ნოველები

მუყაოს ფრთები - თავი 6

მუყაოს ფრთები - თავი 6
წინა თავი

ჭიშკართან ელეგანტური ავტომობილი გაჩერდა. სინი ქვის მაგიდაზე შემოვდე და სტუმრის შესახვედრად გავეშურე. რატომღაც, ჩემში მოულოდნელად თავდაცვის ინსტინქტმა გაიღვიძა. მოსული მარტო იყო და თუ მისამართი შეეშალა, დროზე უნდა მომეშორებინა თავიდან, რათა ბატონი ოთარი ზარის ხმას არ გაეღვიძებინა.

მაღალი, შავთმიანი, ასე, ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი შემრჩა ხელთ. შემომხედა თუ არა, ადგილზე გახევდა.

მე გაკვირვებული მივაჩერდი.

- რა? - ვიკითხე, რადგან შევამჩნიე, რომ დიდი ხნის ნაცნობივით შემომცქეროდა.

- ვერ გავიგე? - დაბნეულმა ამოთქვა, - თქვე-ენ? კი მაგრამ,
აქ რას აკეთებთ?

- განა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? - დაეჭვებულმა ვკითხე, მაგრამ იმავე წამს გონება გამინათდა. ამჯერად სპორტულები ეცვა. იქნებ ამიტომაც არ მეცნო თავიდან? ჰო, ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ მაშინ, დაახლოებით ორი თვის წინ, მას დიდებულად ეცვა და ხელში ძვირად ღირებული ტყავის ჩანთა ეჭირა.

გაოგნებული ვიდექი. ჩემ წინ სწორედ ის მამაკაცი იდგა, სამსახურიდან წამოსვლის დღეს ლიფტში რომ შემეჩეხა. ის, ვისაც სრულიად არაფრის გამო ვეუხეშე.

რა მითხრა? აქ რას აკეთებთო? ჰმ, საინტერესოა, თვითონ რა მიზნით მოვიდა აქ? დრო იყო, ეს გამერკვია.

წუთი მაინც დამჭირდა, აზრზე მოვსულიყავი. ნუთუ ისე კარგად დამიმახსოვრა, რომ დანახვისთანავე მიცნო? ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი.

- ჩვენ სტუმრებს არ ველოდებით, - ოფიციალური ტონით გამოვუცხადე.

- რას მელაპარაკებით! - ჩაიცინა და გვერდი ისე ამიარა, თითქოს იქ არც ვმდგარიყავი.

აღშფოთებული გავეკიდე, ის კი პირდაპირ კარს მიადგა.

- თქვენ ვინ ხართ? - თითქმის ვიყვირე.

მამაკაცი შემობრუნდა:

- როგორც მივხვდი, თქვენ ბრძანდებით ის შეუდარებელი ნენე, რომელსაც წარამარა მიხსენებენ ნიუ-იორკის სატელეფონო ზარიდან, არა?

გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა.

- იცით რაა?.. - ვთქვი და გავჩუმდი. გამახსენდა, რომ ოთარის ქალიშვილი, ქალბატონი ანა, ნიუ-იორკში ცხოვრობდა, - თქვენ მე მიცნობთ, მე კი არა. მგონი, არ არის ლამაზი.

- საშკა მაჭავარიანი. თქვენ კი ბაბუაჩემის მომვლელი ხართ, არა? დროებითი მოსამსახურე, რომელიც, როგორც ჩანს, გაიმუდმივებს ამ სამუშაოს?

- როგორ გეკადრებათ! სულაც არ ვაპირებ ეგრე. როგორც კი ქალბატონი ელისო დაბრუნდება, მაშინვე წავალ. - გავწიწმატდი, თან ნერვები მეშლებოდა, საშკა კარისკენ ჯიუტად რომ მიიწევდა, - ბატონ ოთარს სძინავს. თუ გინდათ, სამზარეულოში გავიდეთ, ყავას მოგიხარშავთ ან ჩაის მოგიდუღებთ.

უცებ ისევ მობრუნდა და თვალებგაფართოებული შემომაშტერდა.

- როგორ თქვით? ყავას მოგიხარშავთ ან ჩაის მოგიდუღებთო? მმმ… საინტერესოა, - თავი მკვეთრად გააქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო, - ყოველთვის ყველაფერს ასე აკონკრეტებთ?

დაბნეულმა პასუხის ნაცვლად მხრები ავიჩეჩე, ვერ მივხვდი, რა დავაკონკრეტე.

- სხვათა შორის, მოხარშული ყავა არ მიყვარს, მოდუღებული მირჩევნია.

ახლაღა დავიდა ჩემს გონებამდე, დაკონკრეტებაში რაც იგულისხმა.

- მაპატიეთ, ასე ვარ მიჩვეული. ყავა იხარშება, როგორც ასეთი.

- გეთანხმებით, თუკი ნალექიანია, მაგრამ უნალექოსთვის ხომ წყალს ადუღებენ?

- ა! რა თქმა უნდა. უნალექოც გვაქვს, არაა პრობლემა. მომყევით! - მბრძანებლურად გავიშვირე საჩვენებელი თითი სამზარეულოსკენ და დაველოდე.

როგორც შევატყვე, წამით შეყოყმანდა. ალბათ, იფიქრა, ამას ვინ ჰგონია თავი, ასე მბრძანებლურად რომ აძლევს მითითებებს თავისი დამქირავებლის შვილიშვილსო. თუმცა ბოლოს მაინც გაიღიმა, წარბები შუბლისკენ აზიდა და ხელით მანიშნა, პირველმა თქვენ გაიარეთო.

როგორც ჩანს, ჯენტლმენობა ბაბუისგან გადაეცა მემკვიდრეობით. თვალწინ დამიდგა, როგორი მოწიწებით მელაპარაკებოდა ლიფტში, როცა დახმარებას მთავაზობდა.

- მადლობა, არ არის ცუდი აზრი, - ისე წარმოთქვა, თითქოს ზავზე მთანხმდებოდა.

რა თქმა უნდა, საშკამ იცოდა გზა სამზარულოსკენ, მაგრამ როგორც კი იქ აღმოვჩნდით, მივხვდი, რატომაც დამთანხმდა ყავაზე. ეგრევე შეკითხვები დამაყარა:

- ესე იგი, არ შემშლია და მართლა ოთარის მომვლელი ხართ, ხომ?

- მომვლელი არა, მოსამსახურე, მაგრამ დროებითი. როცა ქალბატონი ელისოს ქალიშვილი კარგად გახდება და ის უკან დაბრუნდება, მე ჩემს გზას გავუდგები.

- არ მატყუებთ?

- რატომ მკადრებთ ამისთანა რამეს? გიკრძალავთ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს! - აღვშფოთდი.

- როორც მითხრეს, ასე მოკლე დროში ბაბუაჩემისთვის ძალზე საჭირო და ახლობელი ადამიანი გახდით, - უდარდელად გააგრძელა, არც მიუქცევია ყურადღება ჩემი აღშფოთებისთვის.

- სწორედ ამისთვის დამიქირავეს!

- და დამქირავებელთან ყოველდღიური "დიდი გასეირნებაც" შედის თქვენს მოვალეობაში?

- არც ისე "დიდი", თქვენ რომ გგონიათ! - ავიმრიზე.

- გავიგე, კაფეშიც კი დაგყავთ ხოლმე, - არ მეშვებოდა.

- მე კი არ დამყავს, მას მივყავარ! - წამოვიძახე მოთმინებადაკარგულმა, - მე მხოლოდ ერთხელ დავპატიჟე, როცა წვიმდა და ბატონ ოთარს შინ ჯდომა მოჰბეზრდა. ყოველ შემთხვევაში…

- ყოველ შემთხვევაში, ნარდსაც თამაშობთ. - წინადადება გამაწყვეტინა და თვითონ დაამთავრა იმ განსხვავებით, რომ მე ნარდის ხსენებას სულ არ ვაპირებდი.

