წინა თავი
§3 თავი
პროკურორი იორღოს პალიკარისი გამომძიებელ სოფოკლესთან ერთად წითელი ტბის გარშემო დაყრილ ლოდებს ათვალიერებდა. მარმარილოს კარიერში ჩამდგარ წყალს საზიზღარი სუნი ასდიოდა. აქა-იქ რამდენიმე მკვდარი ფრინველიც ეყარა. ექსპერტები და პოლიციელები სახეზე გაკეთებული ნიღბებით მარკერებს ნიშნავდნენ, ნაპოვნ ჩემოდანს კი სურათებს უღებდნენ. ინგლისელი ცოლ-ქმარი ისეთი შეშინებული იყო, სიტყვა ვერ დააძვრევინეს. გამწარებულმა იორღომ აღარ იცოდა, რა ექნა. მისი კარიერა ისედაც ბეწვზე ეკიდა. ზღვის სეზონის გახსნისთანავე უამრავი ტურისტი შემოვიდა. მათ თან ნარკოტიკების დიდი ნაკადი შემოჰყვა. გადამეტებული დოზით დაღუპულებს ვეღარ აუდიოდა პოლიცია. უცნობი შემადგენლობის წამალმა წალეკა ზღვის სანაპირო ბარები და თანდათან მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მთავარი პროკურორი უკვე დაბარებული ჰყავდა პრეზიდენტს და მისგან ეფექტურ მოქმედებას ელოდა. ეს საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს, სინამდვილეში კი ისეთი სახეაწითლებული გამოვიდა უმაღლესი მთავარსარდლის კაბინეტიდან პალიკარისი, საეჭვოა მშვიდი საუბარი ყოფილიყო შიგნით. ახლა ჩემოდანში ჩატენილი გვამის ნარჩენები აცოფებდა კაცს. პირი ისე უჩანდა, რომ ამ საქმეს გადაჰყვებოდა მისი თანამდებობა.
კრიმინალისტებმა თავზე დამდგარი, ერთიანად გაწითლებული და ოფლში გაწუწული პროკურორი რომ დაინახეს, თითქოს გაშეშდნენ.
- რას მომაშტერდით, გააგრძელეთ. მალე მინდა ყველაფერში გარკვევა, - უღრიალა პალიკარისმა და დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
- გადავასვენებთ ექსპერტიზაზე და ანგარიშს მალევე მოგაწვდით, - მისი დამშვიდება სცადა სოფოკლემ.
- სოფოკლეს, სოფოკლეოს, ყველა საქმე გადადე და ამას მიხედე. ესეც თუ ნარკოტიკითაა მკვდარი, ყველას ერთიანად გაგიშვებთ სამსახურიდან. მეც თქვენთან ერთად გადავდგები და ის დროა, აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანას ვთხოვოთ თავშესაფარი; თუ არა, აქ არაფერი გვესაქმება.
გენპროკურორის ყვირილზე შეშინებულმა პოლიციელებმა აქეთ-იქით უთავბოლო სირბილი დაიწყეს, რითაც კიდევ უფრო აღიზიანებდნენ უფროსს.
მზემ, როგორც იქნა, გადაიწია. სიცხე ისე აუტანელი აღარ იყო. სოფოკლემ ადგილის გეგმა გაშალა ქვაზე და ტბასთან მისასვლელ გზებს და მის გარშემო ადგილებს ათვალიერებდა. პროკურორი თავზე ედგა და მისი შიშით უკვე ათასჯერ ნანახს კიდევ თავიდან უკირკიტებდა.
- აქვე სამხედრო ბაზაა 5 კმ-ში. იქიდან დავიწყოთ. მათი სათვალთვალო კამერები ყველაზე ახლოს არის ტბასთან. კამერების ჩანაწერები მჭირდება, ვინ როდის და რა მანქანით გაიარა. ყველაფერი უნდა შევამოწმოთ. მაგრამ ეს უზარმაზარი სამუშაოა, მარტო ვერ შევძლებ. - კნუტის თვალებით შეხედა უფროსს.
