ვიკამ თავიდანვე მანერული პოზიცია აირჩია - პრეტენზიების გარეშე ჩაება ფირმის საქმიანობაში. გულწრფელად გამოუცხადა თანამშრომლებს, რომ მათი საქმის არაფერი გაეგებოდა და ამიტომ ზემოდან ყურებას და ზედამხედველობას არ აპირებდა, რომ ყველა გააგრძელებდა მუშაობას ჩვეულ რიტმში და მისი გამოჩენა ხელს არავის შეუშლიდა საქმიანობაში. უბრალოდ, ითხოვა, რომ ლევანთან ერთად ისიც ჩაეყენებინათ საქმის კურსში იმ დოზით, რა დოზითაც ესა თუ ის საქმე მოითხოვდა.
მამაკაცებს მისი გამოსვლა მოეწონათ, თუმცა მათი ღიმილი ვიკას ოდნავ ირონიულად მოეჩვენა. სამაგიეროდ, მისმა გულწრფელმა აღიარებამ ნაყოფი გამოიღო და თანამშრომლები მის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალნენ.
და შეუდგა საქმეს. იჯდა კომპიუტერთან, ეცნობოდა ახალ-ახალ საქმეებს, ისმენდა კლიენტისა და დამკვეთის სატელეფონო საუბრებს. ხანდახან მათთან ერთად ადგილზეც მიდიოდა - მაგალითად, საბაჟოზე, რათა თავისი თვალით ენახა, რა მეთოდებით მოიპოვებდნენ ინფორმაციას მისი სპეცაგენტები.
დღითი დღე უფრო და უფრო მოსწონდა თავისი საქმე. მშვენივრად ერთობოდა.
ტყის კაცი კი დაიკარგა. მას შემდეგ, ბოლოს რომ ესაუბრა, ერთხელაც არ მოუკრავს მისთვის თვალი. ნუთუ შეგნებულად სხვაგან გადავიდა, რათა მისგან შორს დაეჭირა თავი? ამის შესახებ არაფერი იცოდა და ვერც ვერასდროს გაიგებდა. მასზე ხომ არ დაიწყებდა ინფორმაციის მოგროვებას? რა სისულელეა!
ცდილობდა დაევიწყებინა ყველა ეპიზოდი, რომლებიც გიორგისთან აკავშირებდა. ალბათ ღმერთმა საბოლოოდ გაწირა მარტოობისთვის. ტყის კაცი კი იმიტომ მოუვლინა დროებით, რომ განქორწინების შოკიდან უფრო ადვილად გამოსულიყო. გიორგიმ კი შეასრულა თავისი ფუნქცია და სამუდამოდ გაქრა ვიკას ცხოვრებიდან.
რამდენიმე ხნის შემდეგ ვიკამ ფრთხილად და დელიკატურად დაიწყო ფირმის თანამშრომელთა მსჯელობებში მონაწილეობა. მაგალითად, რომელიღაც შემოვიდოდა ოთახში და იტყოდა, ამა და ამ კაცზე მინდა ინფორმაცია, მაგრამ სამხედრო პირია და მისი დოსიე გასაიდუმლოებულია. რას მირჩევთ, როგორ მივუდგე? ვიკა იტყოდა, თუ დედამისი ცოცხალია, იქნებ მოძებნოთ და მას დაელაპარაკოთ. ყველა დედა მზადაა, დაეხმაროს შვილს, როცა უჭირს. ეტყვით, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და მორჩა, გზა გაკვალულია.
ლევანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა მისი გონებამახვილობით. საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. აი, რა სწრაფად აუღე საქმეს ალღოო, ეტყოდა. ვიკა კი ამით ამაყობდა. მით უფრო, რომ მის იშვიათ და ფრთხილ რჩევებს ხანდახან მართლა მოჰქონდა შედეგი. მადლობაც ბევრჯერ უთქვამთ თანამშრომელ მამაკაცებს. მათი კეთილგანწყობა თავიდანვე დაიმსახურა, მაგრამ ორ ქალს ვერ მოუხერხა ვერაფერი. არც უკვირდა. თვითონ ლამაზი იყო, ყველა ეფოფინებოდა, რის გამოც ფირმის ლამაზმანებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს; კონკურენციას ვერ გაუძლეს. ამის გამო არ ბრაზდებოდა. თავის ისე აჩვენებდა ორივეს, თითქოს ვერც ხვდებოდა, რომ ვერ იტანდნენ.
