ლევანი ადგილზე დახვდა და ისევ ისე თავაზიანად მიიღო, როგორც გუშინ. თუმცა ვიკას შემოთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა.
- თქვენი წილი გავყიდოთ? რას ამბობთ, ქალბატონო ვიქტორია, ეს შეუძლებელია!
- რატომ, ამის უფლება არ მაქვს?
- გაქვთ, მაგრამ მსგავსი რამეები ჩვენთან არ ხდება. ეს სიძნელეებთან არის დაკავშირებული. პირველი ის, რომ ჩვენ გარდა, კიდევ ორი ადამიანია წილში და მათი თანხმობა გახდება საჭირო. მეორეც - ვინმე ხომ უნდა ვიპოვოთ, ვისაც თქვენი წილის ყიდვა მოუნდება? განა მცირე თანხაზეა ლაპარაკი! ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ფირმა უნდა ენდობოდეს ახალ მეწილეს, სხვა შემთხვევაში გარიგება არ შედგება. სად ვიპოვოთ ასეთი კაცი?
ვიკა დადუმდა, დაბნეული მისჩერებოდა თანაპარტნიორს.
- და რატომ მოგივიდათ თავში წილის დათმობა? - შეეკითხა ლევანი.
- იმიტომ, რომ არაფერი მესაქმება ისეთ ფირმაში, რომელიც შპიონაჟით არის დაკავებული და ვიღაცას ზვერავს.
- შპიონაჟით? ისე მსჯელობთ, როგორც საბჭოეთის გადმონაშთი. როგორ გეკადრებათ! ჩვენი საქონელი ინფორმაციაა, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან საერთო არაფერი აქვს. გესმით ჩემი? ჩვენი სფერო არის ბიზნესი და არა აგენტურა. იცით, რა თქვა ონასისმა? ბიზნესის საიდუმლო იმის ცოდნაში მდგომარეობს, რაც სხვებმა არ იციანო. მაგალითს მოგიყვანთ…
- ბარბიზე?
- არა, - გაიკვირვა დირექტორმა, - ბარბი რა შუაშია?
- რა ვიცი, ისე.
- ბარბი არ ვიცი, მაგრამ ნაპოლეონის მაგალითი შეუდარებელია. როცა მან ვატერლოოს ომი წააგო, ამის შესახებ პირველებმა ძმებმა როტშილდებმა გაიგეს. სასწრაფოდ გაემგზავრნენ ლონდონში და მოკავშირეების ყველა აქცია გაყიდეს ბირჟაზე, სადაც დამარცხების ამბავი ჯერ კიდევ არავინ იცოდა. მათმა მოქმედებამ სხვებს აფიქრებინა, ნაპოლეონმა ალბათ გაიმარჯვაო, როტშილდებს მიჰბაძეს და თვითონაც მოიცილეს თავიდან მოკავშირეთა აქციები, რომელთა ფასი ელვის სისწრაფით ეცემოდა. და იცით, ვინ ყიდულოდა ამ აქციებს? ისევ როტშილდები, ოღონდ გარეშე პირის მეშვეობით. მეორე დღეს, როცა ნაპოლეონის დამარცხების ამბავი მთელ საფრანგეთს მოედო, როტშილდები კარგა გვარიანად იყვნენ გამდიდრებული, სხვები კი ერთმანეთის მიყოლებით გაკოტრდნენ. რამდენიმემ თავიც კი მოიკლა. და მთავარი ინსტრუმენტი ამ ისტორიაში, იცით, რა იყო? ინფორმაცია.
- რა უსინდისო საქციელია! - აღშფოთდა ვიკა.
- ბიზნესი თამაშია. აქ არ არსებობს კარგი და ცუდი. როგორ გგონია, კარგად აღზრდილმა მოჭადრაკემ არ უნდა მოუგოს მოწინააღმდეგეს იმიტომ, რომ მას არ აწყენინოს? - გაიღიმა ლევანმა და ვიკა იძულებული გახდა, ეთქვა, მართალი ბრძანდებითო. მიშაც ასე მსჯელობდა. ყოველთვის ასე ლაპარაკობდა, - ჩვენ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. კი არ ვატყუებთ ხალხს, პირიქით, ვეხმარებით, რომ მოტყუებული არ დარჩნენ.
