წინა თავი
- გესმის? ეს საქმიანი გარიგებაა. არ მოგერიდოს. მამაკაცური თავმოყვარეობა აქ არაფერ შუაშია, როგორც მეგობარს, ისე გთავაზობ.
გიორგი დუმდა.
- და კიდევ… როცა აქ იყავი, ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს… ისე მყუდროდ…
ამ სიტყვებზე მამაკაცი შემოტრიალდა.
- რომელი ზეციდან დამეცი თავს ასეთი, «მადმაზელ»?
- რამე ისე ვერ ვთქვი?
- ყველაფერი კარგად თქვი, ზედმეტად კარგადაც… ლამაზად, კეთილშობილურად…
- მერე ეს გაბრკოლებს?
- ალბათ.
- არ შეგიძლია ჩემგან ასეთი პირობები მიიღო? სიამაყის გამო?
- თვითონაც არ ვიცი. - ვიკას მოეჩვენა, რომ მამაკაცს თვალები აუწყლიანდა.
- რა გითხრა… მე შემოგთავაზე, შენ იფიქრე, - უხერხულად აიჩეჩა მხრები ვიკამ.
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა.
ვიკა უხალისოდ გაემართა ჰოლისკენ და კარი უკმაყოფილო სახით გამოაღო. სართულის მოედანზე საშუალო სიმაღლის, შუა ხანს მიტანებული ჩასკვნილი მამაკაცი იდგა აწოწილ ახალგაზრდასთან ერთად, რომელსაც ხელში იაფფასიანი ტყავის ჩანთა ეჭირა.
- მოგესალმებით, ქალბატონო, ლექსო მურჯიკნელი, კერძო დეტექტივი. ეს ყმაწვილი კი საკეტების სპეციალისტია. ოქროს ხელები აქვს, ბევრჯერ დამეხმარა. აბა, გენო, შენ იცი, არ შემარცხვინო!
- სამი საკეტი მიყენია, მათგან ერთი სეიფის პრინციპისაა, - აუხსნა ვიკამ.
- შევნიშნე, - თავი დააქნია გენომ და უცერემონიოდ მიტრიალდა კარისკენ, იარაღებიანი ჩანთა მოიმარჯვა და საკეტების მოხსნას შეუდგა.
ვიკამ დეტექტივი ოთახში შეიპატიჟა. გიორგი ხელის ჩამორთმევით მიესალმა მოსულს.
- ყავას ხომ არ ინებებთ?
- მოგვიანებით, ჯერ დაველოდოთ, რას გვეტყვის ჩვენი მარჯვე ბიჭი.
გენო მალევე შემოვიდა ოთახში და მხოლოდ ერთი საკეტი შემოიტანა.
- დანარჩენები? - წარბები აზიდა ვიკამ.
- ვიღაცას ან თქვენი ბინის გასაღები აქვს და სამივე იმითაა გაღებული, ან გასაღები არა აქვს და ასეთ შემთხვევაში, ერთის მოხსნაც საკმარისია, რომ თითის ანაბეჭდები ავიღოთ - გენოს ნაცვლად ლექსომ უპასუხა, - … კატა სად არის?
- ეზოში დავმარხეთ.
- თქვენი აზრით, ჯიშიანი კატა იყო თუ ჩვეულებრივი?
ვიკამ გიორგის გადახედა.
- მე მგონი, ჩვეულებრივი, აი, «დვორნიაჟკას» რომ ეძახიან.
- მაშინ არა უშავს.
- კი მაგრამ, რა განსხვავებაა? - გაუკვირდა ვიკას.
- ჯიშიანი რომ ყოფილიყო, მისი ამოთხრა მოგვიწევდა, - განმარტა ლექსომ, - მასზე შეიძლებოდა ისეთი რამის აღმოჩენა, რაც პატრონის კვალზე გაგვიყვანდა. მაგალითად, ყელსაბამი ან დამღა ან რაღაც ამდაგვარი. გარდა ამისა, ბეწვის ანალიზის გაკეთებაც მოგვცემდა შედეგს. მინიშნებას მაინც მივაგნებდით, მაგრამ რადგან ქუჩის კატაა, არ ღირს…
- კისერზე თოკი ჰქონდა შემოხვეული, რომლითაც, სავარაუდოდ, დაახრჩვეს.
- გასაგებია. კულონი სად არის?
ვიკამ მაგიდისკენ თვალით მიანიშნა. დეტექტივმა ცხვირსახოცით ფრთხილად აიღო ხელში სამკაული და სპეციალურად მომზადებულ პატარა პაკეტში ჩაუშვა.