- როგორც კი მეტყვი, რამდენი ხალხი და ვინ გჭირდება, მაშინვე გაგიჩენ. ოღონდ სწრაფად და გახმაურების გარეშე უნდა გაკეთდეს ეს საქმე. წადი სამხედრო ბაზაზე, გამოჰკითხე, ვინც გინდა. კამერების ამოღების ორდენს იქვე მოგიტანენ. როგორც კი მორჩები, პროკურატურაში გელოდები. ეს საქმე პირად კონტროლზე ამყავს, - ღრიალს აგრძელებდა პალიკარისი და დაცვარული შუბლიდან ოფლს იწმენდდა.
სოფოკლეოს ისე უნდოდა ამ დაწყევლილი ადგილიდან წასვლა, მზად იყო მთელი კვიპროსის ჯარისკაცები სათითაოდ დაეკითხა. მანქანაში ჩაჯდა და ბუღი დააყენა გზაზე, ისეთი სისწრაფით გავარდა სამხედრო ბაზისკენ.
სასწრაფოს მანქანაში ჩემოდანი მოეთავსებინათ. პირბადეაფარებული ხალხი სარტყელებით ამაგრებდა, მაგრამ იქიდან ამოსული სუნის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. როგორც იქნა, მანქანა დაიძრა და პროკურორი მას ფეხდაფეხ გაჰყვა. ცოტა დამშვიდდა და მოდუნდა. გული უგრძნობდა, რაღაც ძალიან დიდის პატარა ნატეხს მიაგნო და ახლა ის დიდი აშინებდა. ის-ის იყო, კონდიციონერის სიგრილემ ტვინი დაუმშვიდა, რომ ტელეფონზე ზარი აწკრიალდა.
- გისმენთ, - მობეზრებული ხმით უპასუხა კაცმა.
- ბატონო პალიკარი, პრეზიდენტი ითხოვს თქვენთან საუბარს, - მოესმა ქალის წკრიალა ხმა.
- სად, მის კაბინეტში? - იმ იმედით იკითხა იორღომ, რომ დროს მოიგებდა, სანამ ეახლებოდა ქვეყნის მთავარსარდალს.
- არა, ახლა ტელეფონით, - უპასუხა ქალმა. რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ მამაკაცის ბოხი ხმაც გაისმა.
- იორღოს, - სახელით მიმართა პრეზიდენტმა. - რა ხდება? რა გვამია ტბაში? ისევ ნარკოტიკებია?
- ბატონო პრეზიდენტო, - წამიანი პაუზა გააკეთა პროკურორმა, თან ფიქრობდა, ამ კაცს ყველგან თვალები და ყურები როგორ ჰქონდა, როგორ იცოდა ყველაფერი ზოგჯერ ისე, რომ მომხდარიც არ იყო.
- გახრწნილი გვამია ჩემოდანში, მარმარილოს კარიერის გვერდით. როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩემოდანმა დიდი ხანი გაატარა წყალში. როგორც ჩანს, წელს წვიმების გამო ადიდებულმა ტბამ გამორიყა ნაპირზე. მეტი ჯერ არაფერი ვიცი. დაღამებამდე ექსპერტიზას დაასრულებენ და დეტალებს გვაცნობებენ.
- რა დროც უნდა იყოს, თუნდაც შუაღამე, დამირეკე და ყველაფერი შემატყობინე.
- დიახ, რა თქმა უნდა, - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პროკურორმა და ტელეფონი გაითიშა. იორღო კიდევ დიდხანს დასჩერებოდა აპარატს. მერე უცებ გაახსენდა, რომ მისი მანქანა ჯერ კიდევ მოძრაობდა და გზაზე გადაიტანა ყურადღება.