- და როგორ ახერხებთ კონკურენტი ფირმებისგან ინფორმაციის მოპოვებას?
- აი, ხედავთ? უკვე დაინტერესდით. ეს კარგია… კომპრომატებს ვაგროვებთ.
- და თუ არაფერი აღმოჩნდება ხელჩასაჭიდი?
- როგორ თუ არაფერი? კომპრომატის მოპოვება ყოველთვის შეიძლება. შავი ლაქა ყველას გააჩნია. ბიზნესსა და პოლიტიკაში თეთრი საყელოებით არ მოდიან.
- თქვენ როგორ ეძებთ კომპრომატებს?
- როგორ? ამის გასაგებად უნდა მოხვიდეთ ჩვენთან და იმუშაოთ. ნელ-ნელა ყველაფერში გაერკვევით. ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები, რომლებმაც იციან, სად ეძებონ და რა ეძებონ. ჩვენი ყველა ინფორმაცია ღიაა და ხელმისაწვდომი.
- გასაგებია… - თავი დააკანტურა ვიკამ, - ალბათ ვიდეოთვალს ამონტაჟებთ კონკურენტ ფირმებში, არა? ფილმებში მინახავს, ღილის ფორმის ხოჭოებს რომ აკერებენ პიჯაკზე ან სიგარეტის კოლოფში რომ მალავენ.
- აი, აქ კი ცდებით, ქალბატონო. ასეთი რამეები არაკანონიერია, შეიძლება ამის გამო ლიცენზია დავკარგოთ. ჩვენ კი კანონს პატივს ვცემთ. შეუდექით მუშაობას და თავად დარწმუნდებით, რომ ბინძური მეთოდებით არ ვმუშაობთ. დრო გაქვთ, ვიქტორია. თუ მაინც გადაწყვეტთ თქვენი წილის გაყიდვას, ჩვენ შევუდგებით საჭირო კანდიდატურის მოძებნას, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. თუ არადა… - ლევანმა წინადადება აღარ დაამთავრა და ქალს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
ვიკა დანებდა. მისი შეგონების შემდეგ, ფაქტობრივად, გადაიფიქრა წილის გაყიდვა.
- თუ დაინტერესდით, აგერ, კაბინეტი, შეგიძლიათ მოეწყოთ და მუშაობას შეუდგეთ. -ლევანმა ვიკას თავისი კაბინეტისკენ მიუთითა, - მოგცემთ რამდენიმე ძველ საქმეს, გადახედეთ, შეისწავლეთ. თუ შეკითხვები გაგიჩნდებათ, აგერ ვარ, მკითხეთ. მიგულეთ თქვენს სამსახურში. ყველა თქვენს განკარგულებას მოვაწერ ხელს და, როგორც ყოველთვის, ვიქნები ფირმის მოვალეობების შემსრულებელი.
- ეგ როგორ? - თვალები გაუფართოვდა ვიკას, - თქვენ ხომ დირექტორი ხართ?
- ადრე თქვენი მეუღლე იყო დირექტორი.
- და ახლა?
- ახლა თქვენ იქნებით.
- მე-ე?
- აბა რა! მიშამ არ გითხრათ? წასვლის წინ, თათბირზე, მან თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. არ შეიძლება, მას ეს არ ეთქვა თქვენთვის.
- არ მახსოვს, იცით? ეს განქორწინება ისეთი შოკი იყო ჩემთვის… - დაიბნა ვიკა.
- ვიცი და ამიტომაც არ შეგაწუხეთ აქამდე. ვიფიქრეთ, რომ დამშვიდდება, თავად მოგვაკითხავსო და მართალიც გამოვდექით.
ვიკა გაოცებული დარჩა. რა არ გააკეთა, აქ რომ მოსულიყო, ბომჟიც კი დაიქირავა თანმხლებად და ის კი თურმე კარგა ხანია, აქ დირექტორია! ამას როგორ წარმოიდგენდა? ტყუილად ეშინოდა ტყის კაცს. ახლა ხვდება, რატომ მიიღეს გუშინ ასეთი მოწიწებით.