- როგორც მივხვდი, თქვენ შეეხეთ მას, არა? - გიორგის მიუბრუნდა.
- ჯანდაბა! მაგდენი კი არ მიფიქრია! - თავში ხელი შემოირტყა ტყის კაცმა.
- თქვენც? - ვიკას მიუბრუნდა ლექსო.
- მეც.
- რა გაეწყობა, მომიწევს თქვენი თითის ანაბეჭდების აღება, რომ შევძლო მათი სხვებისგან განსხვავება, თუკი, რა თქმა უნდა, აღმოვაჩენთ.
დეტექტივმა მაგიდაზე თაბახის მომცრო ფორმის ფურცლები და საღებავიანი კოლოფი დაალაგა. ვიკას თვალები შუბლზე აუვიდა. ასე ეგონა, კინოში იღებდნენ, როცა ლექსომ მისი თითების ბალიშები სათითაოდ ჯერ სველ ღრუბელზე გადაატარა, მერე კი ქაღალდზე. იგივე პროცედურა ჩაუტარა გიორგისაც.
- ესეც ასე. თუკი თქვენ გარდა, სხვა ანაბეჭდებსაც აღმოვაჩენთ კულონზე, შეგატყობინებთ, მაგრამ ლაბორატორიული ანალიზის თანხის გადახდა მოგიწევთ.
- არ არის პრობლემა, - დაბნეულად დაეთანხმა ვიკა.
ამასობაში გენომ მუშაობა დაამთავრა და თქვა, რომ საკეტზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
- მაშინ იმაზე იფიქრეთ, ვის შეიძლება ჰქონდეს თქვენი ბინის გასაღები და ვის შეეძლო მისი ასლის დამზადება, - ხელები მოიფშვნიტა ლექსომ და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ვიკამ გიორგის გახედა ირიბად. ტყის კაცი უხერხულად შეირხა.
- გიორგის რომ ამ ყველაფერთან კავშირი ჰქონოდა, მე არ დამირეკავდა, - შენიშნა ლექსომ, როგორც კი ვიკას მზერა დაიჭირა.
- მაგრამ ხანდახან დამნაშავეც ხომ იძახებს პოლიციას? - შეეპასუხა ქალი.
- იძახებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებულია, რომ ზედმიწევნით დაიზღვია თავი და ეჭვს მასზე არ მიიტანენ. მოცემულ შემთხვევაში კი გიორგი ნომერ პირველი ეჭვმიტანილი ხდება. ასე რომ, მას არანაირად არ აწყობდა ჩვენი გამოძახება, დამნაშავე რომ იყოს.
- დამლაგებელსაც შეეძლო გასაღების ასლის გაკეთება, - მხრები აიჩეჩა ვიკამ, - მაგრამ რაში სჭირდებოდა?
- თვითონ მას არაფერში, მაგრამ თუ მოისყიდეს, გამორიცხული არ არის. უკვე ვიცით, რომ არსებობს დაინტერესებული პირი, ვისაც თქვენი დაშინება სურს. თუ დამლაგებელს გამოვრიცხავთ, ნებისმიერ სხვა ადგილასაც შეიძლებოდა, ვინმეს თქვენთვის გასაღები ამოეცალა ჩანთიდან. ქალები ხშირად ტოვებთ ჩანთას უადგილო ადგილას. ასე არ არის? თქვენი გადასაწყვეტია, ქალბატონო. გსურთ, შევუდგე გამოძიებას თუ ამ ყველაფერს უკვე აღარ ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? - ვიკამ წამწამები აახამხამა.
- მოდით, ასე მოვიქცეთ. წაიღეთ ეს კულონი თქვენს სამსახურში და გაიკითხეთ თანამშრომლებში, ვის რა ვერსია ექნება. ხომ გყავთ იქ პროფესიონალი, ეგრეთ წოდებული, მზვერავები? იქნებ რამე გითხრან.
- იცით რა? მე კი მქვია დირექტორი, მაგრამ თითქმის ფორმალურად. აქამდე ვერ გამიგია წესიერად, რა საქმიანობას ეწევა ჩემი ფირმა. ყველა გაიძახის, კონფიდენციალური ინფორმაცია, კონფიდენციალური ინფორმაცია, უკვე გული მერევა ამისგან.
- ყოველ შემთხვევაში, შეეცადეთ. კატა თქვენ შემოგიგდეს ოთახში, თან ამ კულონით. თუკი ეს ამბავი თქვენს ფირმასთან არ არის დაკავშირებული, მაშინ ვის ინტერესებში შედის საუბრების ფარული მოსმენა? უნდა იცოდეთ, რომ ყოველ ჟესტს თავისი დატვირთვა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ასე ჟღერს: «ჩვენ გაგშიფრეთ, ამიტომ ჯობია, დაეტიოთ, სანამ გვიან არ არის». თქვენი შეშინება არ მინდა, მაგრამ ეს მუქარაა.