და კიდევ - მზვერავი ნიკას გული ვერ მოიგო ვერაფრით. როგორ არ ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას ვიკასი არაფერი მოსწონდა, სულ არაფერი. როცა ვიკას დაინახავდა, ისეთ გრიმასებს კერავდა, ქალი გაოგნებული რჩებოდა. ვერ გაეგო, ამ კაცს რა დაუშავა. გამარჯობასაც კი კბილებში გამოსცრიდა, ღიმილზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
ვიკა თავს იმშვიდებდა. არა უშავს, ნამცხვარი ხომ არ არის, ყველას მოეწონოს, ასეთი რამეებიც ხდება ცხოვრებაშიო. თუ ასეთ წვრილმანებს არ ჩავთვლით, საქმე შესანიშნავად მიდიოდა. ვიკა ენთუზიაზმით ითვისებდა ახალი პროფესიის ნიუანსებს. ამასთან, ისე ეპყრობოდა ყველას, თითქოს დირექტორი კი არა, რიგითი თანამშრომელი ყოფილიყოს, ყავასაც კი უდუღებდა თანამშრომლებს, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა მათ თვალში.
ერთ დღეს ლევანმა ვიკა ფანჯარასთან მიიყვანა და გარეთ გაახედა.
- ხედავ იმ შავ ჯიპს? ვიღაც გვითვალთვალებს, უკვე მეოთხე დღეა, აქ დგას.
- რატომ? - გაოცდა ვიკა.
- ალბათ ელოდებიან, როდის გამოჩნდებიან მათი კონკურენტები.
- ისინი რატომ უნდა გამოჩნდნენ? იქნებ ამათაც აქვთ კონკურენტული დაზვერვის ფირმა?
- ჩემი აზრით, ვინც მანქანაში ზის, იმან გაიგო, რომ მისმა კონკურენტმა დახმარებისთვის უნდა მოგვმართოს და სურს, გადაამოწმოს ინფორმაცია.
- იცით, ვის ეკუთვნის მანქანა?
- გადავგზავნე მონაცემები საპატრულოში, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ისეთ ვინმეს ეკუთვნის, რომლის შესახებაც ინფორმაციას არ მოგვაწვდიან.
- მაინც ვერ გავიგე, აქ რატომ ყურყუტებენ.
- რატომ და, როგორც კი შემკვეთი ჩვენს ფირმაში გამოჩნდება, გასაგები გახდება, რაც ემუქრებათ და გაფრთხილდებიან.
- და ჩვენ მუდმივ კლიენტს დავკარგავთ, არა?
- დაახლოებით. ჩვენი ფირმა ხომ ერთადერთია ქალაქში, თანაც ძალიან პრესტიჟული. ყველას კონფიდენციალობას ვიცავთ და მათ იციან ეს.
- ვაითუ რამე ტექნიკა უყენიათ მანქანაში და ჩვენს საუბარს ისმენენ? - შეშფოთდა ვიკა.
- ეს შეუძლებელია. ამ მხრივ ჩვენ დაცვის ყველაზე მაღალი ზომები გვაქვს.
- და ასე ღიად რატომ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას?
- იმიტომ, რომ კონკურენტმა შეამჩნიოს ისინი და ამით მიანიშნონ, ჩვენ ვიცით, რაც ჩაიფიქრეთო.
ვიკა მთელი დღე იმ მანქანაზე ფიქრობდა და საღამოს, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, გარეთ რომ გამოვიდა, პირდაპირ იქითკენ აიღო გეზი, სადაც ლაპლაპა შავი ჯიპი იდგა.
