუნო. აქ დავამთავროთ ჩვენი ნაცნობობა.
გიორგიმ არც კი იკითხა, რას ნიშნავდა აპარტამენტები, რამაც ვიკა გააკვირვა. რატომ არ ჰკითხა? ნაკლებსარწმუნოა, მან ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. შერცხვა ვითომ? თუ, უბრალოდ, მიხვდა, რაც იგულისხმა?
- მადმაზელ, ნუ, არ შემიძლია, რა! ასე მგონია, «პოლის» ჯოხს ვგავარ.
ვიკას წარბი არ შეუხრია.
- მაშინ რა ვქნათ, დაგაბრუნო სანაგვესთან?
- მოკლედ, რა ხარ, რააა. ნამდვილი მწამებელი!
- გიორგი, ტვინი ნუ ამირიე. ან აირჩიე რამე, ან უკან დაგაბრუნებ.
მამაკაცმა უხმოდ შეაქცია ზურგი ქალს და ვიტრინასთან დადგა. რატომ არ სცემს პასუხს? თუ დუმილი თანხმობის ნიშანია? ვიკა გაწამდა ამდენი მარჩიელობით.
როგორც იქნა, მეოთხე ბუტიკში წააწყდნენ გიორგისთვის მისაღებ ვარიანტს. შემდეგ ფეხსაცმლის ყიდვა გაუჭიანურდათ. ასე რომ, დღის ბოლომდე მაღაზიიდან მაღაზიაში მოუწიათ სიარულმა. სამაგიეროდ, ვიკას მტანჯველი შრომა დაუფასდა - როცა ბოლო ბუტიკიდან გამოვიდნენ, მის მანქანაში ერთობ სოლიდური და საინტერესო მამაკაცი ჩაჯდა. ვერც ერთი სულიერი ვერ მიხვდებოდა, რომ იგი ქუჩიდან აყვანილი ბომჟი იყო.
რჩებოდა ერთადერთი რამ, ლაპარაკის მანერა. მართალია, გიორგის მეტყველება არ იყო დატვირთული ჟარგონებით, რაც ძალიან აკვირვებდა, მაგრამ მაინც დასახვეწი ჰქონდა ლექსიკა და ვიკა შინ დაბრუნებისთანავე შეუდგა ამ საქმეს.
- პირველ რიგში, სიტყვა «მადმაზელ» დაივიწყე, კარგი?
- აბა, რა დაგიძახო? - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
- რაც მქვია - ვიკა, ვიქტორია, როგორც მოგესურვება.
- კაი, გავიგე.
- კაი კი არა, კარგი. გასაგებია? აბა, ჩემთან ერთად გაიმეორე!
და ასე გაგრძელდა მთელი საღამო. გარდა ამისა, აუხსნა, რომ ჭამის დროს პირის წკლაპუნი და ჩაის ხვრეპით დალევა უზრდელობა იყო. ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როცა დანა-ჩანგლის ხმარებაზე მიდგა საქმე. ამისთვის მთელი კვირა დასჭირდა. ასწავლა ასევე სარეცხი მანქანის ჩართვა და სათანადო რეჟიმზე დაყენება, რათა მამაკაცს თავისი წინდები და პერანგები ხელით არ ერეცხა.
ამასობაში მეათე დღე მიილია. სწავლების პერიოდი მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ არც მთლად რთული ეთქმოდა, რადგან გიორგი ნიჭიერი, დამყოლი და რჩევების ადვილად ამთვისებელი «მოსწავლე» გამოდგა.
თავისუფალ დროს იგი ჭამდა, იძინებდა, ისვენებდა ან ტელევიზორს უყურებდა. ერთი სიტყვით, ცივილიზაციის სიკეთეებით ტკბებოდა. თუმცა მთლად უსაქმოდაც არ იყო. სამზარეულოში ონკანი შეაკეთა, საიდანაც წყალი წვეთავდა; სააბაზანოშიც იტრიალა კარგა ხანს, ხან ერთ ჭანჭიკს წაუჭირა, ხან მეორეს. შეამოწმა, როგორ მუშაობდა წყლის ჩასარეცხი პომპა და ა.შ. უყურებდა ვიკა და ფიქრობდა, ალბათ წარსულში სანტექნიკოსი თუ იყო, ასე პეწიანად რომ უდგება საქმესო. ერთხელაც, როცა ამის შესახებ ჰკითხა, საკმაოდ უხეში პასუხი მიიღო - «ეს შენ არ გეხება, ვიქტორია».
ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღეს მცირე ინციდენტი მაინც მოხდა. საღამოს, შინ დაბრუნებულმა ვიკამ შეამჩნია, რომ გიორგი დააბნია მისმა გამოჩენამ და საგულდაგულოდ ცდილობდა, ზურგს უკან რაღაც დაემალა. ეს «რაღაც» კი ვიკას უბის წიგნაკი აღმოჩნდა, რომელსაც ყოველთვის კარადაში ინახავდა. ეს სწორედ ის დღიური იყო, რომელშიც ჩანაწერებს აკეთებდა. განრისხდა, მაგრამ რა განრისხდა! რა არ გაიფიქრა იმწამს -რა უნდოდა მის კარადაში? ფულს ეძებდა? ძვირფასეულობას? გამოდის, როცა შინ არ არის, ტყის კაცი მის უჯრებში იქექება და ეძებს და ეძებს, ღმერთმა უწყის, რას!
მთელი ხმით გაჰკიოდა. როცა იმ ფრაზამდე მივიდა, ჩემ გაძარცვას ხომ არ აპირებდიო, მხოლოდ მაშინ ამოიღო მამაკაცმა ხმა.
- აი, ჩერჩეტი! შენი გაძარცვა, გაუპატიურება და კიდევ რა ვიცი, რას მოიფიქრებ, რომ მდომებოდა, აქამდე ასჯერ ვიზამდი და მქონდა ამის შანსიც და შესაძლებლობაც. ბოლოს ყელს გამოგჭრიდი, ისევ მოვუშვებდი ჩემს წვერს და ტუ-ტუუუ, ვერავინაც ვერ მომაგნებდა.
- აბა, ჩემი დღიური რატომ აიღე?
- ვააა! არ ამიღია-მეთქი! აგერ იდო, კომპიუტერთან და ისე ჩავიხედე, «პროსტა». მე რა ვიცოდი, შიგ რა ეწერა.
გაგრძელება იქნება