- მაგრამ მე რა შუაში ვარ?
- სწორედ ამის გაგებაა აუცილებელი, - მოთმინებით ცდილობდა ლექსო საქმის ვითარების ახსნას, - ასე რომ, თქვენ თქვენი მხრიდან შეეცადეთ რამის გაგებას, მე ჩემი მეთოდებით ვეცდები რაღაცების გარკვევას. მერე კი დავსხდეთ და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გავაანალიზოთ, რა გზას დავადგეთ.
ვიკამ კვლავ გიორგის გახედა, მისი აზრი აინტერესებდა. ტყის კაცმა თავი უსიტყვოდ დაუქნია.
- კარგი, თანახმა ვარ, - ამოთქვა ვიკამ, - შევეცდები.
- საქმის კურსში ჩამაყენეთ, - თქვა ლექსომ, როცა ვიკამ გენოს ფული მიუთვალა და სტუმრებმა ბინა დატოვეს.
- არ გშია? - ჰკითხა ვიკამ გიორგის, როცა ოთახში შემობრუნდა. არ უნდოდა, ტყის კაცი წასულიყო.
- ხომ მავახშმე რესტორანში, არ იყო საკმარისი?
- იქნებ ჩაი დაგველია?
- ჩაი?
- თუ გინდა, ლუდი.
- ლუდი?
- ერთი სიტყვით, მინდა აქ დარჩე, როგორც ადრე, - ბოლოს პირდაპირ უთხრა, რასაც ფიქრობდა.
- რაღაც ვერ ვხვდები, ვიკა… - დაიწყო გიორგიმ, მაგრამ აღარ დაამთავრა.
- რას ვერ ხვდები? - შეეკითხა ქალი.
- იცი, რა? მე მართალია, ბომჟი ვარ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, კაცი ვარ. იმ სამ კვირაში, შენ გვერდით რომ გავატარე, ლამის ელამი გავხდი, რათა შენთვის თვალი ამერიდებინა. ხან ხალათით გამოხვალ, ხან ღამის პერანგით. არ შემიძლია ნახევრად შიშველს გიყურო. შენ კი არაფრად მაგდებ და ძაღლივით მიყურებ. ახლა ისევ მეუბნები, დარჩიო. რა გინდა ჩემგან? შეგნებულად მაღიზიანებ? ჩემ ცდუნებას ცდილობ?
ვიკას შერცხვა. ისე უხერხულად იგრძნო თავი, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
მოულოდნელად გიორგი ახლოს მიეჭრა, კედელთან მიიმწყვდია და ხელებით დაიჭირა.
- აბა, მითხარი, რა გინდა ჩემგან, ა?
მამაკაცი ძალიან ახლოს აღმოჩნდა ქალთან. მისი თვალები - კიდევ უფრო ახლოს. რაც უნდა გასაოცარი ყოფილიყო, ტყის კაცს სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, თითქოს ახალი ნაბანავები ყოფილიყოს. ვიკას უცნაურმა ტალღამ დაუარა სხეულში.
რა ძაღლი, რის ძაღლი. მის წინ მამაკაცი იდგა, თუნდაც ბომჟი, მაგრამ მამაკაცი. მისი ხელების ტყვეობაში მოქცეულმა ადვილად შეიგრძნო ეს.
მაინც შეეშინდა ამის აღიარების. ყველაფერი ჰორმონებს დააბრალა. დიდი ხანია, კაცი არ ჰყოლია და მისმა სიახლოვემ თავბრუ დაახვია. უსიყვარულოდ ხომ არ დაუწვება? ამის გაფიქრებაზე ვიკამ გიორგის ხელები გააშვებინა და გაერიდა.
ტყის კაცი წელში გასწორდა.
- მე შენ წმინდა მეგობრული გაგებით გითხარი, - ცრემლმორეულმა ამოთქვა, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, - ასეთი რამ როგორ იფიქრე? მინდოდა, ჩიხიდან გამომეყვანე, ნორმალურ ცხოვრებას გთავაზობ, ნუთუ ასე ძნელი გასაგებია? რა შუაშია ცდუნება? ღმერთო, რატომ გააჩინე მამაკაცები ასეთი სულელები?
