ნოველები

მუყაოს ფრთები - თავი 10

მუყაოს ფრთები - თავი 10
წინა თავი

დღეს შავი შარვალი და თეთრი პერანგი მეცვა.

- ქეთიმ დამირეკა, ცუდად ვარ და დღეს ვერ გამოვალო. როგორ ფიქრობ, მარტო მუშაობას შეძლებ? აუხვალ საქმეებს?

ღმერთო, შენ მიშველე! შევძლებ? განა სხვა არჩევანი მაქვს?

- არაა პრობლემა, - მხიარულად მივუგე, თითქოს ტაფამწვარი უნდა მომემზადებინა და მეტი არაფერი.

იმედი მქონდა, ვერ შეამჩნევდა, თავდაუჯერებლობამ როგორ გაიჟღერა ჩემს ხმაში.

ასე დაიწყო დღე, რომლის მსგავსი აქ ყოფნის პერიოდში ჯერ არ მქონია. მუშაობას შევუდექი და კარგა ხანს თავი არ ამიწევია. როცა
საათს დავხედე, უკვე შუადღე დამდგარიყო. რა უცებ გამქრალა დილა!

ორის ნახევარზე გადავწყვიტე, შემესვენა და ცოტა წამეხემსა. ბუფეტს მივაშურე. წვნიანის ჭამის დრო არ მქონდა, ამიტომ ფენოვანი ხაჭაპური ვიყიდე, რათა თან წამეღო და დრო არ დამეკარგა.

უკან მობრუნებულს გზად ერთი თანამშრომელი შემხვდა, რამაზი, რომელმაც ერთხელ სადილად დამპატიჟა და უარი ვუთხარი. უბრალოდ, იმ მომენტში მართლა არ მეცალა.

- მგონი, დღეს ბედი მწყალობს, - თქვა მან და გვერდით ამომიდგა.

ნაბიჯი არ შემინელებია.

- ეს კარგია, - ყოველგვარი სარკაზმის გარეშე მივუგე.

გამიღიმა.

- ვფიქრობ, დღეს რომ სადმე დაგპატიჟო, შეიძლება დამთანხმდე. ვალში ხარ ჩემთან, არ დაგავიწყდეს. ამას წინათ უარით გამისტუმრე.

სიცილი ამიტყდა.

- ძალზე მომთხოვნი ხარ, რამაზ. ვალდებული ვარ, ვალი დაგიბრუნო.

- ესე იგი, ჰო?

რა სასაცილო ბიჭია. კიდევ ერთხელ უნდა გავუღიმო.

ამასობაში კაბინეტს მივუახლოვდით. კარი გავაღე და ვუთხარი:

- იქნებ დღეს მთლად ყველაფერში არ გიმართლებს, ა?

- ოხ, რა უგულო ხარ, ნენე! ნამდვილი ჯალათი! - მოისაწყლა თავი რამაზმა.

- ვიცი, - სერიოზული სახითა და ხმით მივუგე, ოთახში შევედი და კარი ცხვირწინ მივუხურე.

- ვინ იყო? - მომესმა ამ დროს საშკას ხმა.

მოულოდნელობისგან შევკრთი. არ მეგონა, საშკა აქ თუ იყო. ჩვეულებრივ, ამ დროს ისიც საჭმელად გადიოდა. მისი კაბინეტის კარი ღია იყო. როგორც ჩანს, გამოსულა და მეძებდა.

- ხომ არ მეძებდი? - კარის ძგიდეს ლოყით მივეყრდენი და კაბინეტში შევიჭყიტე.

- რამაზი იყო, ხომ? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა.

- კი, სწორედ ის ბრძანდებოდა.

- და უგულო და ჯალათი იმიტომ გიწოდა, რომ არ მოისურვე სადმე გაჰყოლოდი? - ჩაიცინა.

უყურე შენ! რამხელა ყურები გვქონია თურმე?

- ასე გამოდის. კვირაში სულ რაღაც შვიდი დღეა, - დაუფიქრებლად ვუპასუხე.

- ანუ რიგი დაგიდგა? ბევრია შენი მიპატიჟების მსურველი და ჯერ ვერ აგირჩევია?

რა უნდა მეპასუხა? მასაც ყოველდღე სხვადასხვა ქალი ურეკავდა და რატომ უნდა ეფიქრა, რომ მე საღამოობით შინ ვიყავი გამოკეტილი? თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, ნათქვამია.

- არა, მაგის გამო არ მითქვამს უარი. უბრალოდ, არის ხოლმე საღამოები, როცა შინ დარჩენა მსურს და თუნდაც რამის წაკითხვა. - წავიბურტყუნე.

