ნოველები

მუყაოს ფრთები - თავი 9

მუყაოს ფრთები - თავი 9
წინა თავი

უკვე მაგვიანდებოდა სამსახურში. როგორმე უნდა მომეშორებინა თავიდან. გონება ავამუშავე, რომელიც ყოველთვის სწრაფად იღებდა გადაწყვეტილებებს. ჰოდა, ახლაც მიშველა. ჯერ მადლობა გადაუხადა რეზის შემოთავაზებისთვის, მერე გაუღიმა, მერე კი გატრიალდა და კიბეს აუყვა, რათა ისევ ლიფტს არ დალოდებოდა.

ყოჩაღ, ჩემო გონებავ! გადამარჩინე! შენ ყოველთვის იდეალური იყავი!..

არადა, სხეული მომემჩვარა, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი. ძლივს ამოვიღე ჩემი ფიქრების მენიუდან თალაკვაძის გვარ-სახელი და ისევ არ შემახსენა თავი?

კვლავ თავიდან უნდა დამეწყო მისი დავიწყება… ამჯერად არ იქნებოდა მთლად ადვილი, მაგრამ
ამისთვის ყველა ღონე უნდა მეხმარა…

ერთი თვე გავიდა, რაც მუშაობა დავიწყე. ჰოდა, ერთ დღესაც, სამსახურის სასადილოში რომ ვსადილობდი, უეცრად აღმოვაჩინე, რომ რეზი თალაკვაძეზე აღარ ვფიქრობდი. საოცრად გამაკვირვა ამ აღმოჩენამ. მეგონა, იმ დღის მერე, ლიფტთან რომ შემეფეთა, ჩემი ფიქრები კვლავ მისი პერსონით გაივსებოდა. გასაკვირი ისიც იყო, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ერთხელაც არ მინანია მისგან წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და კარიერის გაკეთების უკეთესი ვარიანტებიც მეჩითებოდა.

ნეტავ ისევ მიყვარს? - დავუსვი შეკითხვა საკუთარ თავს და პასუხმაც არ დააყოვნა: არა, არ მიყვარს. როგორც ჩანს, მე უკვე გავთავისუფლდი ამ სიყვარულისგან. უცნაურია კია, რომ ხუთი წელი მიყვარდა და რაღაც ორ თვეში გადავიყვარე. მართალია, ახლა სიყვარულზე საფიქრელად დრო არ მრჩება, მაგრამ როცა მრჩებოდა, არც მაშინ ვიკლავდი მისი გახსენებით თავს. პირველი დღეები მართლა გამიჭირდა, მაგრამ იმან მიშველა, რომ სამსახურის დაკარგვის გამო უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ისედაც დაკარგული სიყვარულის ორმაგად დაკარგვის გამო.

რა თქმა უნდა, წარსულს არასდროს ვივიწყებ. რეზი მართალი იყო, როცა შემახსენა, შენ ხომ შენი წარსული სულ თან დაგაქვსო. დამაქვს, მაგრამ გონების ერთ-ერთ ზარდახშაშია ჩაკეტილი და სანამ არ გავხსნი, თავს არ შემახსენებს. მე კი გახსნას არამც და არამც არ ვაპირებ. იყოს დაკეტილი, დაედოს მტვერი, დაე, თავისით გაცამტვერდეს.

ახალი სამსახურის უკმაყოფილო არ ვიყავი. მე და ქეთი თავიდანვე შევთახმდით, რომ ერთმანეთთან გულღია ურთიერთობა გვექნებოდა. თუ რამეს ვერ გავიგებდი, უნდა მეთქვა და ის თავიდან ამიხსნიდა. მასთან ურთიერთობა პირველივე დღიდან გამიადვილდა, მაგრამ გასაკვირი ის იყო, როცა საშკამ შემომთავაზა, ოფიციალური მიმართვები არ მიყვარს და შენც, როგორც სხვებმა, შენობით მომმართეო.

ასეთ დიდ კორპორაციაში თანამშრომელთა დამოკიდებულება უფროსის მიმართ პირადად მე უცნაურად მეჩვენებოდა. არადა, სანამ მისი თანამშრომელი გავხდებოდი, იქ, ბაბუამისთან, მხოლოდ თავაზიანი ფორმით მელაპარაკებოდა. ნეტავ როგორ ახერხებდა? ამის გაფიქრებაზე სულ მეღიმებოდა.