- გასაგებია… მადლობა ზრუნვისთვის, მაგრამ აჯობებს, წავიდე. ლექსოს ნომერი გაქვს, თუ რამე გაგიჭირდება, მასთან დარეკავ. მე შენ აღარაფერში გჭირდები, ვიქტორია, - მამაკაცმა ცივად გაუღიმა ქალს, ხელი თეატრალურად დაუქნია და წავიდა.
ვიკას მთელი ღამე არ უძინია, სიცხიანივით წრიალებდა საწოლში და ტყის კაცზე ფიქრობდა. ფიქრობდა იმ უცნაურ სურვილზე, მისმა სიახლოვემ რომ აღუძრა. როგორ თავმოყვარე აღმოჩნდა?! ფრანგული ენის მასწავლებელი, რომელიც სანაგვეზე აღმოჩნდა, რომელსაც ფუფუნება შესთავაზეს და უარი თქვა. ვიკამ არ იცოდა, გაემართლებინა თუ არა მისი საქციელი. იქნებ ეს სულაც არ მიუთითებს მის სიამაყეზე და პირიქით, გიორგის სისუსტის მაჩვენებელია? იქნებ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ბრძოლის უნარი რომ არ გააჩნიათ და პირველსავე წინააღმდეგობაზე ფარხმალდაყრილნი ჭაობში ეფლობიან? აი, მიშა, მაგალითად, მებრძოლი სულის იყო. ის აუცილებლად იძიებდა შურს, თუკი ვინმე გზაზე გადაეღობებოდა ან უმუხთლებდა. არ მოისვენებდა, სანამ მიწასთან არ გაასწორებდა მისთვის მიუღებელ პიროვნებას. ვერ იტანდა მასზე ჭკვიანებს და მოხერხებულებს. ამიტომაც იყო ბიზნესის კაცი, ადვილად აღწევდა წარმატებას. მას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა ცხოვრებაში - რაც შეიძლება ბევრი ფული ეშოვა. ადამიანებთან დამოკიდებულება მისთვის არასდროს ყოფილა ღირებული. სულ ამბობდა, მთავარია, მიზნის არჩევა შეგეძლოსო. მისი მიზანი კი ბიზნესი იყო და არა მეგობრული ურთიერთობები.
როგორც ჩანს, ტყის კაცს ბიზნესთამაშები არ იზიდავდა. რთულ ცხოვრებას იოლი არჩია -ბომჟი გახდა. იქნებ ასეთი ადამიანი უფრო იმსახურებს პატივისცემას, ვიდრე მისი ყოფილი ქმარი? ახსოვს, სადღაც წაიკითხა, ქართველი არისტოკრატები, როცა ემიგრაციაში მოხვდნენ და ძალიან გაუჭირდათ, სულით არ დაცემულან, ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, რომ არსებობისთვის ებრძოლათ, ყველაზე დამამცირებელ საქმიანობასაც არ თაკილობდნენო. გიორგიც ასეთია, ინტელიგენტი, კეთილშობილი… წესიერი… მიუხედავად იმისა, რომ თავად უპოვარია, სრულიად უანგაროდ ეხმარება მდიდარ ქალს, «მადმაზელს» და სამაგიეროს არ ითხოვს.
თუ ეშმაკობს? იქნებ რამე უნდა მისგან და ჯერ არ იმჩნევს? იქნებ დაწოლა უნდა ვიკასთან, რომ მერე თავის ძმაკაც ბომჟებთან იმარიაჟოს? ხომ არიან ტრაბახა კაცებიც? არაააა! ის ასეთი არ არის. ვიკა გრძნობს ამას. ასეთი არ არის გიორგი, გიო, გია…
მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. თითქმის შუადღე იყო, როცა გამოეღვიძა და გადაწყვიტა, სამსახურში აღარ წასულიყო. კარგი რამეა დირექტორობა, ანგარიშის ჩაბარება არავისთან მოუწევს. გარდა ამისა, კულონი ლექსომ წაიღო და მხოლოდ ხვალ დაუბრუნებს. ნივთმტკიცების გარეშე რა აზრი აქვს ლევანთან დალაპარაკებას?
მოუნდა, გიორგის სანახავად წასულიყო, სპორტის სასახლესთან, უბრალოდ, ენახა, მეტი არაფერი, მაგრამ გადაიფიქრა. იფიქრებს, რომ მართლა რაღაც უნდა ვიკას მისგან. ეგღა აკლია! არავითარ შემთხვევაში. ამის მაგივრად მაღაზიების შემოვლა გადაწყვიტა. ახალი ტანსაცმლის ყიდვა ხომ საუკეთესო საშუალებაა ქალის ხასიათის გამოსაკეთებლად.
გაგრძელება იქნება