სამხედრო ბაზაზე მისულ სოფოკლეს უკვე აფორიაქებული ბატალიონის უფროსი შესასვლელში შეეგება.
- რაღაც მიმოსვლა და ხმაური გავიგე წითელ ტბასთან, სოფოკლეოს და მშვიდობაა? - იკითხა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა 55-60 წლის ულვაშიანმა მამაკაცმა.
- სამწუხაროდ, არა, ჩემოდანში გვამი იპოვა ინგლისელმა ცოლ-ქმარმა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით. თქვენი სათვალთვალო კამერები პირდაპირ გზას უყურებს. მათი ჩანაწერები მჭირდება. თქვენი ბიჭებიც უნდა გამოვკითხო. ვინმეს რამე საეჭვო ხომ არ დაუნახავს?
- ჩანაწერებს ვერ მოგცემთ, სანამ ზუსტად არ მეცოდინება, რომელი პერიოდის გინდათ. ბიჭებს შევკრებ და ყველას ერთად ჰკითხეთ. თუ რამე იციან, არ დამალავენ. - თქვა მამაკაცმა და დიდი შენობისკენ გაუძღვა გამომძიებელს.
ნახევარ საათში საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ბატალიონს სოფოკლე ყელგამოწეული ეხვეწებოდა, რამე გახსენებოდათ, თუმცა უშედეგოდ. კამერების ჩანაწერებს კი ვერცერთი მოსამართლის ორდერი ვერ უშველიდა, თუ დაახლოებით მაინც არ ეცოდინებოდა, რომელი პერიოდის სჭირდებოდა. იმედგაცრუებული კაცი გამწარებული აღმუვლებდა მანქანას და ჯავრს მასზე იყრიდა. ახლა პროკურორთან მისვლა თვითმკვლელობა იყო. ამიტომ გეზი მორგისკენ აიღო, სადაც სავარაუდოდ, უკვე ჩემოდნის შიგთავსის დათვალიერება დაწყებული ექნებოდათ...
დიდ მაგიდაზე ჩემოდნიდან თანმიმდევრობით ალაგებდნენ ნახევრად გახრწნილ სხეულის ნაწილებს. პირბადეაფარებულ ექსპერტებს მძაფრი სუნი ცხვირს უწვავდათ. გამომძიებლის დანახვაზე 30-35 წლის სათვალიანმა მამაკაცმა ხელთათმანი გაიძრო და მისკენ დაიძრა.
- მეგობარო, შენ იძიებ ამ საქმეს? მძიმე ამბავი შეგხვდა, გაგაძრობენ ტყავს. - უთხრა და მასაც პოლიეთილენის ხალათი მიაწოდა. - პირზე აიფარე, ვერ გაუძლებ.
- ანდრეა, შენი იმედი მაქვს და აქ ამიტომ ვარ. შენ საუკეთესო ხარ. აბა, რას მეტყვი? ნარკოტიკებია?
- რატომ იძახით ყველა ნარკოტიკებს, ნარკოტიკის ციებ-ცხელება დაგეწყოთ თუ რა ხდება?! არა მგონია, მარტო ეგ იყოს.
- აბა? - გაკვირვებით გახედა გვამის ნარჩენებს სოფოკლემ.
- ისე კარგადაა დაჭრილი, სახსრები ისე გადახსნილი, მკვლელი ადამიანის ანატომიას კარგად იცნობს. არც პირველად გაუკეთებია. ზუსტი ნამუშევარია. თავი პირველ მალაზე აქვს გაკვეთილი, ყელი ხორცზე დიდი სიზუსტით გაჭრილი. ხელები იდაყვებში, ფეხები კი მუხლებში მოჭრილი. მენჯი გახსნილი და მოკეცილი.
აი, ჩემოდანში ტანსაცმელს რომ ჩაალაგებ, ზუსტად ისე იყო ყველაფერი დალაგებული.
- ქალია თუ კაცი? - გაოცებისგან მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა გამომძიებელმა.