საშკა ოფისში ყოველთვის პირველი მოდიოდა. რაც უნდა ადრე გამოვჩენილიყავი სამსახურში, ის ყოველთვის იქ მხვდებოდა. ხანდახან მივლინებებში მიდიოდა და როცა ბოსი ოფისში არ იყო, თითქოს მიმკვდარებული იყო იქაურობა, მაგრამ ჩამოვიდოდა თუ არა, მაშინვე დიდი გამოცოცხლება იგრძნობოდა. ვხვდებოდი, იგი ყველას უყვარდა, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. ეს უდიდესი მონაპოვარი იყო. არ მეგულება ორგანიზაცია, ყველა თანამშრომელს მოსწონდეს თავისი უფროსი და სასაყვედურო არაფერი ჰქონდეს. მასთან კი ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა.

მანქანა ჩავკეტე და შენობაში შევედი. დაცვის ბიჭებს მივესალმე და ლიფტისკენ გავეშურე. ქეთიმ პირველსავე დღეს თანამშრომლებთან როგორც თავისი ასისტენტი, ისე წარმადგინა. ჯერ არავინ იცოდა, რომ მალე ის მე უნდა შემეცვალა. ყველა კარგად შემხვდა, ჩემ მიმართ ანტიპათია არავისთვის შემიმჩნევია, გარდა ერთისა. ის ერთი კი მაღალი, დაახლოებით ოცდახუთი წლის გოგო იყო, რომელმაც იმწამსვე პროტესტი გამოთქვა:

- რომ მცოდნოდა, ასისტენტი გჭირდებოდა, მე დავწერდი განცხადებას. ვაკანსია რატომ არ გამოაცხადეთ?

ქეთი არ დაიბნა:

- ეს მხოლოდ დროებითი სამუშაოა, დაკო. რთულ პროექტზე ვმუშაობთ მე და საშკა, ამიტომ სხვა საქმეებისთვის ვერ ვიცლი. სწორედ ამიტომ ავიყვანეთ ნენე. - დაამშვიდა დაკოდ მონათლული დარეჯანი.

მერე კი, როცა მარტონი დავრჩით, მეჭორავა, საშკა დაკოს არაფრის დიდებით ჩემ შემცვლელად არ დანიშნავდაო.

- რატომ, ვერ შეძლებს?

- სავარაუდოდ, შეძლებდა, - გამიღიმა ქეთიმ, - მაგრამ აქ სხვა რამ ხდება. დაკო არ მალავს, რომ ჩვენი ბოსი სიგიჟემდე მოსწონს. შეიძლება უყვარს კიდევაც. საშკას კი სწორედ ეს აღიზიანებს.

- ოოო, გასაგებია. როგორც ჩანს, მაჭავარიანს უყვარს, როცა თვითონ ნადირობს და არა მასზე ნადირობენ, - გავიხუმრე.

- თანაც როგორ, - მიჩურჩულა ქეთიმ, - მაგრამ ცოტა სხვა ტიპია საშკა. ის სამსახურებრივი რომანების წინააღმდეგია. ამიტომ დაკოს შანსი არა აქვს. სამსახურში საყვარელი ან შეყვარებული ჩვენი უფროსისთვის მიუღებელია, ასეთი გართულებები არაფერში სჭირდება.

გულში გამეღიმა. ესე იგი, როცა ვუთხარი, შენ არ შეგიყვარებ და ამის მცირეოდენი შანსიც არ გაქვს-მეთქი, ჩემ სასარგებლოდ ჩამიწერია ქულა. კარგია, რომ გავიგე.

საშკასთან ძირითადად ქეთი ურთიერთობდა, თუმცა ხანდახან მეც მიწევდა მასთან შეხება, როცა, მაგალითად, რამე წერილი ჰქონდა რომელიმე უცხო ენაზე სათარგმნი ან დასაბეჭდი. რადგან ქეთიმ მხოლოდ ინგლისური იცოდა, მე კი ოთხ ენას ვფლობდი, ამ კუთხით საქმეების მოგვარება მე უფრო მიწევდა. გარდა ამისა, ქეთის ტოქსიკოზი აწუხებდა, წარამარა გული ერეოდა და ზოგჯერ ვეღარ ახერხებდა ვერაფრის გაკეთებას. რადგან თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ მისი ორსულობის შესახებ, საშკამ შესთავაზა თურმე, ჩემი კაბინეტის საპირფარეშოთი ისარგებლეო და ქეთიც იქითკენ გარბოდა სულ.