ტუჩები ოდნავ შეერხა. მეგონა, გაიღიმებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, წარბები შეიჭმუხნა და მომაჩერდა. მომეჩვენა, რომ მთლად კმაყოფილი ვერ დარჩა ჩემი პასუხით. თუმცა რა სისულელეა, მისთვის სულერთი არაა, რითი ვერთობი მე საღამოობით?

უეცრად წინ გადმოიხარა და გამომიცხადა:

- დღეს ვაპირებ სამსახურზე დაგელაპარაკო.

გულმა მუცელში ტყაპანი მოადინა. რას მიპირებს? თავი ვერ გავართვი ჩემს სამუშაოს? ჩემი გაშვება ხომ არ გადაწყვიტა?

- რამე ისე ვერ გავაკეთე? - აკანკალებული ხმით ვკითხე.

- საიდან მოიტანე? არა, არა. შემოდი, დაჯექი. - გამიღიმა.

დავმორჩილდი.

- ეს კარგია, - შვებით ამოვთქვი და ჩემი ლამაზი თვალებით მივაჩერდი, როგორც კი მის წინ დავჯექი.

- საქმე ისაა, რომ ქეთის ეგონა, დროთა განმავლობაში უკეთ იგრძნობდა თავს, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს არც ისე მალე მოხდება.

- ქეთი თავდაუზოგავად მუშაობს, - მაშინვე ავლაპარაკდი მის დასაცავად, - ის…

- მას შენი დაცვა არ სჭირდება, - ტუჩის კუთხეები აეწია, - ვიცი, როგორ ცდილობს ის თავისი მოვალეობების შესრულებას და მეტსაც კი აკეთებს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან დასუსტდა. ვფიქრობ, ორსულობამ ძალა გამოაცალა და დასვენება არ აწყენს, - საშკამ პაუზა გააკეთა, - ახლა საუბარი შენზე იქნება და არა მასზე.

- ხომ იცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქეთის დავეხმარო, - თამამად მივუგე.

- ვიცი და მომწონს შენი შემართება. ახლა ის მითხარი, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ, მოგეწონა დამოუკიდებლად მუშაობა?

- რა თქმა უნდა, თუმცა ცოტა მძიმე დღე კი მქონდა.

- თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დრო არ გეყო, წესიერად გესადილა, - და თვალით ცელოფნის პაკეტზე მიმითითა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა.

- უი, ამის დადება სულ დამავიწყდა, - შევცბუნდი და გავწითლდი. არ ვიცოდი, პაკეტი სად დამემალა.

- არა უშავს, მე ასეთი რამეები პირიქით, მომწონს. - ამოიხვნეშა საშკამ და გააგრძელა, - იცი? არ მინდა ქეთი მთელი დღე მუშაობდეს. მოდი, თავისუფალ გრაფიკზე გადავიყვანოთ. როცა უნდა მოვიდეს, როცა უნდა წავიდეს. შეუძლია საერთოდ არ მოვიდეს. - თვალებში ჩამხედა და ისევ გამიღიმა, - შენ გაწყობს ასე?

- მე მგონი, ძალიან კარგი აზრია. - საპასუხო ღიმილი დავუბრუნე.

- მაგრამ შენ მოგიწევს მთელი დატვირთვით მუშაობა.

- სამსახურში გვიანობამდე დარჩენა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

- ოღონდ არ მინდა ამის გამო მთლად მოსწყდე საზოგადოებას.

- ამაზე ნუ იდარდებ. სანერვიულო არაფერია.

დავუბრუნდი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდას, ხაჭაპური გადავსანსლე და საშკასთან საუბარი გონებაში ხელახლა გადავახვიე.

წეღან პანიკამ შემიპყრო, ჩემი გაშვება ხომ არ უნდა-მეთქი. ხელმეორედ ამის გაფიქრებამ უეცრად მიმახვედრა, რომ არა მხოლოდ ჩემი ახალი სამსახურით ვიღებდი კმაყოფილებას, არამედ სწორედ მასთან მუშაობა მომწონდა! უცნაურია, არა? ადამიანი, რომელსაც სულ ახლახან ვერ ვიტანდი და ანტიპათიას იწვევდა ჩემში, მოულოდნელად სასურველ უფროსად გადაიქცა.

და რა არის ამაში გასაოცარი? მე ვნახე, როგორ მუშაობს ის, დავრწმუნდი, რომ ჭკვიანია და საზრიანი, თავისი საქმე ათიანზე იცის და აღმაფრთოვანებს, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს რთულ მომენტებში.