- ქალია, ვერ ხედავ? დაახლოებით 25-30 წლის. თეთრკანიანი. ბუნებრივად ქერა თმით. ბულგარელი, რუმინელი, რუსი, ინგლისელი, ბალტიისპირელი, გერმანელი. გესმის, რას გეუბნები? - ხელი ჰკრა ანდრეამ გამომძიებელს.
- ჰო, მესმის. ესე იგი, ჩამოსული უნდა ვეძებოთ? თითები? თითები აქვს? იქნებ ანაბეჭდებით ვიპოვო.
- არა, თითები არ აქვს. ყველა ზუსტად სახსრებში აქვს მოკვეთილი. მაგით ვერ იპოვი.
- ნივთები იყო ჩემოდანში?
- კი, ტანსაცმელი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლულს ეკუთვნის. მაისური, შარვალი, ბიუსტჰალტერი, საცვლები. ფეხსაცმელი არა. ყველაფერი დაზიანებულია. რამდენიმე საათში მოდელებს აღადგენენ. სახის რეკონსტრუქციასაც დაიწყებენ. დაახლოებითი ფოტორობოტი გექნება.
- რამდენი ხნის გარდაცვლილია?
- დაახლოებით ერთი წლის. წინა ზაფხულის. ჩემოდანიც ზაფხულში ჩააგდეს წყალში. გვამმა გახრწნა იქ დაიწყო. მაგრამ ეტყობა ჩემოდანი ჰერმეტულად იყო დახურული და კუნთები და შინაგანი ორგანოების ნაწილი კარგადაა შენახული.
- სიკვდილის მიზეზი? ნარკოტიკები? ალკოჰოლი?
- რამდენიმე საათში გეტყვი, როცა ყველაფერს კარგად შევისწავლით, ანალიზებს გავაკეთებთ. დნმ-ისთვის მასალა ავიღეთ, - ხელები გაშალა ანდრეამ და მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, გვაცადე მუშაობაო.
- წავალ მაშინ მე, - შებრუნდა სოფოკლე და სწრაფად გაიხადა თეთრი ხალათი. სახეზე აფარებული პირბადე მოიძრო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
§4 თავი
დილაადრიან მარინე ნაკაშიძე განყოფილებაში იჯდა და მაისურაძეების მეზობლების ჩვენებებს კიდევ ერთხელ კითხულობდა. მათმა ნაამბობმა არაფერი მისცა გამომძიებელს. არავინ არაფერი იცოდა, არაფერი დაენახათ და გაეგონათ. მარინესთვის მკვლელობის გამოძიება პირველი იყო და დამოუკიდებლად საქმის გაძღოლის ეშინოდა. ბატონ გურამთან კი მხოლოდ კონსულტაცია შეეძლო გაევლო, რადგან ის მოწმე იყო და მასთან საუბარიც კი კანონდარღვევად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. რამდენჯერმე გახედა კიდეც უფროსის კაბინეტს, შესვლაც გადაწყვიტა, მაგრამ გადაიფიქრა. მოულოდნელად თავზე ჩრდილი დაადგა. ბატონი გურამი თვითონ გამოსულიყო კაბინეტიდან და ახლა მარინეს წარბშეკრული უყურებდა.
- რაო, ქალბატონო მარინე, უფროსი საღამურებში ვნახე და აღარ ვაღიარებ უფროსადო?
- არა, ბატონო გურამ, რას ბრძანებთ. - დაიბნა ქალი და თან მისი ცისფერყვავილებიანი საღამურის გახსენებაზე გაეცინა, - თქვენ ხომ მოწმე ხართ ამ საქმეში და იმიტომ არ მოვედი.
- ჰო, ვიცი, რომ მოწმე ვარ, მაგრამ ახლა მინდა ჩემს თანამშრომელს მეგობრულად ვესაუბრო, გავიგო, როგორ მიდის მისი საქმეები, პირადი ცხოვრება და ასე შემდეგ. ამიტომ ზუსტად ათ წუთში ჩემს კაბინეტში მობრძანდი, ყავა დავლიოთ.
