ახლა კი, ვიქტორია, გონებას ძალა დაატანე და დასკვნა გამოიტანე - ბიუტეინს რომ ჰქონოდა ისეთი ფირმა, როგორიცაა ბიზნესდაზვერვა და გამოერკვია, რამდენად მასშტაბური იქნებოდა მისი თოჯინით მსოფლიო ბაზრის დაინტერესება, ან უჩივლებდა რუთს პლაგიატობისთვის, ან ძალზე ძვირად გაყიდდა თავის პატენტს. და იმდენ ფულს აიღებდა, მთელ მის მოდგმას ეყოფოდა.
- გიორგი, ვინ ხარ სინამდვილეში, არ მეტყვი?
- მე ბომჟი ვარ, «მადმაზელ», ილუზიებს ნუ იქმნი. თუ რამე ვიცი, ეს სულ იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრ გაზეთს ვკითხულობ. მეხსიერებას კი არ ვუჩივი. ვკითხულობ -მამახსოვრდება. სულ ეს არის.
ვიკა ჩაფიქრდა. «კონკურენტული დაზვერვა» ამაზრზენად ჟღერდა. არადა, სულ სხვაგვარად ეგონა საქმე - მისი ფირმა სხვების ბიზნესს იცავდა.
- ეს კანონიერია? - იკითხა ბოლოს.
- თუ არ ვცდები, კანონიერი უნდა იყოს.
და თუ კანონიერია, მაგას რა ჯობია? ოცი წლის წინ მსგავსი არაფერი არსებობდა ქვეყანაში. არც კონკურენტული დაზვერვა და არც ბიზნესის დაცვა. ყველა ამ სპეციალისტმა ხომ ნულიდან დაიწყო საქმიანობა? ისინი კითხულობდნენ, სწავლობდნენ, ეცნობოდნენ ამა თუ იმ ლიტერატურას, დადიოდნენ პრაქტიკაზე… თვითონ რატომ ვერ შეძლებს? უნიჭო სულაც არ არის!
- მომისმინე, ვიქტორია, - ფიქრი შეაწყვეტინა გიორგიმ, - ვხვდები, რაც ჩაიფიქრე. მოგწყინდა უაზროდ ცხოვრება და გადაწყვიტე, ბიზნესს გაეთამაშო. თუ ასეა, ერთ რამეს გირჩევ - გაყიდე ფირმაში შენი წილი და სილამაზის სალონი გახსენი ან სოლარიუმი, ან ყვავილების მაღაზია. რამე უფრო მარტივი. კონკურენტულ დაზვერვას შენ ვერ გაუძღვები.
- იდიოტი ნუ გგონივარ! - ზიზღით მობრიცა ტუჩები.
- იქ არ არის შენი ადგილი, ვიკა, დამიჯერე! იქ პროფესიონალები მუშაობენ. ყოველთვის ისეთ საბუთებზე მოგიწევს ხელის მოწერა, რომლის აზრზეც არ იქნები. საქმე საქმეზე რომ მიდგება, პასუხისმგებელი შენ აღმოჩნდები!
- პროფესიონალები! კარგი რა, იმათ თუ ისწავლეს, მეც ვისწავლი. ასეთი რთული რა არის? მით უფრო, რომ თვითონ არ ვივლი დაზვერვაზე, მე მხოლოდ თვალყურს მივადევნებ, ვინ რას გააკეთებს.
- ცდები. ასეთ ფირმებში იურიდიული გამოცდილების მქონე ადამიანები მუშაობენ, ძირითადად, სპეცსამსახურიდან აყვანილი კადრები.
- და საიდან იცი ეს ყველაფერი? - აყვირდა ვიკა, - მეუბნები, ბომჟი ვარო და ყველაფერში კი ერკვევი პროფესიონალივით! იქნებ შენც დაზვერვის თანამშრომელი ხარ? უცხოური დაზვერვის და ბომჟად ასაღებ თავს?
გიორგიმ კოპები შეკრა.
- როგორც გინდა. ჩემი ხომ გამოვიმუშავე? მომეცი ფული და ჩემს გზას გავუდგები.
- და ცოტა ხანს კიდევ რომ გთხოვო დარჩენა? ცოტა კიდევ რომ დამეხმარო და ფული დაგიმატო?
ტყის კაცს თვალები გაუნათდა.
- მაშინ რაღაცები უნდა გადალაგდეს, - ფრთხილად წარმოთქვა, - ჩემი რჩევები უნდა გაითვალისწინო.
- აი, ამაზეა ნათქვამი, თაგვმა თხარა, თხარაო… შენ გინდა, ჩემს ხარჯზე იშოვო ფული? ამ კუთხით გამოიმუშავო? გინდა, სულელად გამომიყვანო, ხომ? გგონია, შენს იქით გზა არა მაქვს? რა აფერისტი ხარ! წადი, დამეკარგე აქედან!
ვიკამ მაგიდაზე კონვერტში ჩადებული ფული მოისროლა და გიორგის ზურგი შეაქცია.
…ჯერ პიჯაკი და შარვალი გაიხადა, მერე სხვა დანარჩენი და როცა ტრუსის ამარა დარჩა, ის იაფფასიანი ტანსაცმელი ჩაიცვა, რომელიც თავიდან უყიდა ვიკამ. წამითაც არ მორიდებია, ქალის წინაშე ნახევრად შიშველი რომ «პოზირებდა». ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, სიტყვაც არ დასცდენია.
