შლოპანცები გავიხადე და ბალახზე ფეხშიშველმა გავიარე. მესიამოვნა. ერთი, ყველაზე გაფარჩხული ნაძვის ძირში ჩამოვჯექი. თორნიკე მაშინვე გვერდით მომიჯდა და მკლავი გადამხვია.
- მიხარია შენთან ყოფნა, ამ დროს ყველაფერი მავიწყდება. რა უცნაურია. ამისთანა გოგო მარტო როგორ დადიხარ? შენ ახლა ბიჭების მთელი არმია უნდა დაგდევდეს უკან.
- მიყვარს მარტოობა, - მისმა კომპლიმენტმა გამაწითლა, თავი ჩავღუნე.
- პატარაობისას დედას ჩამოვყავდი აქ. მეც შენსავით მარტო ვსეირნობდი აქეთ-იქით. ერთხელ ისე შორს წავედი, სადღაც ტყეში ამოვყავი თავი და სოკო დავკრიფე. მეგონა, შხამიანი გამოდგებოდა, მაგრამ მაინც მივიტანე სახლში. შენ წარმოიდგინე, ყველა კარგი აღმოჩნდა. ახლაც მახსოვს იმ სოკოს სახელი - შავჩოხა. იმიტომ დავიმახსოვრე, რომ ჩოხასთან ასოცირდებოდა და კიდევ იმიტომ, რომ შხამიანი არ აღმოჩნდა. დედამ შამფურზე ააცვა, შეწვა და გემრიელადაც მივირთვით, - სიცილი აუტყდა. მისი მხიარულება მეც გადმომედო, მაგრამ დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა. თითქოს ერთიანად ვიყავი შეკუმშული, ყველა კუნთი რაღაცნაირად მზადყოფნას გამოხატავდა… გასაქცევად მზადყოფნას.
- მსიამოვნებს, ერთმანეთს რომ შევხვდით… ასე კარგად არასდროს მიგრძნია თავი.
- მართლა? - კვლავ დავიმორცხვე.
- მართლა. იმ საღამოს გოგისთან რომ არ შევკრებილიყავით, ხომ ვერ გაგიცნობდი? ეს ალბათ ბედისწერა იყო.
- სხვას გაიცნობდი, - გავიცინე.
- მაგრამ მე რომ შენ გარდა არავინ მინდა? - ჩურჩულით წარმოთქვა და მკერდზე ძლიერად მიმიხუტა, შემდეგ თავი დახარა და მაკოცა.
თავიდან ნაზად მკოცნიდა, თითქოს ფრთხილობსო, შემდეგ უფრო მძლავრად მომხვია მკლავები და უფრო ძლიერად მაკოცა, თან ხელი მკერდში ჩამიცურა. სიამოვნებისაგან დავდნი. თითქოს მიწა ატრიალდა და თავდაყირა დავდექი… რამდენიმე წუთის წინ გასაქცევად ვიყავი მზად, მაგრამ ახლა სხეული აღარ მემორჩილებოდა. არც მინდოდა ამის გაკეთება. ასე კარგად მეც არასდროს მიგრძნია თავი.
წამში გამაშიშვლა. მაშინ კი დამცხა და შევეცადე, ჩემი სამოსი ჩემსავე სხეულზე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ დამანება. იგი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. ალმური წამეკიდა სახეზე, ერთიანად ვხურდი, თითქოს ცეცხლში ვიწვოდი.
- არ გინდა, თორნი, გთხოვ, - მუდარით ვეჩურჩულებოდი, - ვინმე დაგვინახავს…
- ნუ გეშინია, აქ არავინ მოვა. ეს კუნძული მხოლოდ ჩვენია, - ჩურჩულითვე, სუნთქვაგახშირებული ბუტბუტებდა და თავის საქმეს განაგრძობდა.
ცოტა არ იყოს, შევშინდი. ჩემი აზრით, ეს ძალმომრეობის გამოვლინება იყო. როგორი დაუნდობელი გამოდგა. ვერც ჩემმა ტირილნარევმა ხმამ შეაჩერა. როცა გულაღმა გადამაწვინა და შევხედე, ელდა მეცა. იმწუთას ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა, თვალები დაეხუჭა და უსიამოვნოდ ქშინავდა, სწორედ ისე, როგორც დასაკლავად გამზადებული ხარი.
ერთხელ შევესწარი, როგორ დაკლეს ჩემებმა სოფელში ხარი და დღემდე ვერ დავივიწყე, ისე შემეცოდა საწყალი პირუტყვი… მაგრამ მას კლავდნენ და იმიტომ შემეცოდა, თორნიკე კი… იგი კი ჩემზე ძალადობდა.