საშკა მაჭავარიანი ნიჭიერი ბიზნესმენია, ამიტომაც შემეცვალა მასზე წარმოდგენა. სულ ესაა.

მეორე დღეს საშკა ქეთისაც დაელაპარაკა. შეთანხმდნენ, რომ იგი თავისუფალი გრაფიკით იმუშავებდა და მის საქმეებს მე შევითავსებდი.

- ნენე, ხომ არ გაგიჭირდება? - მკითხა ქეთიმ დაღლილი და გაწამებული მზერით.

- არა, სრულებით არა, - თბილად მივუგე და ჩავეხუტე.

შუადღემდე მაინც დარჩა, მერე კი ვეღარ გაუძლო და წავიდა.

საშკას კაბინეტში ვიყავი, როცა ჩემმა მობილურმა დარეკა. საბუთები უნდა გამომეტანა, რომელიც დილით ხელის მოსაწერად მაგიდაზე დავუდე.

სწრაფად გამოვედი ჩემს ოთახში და ტელეფონს ვუპასუხე.

- ასე უნდა დავიწყება, დეიდაშვილო?

- მებო, შე საძაგელო! ჩამოხვედი? - გამიხარდა მისი ხმის გაგონება.

- უჰ, სამი დღეა აქ ვარ.

- მერედა, ახლა მირეკავ? არ გრცხვენია? არ გეთქვა მაინც.

- რა ვქნა, ნენუკა, რაც ჩამოვედი, სახლში თვალმოკვრით თუ მხედავენ. სულ სადღაც დამათრევენ ხან გოგოები, ხან ბიჭები. შენ რავა ხარ? გავიგე, ახალი სამსახური გიშოვია, გილოცავ.

- მადლობა, ჩემო ბიჭო. კი, ვიშოვე და ძაან კმაყოფილი ვარ.

- ვაა, საღოლ! მაგარია. შენა, ისა… მოდი, საღამოს გნახავ, კარგი? მომენატრე, ქალოოო!

- მეც ძალიან მომენატრე, ჩემო ბუთქუნა! - ვუთხარი და გამეცინა, რადგან ეს მეტსახელი მე შევარქვი, - შევხვდეთ, აბა რა. დიდი სიამოვნებით.

ამ დროს შევამჩნიე, საშკას თავისი კაბინეტის კარი გამოეღო და ჩემს საუბარს ყურს უგდებდა.

რა თავხედია! ეს რა საქციელია? თვითონ რომ ელაპარაკება თავის კახპებს, მე ყურს ვუგდებ? უზრდელი!

- რომელზე ამთავრებ?

- მმმ… აუ, არ ვიცი. მოდი, შვიდისთვის დამირეკე და მეცოდინება, კარგი?

- ოკუ. შვიდზე გირეკავ.

"ოკუ" ჩვენ ორის საყვარელი სიტყვაა, რასაც მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ საუბარში და ამაზე ყველას ეცინება.

- კარგი. შევხვდეთ და ერთად წავიდეთ ჩემთან. მამაჩემსაც ნახავ.

- და შენს მეორე დედასაც, - გადაიხარხარა მებომ, - რა საყვარელი ესმა გყავს სახლში, შენ ხომ აზრზე არ ხარ.

- ნუ შაყირობ, ძალიანაც კარგი ქალია.

- კარგია და იყოს, ვინ უშლის. კაი, გავიქეცი და დაგირეკავ.

იმის მიუხედავად, რომ საშკა ჩემს საუბარს ისმენდა, ლაპარაკი არ შემიწყვეტია. ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ მაქვს უფლება, როცა მირეკავენ, თანაც ახლობლები, ცოტა ხანს ველაპარაკო?

მობილური მაგიდაზე დავდე და საშკას უკმაყოფილო სახით მივაჩერდი.

- როგორც ჩანს, ვინმე ბუთქუნა მებო ხშირად გსტუმრობს სახლში, არა?

ასე გამომწვევად რომ არ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ, ვეტყოდი, ჩემი დეიდაშვილია-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე.

- ასეა, - თავმომწონე სახე მივიღე.

- მამაშენმა თუ იცის, ცოლიანი რომაა? - დამცინავად შემომხედა.

ო, როგორ გავღიზიანდი. კარგა გემრიელად შემოვულაწუნებდი, ჩემი უფროსი რომ არ ყოფილიყო. ამან საიდან უნდა იცოდეს, ჩემი დეიდაშვილი ცოლიანია თუ უცოლო? ან ვინ ეკითხება? თუმცა მაშინვე მივხვდი, ასეთი დასკვნა საიდანაც გამოიტანა. ერთხელ ხომ მისაყვედურა, ცოლიანი კაცების შეყვარება ჩვევად გაქვსო.

