მე და მერიკომ ბოლო დროს ჩვენს სკოლასთან ახლოს გახსნილი კაფე ამოვიჩემეთ. გაკვეთილების შემდეგ გავვარდებოდით იქ, ორ ფინჯან ყავას, ოთხ ნაჭერ ეკლერს შევუკვეთავდით და საათობით ვმასლაათობდით. სასაცილო გოგო იყო მერიკო. ასეთი მხიარული ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. დაჯდებოდა და იწყებდა ისტორიების გამოგონებას. რამდენჯერმე მარტოხელა გოგონა განასახიერა, რომელიც ჩემ მაგივრად იჯდა ვითომ სწორედ ჩვენს მაგიდასთან და ჩვენსავით ფინჯან ყავას შეექცეოდა. მოულოდნელად თავზე წამოადგებოდა მასზე უიღბლოდ შეყვარებული ბიჭი, მის თვალწინ უხმოდ მიიბჯენდა პისტოლეტს საფეთქელთან და ბუხ! უსულოდ დაეცემოდა მის ფეხებთან. გოგონა გულგრილად დახედავდა მისთვის თავგანწირულ თაყვანისმცემელს, მერე სიგარეტს მოუკიდებდა და უდარდელად გააბოლებდა. ბოლოს ამაყად წამოიმართებოდა, ირონიული იერით გადააბიჯებდა ცხედარს და გასასვლელისკენ განარნარდებოდა. რამდენჯერ ვცადე, მერიკოსთვის მიმებაძა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როგორც კი დავაპირებდი იმავეს გამეორებას, სიცილით ვიჭაჭებოდი. მერიკო კი ბრაზდებოდა, რას ხედავ აქ სასაცილოს, შენ თვალწინ კაცმა თავი მოიკლა და რა გიხარიაო. ამაზე ცალკე გვეცინებოდა.
მომწონდა ასეთი მონოსპექტაკლები. ეს ერთადერთი იყო, რაც მახალისებდა.
***
ოქტომბრის თვე იდგა. ისეთი მზიანი ამინდები დაიჭირა, გაზაფხული გეგონებოდათ. გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა, სერგო მასწავლებელმა დამიძახა, საღამოს ჩემთან გამოიარე, კარგი წიგნი მაქვს და გაგატანო. სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სერგო მასწავლებელი. გულახდილად ვიტყვი, რომ ზედმეტადაც მომწონდა, ანუ არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც მამაკაცი, თუმცა ამაში ჩემს თავსაც კი არ ვუტყდებოდი. შინაგანად ამის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ ვმალავდი, მაინც მატყობდნენ სხვები და მეუბნებოდნენ კიდეც.
ახლაც მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, როგორ ამიხსნიდა სიყვარულს, როგორ მომეფერებოდა… რა დებილი ვარ, რაც დრო გადის, უარესად საშიში და აკრძალული აზრები მომდის თავში.
კარი მისმა მეუღლემ, თამრიკომ გამიღო. ლამაზი ცოლი ჰყავდა სერგო მასწავლებელს და ამაზე უფრო ვიბოღმებოდი. სწორედ ამის გამო ვერ ვიტანდი ამ ქალს, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. სერგომ ხელი დამიქნია და თავის კაბინეტში შევიდა. მეც უკან მივყევი. ცოტა ხანში თამრიკომ ხილი შემოგვიტანა და ვაზით მაგიდაზე შემოდგა, თან დანა და ორი თეფში მოაყოლა.
