ნოველები

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 3

გზა უტქიაგვიკისკენ - თავი 3
წინა თავი
- არ მუშაობს?

- კი, სკოლაში მუშაობს. რაც თავი ახსოვს, მასწავლებელია და მეტი ამბიცია არასდროს ჰქონია. ერთსა და იმავეს
აკეთებს მერამდენე წელია. სამსახური, ბავშვები, ესაა მისი საქმე.

- ბატონო აკაკი, იქნებ თქვენს ცოლსაც მობეზრდით და განქორწინება მოინდომოს? - ვსვამ პროვოკაციულ
კითხვას. ჩემი რედაქტორი რამდენიმე წამი ჩერდება, ალბათ ამაზე არასდროს უფიქრია.

- დედას მ.... - ყვირის მთელ ხმაზე. ვცბები და ჩემი სახის ცვლილებით კაცი ხვდება, რომ რბილად რომ ვთქვათ,
ზედმეტი მოუვიდა. იღიმის და დუნდება.
- ქალი იმისთვისაა, რომ ქმარს მოუაროს, შვილებს საჭმელი გაუკეთოს და
დაკმაყოფილდეს ქმრის ჯიბით.

- მაგრამ ყველა ხომ ასე არაა, ბატონო აკაკი? აბა, თქვენ ვისთანაც ერთობით, ისინი ქალები არ არიან?

- ეგ სხვანაირი ქალებია - ლაღდება კაცი და საზურგეს ეყრდნობა. მუცელზე პერანგი ისე ეჭიმება, სადაცაა აწყდება
და შუბლში მომხვდება. - ქალები, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ, ლამაზი და ჩერჩეტი ქალები არიან. მათ
ჭკუა არ აქვთ და არც სჭირდებათ. თუ ხარ ნაკლები სილამაზის, მაშინ იმის ჭკუა მაინც უნდა გეყოს, რომ ქმარი იშოვო და ემსახურო ოჯახს.

- თუ ლამაზი და ჭკვიანი ხარ? - ვეკითხები ბატონ აკაკის.

- ეგეთები იშვიათი არიან, ჩემო საყვარელო და მასეთ ქალს თუ შეხვდება კაცი, ფრთხილად უნდა იყოს. ცოლად
საშუალოდ ლამაზი და საშუალოდ ჭკვიანი ქალი უნდა მოიყვანო. გასართობად ლამაზი და შტერი უნდა შეარჩიო.
ჭკვიან და ლამაზ ქალს სათოფეზე არ უნდა გაეკარო.

აკაკი დათვრა და თვალები აუჟუჟუნდა. ახლა რაც უნდა მეკითხა, ყველაფერზე მიპასუხებდა. გულახდილობის
ხასიათზე დადგა. მხოლოდ იმას ვნატრობდი, ეს ყველაფერი ჩაწერილი ყოფილიყო.

- ბატონო აკაკი, თქვენი მეუღლე რომელ კატეგორიაში შედის? - თვალებში ვუყურებ და ვცდილობ, ჩემი მარჯვენა
ხელი მისი დიდი ტორიდან ავირიდო, რომელიც მაგიდაზე დაფათურობს.

- ჩემი ცოლი ადრე ლამაზი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ გაგაგიჟოს კაცი. ჭკუითაც არ ბრწყინავდა. აი, ზუსტად
ისეთი, ცოლად რომ უნდა მოიყვანო და ფაქტია, ოც წელზე მეტია ჩემი ცოლია.

- რედაქციაში ბევრი გყავთ ლამაზი და ჩერჩეტი ქალი? - ვიცინი გულიანად და აკაკიც სიცილის ხასიათზე დგება.

- უფ, მაგათ მეტი რა არის. ნახევარი მუშაობს, ნახევარი სხვანაირად მუშაობს.