- დიახ, ბატონო გურამ, - გაუხარდა გამომძიებელს და ფეხზე წამოხტა. - ყავას მე მოვიტან. ჩვენ წინ ისეთი კარგი "სტარბაქსის" ყავა იყიდება, გაგიჟდებით. თქვენს საყვარელ კრუასანებსაც გამოვაყოლებ.
- გელოდები, - თვალი ჩაუკრა ჯიშკარიანმა და წელში გასწორდა.- სამი ყავა წამოიღე. ორი მე მინდა.
გურამ ჯიშკარიანი თავდახრილი იჯდა საწერ მაგიდასთან და რაღაცას გაფაციცებით წერდა. მარინემ კარებზე ნაზად მიაკაკუნა და შეიხედა. გაღიმებულმა უფროსმა მაშინვე თავი ანება წერას, პატარა მაგიდასთან სავარძელში გადმოჯდა და აქაფქაფებულ ყავას ისე დაეწაფა, თითქოს სულ ვერ გრძნობდა მის ტემპერატურას.
- დილით საუზმობა ვერ მოვასწარი. ჩემი ცოლი ოცდაათი წელია ყოველ დილით მიმზადებს საუზმეს და მივეჩვიე. როცა ვერ ვასწრებ, მერე სულ მშია.
- ქალბატონი ნინო ძალიან საყვარელი ქალია, - გაიღიმა გამომძიებელმა.
- ჰო, შენ სულ ორჯერ შეხვდი და კია საყვარელი, ახლა მე მკითხე, საფულეს რომ მისუფთავებს, თუ მესაყვარლება. - ორი წამი შეჩერდა, მერე თვალებში სითბოს სხივი გაუკრთა. - არა, ვიტყუები. ჩემი ცხოვრების ნაწილია. ის რომ არ მყოლოდა, რა მეშველებოდა საერთოდ. ხელფასიც ჩემზე მეტი აქვს, ჩემზე უკეთესი და წყნარი სამსახურიც, მაგრამ მაინც მე მისუფთავებს საფულეს. - გურამის სითბოჩაღვრილი თვალები გასუფთავებულ საფულესაც წონიდა და მშიერ კუჭსაც.
- შენთან რა ხდება, მარინე? კიდევ დადიხარ ფსიქოლოგთან, ხომ? ხომ არ აცდენ შეხვედრებს?
- არა, ბატონო გურამ, სისტემატურად დავდივარ, კარგად ვგრძნობ თავს. ახლა ერთი თვე შვებულებაში იქნება და თვითონ გამგზავნა თავის კოლეგასთან. ახალგაზრდააო, მაგრამ ძალიან კარგიაო. თუ გინდა, არ მიხვიდე და მე დამელოდეო. არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტია. ახალი ადამიანის გაცნობა და მასთან თავისუფალი საუბარი არ მინდა. მგონი, დაველოდები.
- ერთხელ მიდი და მერე გადაწყვიტეთ, იქნებ კარგია.
- კარგად ვარ უკვე, არ მინდა ახალი ფსიქოლოგი. - შეკამათება სცადა მარინემ.
- მარინეეე, მე შენთვის მხოლოდ საუკეთესოს ვისურვებ. ჩემს თავს ვადანაშაულებ იმაში, რაც დაგემართა. არ უნდა გამეშვი, ფაქტობრივად, ცეცხლში შეგაგდე. ამიტომ ახლა მინდა, რომ ისეთივე მარინე დამიბრუნდე, როგორიც მანამდე იყავი, შიშების გარეშე. შენ წინსვლაზე ვფიქრობ სულ. დიდი მომავალი გაქვს, ჭკუაც გაქვს და მონაცემებიც, განათლებაც და ინტერესიც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შენი რეაბილიტაციისთვის.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე