სამხედრო სატვირთო ავტომობილი სასაფლაოებს გაუსწორდა და ავტომატის კაკანმაც არ დააყოვნა. ჯარისკაცებმა ერთბაშად ისკუპეს ძარიდან და საფლავის ქვებს ამოეფარნენ. ცეცხლი გაიხსნა. რუსები იერიშზე გადმოვიდნენ და ქართველებს ძალიან უჭირდათ მათი მოგერიება. ერთსაათიანი შეუჩერებელი ბრძოლის შემდეგ პოზიციებს კარგავდნენ და უკან იხევდნენ. გასაქცევიც არსად ჩანდა. მებრძოლები თავგანწირვით იბრძოდნენ და მზერით ამხნევებდნენ ერთმანეთს.
მოულოდნელად ქართველ ჯარისკაცებს ზურგიდან ხელყუმბარებმა გადაუფრინა და მოწინააღმდეგის მხარეს დაეცა. ბრძოლოს ბედი ელვის სისწრაფით შეიცვალა. ბიჭებს იმედი მიეცათ. ბაჩუკიმ ზურგს უკან თვალი მოავლო დამხმარეებს და ის გოგონა ამოიცნო, ოჩამჩირეში სარდაფში ბრძანებებს რომ გასცემდა.
უკან ახალგაზრდა ქერა ბიჭი მისდევდა, თავგანწირვით იბრძოდა. მის გამურულ სახეზე მწვანე თვალები კვესავდა. მათ უკან ათიოდე ჯარისკაცი იშლებოდა და ალყაში აქცევდა რუსებს. კიდევ რამდენიმე წუთი და ალყა გარღვეული იყო, ტყვეები აყვანილი, ქართველი მებრძოლები კი საფლავის ქვებზე მიწოლილნი სულს ითქვამდნენ. გოგონა მწვანეთვალება თანამგზავრთან ერთად დაჭრილებს უვლიდა. მსხვერპლი ორივე მხარეს ჰქონდა. ქართველებმა სამი ჯარისკაცი დაკარგეს და ახლა მათ დასტიროდნენ.
ბაჩუკის ფერდი ეწვოდა. სისხლიც ჟონავდა პერანგიდან, მაგრამ ჯერ ისევ ფეხზე იდგა და მიცვალებულებს აპატიოსნებდა. წამიერად თვალთ დაუბნელდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. გოგონა მასთან გაჩნდა და მიწაზე დააწვინა. ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, მაგრამ სისხლს პერანგი და შარვალი გაეჟღინთა. გოგონამ რამდენიმე ფენა სახვევი დაადო, მაგრად გადაუჭირა და მანქანის ძარაზე ასვლაშიც დაეხმარა. მის გვერდით მოთავსდა და თავი კალთაში ჩაიდო. ბაჩუკის თავბრუ ეხვეოდა, სახეზე თბილ ხელებს გრძნობდა და უჭირდა გარჩევა, ეს ნონას ხელები იყო თუ უცნობი ექთნის. უყვარდა ბიჭს ნონას ხელების და თმის სურნელი. ზღვაც იმიტომ უყვარდა, რომ მასაც ნონას თმის სუნი ჰქონდა. ნონამ პირველად ზღვა რომ დაინახა, ბაჩუკის მის კალთაში ედო თავი და თვლემდა.
ხელებმა მოძრაობა შეწყვიტეს და ბიჭი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. მატარებლის ბორბლის ხმა მუსიკასავით ჩაესმოდა წყვილს. გოგონას ცრემლები სცვიოდა და გულაჩქარებული ხმამაღლა ყნოსავდა მარილნარევ ჰაერს. დიდხანს ვერ მოწყვიტა ზღვას თვალი. მხოლოდ ერთი წამით დაიხარა ბაჩუკისკენ და ისეთი გრძნობით აკოცა, როგორითაც მანამდე არასდროს. მასში იყო ბედნიერებაც, მადლიერებაც და კიდევ უამრავი აუხსნელი გრძნობა.
