- ალბათ ბავშვების გამტაცებელი ხარ, ხომ? უპატრონოებს რომ იტაცებს ქუჩაში…
- რა-ა? - გამაოგნა მისმა ნათქვამმა.
- მერე ოპერაციას რომ უკეთებენ და თირკმელებს რომ აცლიან… - დაახეთქა ბოლოს.
გაშტერებული მივჩერებოდი ამ პატარა არსებას. ჯერ მიწას არ ასცილებია და ასეთ რამეებზე როგორ მსჯელობს, ვინ ასწავლა?
- ვასიკო, შენ მე შეურაცხყოფას მაყენებ, - მეც დიდი კაცივით დაველაპარაკე და «ნამუსზე შევაგდე».
- აბა, მართლა პოლიციაში უნდა წამიყვანო?
- არა, გეფიცები, არც მიფიქრია. უბრალოდ, მინდა სახლამდე მიგაცილო, ოღონდ ჯერ ვჭამოთ რამე.
- არ მშია და არც გაცილება მინდა.
- რატომ, გეშინია ჩემი?
- არა!
- აბა?
- რაღაცას გეტყვი, მაგრამ შემპირდი, რომ პოლიციაში არ ჩამიშვებ. მოსულა? - მოულოდნელად ქუჩის მაწანწალასავით ჩაიყო ჯიბეებში ხელები და ჩემკენ გადმოხრილი იდუმალი ხმით გამენდო.
ხელი სასამართლოში დამფიცებელ მოწმესავით ავწიე და მტკიცე ხმით წარმოვთქვი:
- გპირდები!
უეცრად ახითხითდა.
- რა გაცინებს?
- ასე ამერიკულ ფილმებში იფიცებიან, - გააგრძელა ხითხითი.
მისი მხიარული განწყობა მეც გადმომედო.
- გაგახარა ღმერთმა, როგორ გამამხიარულე! - მეც გავიცინე და მერე ხელი გავუწოდე, - მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ანა მქვია.
- შეგიძლია ცოტა ფული მომცე? ბიძიასთან მივდივარ და ავტობუსის ფული არ მაქვს, - უეცრად სახე დაუსერიოზულდა და სევდიანი ხმით ალაპარაკდა.
- მატყუებ! - არ ვენდე, - მე შენთან გულახდილი ვარ, შენ კი ჩემ მოტყუებას ცდილობ. სახლიდან გამოიქეცი, არა?
- არა, სახლიდან კი არა, უპატრონო ბავშვთა სახლიდან. ფეხით ჩამოვედი იქიდან. ძალიან დავიღალე და ვეღარ გავაგრძელებ გზას. მშობლები არ მყავს.
- და შენი სახლი სად არის?
- არც სახლი მაქვს.
- რამდენი წლის ხარ, ვასიკო?
- რვის. რატომ მეკითხები?
- შენს მშობლებს რა დაემართათ? - მთელ სხეულზე დამბურძგლა.
- არ ვიცი. არც მახსოვს ისინი.
ვიფიქრე, მატყუებს-მეთქი. თუ ბიძა ჰყავს, ბავშვთა თავშესაფარში რატომ იმყოფებოდა? ან როგორ არ იცის, მის მშობლებს რა შეემთხვათ? ამ პატარა ლაწირაკმა როგორ უნდა გამაცუროს?
- დამეხმარები? - შემეკითხა, - მე ხომ არ მითხოვია შენთვის დახმარება, შენ თვითონ მითხარი, დაგეხმარებიო და… თან შემპირდი, არავის ვეტყვიო… ხომ არ ჩამიშვებ?
- მე პირობას არ ვარღვევ, - მშვიდად გამოვუცხადე, - მაგრამ ჯერ ვჭამოთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ და უარი არ მითხრა, იცოდე!
ერთხანს იყოყმანა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა და კაფეში შევედით…
არასდროს დამავიწყდება, რა სისწრაფით ჭამდა ხაჭაპურს… კი არ ჭამდა, ლუკმებს ხარბად იყრიდა პირში, თან წარამარა აყოლებდა «პეპსი-კოლას».
წამით რაღაც აზრმა გამიელვა გონებაში.
- ვასიკო, რაღაც მინდა გითხრა, - ფრთხილად წამოვიწყე.
კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
- მოდი, ახლა გვიანაა, ამიტომ ამაღამ ჩემთან დარჩი, ხვალ კი ერთად მივადგეთ ბიძაშენს, კარგი? ჩემთან მოგეწონება, საღამოა უკვე, ქათამი შევწვათ და გემრიელად ვივახშმოთ. მერე ტელევიზორს ვუყუროთ. რას იტყვი?
თითქოს ლუკმა ყელში გაეჩხირა. ზრდასრული ადამიანის მზერით ამომხედა, კარგა ხანს გამომცდელად მიყურა, მერე კი უსიტყვოდ დამიქნია თავი.
როცა ჭამას მორჩა, ფული გადავიხადე და ხელიხელჩაკიდებული გავუდექით გზას. ჩემს ბინამდე კარგა შორი მანძილი იყო, ამიტომ ცოტა რომ გავიარეთ, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და რამდენიმე წუთში უკვე შინ ვიყავით.
ბიჭუნა გაოგნებული ათვალიერებდა ჩემს ბინას.
- მარტო ცხოვრობ? - საქმიანი კილოთი დამეკითხა.
- კი, მარტო ვარ. რა იყო, რამე არ მოგწონს?
- არა, რატომ, ყველაფერი მომწონს.
- მაშინ შევწვათ ქათამი, კარგი?
- ახლა აღარ მშია. ცოტა მერე…
- მაშინ დავიბანოთ. მგონი, არ უნდა იყოს ცუდი აზრი.
თავი დამიქნია, უარი არ უთქვამს. აბაზანა ცხელი წყლით ავავსე და შევუშვი. მომერიდა, მეც შევყოლოდი და დავხმარებოდი. არც ისე პატარა ბიჭი იყო, შერცხვებოდა ჩემი, ამიტომ არც შემითავაზებია, მხოლოდ ეს ვუთხარი:
- შენით შეძლებ დაბანას?
- სულ ჩემით არ ვიბანდი იქ? არავინ მეხმარებოდა, - გამიღიმა და კარი მოიხურა.
შებინდებისას, როცა საყინულიდან გამოღებული «სადიას» ქათამი გალღვა, შევწვით და კარგადაც მოვულხინეთ. მერე ტელევიზორი ჩავურთე და მულტფილმების არხზე გადავრთე, სანამ ძილის დრო მოუვიდოდა. მე კი მობილურს დავტაცე ხელი და სამზარეულოში შევვარდი, რადგან საშკამ ამიფეთქა ტელეფონი გაბმული რეკვით.
- სად ხარ? - ოდნავ შეშფოთებული ხმით მკითხა.
- შინ, სად ვიქნები?
- მერე? რატომ არ მპასუხობ?
- მარტო არ ვარ, საშ… - ისე შემპარავად ვუთხარი, ვითომ იდუმალი სტუმარი მყავდა სახლში, მინდოდა, ცოტა ეეჭვიანა.
- ვისთან ერთად ხარ? - ხმა აშკარად შეეცვალა.
გულზე მომეფონა, მაგრამ მართლა ხომ არ მოვატყუებდი და მოვუყევი, რაც მოხდა. ლამის გადაირია.
- ზუსტად ვიცოდი, რაღაც მაგდაგვარს რომ მეტყოდი. ყველა გზააბნეული და უპატრონო შენ როგორ უნდა შეიფარო? ძაღლი და კატა რომ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ადამიანი? თანაც არასრულწლოვანი. რა იცი, ვინ არის, ან არ გაგქურდოს, ან პოლიცია არ ეძებდეს, შეიძლება ასე? იქნებ ბავშვთა კოლონიიდანაა გამოქცეული? თან ჭუჭყიანი ეცვაო, მშიერი იყოო… რატომ ხარ ასეთი მიამიტი? გულით ცხოვრობ და არა გონებით, ანა! არ იცი, რომ მთელ მსოფლიოს შენ ვერ გადაარჩენ? რამდენი ეგეთი შეგხვდება, ყველას ხომ ვერ დაეხმარები? დაფიქრდი ცოტა! ფრთხილად იყავი, არ გაგქურდოს ამაღამ!
- კარგი რა, საშ, მართლა ცხოველი ხომ არ არის, ბავშვია, ბოლოს და ბოლოს. მერე რა, რომ ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა? იცი, როგორი ზრდილობიანი ვინმეა? მაწანწალა სულაც არ არის და არც ქურდი. ეგეთები არ მეშლება!
- გამოდის, ვერ შევხვდებით ამაღამ? ვერ გამოხვალ ჩემთან?
- აბა როგორ, ხომ არ მივატოვებ? - მეც კი მწყდებოდა გული, საშკასთან რომ გავიდოდი, მაგრამ როგორმე უნდა მომეთმინა, თან, ერთით კარგიც კი იყო, ასე რომ მოხდა, უფრო მოვენატრებოდი.
- ჰო, კარგი, კარგი. მაინც ფრთხილად იყავი და თუ რამეა, დამირეკე, გასაგებია?
- ვიცი, საშ. თუ რამეა, დაგირეკავ. ხვალ დილით ცოტა დამაგვიანდება, სანამ ამ ბავშვს დავაბინავებ და იმედია, არ გამიწყრები, ჰო? გკოცნი!
მობილური გავთიშე და ოთახში გავედი. ვასიკოს ცალი ყური ჩემკენ ჰქონდა, დაძაბული მომაჩერდა, რას ვეტყოდი.
- ხვალ ადრე გავიდეთ ბიძაშენთან, კარგი? - თბილად გავუღიმე.
მან თავი დამიქნია, მაგრამ შევამჩნიე, რომ უეცრად მოიწყინა. მივხვდი, რატომაც. მას ისე მოეწონა ჩემთან, ახლა სულაც არ უნდოდა ბიძამისთან სტუმრობა. არ შევიმჩნიე, მის გვერდით ჩავჯექი ხალიჩაზე და საუბარი გავუბი.
- თუ რამეა ისეთი, რასაც კიდევ მიმალავ, ჯობია, ახლავე მითხრა. ამით მოსალოდნელ უსიამოვნებებს ავიცილებთ თავიდან, - შევაპარე.
- ბიძიას არ გაუხარდება ჩემი ნახვა, მე მგონი, - თქვა ჩურჩულით.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბავშვთა სახლში მან ჩამაბარა. არ ვუყვარვარ. ვერ მიტანს საერთოდ.
- რა სისულელეა, საიდან მოიტანე? შენნაირი კარგი ბიჭი როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს? გეჩვენება ალბათ, - გული შემეკუმშა მის ნათქვამზე.
იქნებ მართალს ამბობს ეს ბავშვი? იქნებ ისეთი რამ ხდება, რაც მე არ ვიცი და რაზეც წარმოდგენა არ მაქვს? ვაითუ, მართლა ღვთის ანაბარად არის მიტოვებული? ცოტა არ იყოს, შემეშინდა.
- რატომ დამეხმარე? - მკითხა უეცრად.
გამიკვირდა მისი შეკითხვა. როგორც ჩანს, დახმარებას არ არის მიჩვეული…
- ასე იყო საჭირო… დავწვეთ ახლა, ხვალ ადრე მოგვიწევს ადგომა, - ქოჩორი ავუჩეჩე და გავუღიმე.
- კარგი, - მაშინვე დამეთანხმა და ადგა.
ლოგინი ლოჯიაში გავუშალე, მე კი საძინებელში გავედი… დიდხანს ვერ დავიძინე. თვალებდახუჭული ვიწექი და ვასიკოზე ვფიქრობდი. რაღაც გამოუცნობი მიზეზის გამო მეშინოდა ბიძამისთან შეხვედრის. არ მინდოდა, არამკითხე მოამბის ამპლუაში გამოვსულიყავი. გამუდმებით თვალწინ მედგა კოჭლი, ხელჯოხიანი ბებერი კაცი, მკაცრი, საშინლად მტრული გამომეტყველებით და გარკვევით ჩამესმოდა ყურში, როგორ გამომლანძღავდა… რაღაც ამდაგვარი სიზმარიც კი ვნახე, მე და ვასიკოს ვიღაც მოგვდევდა, კუზიანი და წვერიანი, მეჩხერკბილებიანი კაცი… მაგრამ სიზმარი ვეღარ შემაშინებდა უკვე. აღარ გამოდიოდა უკან დახევა. რადგან შევპირდი ბიჭს, უნდა გავყოლოდი კიდეც…