ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, არც ძალიან ლამაზი და არც მახინჯი. გააჩნია, ვისთვის როგორ. კეთილ ადამიანებს მზეთუნახავად მივაჩნივარ, შურიანებს - უშნოდ, ნაკლებად შურიანებისთვის კი «ისე რა» ვარ. რამდენიმე საათში თვრამეტი წლის ვხდები. მაქვს ჩალისფერი თმა და ჩემდა სამწუხაროდ, თაფლისფერი თვალები. არადა, როგორ მინდოდა, ცისფერი ან მწვანე თვალები მქონოდა. აი, ისეთი, რომანებში რომ აღწერენ მთავარ მოქმედ გმირ ქალებს. ჩემი დაქალები მეუბნებიან, მაგარი აღნაგობა გაქვსო, გრძელი ფეხები და ვიწრო წელიო. არ ვიცი, დიდად არ მიყვარს საკუთარი თავის შეფასება. თუმცა მკერდი ისე გამეზარდა ბოლო წელიწადს და ისე მომიმრგვალდა, მეც კი მომწონს. მკერდი, ჩემი აზრით, ქალის სავიზიტო ბარათია. სულ რომ არაფერი უვარგოდეს სხვა, მკერდით მაინც მიიპყრობს მამაკაცის ყურადღებას.
თბილისის ძველ უბანში დავიბადე და გავიზარდე, ლამაზ იტალიურ ეზოში. პატარა ეზოა, სულ სამი ოჯახი ცხოვრობდა ადრე, მაგრამ მერე მათ გაყიდეს თავიანთი სახლ-კარი და მამაჩემმა იმდენი მოახერხა, რომ თვითონ იყიდა და ახლა მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ. მერე მამამ ორსართულიანი სახლი წამოჭიმა, თეთრი, ლამაზი. ხეხილიც გააშენა. მე და დედამ კი ისეთი ბაღი მოვაწყვეთ, ყველას შურს ჩვენი. აქაურობა სულ ყვავილებშია ჩაფლული ზაფხულობით. სახელიც ლამაზი ჰქვია ჩვენს უბანს, თქვენც გაგიგიათ ალბათ - ოქროს უბანი. მეორე სართულიდან რომ გადავიხედავ, მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. განსაკუთრებით ღამითაა ლამაზი, გაჩახჩახებულია ყველაფერი და ლურჯად ელვარებს არემარე, ოქროსფერი ციმციმა ნათურების თანხლებით.
მყავს უმცროსი ძმა, სანდრიკა. მე ნეკა მქვია. როცა დავიბადე, თურმე ისეთი ციცქნა ვიყავი, რომ ეგრევე ნეკა შემარქვეს, ეს მაღალი მაინც არ გაიზრდებაო, დედას უთქვამს. მაგრამ შეცდა ჩემი დედიკო. მაღალიც ვარ და… შხვართიც. აი, ასე! :)))
ოთახი ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ცალკე საძინებელი მაქვს, ჩემთვის ვარ, არავინ მაწუხებს. მეორე სართულზე, ერთმანეთის გვერდით ვბინადრობთ მე და სანდრიკა. ჩვენი ოთახები გვერდიგვერდითაა. მამა და დედა, დერეფნის ბოლოში რომ ყველაზე დიდი საძინებელია, იქ არიან «შეყუჟულები».
კიდევ ერთი წევრი გვყავს ოჯახში - ნაზი. ის ჩვენი ნათესავია, ოღონდ შორეული. მამა ადრე დაეღუპა, მერე დედაც გარდაეცვალა და მარტო რომ დარჩა, დედამ წამოიყვანა, შეიფარა, ასე ვთქვათ. საოჯახო საქმეებში გვეხმარება. ის პირველ სართულზე ცხოვრობს, ყველაზე ნათელ ოთახში, რომელიც ბაღს გადაჰყურებს. კარგი ქალია. ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი გულის მესაიდუმლე. მას არაფერს ვუმალავ. ხშირად მმოძღვრავს ხოლმე, რაც მისგან არ მწყინს, ყოველთვის ყურადღებით ვისმენ მის რჩევებს და ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ კიდეც. დამჯერი ვარ, მაინცდამაინც სიჯიუტისკენ არ მაქვს მიდრეკილება.
ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ორი წლის წინ მოხდა, ანუ მაშინ, როცა «მყარი» თინეიჯერული ასაკის ვიყავი. ახლა ჩემს ოთახში, საწოლზე ვარ წამოკოტრიალებული და მოგონებებში ვიძირები. უნდა გავააანალიზო, როგორ წარვმართე ჩემი ცხოვრება სწორედ იმ დროს, დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი…
სულ რამდენიმე თვის ამბავია, მაგრამ იმ პერიოდმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ სხვა ადამიანი ვარ, თუმცა არაფერს ვნანობ. გაუაზრებლად ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, თუმცა ნაჩქარევად ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება. ალბათ, მკითხავთ, რომ შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება, რას გააკეთებდიო? მე კი გიპასუხებთ - მგონი, ისევ ისე მოვიქცეოდი. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ არაფერს ვნანობ.
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნებოდი ორი წლის წინ - ახალწამოჩიტული 16 წლის გოგონა. მართალია, კიკინებიანი არ ვიყავი, არც მკერდი მქონდა ამხელა და არც მთლად შხვართივით გამოვიყურებოდი, მაგრამ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში იმდენი რამ მასწავლა ცხოვრებამ და იმდენი ტკივილი მომაყენა, რომ პატარა გოგოდან ზრდასრულ ქალად გარდავიქმენი. ახლა კი, მგონი, კვლავ ბავშვობაში დავბრუნდი. ნუ გეცინებათ! არ მითხრათ ახლა, ეს შეუძლებელიაო! შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ძალიან მოინდომო ადამიანმა. ჰოდა, მეც მოვინდომე!
გაინტერესებთ, ჩემს გარეგნობაში, მკერდის გარდა, რა არის კიდევ მთავარი სიმდიდრე? რა და, ამაყად მოღერებული ყელი. მე მგონი, ამაყი სულაც არ ვარ, მაგრამ ყელი ნამდვილად მაქვს მოღერებული და გარეგნობაც, შესაბამისად, ასეთი მაქვს.
მართლა მზეთუნახავი არ გეგონოთ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჯერ კიდევ ზრდის ასაკში, ჩამოუყალიბებელი - ნაკვთებითაც და აზრებითაც ალბათ. ჩემი გადასახედიდან, ისეთი შეცდომა ჯერ არ მომსვლია, რომ მის «ნიადაგზე» რაღაც მაინც ვისწავლო, თუმცა შეცდომის გარეშეც მშვენივრად შევიძინე გამოცდილება. ვიღაცამ შეიძლება ჩემს ისტორიაში შეცდომების მთელი კონა აღმოაჩინოს, მაგრამ მე არ მიმაჩნია ასე, რადგან ყველა ნაბიჯი, როგორც უკვე გითხარით, სრულიად გააზრებულად გადავდგი. არ ვიცი, ამით დროს გავუსწარი წინ თუ მხოლოდ ფეხი ავუწყვე, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ძირითადად, სულ შარვლით და «ჭიპსაჩენი» მაისურებით დავდივარ, ანუ ტოპებით. მინდა, გამართული ქართულით ვწერო, რომ თქვენზე ამით მაინც მოვახდინო დადებითი შთაბეჭდილება, მაგრამ არ ვიცი, როგორ გამომივა. სლენგები ისეა მომრავლებული დღეს ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებში, რომ ალბათ მაინც ვერ გავექცევი. მიყვარს ასევე მოკლე ქვედაბოლოები… კიდევ რა გაინტერესებთ ჩემზე? სიმართლე და მხოლოდ სიმართლე? არის სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, არაფერს დაგიმალავთ. ჩემი აღსარების დრო მოვიდა, რადგან დღეს 18 წლის ვხდები.
ბავშვობაზე მეკითხებით? ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ბავშვობა დიდი ხანია, დავკარგე და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის, ალბათ, არც არასდროს მქონია.
თვალებს ვხუჭავ და მოგონებებში ვიძირები… ამას ჰქვია ფართოდ დახუჭული თვალები… ვიხსენებ დაწვრილებით ყველა ეპიზოდს და ამწუთას მარტოდმარტო ვრჩები საკუთარ სინდისთან… :(((
გაგრძელება იქნება