ვუსმენ ამ კაცს და თავი მეზიზღება, რომ ქალი ვარ. იმიტომ კი არა, რომ სქესით ვარ ქალი, არამედ იმიტომ, რომ
ასეთ მხეცებს სწორედ ქალები ვაძლევთ უკუღმა აზროვნების საშუალებას. აკაკისთან შეხვედრამ ჩემი საცოდავი
მდგომარეობაც დამანახა. ალბათ ჩემზეც ასე ფიქრობდა ჩემი ქმარი. სულ ასე თუ არა, ნაწილობრივ მაინც. შემეცოდა აკაკის ცოლი და შემეცოდა ჩემი თავიც. ტირილი მომინდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. საათს დავხედე. დიდი დრო გასულა გულახდილ საუბრებში. ვშფოთავ...

- ბატონო აკაკი, უკვე გვიანია. ძალიან კარგი დრო გავატარე თქვენთან ერთად, მიხარია, არაფორმალურ
გარემოში რომ გაგიცანით (ვატყობ, არაფორმალური გარემო მოდაშია რედაქციაში).

- სხვაგან ხომ არ გაგვეგრძელებინა საუბარი? - მთავაზობს აკაკი.
მორცხვად ვხრი თავს, ვეპრანჭები...

- ახლა არა, ბატონო აკაკი, მაგისთვის წინ დიდი დრო გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანი ურთიერთობაც
გაგრძელდება. - ამჯერად ჩემს წინადადებას ვუყენებ ჩემს მომავალ რედაქტორს.

- ხო, აბა რა, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, - მეთანხმება კაცი და ფეხზე დგება. ბანცალით გადის რესტორნიდან.
იქვე გაჩერებულ ტაქსის ვხედავ, აკაკის მძღოლს ვახუტებ და ვუჩინარდები. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს
ჩანაწერს.

სახლის კარებს ფრთხილად ვაღებ. იმედი მიმართლდება, ჩემი ძვირფასი მეუღლე სახლში არაა. ალბათ
ნაქირავებ ბინაში ესიყვარულება თავის „კუროს“. გული დაიმედებული აქვს, რომ ცოლი სახლში ტელევიზორს
უყურებს და მასზე ნერვიულობს. არადა, რომ იცოდეს, ამ დროს სად დადის....

ამის გაფიქრებაზე მეცინება. ფეხსაცმელს იქვე ვყრი და ტელეფონში ვიქექები. ჩანაწერი ადგილზეა. ყველა
სიტყვა ისმის და გამოსახულებაც გაირჩევა. ჩანაწერს მეხსიერების რამდენიმე ბარათზე ვტვირთავ და
გულდამშვიდებული ტელევიზორს ვუჯდები. ტვინი არ მშვიდდება. დაღლილობა თავისას შვრება და მეძინება. ჩემი ძვირფასი მეუღლე, რა თქმა უნდა, სახლში არ მოდის.

მეორე დღეს საქმიანი ჩაცმულობით და არანაკლებ საქმიანი გამომეტყველებით ჩემს მომავალ რედაქტორთან
მივდივარ. აკაკი არ მელოდა, გაკვირვებული სახე აქვს და კაბინეტს გასაღებით კეტავს. მე მშვიდად ვიკავებ ადგილს მაგიდასთან და ველოდები.

- ასე მალე არ გელოდით, ქალბატონო სოფია. - მიღიმის და ჩემ პირდაპირ იკავებს ადგილს.

- საქმე არ მოიცდის, - სერიოზული სახით ვპასუხობ მე, რასაც მისი გაოცება მოსდევს. - აი, ეს ნახე, თუ შეიძლება -
მეხსიერების ბარათს ვაძლევ. მექანიკურად მართმევს და კომპიუტერში აერთებს. ყბა ჯერ ძირს უვარდება, მერე
გვერდზე ექცევა და სკამიდან იმხელაზე ხტება, მეშინია თავი ჭერს არ მიარტყას.