მორჩა, რამდენიმე წუთიც და ყველაფერი დამთავრდა, მე კი მეგონა, მთელი საათი გავიდა იმ რაღაცის დაწყებიდან დამთავრებამდე. ღმერთო! ეს რა ჩავიდინე! გამოდის, თორნიკე ჩემი პირველი მამაკაცია და იმას, რაც ახლა ჩვენ შორის მოხდა, სექსს ეძახიან! მერედა, ეს არის, სასიამოვნო პროცესიაო? რა არის ამაში სასიამოვნო? ლამისაა, ტკივილისა და წვისაგან სული განვუტევო…
რა დამემართა? უხეშად შეხების უფლება არასდროს მიმიცია ბიჭისთვის, ამას კი შიშველი დავუწექი. რატომ უფრო ძლიერად არ შევეწინააღმდეგე? რატომ არ ვიყვირე?..
უხმოდ ვიწექით. მალულად გავხედე თორნიკეს. შუბლი ოფლით დაცვაროდა და წყვეტილად, ხმამაღლა სუნთქავდა. ალბათ ამას ჰქვია მძიმედ სუნთქვა, როგორც რომანებში წერენ ხოლმე.
მისკენ გადავბრუნდი, ცალი ხელით იდაყვს დავეყრდენი, მეორე ხელით კი ოფლი მოვწმინდე და ოდნავ შევეხე ტუჩებით. მარილის გემო ვიგრძენი… ის არ შერხეულა, არც თვალები გაუხელია.
- რაღაც მინდა გკითხო, - ხმადაბლა წარმოთქვა უცებ, მაგრამ არც ახლა განძრეულა.
- მკითხე.
- მე შენთვის პირველი ვარ?
რა დებილია! ნუთუ ვერ მიხვდა? მეგონა, ამას მაშინვე ხვდებოდნენ მამაკაცები. იქნებ მეც პირველი ვარ მისთვის და ამიტომაც?
წარბების აწევით დავუდასტურე და ორაზროვნად გავუღიმე. რატომღაც, კარგად ვიგრძენი თავი. უეცრად აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მე იგი მიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ვუყვარდი. სხვა რა მინდოდა?
ცოტა ხანში მოიქუფრა და საავდრო ღრუბლებმა დაფარა ცა.
- დროა, წავიდეთ, - რაღაცნაირი ცივი ხმით მითხრა, - ახლა რომ დასველდე, გაცივდები და საკვერცხეების ანთებას აიკიდებ.
- შენ რა იცი? - ცნობისმოყვარედ შევეკითხე და ჩაცმას შევუდექი.
- ვიცი. ერთი ჩემი ახლობელი გაცივდა ასე, - გამოცდილი კაცივით მიპასუხა და თავის მაისურს გადასწვდა.
ნავი გაქირავების პუნქტს ჩავაბარეთ და სახლისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გავეშურეთ. შუკაში რომ შევუხვიეთ, წვიმის პირველი წვეთებიც დაგვეცა.
- წადი, აღარ მინდა მეტი გაცილება, გავიქცევი, - სიყვარულით სავსე მზერით შევხედე.
- ხვალ არა და, ზეგ მოდი, კარგი? - იდუმალი ხმით მითხრა.
- ხვალ რატომ არა? - გული შემეკუმშა.
- რატომ და… ეგეც ჭრილობაა, რომ იცოდე, ამიტომ ცოტა მოგიშუშდეს, - მუცელზე დამადო ხელი და მოწყვეტით მაკოცა.
- გასაგებია, მაშინ ზეგ მოვალ, - სახეგაბადრული დავეთანხმე და უკანმოუხედავად გავიქეცი.
ის, რაც ჩვენ შორის მოხდა, მოულოდნელი და უჩვეულო იყო ჩემთვის. ნეტავ, რამე ხომ არ მეტყობა? ნეტავ ჩვეულებრივად დავდივარ? ასე მეგონა, ყველა მიხვდებოდა, რაც მჭირდა. ჭიშკარი რომ შევაღე, ნაბიჯი შევანელე და თვითონვე დავაკვირდი ჩემი სიარულის მანერას. თითქოს არაფერი შეცვლილა… მაგრამ ეს გარეგნულად, შინაგანად კი შევიცვალე. ახლა მე ქალი ვარ, რომელმაც მამაკაცს გემო გაუგო, დღეიდან ყველაფერს სხვანაირად უნდა შევხედო. ამის გაფიქრებაზე დამსუსხა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შეცვლა სახეზეც მეწერა.
მე კი შევიცვალე, მაგრამ ჩემ გარშემო არაფერი შეცვლილა. ყველაფერი თავის ადგილზე იდგა, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, როგორც დილით. ერთადერთი ის იყო, რომ ამინდი შეიცვალა… იქნებ მზემაც დღეს დაკარგა ქალწულობა და იმიტომ ტირის? იქნებ მეც უნდა ვტიროდე?..
ფეხაკრეფით შევიძურწე სახლში. ამწუთას არავის ნახვა არ მინდოდა, არც დედასი, არც კესოსი და, მით უმეტეს, არც სანდრიკასი. მხოლოდ ნაზის დანახვის არ მეშინოდა, თუ შემთხვევით შევეჩეხებოდი სადმე.
არა, გადავრჩი. ფრთხილად შევაღე საძინებლის კარი. კესო გულდაღმა გაწოლილიყო საწოლზე და ეძინა, ამას მისი თანაბარი სუნთქვით მივხვდი. სწრაფად გამოვიცვალე ტანსაცმელი და ლოგინზე გადავესვენე, თან თხელი პლედი გადავიფარე.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნაზიმ შემოაღო კარი.
- ნეკა, გღვიძავს? - ხმადაბლა დამიძახა.
ხმა არ გავეცი, თავი მოვიმძინარე. იგი არ შემოსულა, ზღურბლიდანვე გატრიალდა და კარიც გაიხურა.
შვებით ამოვისუნთქე…
***
მზიანი დილა გათენდა. ქარიც ჩადგა. გაღვიძებისთანავე სარკეს მივვარდი და ჩემი თავის დათვალიერებას შევუდექი. იქნებ რამე მეტყობა? დავიჯერო, ვერავინ ვერაფერს შემამჩნევს? სწორედ ამ დროს თავზე კესო წამომადგა.
- რა გჭირს? შეშინებული გამოიყურები.
- არაფერი, უბრალოდ, თავი მტკივა, - მზერა ავარიდე და თავი ჩავღუნე, რომ ჩემი გაწითლება არ შეემჩნია.
- ნახე ის ბიჭი? თორნიკე, შენ რომ მოგეწონა.
- ვინ გითხრა, რომ მომეწონა? საიდან დაასკვენი? ვნახე.
- თუ არ მოგეწონა, რისთვის ნახე? - არ მომეშვა კესო.
- სულ რამდენიმე წუთით, შემთხვევით შემხვდა და არ მივსალმებოდი? რას ჩამაცივდი?
- იცი, რას ამბობენ? ეგ შენი თორნიკე მაგარი «ბაბნიკიაო».
- მერე მე რა ვქნა? იყოს რა… - ამის გაგონებაზე გული ამიჩქარდა.
- არც არაფერი, - უდარდელად მომიგო ჩემმა მეგობარმა და თვითონაც ჩაიხედა სარკეში.
- ვინ გითხრა ეგ? - ვერ მოვითმინე.
- თორნიკეს ამბავი?
- ჰო.
- ვინ და გოგოებმა. სხვათა შორის, ბიჭებიც ლაპარაკობენ და მაგრა შაყირობენ ამაზე სულ.
- საერთოდ არ მაინტერესებს, - შევეცადე, გულგრილად მეპასუხა.
- წამოხვალ ბადმინტონის სათამაშოდ?
- არა. არ მიყვარს ბადმინტონი, ხომ იცი…
- კარგი, მაშინ მარტო წავალ.
კესომ ხტუნვა-ხტუნვით დატოვა ოთახი. მარტო რომ დავრჩი, გულზე საშინელი ნაღველი შემომაწვა, მაგრამ მალევე გადამიარა. შეიძლება მართალიცაა, რასაც თორნიკეზე ამბობენ, მაგრამ ჩემთან სულ სხვა ურთიერთობა აქვს. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და სხვას როგორ ექცევა, რაში მაინტერესებს? აი, წავალ ხვალ, შევხვდები და კესოს ნათქვამი სრულიად გადამავიწყდება.
მეორე დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენა. თორნიკე უფრო თბილი იყო, უფრო მოსიყვარულე და სექსიც უფრო ვნებიანი მეჩვენა. დაძაბულიც არ ვიყავი, არც არაფერზე ვფიქრობდი, მის ალერსს ალერსით ვპასუხობდი. ამჯერად გავუგე სექსს გემო და როცა ყველაფერი დამთავრდა, სასიამოვნო მოთენთილობა ვიგრძენი. ტკივილი კი საერთოდ არ მიგრძნია.
საოცრად ვეწყობოდით ერთმანეთს ამ მხრივ. მე მომწონდა მისი კოცნა და მასაც მოსწონდა ჩემი მოფერება. გარდა ამისა, მეც ვსწავლობდი ნელ-ნელა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თორნიკეს ეტყობოდა, კარგი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში მიღებული. იმ დღეს თითქმის არ გვილაპარაკია, მხოლოდ ვნებათაღელვით ვიყავით დაკავებული.
***
ისეთი კარგი დღე მქონდა და საღამო ჩამიშხამდა. მამა ჩამოვიდა თბილისიდან და დედასთან ჩხუბი მოუვიდა. ყველაფერი კი ჩემ თვალწინ მოხდა. სანდრიკაც იქვე იყო, მხოლოდ კესო გვაკლდა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. სულაც არ მინდოდა, კესოს ჩვენი ოჯახის უსიამოვნებები გაეგო.
- მოვალეობის მოხდის გამო შეგიძლია საერთოდ არ მოხვიდე, შალვა, იჯექი იმ შენს სამსახურში და რაც გინდა, ის აკეთე! - ყვიროდა დედა.
- კარგი ახლა, დაიოკე ნერვები, მარტონი არ ვართ, ბავშვების მაინც მოგერიდოს! - მკაცრად შენიშნა მამამ, შემდეგ კი ჩვენ გამოგვხედა, - წადით თქვენს ოთახებში!
- არა, მათაც იცოდნენ, როგორი მამა ჰყავთ! ფეხი არ გაადგათ არც ერთმა აქედან! - დაგვიტატანა დედამ.
- გეყოფა, გოგო! - უღრიალა მამამ.
- რა მეყოფა, რა? გგონია, მადლობელი დაგრჩები, თუკი ამოხვალ და დაგვხედავ? სულ ესაა შენი მოვალეობა ოჯახის მიმართ, არა? დამღალე, იცი? არ შემიძლია ასე ცხოვრება! ამდენი ტყუილის ატანა უკვე დამამცირებელია! ჩაიხედე ერთი სარკეში, რას დაემსგავსე!
მამას საშინელი ფერი დაედო, ტუჩები აუკანკალდა. მოულოდნელად სამარილეს სტაცა ხელი და დედას მარილი თვალებში შეაყარა.
- ვაიმეეეეეეე! - განწირული ხმით იყვირა დედამ და თვალებზე ხელი აიფარა, - როგორ მეეეწვიიიის!
მამა დინჯად წამოდგა, უხეშად წაავლო დედას ხელი და ონკანთან მიიყვანა. ამ ინციდენტის შემდეგ არც ერთს ხმა არ ამოუღია, ორივე ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- ხომ არ დაბრმავდება დედა? - ჩურჩულით იკითხა სანდრომ. ის ძალიან იყო შეშინებული.
- არა, მამიკო, არ დაბრმავდება, - მშვიდად მიუგო მამამ, ჯიბიდან ორი ათლარიანი ამოიღო და სანდრიკას გაუწოდა, - ხვალ წადი და იყიდეს ის ბურთი, შენ რომ გინდოდა. აჰა, გამომართვი.
ჩემს ძმას თვალები გაუბრწყინდა. მამას ფული გამოართვა და ოთახიდან გავარდა.
- ნეკა, წამო, ბაღში ჩავიდეთ, თან ყავა დავლიოთ, - აკანკალებული ხმით მომმართა დედამ.
ჩავედით და სელის სავარძლებში მოვკალათდით. უხმოდ ვსვამდით ყავას. ვერაფერს ვეკითხებოდი, მისგან ველოდი, რას მეტყოდა. ვხვდებოდი, რომ დედა უბედურად მიიჩნევდა თავს და მართლაც ასე იყო. გაუხარელი ცხოვრება ჰქონდა. ერთადერთი, სანდრო ძია უხალისებდა ყოველდღიურობას და ამის დამალვაც უწევდა. თვალწინ წარმომიდგა, როგორი ზიზღით და სიძულვილით შესცქეროდა მამას, როცა ეჩხუბებოდა. აქამდე ეს არასდროს შემიმჩნევია. ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა. მივხვდი, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.
ცოტა ხნის შემდეგ მამამ გამოგვიცხადა, ყველანი წავიდეთ და ლისის ტბაზე გასეირნება მოვაწყოთო. კესოც ჩვენთან იყო. არ მინდოდა, დედა და მამა მარტონი დარჩენილიყვნენ, მეშინოდა, ისევ არ ეჩხუბათ, ამიტომ გვერდიდან არ ვშორდებოდი.
გაგრძელება იქნება