როცა ავტომობილს მიუახლოვდა, ჩამუქებულ მინაზე საჩვენებელი თითის ზურგით დააკაკუნა. ვიღაცამ მინა ნახევრად ჩამოსწია. ვიკამ მძღოლის თვალ-შუბლის დანახვა შეძლო მხოლოდ.
- აქ რატომ დგახართ? - მკაცრად ჰკითხა, - ეს ჩვენი ფირმის ავტოსადგომია.
- რა მოხდა მერე? გაჩერება არ შეიძლება?
- არა, არ შეიძლება!
- კი მაგრამ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე ფირმის დირექტორი ვარ და, თუ შეიძლება, დატოვეთ ტერიტორია.
მინა კვლავ აიწია და მანქანა დაიძრა.
ვიკა ამაყად თავაწეული აბრუნდა შენობაში, თითქოს მსოფლიო გადაერჩინოს. მაგრამ ლევანმა მის «თავგანწირვას» ცივი წყალი გადაასხა:
- აშკარად იჩქარეთ, ვიკა. ისინი აქედან ათ მეტრში გაჩერდებიან და ეს რას შეცვლის?
- აბა რა გამოდის, ყველა ვარიანტში ვკარგავთ კლიენტს?
- გააჩნია კლიენტს. თუ ის ჭკვიანია, არ მოვა ოფისში და ეგ იქნება. უამრავი ადგილია ქალაქში, სადაც შეხვედრა შეიძლება. დაგვირეკავენ და შევთანხმდებით.
- კი მაგრამ, თუ ასეა, ეს მანქანა აქ რას იდგა? მათაც ხომ იციან, რომ შეხვედრა სხვაგანაც შეიძლება?
- რა თქმა უნდა, იციან, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არ იციან, მათი რომელი კონკურენტი აპირებს ჩვენთან მოსვლას. ეს რომ იცოდნენ, სწორედ იმ კონკრეტულს დაუწყებდნენ თვალთვალს და არა ჩვენს ოფისს. ამაშია საქმე.
ვიკამ იმ წუთას ყურადღება არ მიაქცია ამ ეპიზოდს, მაგრამ მოგვიანებით გაახსენდა, როცა უკვე გვიან იყო…
ქალი თავგამოდებით მუშაობდა და ოცნებობდა იმ დღეზე, როცა შეკვეთებს დამოუკიდებლად შეასრულებდა. თავი უკვე პროფესიონალ მზვერავად მიაჩნდა, სულ სხვა თვალით უყურებდა სამყაროს, დღითი დღე იღრმავებდა ცოდნას და ისრუტავდა ყველა ინფორმაციას, რასაც კი ყურს მოჰკრავდა. ინფორმაცია ამ საქმეში ყველაზე ძვირად ღირებული საქონელი იყო, ამას ხვდებოდა. ჩვეულებრივ შეკითხვაშიც კი, მაგალითად, «როგორ მიდის საქმეები?» კონკურენტის ფარული ზრახვები იმალებოდა. საკმარისი იყო, გულწრფელობა გამოგეჩინა და გეპასუხა, აი, ახალ ფილიალს ვხსნით ან შემკვეთების შეცვლას ვაპირებთო, იმას ნიშნავდა, რომ მისი ბიზნესისთვის სამგლოვიარო მარშის დაკვრის დრო დგებოდა, რადგან კონკურენტი ან მათზე ადრე გახსნიდა ფილიალს, ან უკეთეს დამკვეთს იპოვიდა, რათა ბაზარი დაეპყრო.
ჰო… ეს რთული სამყარო იყო - პრაგმატული, ჭკვიანური, ცინიკურიც კი, ამასთან, აზარტით გაჯერებული, როგორც სპორტში, უფრო სწორად, ჭადრაკში. აკეთებ სვლას და დაძაბული აკვირდები მოწინააღმდეგეს. ეს ყველაფერი კი ვიკასთვის უდიდესი გასართობი გახდა.
გაგრძელება იქნება