როცა გახდა-ჩაცმის რიტუალი დაასრულა, სარკეში ჩაიხედა, სახეზე ხელი ჩამოისვა და სინანულით გადააქნია თავი. აშკარა იყო, თავის საამაყო წვერს მისტიროდა.
ვიკას, ცოტა არ იყოს, შეეცოდა იგი. წარმოიდგინა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას ტყის კაცი სამრეცხაოს გვერდით განთავსებულ სანაგვეებთან. მაგრამ რა ექნა? შეცოდების გამო მთელი ცხოვრება ბომჟთან ერთად ხომ არ იცხოვრებდა? მით უმეტეს, მისი დახმარება უკვე აღარ სჭირდებოდა. აღარ სჭირდებოდა, აღარ!
ტყის კაცმა კონვერტიდან ფული ამოიღო, გადაუთვლელად ჩაიდო ჯიბეში, ვიკასკენ ისე გაიხედა, თითქოს იგი ინტერიერის რომელიღაც ნივთი ყოფილიყო და გავიდა. არც მადლობა, არც დამშვიდობება… უმადური!!!
ქუჩაში გასულს ფანჯრიდან გაადევნა თვალი. გიორგის ერთხელაც არ ამოუხედავს. ვიკას ცრემლები მოერია და ასლუკუნდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში და ფირმის დოკუმენტაციის შესწავლას შეუდგა.
კარგა ხანს ჩაჰკირკიტებდა საბუთებს. გაუჭირდა სპეციფიკური სიტყვებით შედგენილი ტექსტის გაგება და საბოლოოდ მხოლოდ ასეთი დასკვნა გამოიტანა: ერთ კომპანიას სურს, რაღაც გაიგოს მეორე კომპანიაზე. ეჭვიანი ქმრის პოზიციას წააგავდა ეს ყველაფერი. ამისთვის კომპანია ქირაობდა ბიზნესის დაცვის ფირმას, რათა თვალი ედევნებინა კონკურენტი კომპანიისთვის. ნამდვილი ქართული ხასიათი! შენზე მეტს აკეთებს? გაიგე მისი საიდუმლო და «გადაუჯოკრე»!
თან კითხულობდა, თან გამუდმებით ტყის კაცზე ფიქრობდა. მისი წასვლის შემდეგ ბინა თითქოს დაცარიელდა, გიორგიმ თითქოს ყველა კედელი თან გაიყოლა და ახლა ყოველი ხვრელიდან ქარი უბერავდა. სამი კვირა იცხოვრეს ერთმანეთის გვერდიგვერდ და ვიკას თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ასე კომფორტულად ცხოვრებაში თავი არასდროს არავისთან უგრძნია - არც მშობლებთან, არც ქმართან, არც დაქალებთან… გიორგის გვერდით ყოფნა იმდენად სასიამოვნო და მსუბუქი იყო მისთვის, როგორც კარგი ჯაზის მოსმენა.
რატომ უთხრა ასეთი საზიზღრობები? უსამართლოდ მოექცა. სულელია, აბა რა!
კვლავ საბუთებს ჩააშტერდა. გარეშესთვის ფირმის საქმიანობა თითქოს არ იყო საეჭვო და ბუნდოვანი. მიშა, რა თქმა უნდა, თავი და თავი იქნებოდა ამ ყველაფრის, მაგრამ მას რა უნდა ეკეთებინა? როგორ მოება თავი საქმისთვის? მერე რა, რომ ფირმას მისი სახელი ერქვა? საიდუმლო მასალებთან მას არავინ მიუშვებდა. პროფესიონალებმა იციან, რა როგორ გააკეთონ, ამიტომ მისი რჩევა და რეკომენდაციები სასაცილოდ არ ეყოფათ. ალბათ მართლა ჯობდა, სილამაზის სალონი გაეხსნა. ალბათ დროა, დაელაპარაკოს ლევანს თავისი წილის გაყიდვის თაობაზე. მართალი გამოდგა ტყის კაცი, უნდა დაეჯერებინა მისთვის.
მეორე დღეს, სამრეცხაოს რომ ჩაუარა, ცალი თვალი გააპარა სანაგვისკენ. გიორგი გაზონზე წამოგორებულიყო და გაზეთს კითხულობდა. მეორე, გამხდარი კაცი, ქალთან ერთად დახეულ ჩანთაში იქექებოდა. ალბათ ვიღაცის გადაყრილ ხარახურაში რამე გამოსადეგს ეძებდნენ.
ვიკა ქალს დააკვირდა და გაოცდა. ის საკმაოდ ახალგაზრდა ჩანდა. თმა ზღარბივით ედგა თავზე. პირველად ნახა უქუდოდ. ნათლად ახსოვდა, ამ ქალს ყოველთვის მწვანე, ნაქსოვი ქუდი ეხურა. რატომღაც, გაპრანჭული მოეჩვენა. ტყის კაცთან ხომ არ გააბა რომანი? გაეცინა. ეგღა აკლია, ბომჟზე იეჭვიანოს. გაბრაზებულმა სასტიკად აუკრძალა თავის თავს გიორგიზე ფიქრი, გაზს ფეხი მიაჭირა და იქაურობას გაეცალა.
გაგრძელება იქნება