დი-რექ-ტორი! - ლამაზად ჟღერს. ნატა შურისგან გასკდება, ამას რომ გაიგებს. აი, თუ არ მოართვეს სინით დირექტორობა! ასე ადვილად, ასე უმტკივნეულოდ! ნატას ტურისტული სააგენტო აქვს, ბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნაზე უნდა იწანწალოს, ვიკა კი დაჯდება კაბინეტში და გასცემს განკარგულებებს, როგორ დაიცვას სხვების მსხვილი ბიზნესი.
- ხელის მოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, - გააგრძელა ლევანმა, - მთავარია, საქმე სწორად გაკეთდეს და მოგება მოიტანოს. ხომ მართალი ვარ? სამუშაო რთული არ არის, არ ინერვიულოთ. სიმართლე გითხრათ, სიტყვა დირექტორი შეგვიძლია არც გამოვიყენოთ. თქვენი თანამდებობა კოორდინატორობა უფროა. ჩვენი ბიჭები დამოუკიდებლად მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში ისიც კი არ შეუძლიათ, კლიენტების ვინაობა გაგვიმხილონ. ბევრი მათგანი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.
- ანუ შესაძლებელია, თვითონ დირექტორმაც არ იცოდეს, რა სახის დავალებას ასრულებს ესა თუ ის თანამშრომელი? არც ბრძანების გაცემაა საჭირო და არც ხელის მოწერა?
- არა. გაქვთ წარმოდგენა, როგორ მუშაობს საადვოკატო ბიურო? კლიენტები მოდიან კანტორაში, მიმართავენ დირექტორს, ის კი მათ საქმეებს ადვოკატებს გადასცემს, იმის მიხედვით, ვინ როგორ გაართმევს თავს. ამავდროულად, ყველა ადვოკატს თავისი კერძო კლიენტი ჰყავს, ამ საქმეში კი დირექტორი არ ერევა. უბრალოდ, ბიურო რაღაც პროცენტს იღებს ადვოკატების მუშაობის შედეგად. სულ ეს არის. თქვენი მეუღლე სწორედ ასეთი დირექტორი იყო - თვითონაც მუშაობდა და სხვებსაც უწევდა კოორდინირებას. და კიდევ… რაც შეეხება თქვენს მენეჯერს… მას ჩვენს საქმეებთან არაფერი ესაქმება. ის ფირმისთვის უცხოა. ეს გაითვალისწინეთ. არ ვიცი, კიდევ რა ბიზნესით ხართ დაკავებული და არც მაინტერესებს, მაგრამ ის ჩვენთვის გარეშე პირია, ხომ გესმით?
გიორგის გახსენებამ ვიკაზე უსიამოვნოდ იმოქმედა. შეეცადა, დაეფარა შეცბუნება და ღიმილით დაეთანხმა მამაკაცს…
ლევანმა კარადიდან საქაღალდე გადმოიღო და ვიკას მიაწოდა. ეს ერთ-ერთი ძველი საქმე იყო. როგორც აღმოჩნდა, ერთმა კომპანიამ ტენდერზე გაიტანა თავისი საუკეთესო პროექტი, მაგრამ გაიმარჯვა სხვამ და შემდეგ საქმე ისე განვითარდა, რომ იმ სხვამ სწორედ ისე წარმართა საქმეები, როგორც დამარცხებული კომპანიის პროექტში იყო წარმოჩენილი. ესე იგი, გაჟონა ინფორმაციამ. კომპანიამ დახმარებისთვისთვის ფირმა «ვიქტორიას» მიმართა. თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და იპოვეს კაცი, ვისგანაც ინფორმაციამ გაჟონა. მართალია, კომპანიამ ტენდერი წააგო, მაგრამ დამარცხებულებმა სასარგებლო ინსტრუქციები მიიღეს სამომავლოდ, რათა მსგავსი რამ ისევ არ განმეორებულიყო.