ბაჩუკიმ თვალი გაახილა. ირგვლივ კვნესის ხმა ისმოდა. ვიღაც გოგონა მაგიდასთან იდგა და წამლებს ახარისხებდა. სისხლის სუნი ცხვირს უწვავდა ჯარისკაცს.
- ჰეი, - ამოიკვნესა ბაჩუკიმ. - გოგონა, - დაიძახა ცოტა უფრო ძლიერად. გოგონა შემობრუნდა, რამდენიმე ნაბიჯში მის საწოლთან გაჩნდა და ყური ტუჩებთან მიუტანა.
- სად ვარ? - იკითხა ბიჭმა.
- სოხუმის საავადმყოფოში.
- რამდენი ხანია აქ ვარ? - ძლივს ამოიკვნესა ბიჭმა.
- ორი დღეა. ბევრი სისხლი დაკარგე. საშიში არაფერია. ექიმს დავუძახებ. - ბაჩუკის კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თეთრხალათიანი კარებში გაუჩინარდა.
ჯარისკაცმა ვერ გაიგო, რამდენი დრო გავიდა ექთნის გასვლიდან. თვალები ეხუჭებოდა და ძილი ითრევდა. თვალი რომ გაახილა, მის თავთან თეთრთმიანი, ასაკიანი ექიმი იდგა და თავზე ხელს უსვამდა. სახეზე აკვირდებოდა, თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა.
- ვისი ბიჭი ხარ შენ, შვილო? - იკითხა შინაურულად ექიმმა.
- შოთა ნეფარიძის, - გაეპასუხა დაბნეული ჯარისკაცი.
- რას ამბობ, კაცო, სერზე ცხოვრობ, ხომ? - გაიღიმა ექიმმა, - რაც მე და მამაშენს ფეხბურთი გვითამაშია... ცოტა პატარა იყო ჩემზე, მაგრამ ტოლს არ გვიდებდა. ეჰ, რა დრო იყო...
- თქვენ? თქვენ როსტომ ექიმი ბრძანდებით? - გაუხარდა ჯარისკაცს.
- მე ვარ, ბიჭო, მე. ხომ ხედავ, რა დრო დაგვიდგა. აქ, ჩვენს მიწაზე ვებრძვით ჩვენსავე ძმებს, - შუბლი მოისრისა ექიმმა და თვალებში ნისლი ჩაუდგა.
- როსტომ ძია, მართალია, თქვენზე რომ ამბობენ, ბერლინში შეჰყვა საბჭოთა ჯარსო? - ისე იკითხა ბაჩუკიმ, თითქოს მარტო ეს ჰქონდა საფიქრალი.
ექიმს გაეღიმა.
- მართალია. სამედიცინო უნივერსიტეტი როგორც კი დავამთავრე, მეორე დღესვე ბათუმში წაგვიყვანეს მთელი კურსი. ორ გემში ჩაგვსხეს და ფრონტზე გაგვიშვეს. ქერჩში ბრძოლები მიდიოდა. სადაცაა კავკასიონს გადმოლახავდნენ ფაშისტები. შუა ზღვაში ვიყავით, ჩვენი დაბომბვა რომ დაიწყო. ერთი გემი აფეთქდა. ისე დაიღუპნენ ახალგაზრდა ექიმები, რომ ფრონტის ხაზამდეც ვერ მიაღწიეს. მე გამიმართლა, ბერლინამდე შევყევი ჩვენს ჯარს. ბოლომდე ვემსახურე მათ. ბევრი ხელში ჩამაკვდა, უფრო მეტი გადავარჩინე. უმრავლესობის სახელიც არ ვიცი.
- მეც გადამარჩინეთ, მადლობა - სახეზე ჩამოისვა ხელი ჯარისკაცმა.
- არა, შვილო. შენ იმ გოგომ გადაგარჩინა, ოლიამ.
გაგრძელება იქნება
ავტორი: სალომე ტაბატაძე