გეორგიოსმა გოგოს ხელი ჩასჭიდა და კარისკენ წაიყვანა, ლუკასმა კი ღიმილით გადმოგვხედა.
- წესიერად მოიქეცი, გეორგ, - სიცილით გააფრთხილა დისშვილი, - ხომ იცი, მაგას მუშტის მორტყმა კარგად გამოსდის!
ეს ფრაზა ლუკასმა ქართულად წარმოთქვა. ვერ მივხვდი, რატომ - ჩვენ გასაგონად თუ იმ გოგომაც იცოდა ქართული? კიდევაც გავგიჟდებოდი, ისიც ქართველი რომ აღმოჩენილიყო.
- მერე რა? - გამოსძახა გიომაც და სტუმართან ერთად სახლში მხიარული შეძახილებით შევიდა.
- იცნობდეთ, ეს კარაა, - თქვა ლუკასმა და მზერა ჩემზე შეაჩერა.
გვანცამ ამით ისარგებლა და მომავალ მაზლს გვერდი ცივად აუარა. ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა, მხრები კი გამომწვევად გაეშალა.
სახლის სიღრმიდან აღტყინებული შეძახილები მოისმოდა. როცა ვცადე, ჩემს მეგობარს უკან მივყოლოდი, ლუკასმა მაჯაზე ჩამავლო ხელი და მაიძულა, მისთვის შემეხედა.
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემ არყოფნაში გაგიკეთებია, - რბილად მომმართა, - ლეილამ მითხრა, დავარდნამდე მუშაობდა, მუხლი არ ჩაუხრიაო.
- ჯერ კიდევ ბევრი დარჩა მოსაგვარებელი, - აკანკალებული ხმით მივუგე მისი მზერით აგზნებულმა. ლუკასის გვერდით ნამდვილ ჯუჯას ვგავდი. უკვე დამვიწყებოდა, როგორი ვეება და მამაკაცური იყო.
- არა უშავს, ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი, - დამამშვიდა, თან ხელს ისე მიჭერდა, თითქოს გაქცევას ვლამობდი. იგი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ქალის მკაფიო, ახალგაზრდულმა ხმამ ამერიკული აქცენტით ინგლისურად წარმოთქვა:
- ლუკას, ძვირფასო! შენ მაინც არ გამაცანი შენი მეგობარი ქალი!
კარის ანჯამას წითურთმიანი ლამაზმანი ლოყით მიყრდნობოდა და გამომცდელად შემოგვცქეროდა. მისი მწვანე თვალები ცისარტყელასავით ანათებდა პატარა ნათურების სხივებქვეშ, რომლებიც ბაღის გარშემო ეკიდა.
- კარა, ეს ნაკაა. ნაკა, ეს კარაა, - ლაკონიურად გაგვაცნო ლუკასმა ერთმანეთი ინგლისურ ენაზე და ოთახში შეგვიძღვა.
- სასიამოვნოა. როგორ გიკითხოთ? - ძლივს ამოვღერღე ძალით გაღიმებულმა და პასუხად მწვანე თვალების ცივ მზერას წავაწყდი.
- არაჩვეულებრივად. არა, საყვარელო? - აკისკისდა კარა და ისე შეტრიალდა ლუკასისკენ, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, მისთვის ხელი ეტაცა, - ხედავთ?
მზერა, რომელიც კარამ მესროლა, გამოწვევა იყო, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ ქალს შეუძლია გაიგოს. თუმცა ლუკასს ეს არ შეუმჩნევია. მან თბილად გაიღიმა და წითურთმიანს მოშორდა.
- წესიერად მოიქეცი, შე გარყვნილო, - გაიხუმრა მან, - თორემ მომიწევს შენთვის მორალის კითხვა.
- ოჰ, მაგაზე როგორ გეტყვი უარს, გეთაყვა, ოღონდ კი იზრუნე ჩემზე, - ამაზრზენად დაიკვნესა კარამ.
ამ დროს გვანცას მორკალული წარბები შევნიშნე, თანდათან შუბლზე რომ აუდიოდა, სახეზე კი საოცარი ზიზღი გამოსახვოდა. რატომღაც, ამან დამამშვიდა. არც ვიცი, რატომ, მაგრამ როგორც კი ლუკასმა და გეორგიოსმა კარას ხელი ჩაჰკიდეს და სასადილო ოთახისკენ გააცუნცულეს, ჩვენ კი უკან მოგვიტოვეს, ისევ შევშფოთდი.
- ნამდვილი ძროხა დედაკაცი! - ყურთან მიჩურჩულა გვანცამ, როცა მათ უკან მივყვებოდით, - ნეტავ ვინ არის?
- წარმოდგენა არა მაქვს, - სევდანარევი ტონით მეც ჩურჩულით მივუგე და მთელი გულით დავეთანხმე დაქალს სტუმრის დახასიათებაში, მიუხედავად იმისა, რომ კარა მომნუსხველად გამოიყურებოდა.
როგორც ჩანს, იმაზე დიდი ასაკისაა, ვიდრე თავიდან მომეჩვენა. დაახლოებით ოცდაექვის წლის იქნებოდა, თუმცა უნაკლოდ თეთრი, კრიალა კანი ჰქონდა და მწვანე თვალებიც ზურმუხტებივით უბრწყინავდა. გრძელი, ხუჭუჭა წითური თმა მხრებს ოდნავ ჩამოსცდენოდა, სხეული კი… დაცემა ტანი ჰქონდა, დაცემა მკერდი და საერთოდ, თავბრუდამხვევი ლამაზმანი იყო. მასთან ვერც მე და ვერც გვანცა ახლოს ვერ მივიდოდით, მიუხედავად იმისა, რომ სილამაზე არც ერთს არ გვაკლდა.
ერთი ჭიქა ფრანგული ღვინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარა ლეილას ქმრის შორეული ნათესავი ყოფილა.
- და ძალიან კარგი, რომ მხოლოდ შორეული, - შენიშნა მან, თან თვალს არ აშორებდა ლუკასს, - ერთმანეთის არსებობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გავიგეთ. არა, საყვარელო? - კატასავის დაიკრუტუნა და ბრჭყვიალა ქვებით გაძეძგილი ბეჭდიანი ხელები ჰაერში გაალივლივა.
- მე ამერიკაში ვიყავი საქმეებზე, - აგვიხსნა ლუკასმა მე და გვანცას, თან თავს აშკარად უხერხულად გრძნობდა, რადგან "შორეული ნათესავი" ისე ახლოს იჯდა მის გვერდით დივანზე, რომ მუხლებით მასზე იყო მიტმასნილი და დროდადრო თავის გრძელ თითებს მკლავზე ალერსიანად უსვამდა, - კარას მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა და მამიდაჩემმა მე მთხოვა მისი პოვნა და დახმარება. ანუ დიმიტრიოსის დაზე ვსაუბრობ. მას ყოველთვის მამიდად მოვიხსენიებდი. - მორიდებით დაასრულა ლუკასმა, რადგან მიხვდა, რომ კარა არაფრის დამალვას არ აპირებდა.
მივხვდი, რომ ლეილას მულზე იყო საუბარი, ამიტომ თავი დავუქნიე.
- ჩვენ ხომ მეგობრებს შორის ვართ, საყვარელო, - ტკბილად შენიშნა კარამ. ისე აშკარად ეფლირტავებოდა ლუკასს, რომ გვანცამ თავი ვერ შეიკავა, თავი მხარზე მომადო და ჩაიფხუკუნა, - ლუკასი ჩემს საშინელ განქორწინებას გულისხმობს. როცა ის მესტუმრა, სწორედ მაგ საქმით ვიყავი დაკავებული, - განმარტა მან სპეციალურად ჩემთვის, რადგან თავის მსუსხავ მწვანე მზერას არ მაშორებდა, - ჩემი ყოფილი ძალზე რთული ადამიანი იყო, მე კი მტკიცე ზურგი მჭირდებოდა, ვისზე დაყრდნობაც შემეძლო. სწორედ ასეთი ზურგი აღმოჩნდა ჩემთვის ეს სიმპათიური მამაკაცი, - კვლავ გადაიკისკისა გოგონამ და მამაკაცს თავზე ხელი ნაზად გადაუსვა.
- რაც შემეძლო, ის გავაკეთე, - ისე თქვა ლუკასმა, თითქოს სურდა, ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოღებოდა.
კარამ ეშმაკურად მოწკურა თვალები.
- თან ისე კარგააად… - კვლავ კატასავით დაიკრუტუნა ისეთი გულწრფელი ქვეტექსტით, რომ ყველას დაეტყო შეცბუნება.
ლუკასმა მეტს ვეღარ გაუძლო და ყველანი სასწრაფოდ სუფრასთან მიგვიწვია.
- ამის ატანა უკვე აღარ შემიძლია, - მიჩურჩულა გვანცამ, კარამ კი ამასობაში პირი მოაღო და ენის გაუჩერებლად გადმოალაგა ლუკასზე თავისი "ღვთიური მოგონებები". მეტი რა დაგვრჩენოდა. ვისხედით პირში წყალჩაგუბებულები და მის ლაქლაქს ვუსმენდით… მეც და ჩემი დაქალიც.
- ნამდვილი ვამპირია საშინელებათა ფილმიდან, - როგორც იქნა, მოახერხა გვანცამ "სიტყვის ჩაგდება" და ძლივსგასაგონად მიჩურჩულა.
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა და როგორია. მთავარია, რომ მისი აქ ყოფნა ამათ არ აღიზიანებთ, - სასოწარკვეთილმა გადავუჩურჩულე მეგობარს და გამომცდელად მივაჩერდი ორივე მამაკაცს, კარას მორიგ ხუმრობაზე ზრდილობის გამო რომ იღიმოდნენ.
ცხადად ჩანდა, რომ ჭკვიანი და ლამაზი ამერიკელი ქალი წარსულში ლუკასისთვის უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე უბრალოდ მეგობარია. შესაძლოა ახლაც ასე იყო. რას გაიგებ?
გაუთავებელი საღამო უფრო და უფრო ჭიანურდებოდა. უკვე წკიპზე ვიყავი. ცოტაც და, წამოვდგებოდი, ყველას ბოდიშს მოვუხდიდი და უკულტუროდ დავტოვებდი ამ კომპანიას, მაგრამ მეშველა. ვახშამი მორჩა და ყველამ დაშლა დაიწყო.
როცა ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და კიბეს მივადექი, ლუკასმა გვერდზე გამიყვანა.
- ლეილას ვუთხარი, ხვალ დილით საწოლიდან არ ადგე-მეთქი, - საქმის კურსში ჩამაყენა და მეც თავი დავუქნიე, - მაპატიე, დღევანდელი საღამო არც ისე სახალისო გამოვიდა.
- არა უშავს, - ცივად ვუპასუხე და გადავწყვიტე, არ მეჩვენებინა, როგორ მატკინა გული, მთელი საღამო კარას გვერდით რომ გაატარა, - მე ხომ აქ გასართობად არ ჩამოვსულვარ.
- კარა მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩება, - მომიბოდიშასავით, თან თვალები ჩაუმუქდა, - დღეს ის, უბრალოდ, ზედმეტად აღგზნებულია. დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილა და ამის ბრალია.
- დიდი ხანი რამდენი ხანია? - გამჭოლი მზერა ვესროლე.
- რამდენიმე თვე… ასე, რვა-ცხრა… რატომ მეკითხები?
გაგრძელება იქნება