მე და ჩემი სანუკვარი მასწავლებელი კარგა ხანს ვისხედით მის მრგვალ მაგიდასთან და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. განვიხილეთ ძველი დროის ქართველი მწერლები, შემდეგ პოეზიაზე გადავერთეთ. პირადად მე პოეზია უფრო მხიბლავდა ბოლო დროს, ვიდრე პროზა, განსაკუთრებით, სატრფიალო ლექსების კითხვამ გამიტაცა. სერგო მასწავლებელმა ამის პასუხად მოულოდნელად მურმან ლებანიძის «ციცო» წამოიწყო. ისე გატაცებით კითხულობდა, ისეთი გრძნობით, ჟრუანტელმა დამიარა. თან თვალს არ მაცილებდა. ნუთუ ჩემთვის კითხულობს? ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ნუთუ ციცოში ამწუთას მე მგულისხმობს? არ ვიცოდი, ასე იყო თუ არა, მაგრამ სიგიჟემდე მინდოდა, ასე ყოფილიყო. მინდოდა, ერთი მამაკაცი მაინც ყოფილიყო ამქვეყნად, რომლისთვისაც მარად მიუწვდომელი ვიქნებოდი და მხოლოდ ოცნების ქალად დავრჩებოდი. და ეს მამაკაცი თუ სერგო მასწავლებელი იქნებოდა, რა აჯობებდა?
- მოგეწონა? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია.
ხმა ვერ ამოვიღე. აღელვებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- გყვარებია ოდესმე ვინმე? - თვალი თვალში გამიყარა მასწავლებელმა.
გავწითლდი. კვლავ უხმოდ დავუქნიე თავი.
- მერე? რას ფიქრობ? როგორი გრძნობაა სიყვარული?
- არ ვიცი, - უაზროდ ავიჩეჩე მხრები, - ყოველ შემთხვევაში, სანამ მიყვარდა, მრგვალი მეგონა, მერე კი რატომღაც, სამკუთხედის ფორმა მიიღო ამ გრძნობამ და ძალიან წვეტიანი გახდა.
სერგო მასწავლებელს სიცილი აუტყდა.
- როგორც ჩანს, შენ სიყვარული თამაში გგონია. ეს კი სულაც არ არის ასე. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. გესმის?
- არ ვიცი, მასწავლებელო, ამაზე არასდროს მიფიქრია, - თავი ჩავღუნე.
- მეჩვენება, რომ რაღაცას ძალიან დარდობ, იმაზე მეტად განიცდი, ვიდრე საჭიროა. ბოლო დროს სხივი ჩაგიქრა თვალებში. ხომ იცი, მე ამას ვერ გამომაპარებ. კაცის თვალები, მით უმეტეს, მასწალებლის, ყველაფერს გაშიშვლებულად ხედავს.
პასუხი არ გავეცი. მის გამომცდელ მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ ცხოვრობთ დღევანდელი გოგო-ბიჭები, მსგავს ურთიერთობაში რამდენად ღრმად გაქვთ შეტოპილი, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა გითხრა. შენ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ და მინდა, წარმატებებს მიაღწიო. შეიძლება იფიქრო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა მე არ მეჩვენება ასე. დიახაც, არის ჩემი საქმე, თუნდაც იმიტომ, რომ შენი მასწავლებელი ვარ და გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრება. დაიმახსოვრე ერთი რამ და ყოველთვის გაიხსენე ჩემი სიტყვები - სიყვარულთან ძალადობა სიყვარულის სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს. ახლა კარგად ჩაუკვირდი ჩემს ნათქვამს, გააანალიზე და დასკვნები თავად გამოიტანე.
გამიკვირდა, ასეთ რამეებს რომ მეუბნებოდა. რატომ? ნუთუ რამე გაიგო? ნუთუ იცის, რომ ქალიშვილი აღარ ვარ და სისულელეებს ჩავდივარ? როგორ მომინდა, მისთვის ამწუთას ყველაფერი მეთქვა და გულზე მოწოლილი დარდისგან დავცლილიყავი. ზუსტად ვიცოდი, ის გამიგებდა, დამარიგებდა, თავისებურად ლამაზად მეტყოდა სათქმელს, მაგრამ ვერ გავბედე… რაღაცამ გამაჩერა, რაღაცამ არ მომცა უფლება, სათაყვანებელი მასწავლებლისთვის გული გადამეშალა.