აი, თურმე, როგორი სახისაა მისი ფირმის დაზვერვა! ამას რა ჯობია?
ვიკა სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. კიდევ კარგი, არ დაუჯერა ნატას და გიორგის. ისეთი არაფერი ყოფილა. რა სალონი, რის სალონი! სალონი რა ვიკას საქმეა? ქალი პრესტიჟული ფირმის მეწილე და დირექტორია! არავითარ შემთხვევაში არ დათმობს თავის წილს და ხვალიდანვე შეუდგება მუშაობას.
სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. მოუთმენლობის შიმშილმა შეიპყრო თითქოს. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად დაეწყო მუშაობა და დირექტორის სავარძელში ჩაბრძანებულიყო.
მიუხედავად ამისა, გული მაინც სწყდებოდა, ტყის კაცს რომ დაშორდა. იქნებ როგორმე გამოეყენებინა რამეში? მაგალითად, პირად მცველად აეყვანა. არა, ეს სრულიად ზედმეტია. რაში სჭირდება პირადი მცველი? დასცინებენ. არა უშავს, სხვა რამეს მოიფიქრებს. გამოჩნდება მისთვის შესაფერისი ვაკანსიაც, ჯერ თვითონ დალაგდეს. რატომ აკეთებს ამას? რატომ ფიქრობს მასზე გამუდმებით? ვინმეს რომ ეკითხა, ხომ არ მოგწონს ის კაციო, ალბათ სიცილისგან ჩაბჟირდებოდა. ბომჟი მოეწონოს, როგორც მამაკაცი? ეს ხომ აბსურდია! რა თქმა უნდა, ვიკა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან მისთვის პიროვნების სულიერებაა მთავარი, მაგრამ მაინც… არადა, ამ მხრივ ტყის კაცი მართლა გამოირჩეოდა სხვებისგან.
მიუხედავად ამისა, მასში მამაკაცს ნამდვილად არ ხედავდა. ამასთან, არც გიორგი ხედავდა მასში ქალს. უბრალოდ, ცხოვრობდა ვიკასთან მშვიდად, წყნარად, უპრეტენზიოდ, როგორც ერთგული ძაღლი, რომელსაც უნდა აჭამო, ასვა, დაბანო და ისიც სიყვარულით მოგემსახურება.
ასეთი აზრებით «დახუნძლული» მიეშურებოდა შინისკენ. სამრეცხაოს რომ ჩაუარა, თამამად გაიხედა იქითკენ. გიორგი დაინახა თუ არა, მანქანა გააჩერა და მამაკაცი ხელის დაუქნევით თავისთან მიიხმო. ტყის კაცი ადგილიდან არ დაძრულა. ვიკა გაოგნდა. თავდაპირველად წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა. მანქანიდან გადმოვიდა და თვითონ გაემართა მისკენ. გიორგიმაც გადმოდგა საპასუხო ნაბიჯი და ისინი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს - ისეთ მანძილზე, რომ ბომჟის მეგობარი ბომჟები მათი საუბარს ვერ მოისმენდნენ.
- იცი, რა ვიფიქრე? ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია შეგიძლია იკისრო. მეც დამიცვა, საქმეებშიც მომეხმარო და სახლსაც მიხედო. იცხოვრებ ჩემთან და პარალელურად, გადაგიხდი.
- დიდი მადლობა, «მადმაზელ», - მიუგო ტყის კაცმა, - დახმარებას არ ვსაჭიროებ, ამის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
ვიკა აილეწა. უსიტყვოდ გატრიალდა და მანქანისკენ წავიდა. შინ მისულმა კი თავი ვერ შეიკავა და აღრიალდა. მისი თავმოყვარეობა შელახეს! ვიღაც ბომჟმა მას უარი უთხრა!
როცა დაწყნარდა, თავის გამხნევება დაიწყო - ალბათ ასე ჯობია. რაში სჭირდება ქუჩის მაწანწალა? ის სოლიდური ფირმის დირექტორია, გიორგი კი - უსახლკარო ბოგანო. სასაცილოა, აბა რა!
გაგრძელება იქნება