თავი გაჭირვებით შევიკავე.

- რა თქმა უნდა, - მივუგე, თან ვცდილობდი, შინაგანი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, - თუ არ ვცდები, მამაჩემი იცნობს კიდევაც მის ცოლს.

მეგონა, დავიხრჩობოდი, ისე დავიბოღმე. კიდევ რამე რომ არ წამომცდენოდა, წყლის გრაფინს დავავლე ხელი და კაბინეტიდან სასწრაფოდ გამოვედი.

იმ საღამოს სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი და ჯერ კიდევ ვბრაზობდი საშკაზე.

ესმა ერთობ უკმაყოფილო დარჩა, როცა შინ მისვლისთანავე წასვლა დავაპირე. მე კი მებოს ნახვას ვეშურებოდი, ამიტომ აინუნშიც არ ჩავაგდე მისი წუწუნი.

- გვიან დაბრუნდები? - მომაძახა, როცა გამოვდიოდი.

- მალე მოვალ. მებოს შევხვდები და ერთად ამოვალთ, - მეც მივაძახე და კარი გავიხურე…

- რამდენი ხნით ჩამოხვედი? - მამაჩემმა მებოს მხარზე მოუთათუნა ხელი. მას ძალიან უყვარდა ჩემი დეიდაშვილი და ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს, რადგან დედაჩემმა "ვაჟი არ აღირსა".

- რა ვიცი, ვნახოთ. ჯერჯერობით აქ ვარ, - გაიღიმა მებომ.

კაცებმა ცოტა ხანს ილაპარაკეს ბიზნესზე, პოლიტიკაზე, კოვიდზე და, როგორც იქნა, ჩემმა დეიდაშვილმა ჩემთვისაც მოიცალა.

- ცოლი არ მოგყავს? - დავუსვი საჭირბოროტო შეკითხვა, როგორც კი განვმარტოვდით.

- ვისი? - ეშმაკურად გამომხედა.

- რა ვისი?

- ვისი ცოლი?

- მშვენივრად მიხვდი, რაც გკითხე. - გამეცინა, სიტყვაზე რომ გამომიჭირა.

მებომ ღრმად ამოიხვნეშა და თავი დააკანტურა.

- ამ თვეში არა და იმ თვეში ვნახოთ, - თქვა და ენა გამომიყო.

- რა საძაგელი ხარ! - მხარი გავკარი, - შენი თავი ისევ პატარა ბიჭი ხომ არ გგონია?

- არ მგონია, მაგრამ ჯერ ბერბიჭაც არ მეთქმის, სად მეჩქარება? მე რომ მმოძღვრავ აქ, შენ რატომ არ თხოვდები?

- მე მთხოვნელი არ მყავს. - სხარტად მივუგე.

- გამარჯობა შენი! არც მე მყავს. დიდად არ მაკლავენ თავს ქალები.

- მიდიიი!

- მართლა, მართლა. თან იციან ცირას ამბავი. მართალია, გაყრილები ვართ, მაგრამ რომ გაიგოს, ვინმესთან რომანი გავაბი, დარწმუნებული ვარ, თმით ითრევს. რა ვქნა, აი, ასეთი საცოდავი ვარ, ამის გამო არავინ მეკარება. აი, უფრო რომ გავიმართები წელში და შენი უფროსივით გავმდიდრდები, მერე მომახტებიან ალბათ.

- ჩემი უფროსი რა, მდიდარია?

- ვაა, შენ გამაგიჟებ. ქალი სოლიდურ კომპანიაში მუშაობ და არ იცი, რომ შენ უფროსი მდიდარია?

- ნუ, დაახლოებით. თუმცა მის ფინანსურ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს.

- სხვათა შორის, უცოლოა, - მინიშნების ტონით მითხრა და ახლა თვითონ გამკრა მხარი.

- რას მელაპარაკები, მართლა? - ყასიდად გავიკვირვე, - ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.

ჩემს რეპლიკაზე გულიანად გაეცინა.

- კარგი, ჰო, წავედით ახლა, თორემ დღესაც რომ დავაგვიანო, ნუცი თავს ჩამოიხრჩობს. წესიერად არც დავლაპარაკებივარ. გადარეულია, რისთვის ჩამოხვედი, სახლში თუ ცოტა ხნით მაინც არ დარჩებოდიო.

- რა ქნას, ენატრები…

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93