სამაგიეროდ, ისეთი კმაყოფილი წამოვედი მისი სახლიდან, ის საღამო დღემდე არ დამვიწყებია. მისი მოცემული წიგნი, პაულო კოელიოს «თერთმეტი წუთი» ჩახუტებული მომქონდა. წაიკითხე და ბევრ რამეს ისწავლიო, მითხრა, როცა წიგნს მაწვდიდა… იმ საღამომ მიმახვედრა, რომ სერგო მასწავლებელი ჩემ მიმართ გულგრილი სულაც არ იყო, თუმცა ამის გამომჟღავნების უფლებას წამითაც არ აძლევდა თავის თავს. სწორედ ეს დავაფასე მასში.
იმ დღიდან სერგო მასწავლებელზე, როგორც მამაკაცზე, ფიქრი დამთავრდა. ის ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლად დარჩა, ყველაზე სამაგალითო მასწავლებლად…
***
საღამოს შინ მარტო დავრჩი. ყველანი გაიკრიფნენ სახლიდან. ნაზიც კი სადღაც გაქრა. წამოვწექი და წიგნის კითხვას შევუდექი, მაგრამ ისეთი სიჩუმე იდგა სახლში, ვერ ავიტანე. ბუფეტიდან მამაჩემის გადანახული წითელი ღვინო გამოვიტანე, ჩამოვასხი და წრუპვა დავიწყე, თან მერიკოს მეთოდი გამოვიყენე და ფანტაზიაში გადავვარდი. წარმოვიდგინე, რომ ჩემ წინ სავარძელში სერგო მასწავლებელი იჯდა და როგორც ტოლი ტოლს, ისე მელაპარაკებოდა. ავდექი და მეორე ჭიქაც მოვიტანე. ისიც შევავსე და მივუჭახუნე.
- თქვენ გაგიმარჯოთ, სერგო მასწავლებელო! - ხმამაღლა ვესაუბრებოდი არარსებულ პერსონაჟს, თითქოს მონოსპექტაკლში ვმონაწილეობდი, - იქნებ მომიყვეთ თქვენი გულისნადები? რა პრობლემები გაქვთ, რა გაწუხებთ. სულ რომ ჩვენი ცხოვრებით ინტერესდებით, თქვენც მოიოხეთ გული ჩვენთან, განა რამე დაშავდება ამით? რა? ცოლი არ გიყვართ? მოგბეზრდათ? რას ამბობთ! მერედა, რატომ არ ეტყვით მას ამას? ადექით და პირდაპირ მიახალეთ. მერწმუნეთ, შვებას იგრძნობთ. შემდეგ კი სხვა ქალი ეძებეთ, რომელიც გრძნობას გაგიახლებთ და თავს შეგაყვარებთ. რას იზამთ, ხდება ასე. აი, ჩემს ოჯახშიც იგივე პრობლემა დგას და იცით, როგორ უშველეს თავს ჩემმა მშობლებმა? ორივემ საყვარელი გაიჩინა და არიან ახლა ასე - ცალ-ცალკე ბედნიერები. როგორ? მე მოგწონვართ? ჩემთან სექსი გინდათ? ეს რამ გაფიქრებინათ, პატივცემულო მასწავლებელო! რატომ მოგივიდათ თავში ასეთი აზრი? რამე გაგრძნობინეთ? აბა, რა არის შუაში? გიყვარვართ? რატომ უნდა დაგიჯეროთ? ან რა საჭიროა? ჩემი სიყვარული თქვენ აკრძალული გაქვთ, ცოლიანი ხართ, თანაც - ჩემი მასწავლებელი. ამოიგდეთ ჩემზე ფიქრი თავიდან და სხვაზე გადაერთეთ. ან კი რაში გჭირდებათ სიყვარული? ხომ იცით, რომ მას ყოველთვის ტანჯვა და ტკივილი მოაქვს? ასე არ ჯობია? მოდით, ახლა თქვენ გაგიმარჯოთ! მე ყოველთვის მეყვარებით და მემახსოვრებით, როგორც ჩემი საუკეთესო მასწავლებელი.