დღესაც შურდულივით გავარდა ტუალეტში, მაგრამ რატომღაც გამოსვლა დააგვიანა. საშკა არ იყო ოფისში, ამიტომ გადავწყვიტე, შევსულიყავი და მენახა. ხომ შეიძლებოდა, ცუდად გამხდარიყო, დაცემულიყო ან გული წასვლოდა?

სააბაზანოში შესულს ქეთი ნიჟარაში გადაყუდებული დამხვდა, სახეზე ფერი არ ედო. ჩემ დანახვაზე ამოიკვნესა:

- ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა. პირველ ბავშვზე ასე არ ვიყავი. ახლა რაღა დამემართა? - შემომჩივლა.

- ალბათ, სქესი შეიცვალა და იმის ბრალია. ამბობენ, ვისაც გოგოზე ტოქსიკოზი აქვს, ბიჭზე არ ექნებაო.

- ნეტავ მართალია?

- არ ვიცი. კი ამბობენ და… ვნახოთ, რომ გააჩენ, მაშინ ზუსტად გვეცოდინება.

ფრთხილად მოვხვიე ხელი და საშკას კაბინეტში შევიყვანე.

- აქ დაჯექი, იქაურობას მე მოვასუფთავებ, - ალერსიანად ვუთხარი.

ქეთი დაჯდა და მადლიერების ნიშნად გამიღიმა. ტუალეტში შევბრუნდი, თუმცა იქ გასასუფთავებელი ბევრი არაფერი იყო, ამაზე უკვე ეზრუნა მას. ნიჟარის გარშემო იატაკი მოვწმინდე, ხელები დავიბანე და ირგვლივ მიმოვიხედე. სააბაზანოში ვიწრო გარდერობიც იდგა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და გამოვაღე. იქ საშკას გამოსასვლელი კოსტიუმი ეკიდა, სავარაუდოდ, საგანგებო შეხვედრებისთვის გამიზნული. ალბათ, სერიოზულ შეხვედრაზე რომ მოუწიოს უეცრად წასვლამ, ამას ჩაიცვამს, - გამიელვა გონებაში. ან სულაც, საღამოობით, როცა წყალს გადაივლებს, გამოიცვლის და სადმე გასართობად მიდის. არც ეს იყო მიუღებელი ვარიანტი, ის ხომ ყველაზე ბოლოს გადიოდა ოფისიდან.

ქეთისგან ვიცოდი, რომ მაჭავარიანის პირადი ცხოვრება საკმაოდ "მსუყე" იყო. ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ.

ერთი ზარის მომსწრე ამას წინათ მეც გავხდი. ერთ დღეს ტელეფონმა დარეკა და ქალის ხავერდოვანმა ხმამ საშკა იკითხა.

- ახლავე, - მივუგე უცნობს და ყურმილს ხელი დავაფარე. ჯერ უფროსისთვის უნდა მეკითხა, უპასუხებდა თუ არა, სანამ მასთან დავაკავშირებდი, - საშკა, ლიზი ტალახაძე რეკავს, - ვაცნობე ჩემს შეფს.

- დამაკავშირე! - მითხრა მან და მეც მაშინვე გადავრთე, მაგრამ სანამ ყურმილს დავკიდებდი, გავიგონე, ლიზი, როგორ ხარო, რომ მოიკითხა.

- როგორც ჩანს, ახალია, - მიჩურჩულა ქეთიმ, - აქამდე არ დაურეკავს. პირველად მესმის მისი სახელი.

მდაა. ამ ერთ თვეში ბევრი რამ გავიგე ქეთის წყალობით ყველა თანამშრომელზე და თვით საშკაზეც…

ლიფტის კარი გაიღო, გამოვედი და ჩემი და ქეთის საერთო კაბინეტს მივაშურე, მაგრამ ის იქ არ დამხვდა.

- დილა მშვიდობისა, ნენე, - ამ დროს საშკა შემოვიდა და ყურადღებით შემათვალიერა.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93