მომეჩვენა, თითქოს მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები გაკრთა.

- თქვენ საიდან… - მინდოდა მეკითხა, საიდან იცით-მეთქი, მაგრამ მივხვდი, წეღან ნიუ-იორკის საუბრები რომ მიხსენა, სწორედ იქიდან ჰქონდა ასეთი დეტალური ინფორმაცია, - ქალბატონი ანა გელაპარაკათ ჩემზე?

პასუხი მაშინვე არ გაუცია. უბრალოდ, მიყურებდა და სკრუპულოზურად მათვალიერებდა. რატომღაც, ვიფიქრე, ჩემი თვალების ფერი მოეწონა-მეთქი, ისეთი გამომეტყველებით მიმზერდა.

- ქალბატონი ანა დედაჩემია.

- ააა, გასაგებია. და დაგავალათ, მოსულიყავით და შეგემოწმებინეთ?

- ნუ… ცოტათი შეშინებულია, რაც არ მიკვირს. მე პირადად მესმის მისი.

- რა… რა გესმით? გგონიათ მე ბატონი ოთარის ფულები მინდა? - ყელის სიმები დამეჭიმა, ისეთი ვიწივლე, - რომ მას თავი მოვაწონე და… შე… - შევაბი-მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი, იაფფასიანი ქალის შთაბეჭდილება არ დავტოვო-მეთქი.

- რატომ მეჩხუბებით? - სრულიად მშვიდად წარმოთქვა, - ანა გადასარევად იცნობს მამამისს, მაგრამ არ გიცნობთ თქვენ. არ შეიძლება მისი დადანაშულება იმაში, რომ თავის მამაზე ზრუნავს და მისი ბედი აწუხებს.

- ესე იგი, როგორც კი დაგირეკათ, თქვენ მაშინვე აქეთ გამოქანდით, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მე…

- მე აქ ახლოს საქმე მქონდა, ამიტომ არანაირ პრობლემას არ მიქმნიდა, ცოტა ხნით შემომერბინა.

- საშკა, ჩემო ბიჭო! - გაისმა ამ დროს ბატონი ოთარის სიხარულით სავსე ბარიტონი.

შევხედე ჩემს დამქირავებელს და ცოტათი გამიხარდა კიდევაც, რომ ყურთ კარგად არ ესმოდა, - როგორ მიხარია შენი დანახვა! - მამისაშვილმა მაჭავარიანს მძლავრად ჩამოართვა ხელი, - აშკარაა, ნენე უკვე გაიცანი, - გაბრწყინებული სახით გააგრძელა, - კიდევ არ მჯერა, რომ ასე გამიმართლა. ჯერ ქალბატონ ელისოსთან, ახლა კი ნენესთან. ოქრო გოგოა.

- ბატონო ოთარ, კი გვინდოდა ყავა გარეთ დაგველია, მაგრამ სიტუაცია რახან შეიცვალა, აქ ხომ არ მოგართვათ? - შევეკითხე. ვიცოდი, რომ საშკა გამომცდელად მაკვირდებოდა, მაგრამ დავიკიდე.

- იქნებ ყველანი ერთად გავსულიყავით ბაღში? - შემოგვთავაზა მოხუცმა.

- ხომ არ მომეხმარებოდით ფინჯნებისა და ნამცხვრის გატანაში? - თავაზიანად ვკითხე საშკას, თუმცა არ შემიხედავს.

ხომ შეიძლება რაღაც სასარგებლო მანაც გააკეთოს? - გულში ვიცინოდი. ვერცხლისფერ სინზე დადებული ჩემთვის განკუთვნილი პატარა ფინჯანი უფრო მოზრდილით შევცვალე უნალექო ყავისთვის, გვერდით თეფშით ნამცხვარი მივუდე, სტუმარს ხელში მივაჩეჩე და ახლა კმაყოფილი ვუყურებდი, როგორ გადიოდნენ სამზარეულოდან ბაბუა და შვილიშვილი.

მე კი ყავის მომზადებას შევუდექი. პარალელურად, მადუღარაც ჩავრთე, რათა საშკასთვის უნალექო ყავა გამეკეთებინა.

ისე, უნდა ვაღიარო, რომ მეც ნალექიანი ყავა მიყვარს, უბრალოდ, ბატონი ოთარის ხათრით ვუღალატე ჩვეულებას და უნალექოს "მივეძალე", სანამ მასთან ვმუშაობდი.

თან ვსაქმიანობდი, თან ოთარის ქალიშვილზე ვფიქრობდი. არ ვამტყუნებდი, "დაზვერვაზე" შვილი რომ გამოგზავნა. მსგავს სიტუაციაში ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მამამისს არ ატყუებდნენ და ფულის "დაცინცვლას" ადგილი არ ჰქონდა.

- ნენე, ერთი ფინჯანი დაგავიწყდათ, - შემახსენა მოხუცმა, როცა ადუღებული ჩაიდანი და ჯეზვეთი მოდუღებული ყავა ბაღში გავიტანე.

რა თქმა უნდა, მადლობის მეტი რა მეთქმოდა, ბატონი ოთარი შვილიშვილის თანდასწრებით მეც რომ მეპატიჟებოდა ყავაზე და ჩემი ფინჯანი მოისაკლისა, მაგრამ თავად საშკა რა აზრის გახლდათ ამაზე? იქნებ პატივცემულ მაჭავარიანს მამაკაცების კომპანიაში მარტო სურდა დარჩენა და მდედრი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო? მაინც შევიკავე თავი და თავაზიანად მივუგე:

- მე ვახშამს უნდა მივხედო, ბატონო ოთარ, თან დიდად არ მინდა ამწუთას ყავა, - და გავუღიმე.

- რახან ასეა, ვერ დაგაძალებთ, - ხელები გაშალა მასპინძელმა და შვილიშვილს მიუბრუნდა, - სხვათა შორის, ყველა სიკეთესთან ერთად, ნენეს ბრწყინვალე განათლება აქვს მიღებული, შესანიშნავად ერკვევა მარკეტინგულ საქმიანობაში და შენ წარმოიდგინე, ისტორიაშიც. გამიმართლა, რომ დამხმარედ მომევლინა. საოჯახო საქმეებს უზადოდ უძღვება.

- როგორ, უნივერსიტეტის დიპლომი გაქვთ? რა სპეციალობით? - დაინტერესდა საშკა.

ამჯერად მომიწია შემეხედა. ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე და ამოვთქვი:

- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე და მარკეტინგის კურსები გავიარე.

როცა სახლისკენ გავბრუნდი, ყურმოკვრით გავიგონე, როგორ უთხრა ოთარმა შვილიშვილს:

- თალაკვაძის თანაშემწედ მუშაობდა ექვის წელი. შენ ხომ იცი ეგ ფირმა? თანაც, სამ უცხო ენას ფლობს თუ ოთხს.

საშკას პასუხი, რა თქმა უნდა, არ გამიგონია, მაგრამ გულში ვზეიმობდი. ახლა მაინც ხომ მიხვდება, რატომ აღმოვჩნდი იმ დღეს მასთან ერთად ლიფტში? თუმცა მისთვის მაინც გამოცანად დარჩება ის ფაქტი, რატომ არ ვისურვე მასთან გამოლაპარაკება და რატომ ვიყავი ცუდ ხასიათზე. ცუდ ხასიათზე ვიყავი კი არა, შიგნიდან ვდუღდი, მთელი შიგნეულობა მეწვოდა გრილზე დატრიალებულ წიწილასავით. თუმცა სამსახური რომ დავტოვე, მისთვის გასაგები იქნებოდა, იმ დღეს ისეთი არეული ვიყავი და რადგან ბაბუამისთან მოვხვდი, ეს უკვე თავისთავად მეტყველებდა ამაზე. და რა გასაკვირი იყო, წუთის წინ სამსახურდაკარგულ ადამიანს მასთან ლაპარაკის სურვილი არ გასჩენოდა? იმედია, ამას მიხვდებოდა.

სხვათა შორის, საშკა მაჭავარიანი ჭკვიან ადამიანად მომეჩვენა, თუმცა ჩემთვის სულერთი იყო, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა ჩემზე იმ დღეს ან თუნდაც ახლა. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, ჩემი ნებით დავტოვე სამსახური თუ გამათავისუფლეს? არანაირი მიზეზი არ მქონდა, ახსნა-განმარტება მიმეცა, თუ რატომ წამოვედი რეზის კომპანიიდან.

ალბათ, მთლად დადებითად არ ვარ მის მიმართ განწყობილი-მეთქი, გავიფიქრე. როგორც ჩანს, არ მომწონს ეგ ტიპი და მორჩა.

ბატონი ოთარის გვერდით მშვიდად ვცხოვრობდი, ახლა კი, საშკას დამსახურებით, ეს სიმშვიდე დამერღვა. თუმცა შეიძლება ეს არც ისე ცუდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ვახშმის მომზადება სწრაფად დავამთავრე და როგორც დავინახე ფანჯრიდან, რომ ბაბუა და შვილიშვილი სახლისკენ მოაბიჯებდნენ, მაშინვე ჩემს ოთახში ავიძურწე.

ალბათ, უკვე წასვლას აპირებს. რა აუცილებელია, მაინცდამაინც დავემშვიდობო? ჩემი სტუმარი ხომ არაა? ბოლოს და ბოლოს, მოსამსახურე ვარ და არავინ მავალდებულებს, სტუმარი ჭიშკრამდე მივაცილო და ხელი ვუქნიო დამშვიდობების ნიშნად.

ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი, როცა საშკას მანქანის ძრავას ხმა გავიგონე. კიბე ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთარიც შემოვიდა.

- წავიდა საშკა, - მამცნო მან.

- გაგიხარდათ რომ გესტუმრათ, არა? - შევცინე. სულაც არ იყო საჭირო, გაეგო საშკას ვიზიტის ნამდვილი მიზეზი. ამის გამო გული არ უნდა სტკენოდა. არც ის მითქვამს, დიდად არ მომეწონა შენი შვილიშვილი-მეთქი, რადგან ესეც არანაკლებ ეწყინებოდა.

- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ დღემუდამ დაკავებულია.

- ასე თქვა, აქეთ რაღაც საქმე მქონდაო.

- მას ყოველთვის აქვს რაღაც საქმე, - ოთარის ხმაში სიამაყემ გაიჟღერა, - ის "ელეისერის" უფროსია, დამფუძნებელი. ალბათ, გაგიგონიათ ეს ფირმა.

გაოცებული მივაჩერდი. "ელეისერი" ვის არ გაუგია? თუ ვინმეს ელექტრონიკასთან შეხება აქვს, მის არსებობაზე ყველამ იცის. ეს კორპორაცია ყველა სახის ელექტროტექნიკას და მოწყობილობას ყიდის. და საშკა უძვება ამხელა ფირმას? საღოლ, ბიჭო?!

- მართლა? კომპანია როგორ არ ვიცი, მაგრამ თუ თქვენი შვილიშვილის იყო, ეგ ნამდვილად პირველად მესმის, - ღიმილი მოვიშველიე ჩემი შეცბუნების გადასაფარავად. თუმცა არც ამ ამბის გაგების შემდეგ შემცვლია მასზე წარმოდგენა. არ მომეწონა და მორჩა! აქ დავსვი წერტილი.

- მშვენიერ შედეგს მიაღწია, სხვათა შორის, სულ თავისით, სხვისი დახმარების გარეშე, - სიამაყით მამცნო ბაბუამ.

ო, ეს რბილად იყო ნათქვამი, მე ვიტყოდი, ზედმეტი მოკრძალებით. "ელეისერი" საკმაოდ მსხვილი ფირმა გახლდათ, არაფრით ჩამორჩებოდა თალაკვაძის "რეზისთალს".

- ჰო, მართლა, ჩემს ბიჭს ძალიან მოეწონა თქვენი ნამცხვარი, - დაამატა ოთარმა.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93