მონოლოგი დავამთავრე და ჭიქა ბოლომდე დავცალე. მერე მეორე ჭიქაც მივაყოლე და ამასობაში კარგა გვარიანად შევთვერი. წამოვდექი. ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ. სასიამოვნო მოთენთილობა ვიგრძენი. საერთოდ გადამავიწყდა, რომ ორიოდე წამის წინ სავარძელში ჩემი მასწავლებელი იჯდა, რადგან მისი ადგილი ახლა თორნიკემ დაიკავა. შემდეგ მასთანაც გავაბი საუბარი, რომელიც უფრო ინტიმური გამოდგა. ის კი არა, თითქოს მის სიახლოვესაც ვგრძნობდი, ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა, როგორ მეფერებოდა. ისევ ისეთი ცხელი ტუჩები ჰქონდა, როგორც ადრე…
კიდევ მომინდა დალევა. დავისხი და დავლიე, დავისხი და დავლიე. უფრო და უფრო გამომიკეთდა ხასიათი. რა კარგია, როცა მარტო ხარ, როცა საკუთარ სახლში სტუმარიც შენ ხარ და მასპინძელიც. მუსიკა ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. მანამ ვიტრიალე, სანამ თავბრუ არ დამეხვა და საწოლზე არ გავიშხლართე. უკანასკნელი, რასაც თვალი მოვკარი, ჭერი იყო, რომელიც თანდათან ყირავდებოდა. მოულოდნელად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. კიდევ კარგი, ტუალეტში შევასწარი. რა საშინელება იყო! თურმე რამდენი დამილევია. მამამ რომ გაიგოს, ალბათ ვერ გადავურჩები!
პირზე ცივი წყალი შევისხი და ბარბაცით დავბრუნდი საწოლ ოთახში. სასწრაფოდ მივალაგე იქაურობა, ბოთლი ავიღე, ჭიქა გავრეცხე და კვლავ დავწექი. საწოლიც კი ქანაობდა ჩემი, ზუსტად ისე, როგორც ნავი ზღვის ტალღებზე. ერთხანს მურმან ლებანიძის «ციცოზე» ვფიქრობდი. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვიმეორებდი ლექსის სტროფებს გულში. მერე ჩამეძინა…
***
ორი დღე სკოლაში არ წავსულვარ. ძალიან ცუდად ვიყავი. დედას ეგონა, მოვიწამლე, რადგან დილიდან გული მერეოდა და ვერაფერმა დამაწყნარა. საშინლად ვგრძნობდი თავს ნაბახუსევზე, მაგრამ აბა, როგორ ვიტყოდი მიზეზს! დედამ ბისეპტოლიც კი შემომიტანა, ჩაყლაპე, ეს მოგარჩენსო. ორი აბი ენის ქვეშ ამოვიდე და დედა რომ გავიდა, გადმოვაფურთხე. ვიცოდი, თუ გადავყლაპავდი, უარესად ამერეოდა გული.
ამასობაში შაბათ-კვირაც დადგა. უკვე გამოვკეთდი. საღამოს მერიკო მესტუმრა. რაღაცით აფორიაქებული ჩანდა. ჯერ მომიკითხა, როგორ ხარ, ძალიან მომენატრეო, მერე კი ჩქარ-ჩქარა მომაყარა.
- ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე, ვერ გადარჩები! გუშინ სერგო მასწავლებელთან ვიყავით მე და ირმა. ბევრი ვიცინეთ. ჩემი ამბავი ხომ იცი, ენა არ გამიჩერებია. მერე სერგო გავიდა და კარგა ხანს არ გამოჩნდა. თურმე ტუალეტში ყოფილა, - მერიკოს ხარხარი აუტყდა, - და რომ შემოვიდა, როგორი სანახავი იყო, იცი? შარვლის უბე შეხსნილი ჰქონდა და იქიდან თავისი ცისფერი პერანგის ბოლო ჰქონდა გამოჩრილი! ფუჰ! როგორ შემეცვალა მასზე წარმოდგენა, იცი? არადა, მაგრად მომწონდა!
მისმა მონაყოლმა ვერც ცუდი ეფექტი მოახდინა ჩემზე და ვერც კარგი. ერთი მხრივ, გამიხარდა კიდეც, რომ სერგო მასწავლებელზე, როგორც მამაკაცზე, აღარ ვფიქრობდი. კიდევ კარგი, თორემ ალბათ მეც შემზიზღდებოდა და მერიკოსავით დამეკარგებოდა მასზე წარმოდგენა. არადა, ყველაზე დიდ პატივს ცხოვრებაში მას ვცემდი… მასთან გატარებულმა ბოლო საღამომ მაჩუქა ის, რაზედაც ფიქრი ღირდა. მან სხვა თვალით დამანახვა ქალისა და კაცის ურთიერთობა, სხვა კუთხით შემახედა სიყვარულს… მე ყველაფერი უკეთ გავიგე, ვიდრე მას ეგონა…
***
საღამო ხანი იყო. ისე წვიმდა, ფანჯრებს ზრიალი გაუდიოდა. ჰოდა, ამ თავსხმა წვიმას არ შევუშინდი და მერიკოსთან გავქანდი. ის ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. ამიტომ ვიფიქრე, ორ წუთში გადავირბენ-მეთქი. ნელა მივაბიჯებდი ქუჩაში, ხელები მკერდზე მქონდა გადაჯვარედინებული და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერდი. მსიამოვნებდა, «არაჟუჟუნა» წვიმა თმას და სახეს ულმობლად რომ მისველებდა. ამწუთას ეს წვეთები მიწის ცრემლებს მაგონებდა, რომელიც ზაფხულის სიყვარულს ემშვიდობება.
მერიკოსთან სხვებიც დამხვდნენ. ჩემი კლასელი თეო, მისი შეყვარებული გურამი და კიდევ ვიღაც უცხო ბიჭი.
- აუ, რა მაგარი გოგო ხარ, ამ ამინდში მოსვლა რომ გაბედე, - გამეხუმრა მერიკო და მაკოცა.
ყველას მივესალმე.
- ამას არ იცნობ, ხომ? ეს ლუკაა, ჩვენი მეგობარი, - ხელი გაიშვირა მერიკომ უცნობისკენ და გაუღიმა.
ლუკამ მარჯვენა ღონივრად ჩამომართვა. ისეთი გამხდარი იყო, რას ვიფიქრებდი, ასეთი ღონიერი თუ აღმოჩნდებოდა.
- იცი, რა ნიჭიერია? - გააგრძელა ჩემმა დაქალმა, - გიტარაზე ისე უკრავს, ყვითელაშვილს შეშურდებოდა, - თვითონვე გაეცინა თავის შედარებაზე.
- მუსიკოსი ხართ თუ უბრალოდ, მოყვარული? - დავინტერესდი.
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ლუკამ, - ვუკრავ, რა… მომწონს დაკვრა და იმიტომ.
ლუკას ახლაც მუხლებზე ედო გიტარა და ცალი იდაყვით ზედ ეყრდნობოდა, თან თითებით სიმებს ეფერებოდა, თითქოს ჩვილი ბავშვის სალუქი კანი ყოფილიყო. ალბათ უნდოდა, გიტარის სიმებს სითბო და ელასტიკურობა არ დაეკარგათ. მისი მოძრაობა უცნაურად მეჩვენა - რატომღაც, ნერვიული და გაუცნობიერებელი. სულაც არ ფიქრობდა იმაზე, რასაც აკეთებდა, უნებლიეთ ხდებოდა ეს, სრულიად გაუაზრებლად, მაგრამ იმხელა სინაზე იგრძნობოდა მისი თითების მოძრაობაში, სიამოვნება ვიგრძენი. წარმოვიდგინე, თითქოს საყვარელ გოგოს ეფერებოდა.
ლუკას ხორბლისფერი კანი ჰქონდა, თავთუხისფერი თმა და თაფლისფერი, ღრმად ჩამჯდარი თვალები. გრძელი, თლილი თითები ალბათ ზრდადასრულებულ მამაკაცს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე მისი ასაკის ბიჭს. ასეთი ლამაზი თითები თორნიკესაც კი არ ჰქონია.