- შენი დედა მ... მოგკლავ. გაგანადგურებ. - დარბის ოთახში და ხმამაღლა ღრიალებს. რედაქცია ალბათ ფეხზე დგას რედაქტორის კაბინეტთან. ეს არ მაღელვებს, ველოდები, როდის დაწყნარდება. საბოლოოდ სკამზე ენარცხება.

- რა გინდა? - ისეთი ზიზღით მიყურებს, ტანზე ხორკლები მაყრის.

- ბევრი არაფერი, ყველა ჩემს სტატიას დაბეჭდავ. როცა მომინდება, მაშინ გამოვგზავნი და შეფერხება არ ექნება.

- რომ არ ვარგოდეს? - გამოსავალს ეძებს კაცი.
მე მეღიმება.

- ბატონო აკაკი, კომკავშირულ სიტყვას ვდებ, რომ უვარგის სტატიას არ გამოგიგზავნით.

- რომ არ შევასრულო შენი მოთხოვნა?

- ეს ჩანაწერი მთელ ქვეყანაში გავრცელდება. ყველა ტელევიზიის საინფორმაციოს განხილვის თემა გახდება. მე
თვითონვე მივუტან თქვენს მეუღლეს. არ მოეწონება თქვენი აზრები. არც თქვენი თანამშრომლები
აღფრთოვანდებიან თქვენით, განსაკუთრებით ისინი, ვინც ლამაზები და შტერები არიან.

- მოგკლავ, - ცრის კბილებში აკაკი.

- ეგეც გავითვალისწინე, - გარეგნულად მშვიდად ვარ, მაგრამ შიგნიდან ვკანკალებ და ვცდილობ, არ შემემჩნეს. -
მე ერთი თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, ეს ჩანაწერები თანდართულ წერილთან ერთად დაიგზავნება ყველგან,
სადაც საჭიროა.

რედაქტორი ეშვება, ლურჯდება და ნაცრისფრდება. ტუჩები უკანკალებს. მეშინია, რამე არ მოუვიდეს.

- წადი აქედან და თვალით აღარ დამენახო, ველოდები შენს ნაწერებს.
კმაყოფილი ვარ, ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა.

- ჩანაწერი დაგიტოვოთ? - ვეკითხები კარებთან მისული. აკაკი ბარათს მესვრის.

- წაიღე, აქ ვინმემ არ ნახოს.


ბარათი ძირს ვარდება. არ ვიღებ, რაში მჭირდება, კიდევ ბევრი მაქვს. ერთი ინტერნეტში სპეციალურ
პროგრამაშია გაშვებული, თუ ყოველ კვირაში არ შევალ და არ გადავავადებ, ჩანაწერი ავტომატურად გაიგზავნება
რამდენიმე წინასწარ მითითებულ მისამართზე. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ასე რომ, მომზადებული ბომბი თავის
დაცვის შესანიშნავი საშუალებაა. სახლში გამარჯვებული ვბრუნდები. ჩემდა გასაკვირად, არც სინდისის ქენჯნას
ვგრძნობ და არც მეცოდება ბატონი აკაკი. პატიოსნად ეთამაშა და მეც პატიოსნად მოვიქცეოდი.

ამერიკაში წასვლის სამზადისში ბატონ აკაკისთან მივდივარ. იმ ამბების შემდეგ სულ რამდენჯერმე შევხვდი,
საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად. მის კაბინეტთან ვდგავარ, მოკრძალებულად ვაკაკუნებ და
ნებართვის შემდეგ შევდივარ. რედაქტორი თავს მაღლა სწევს და გაკვირვებული მიყურებს.


გაგრძელება იქნება

ავტორი: სალომე ტაბატაძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ლალი ნეფარიძე
ველოდები მოვლენების განვითარებას❤
19:14 / 22-06-2022
გამოხმაურება / 0 /
ანუკი
ყოველ დღე ველოდები... ❤️❤️❤️
19:01 / 22-06-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93