როგორც კი ლუკა დავინახე, რაღაც ვიგრძენი, თითქოს დაჭიმული სიმი მოეშვა და შეირხა გულში და არა ერთი, არამედ რამდენიმე ერთად. ეს ალბათ წინათგრძნობა იყო. ან შეიძლება, უბრალოდ, მოლოდინი… როცა არავინ გყავს და არავინ გიყვარს, ყოველთვის მოლოდინი გაქვს და ყველა ახალ ნაცნობს პოტენციურ პარტნიორად აღიქვამ. ასე არ არის?
- კარგ დროს მოხვედი, ნეკა. იცი, რა საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით? აკრძალვებსა და ძალის დატანებაზე. აი, მშობლები რომ ყველაფერს გვიკრძალავენ და თავისუფლებას გვიზღუდავენ. ასე რომ არ იქცეოდნენ, ნაკლებ პრობლემას შევუქმნიდით მათ.
- მაგრამ ახლა სხვა მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს? - შეეკამათა გურამი, - აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე შენი თავი მათ ადგილას. რას იზამდი, შენ რომ 17 წლის შვილი გყავდეს? არ ეტყოდი, ასე ნუ იქცევი, იქ არ წახვიდე, ეს არ ქნა, ის არ ქნა…
- რა თქმა უნდა, ვეტყოდი. შენიშვნას აუცილებლად მივცემდი, მაგრამ აკრძალვით არაფერს ავუკრძალავდი. უბრალოდ, ვურჩევდი, რა უკეთესი იქნებოდა მისთვის და როგორი საქციელი უფრო მისაღები.
- შენ კი მოგწონს თავად, როცა მშობლები რჩევებს გაძლევენ? მე, მაგალითად, მაღიზიანებს. მირჩევნია, საერთოდ არ გამცენ ხმა, ვიდრე ჭკუის სწავლება დამიწყონ! - ახმიანდა თეო.
- და რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ თემაზე კამათი? - არ მესიამოვნა საუბრის მიმართულება, მეგონა, ჩემ მოსვლამდე სწორედ ჩემზე ჭორაობდნენ.
- რატომ და ამას წინათ კესო ფშავში წავიდა თავის დაქალთან ერთად ორი დღით, სახლში კი დაიბარა, ვითომ ჩემთან გაათევდა ღამეს, - მიპასუხა თეომ, - მეც ტყუილის თქმამ მომიწია და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა თავისი იდიოტური საქციელის გამო. ის კი სამი დღე ვერ ჩამოვიდა იქიდან. ატყდა ერთი ამბავი. ამის გამო მთელი კვირა გამოკეტილი ჰყავდა დედამისს ოთახში, გარეთ არ უშვებდა. დასაჯა.
- ეგ გოგო ისედაც სულ უბერავს, - დააყოლა მერიკომ, - ვერ ხედავ, შორტებით რომ დადის სკოლაში? ფეხებზე ჰკიდია, მასწავლებელი რომ შენიშვნას მისცემს. ისედაც, ხანდახან მთელი კვირა იკარგება სადღაც, ღმერთმა იცის, სად დაწანწალებს, ნახევარჯერ არ ესწრება გაკვეთილებს.
- მისი ცხოვრება ჩვენი საქმე არ არის, - შეეშვა თეო კესოს გაჭორვას, - მაგრამ საერთოდ, პრინციპის ამბავია. რატომ არ შეიძლება, ისე მოვიქცე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. რატომ უნდა ვიარო მშობლების სურვილებზე? რა მოხდა მერე, ღამით გვიან თუ მივალ? ქვეყანა დაიქცევა ამით? ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ?
- იცი რა? თუ შეჰპირდები დედას ან მამას, რომ ადრე მიხვალ და მერე მთელი სამი საათით დააგვიანებ, გაბრაზდებიან, აბა, რა იქნება! პირობა არ უნდა დაარღვიო. ერთხელ თუ დაკარგავ მათ ნდობას, მეორედ აღარ გენდობიან! - ყველა მშობელი, თავისიც და სხვისიც, ერთად დაიცვა გურამმა.
- ოოფ! კარგი ერთი! შენ რა, არასდროს დაგგვიანებია სახლში მისვლა? - შეეკამათა მერიკო.
გაგრძელება იქნება