ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა. ვიღაცამ ლამის ჩამოიღო კარი. სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა საშკა? ბუზღუნ-ბუზღუნით გავედი ჰოლში.
- რა იყო, ამტვრევ? - სანამ აქეთ შემომიტევდა, იქით გადავედი იერიშზე, - ყრუ კი არ ვარ, რამდენს ხმაურობ!
- ცოცხალი ხარ? სად იყავი? რატომ არ დამირეკე? - მომაყარა და მომაყარა აქოშინებულმა.
რა, მორბოდა თუ? ყურადღებით შევათვალიერე. არა, «ნარბენის» არაფერი ეტყობოდა. ეს ქშინვა უფრო სიბრაზისას ჰგავდა.
- მეძინა, - მშვიდად წავიდუდღუნე და ისევ საწოლს მივაშურე. გარდიგარდმო გავწექი ლოგინზე და თვალები დავხუჭე.
- რა გჭირს? ავად ხარ? - მოვიდა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა.
- არ ვიცი, შეიძლება ვარ კიდეც.
- რა დაგემართა? მართლა ცუდად გამოიყურები.
ერთი ღრმად ამოვიოხრე, ხელისგული შუბლზე დავიდე და მოვუყევი, რაც გადამხდა.
- ვინ იყო ამისთანა? მაგას დედას ვუტირებ, შენ მიმიყვანე და მე ვიცი, რასაც ვიზამ. ვაჩვენებ, როგორ უნდა ქალის შეშინება!
- შენი ჭირიმე, ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება, სააშ! მე თვითონ, კარგი? უკვე ყველაფერი დამთავრდა. ჩათვალე, რომ ცუდი სიზმარი ვნახე, მორჩა და გათავდა!
- ანა, არ მომწონს ეს ყველაფერი. ამ ბოლო დროს ძალიან არეული ხარ. სამსახურსაც ვეღარ უდებ გულს. გამიჭირდება თანამშრომლებისთვის იმის ახსნა, რატომ იგვიანებ ან რატომ აცდენ სამუშაო დღეებს. არ მინდა იფიქრონ, რომ რაღაცის გამო განებივრებ. ასე თუ გააგრძელებ, ყველა მიხვდება, რომ ჩვენ შორის…
- მიხვდნენ მერე, რა მოხდა? შენ რა, შემთხვევით, ხომ არ გიტყდება, ჩემთან რომ ხარ? იქნებ გრცხვენია, რომ ერთად ვართ? იქნებ არ მიგაჩნივარ შესაფერის პარტნიორად? მითხარი, მითხარი! არ მეწყინება! მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს! - ისტერიკა დამემართა.
- ვერ ხვდები, რომ ჭედავ? - გაოგნებულს ყბა ჩამოუვარდა, - მორჩი ჭიჭყინს და მომისმინე, თუ შეგიძლია.
- არ შემიძლია, არა! მე ნერვები მაწყდება ბოლო დღეებში, ამხელა პრობლემები მაქვს, დღეს კიდევ უარესი დამემართა, შენ კი ისე მექცევი, თითქოს… - წინადადება ვეღარ გავაგრძელე, გული ამიჩუყდა და ნიკაპი ამიკანკალდა, - რა სულელი ვარ…
- სამაგიეროდ, ძალიან საყვარელი სულელი ხარ, - გაიღიმა საშკამ, ჩემ გვერდით გადაწვა ლოგინზე და მკლავი მომხვია…
მისმა ერთმ კოცნამ ყველაფერი დამავიწყა…
მეორე დღეს თავის დროზე გამოვცხადდი სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ღამე საშკასთან ერთად გავატარე, იმდენად ვიყავი დაშოკილი წინა დღის შეხვედრით, რომ დიდად ბედნიერღიმილიანი სახე არ მქონია. ბედნიერი კი არა, ისეთ რამეებში დავაფიქსირე ჩემი თავი, შემეშინდა კიდეც. როგორც ჩანს, შინაგანად ისტერიამ შემიპყრო. რამდენჯერაც ტელეფონმა დარეკა, იმდენჯერ შევხტი. ეს კიდევ არაფერი. კარის ყოველ გაღებაზე დაფეთებული ვიყურებოდი, ვინ შემოდის-მეთქი. თვალწინ გამუდმებით ლევანის ხელი მედგა, ვასიკო რომ შეათრია ჰოლში. განსაკუთრებით საღამოს გამიჭირდა, როცა მუშაობას მოვრჩი და ქუჩაში გამოვედი. კონტუზიანივით აქეთ-იქით ვატრიალებდი თავს, მეგონა, ვიღაც შეუმჩნევლად უკან მომდევდა. არა, ასე გაგრძელება შეუძლებელია! როგორმე უნდა ავიყვანო თავი ხელში, თორემ შეიძლება გავგიჟდე. არადა, ყოველ წამს იმ სახლზე ვფიქრობდი, ვასიკოსა და მის ბიძაზე. რატომ, თავადაც არ ვიცი, ახსნა ვერ მოვუძებნე, რატომ არ მშორდებოდა გონებიდან ის კაცი და მასთან დაკავშირებული იდუმალებით მოცული გარემო. რა უნდოდა ბოლოს? რა უნდა შემოეთავაზებინა ჩემთვის? თითქოს ავადმყოფურმა ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა ჩემში. რა დებილი ვარ, რატომ არ მოვუსმინე?
ერთ წამს რომ ასე ვფიქრობდი, მეორე წამს ვცდილობდი, ჩემი ახირების რელაქსაცია მომეხდინა. ჩემი მოკლე ჭკუით, ვითომ ასე უფრო ადვილად შევძლებდი მომხდარის დავიწყებას. ეშმაკსაც წაუღია ლადო და მისი წინადადება. რა თავში ვიხლი? მე შენ გეტყვი, მაცდუნებელი ბიზნესპარტნიორობა უნდა შემოეთავაზებინა თუ რა? ერთბაშად 1000 დოლარი არ დაენიშნა ხელფასი!
იმ ღამეს საშკა არ მოსულა, ამიტომ, ძალაუნებურად ისევ და ისევ ვასიკოსა და ბიძამისზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, მეიძულებინა ჩემი თავი, არ მივბრუნებოდი ამ უსიამოვნო თემას, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი.
ალბათ შეეშინდა ჩემი, არ მეჩივლა და თავის დაზღვევა უნდოდა, მე ხომ დავემუქრე. ნეტავ, რას მთავაზობდა თავის დაზღვევის მიზნით? ისევ დამემუქრებოდა თუ «ქრთამს» შემომაძლევდა? საინტერესოა… საინტერესო კი არა, ლამისაა, მოვკვდე ინტერესით! იქნებ სხვა რამე იყო სულაც? მაინც რა? ოჰ! ჯანდაბამდე გზა ჰქონია! რაც გინდა იყოს, მაგის არც თავი მაქვს და არც ნერვი. რაც უნდა შემომთავაზოს, მე მასთან მიმსვლელი არ ვარ. მორჩა და გათავდა! ნამდვილი ნეანდერტალელია, რა ზუსტად შევარქვი «დემონი»?! ფიქრიც კი არ ღირს მასზე!
ის ღამე თეთრად გავათენე. მეორე დღეს კიდევ უფრო ცხვირჩამოშვებული გამოვცხადდი სამსახურში და ვერც საქმეს დავუდე გული. რაღაცები ამერია, ციფრები შემეშალა. ფული მქონდა გადასარიცხი და სხვა ანგარიშზე გავუშვი. ამის გამო საშკა მეჩხუბა. მეც ვეჩხუბე… ერთი სიტყვით, დამეძაბა ისედაც დაძაბული ცხოვრება.
არა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ ერთად ყოფნა გვინდა, მაშინ მასთან არ უნდა ვიმუშაო. რაც ურთიერთობა დავიწყეთ, უფრო მომთხოვნი გახდა. ყველა წვრილმანზე შენიშვნას მაძლევს, სულ მებუზღუნება, თან ყველას თანდასწრებით. რას უნდა ამით მიაღწიოს? რისი დამტკიცება სურს? ასე რომ მექცევა, უფრო იქცევს სხვების ყურადღებას. ხანდახან ისე გადახედავენ გოგოები ერთმანეთს, ისეთ მრავლისმეტყველ მზერებს ისვრიან თვალებით, ადვილი მისახვედრია, რასაც ფიქრობენ.
ჰოდა, ხუთშაბათ საღამოს რომ მეწვია, სწორედ ამაზე დავიწყე ლაპარაკი, მოფერება არ ვაცალე. გაღიზიანდა.
- მე არ მინდა, შენს სახელს ჩრდილი მიადგეს, ამიტომაც გიფრთხილდები, გესმის? - ცოტა არ იყოს, უხეშად გამოუვიდა.
- ჩრდილი რატომ უნდა მიადგეს? - გაოგნებულმა ავხედე და დოინჯი შემოვიყარე, - ისე უფრო არ მადგება ჩრდილი, როცა აგდებით მელაპარაკები და ყველას გასაგონად მლანძღავ?
- მე გლანძღავ? ცილს რატომ მწამებ, ანა?
- გალანძღვა არ არის, მთლად გამოშტერდიო, რომ მეუბნები ლალის და დოდოშკას ცხვირწინ? აბა, გაიხსენე, რომელიმესთვის ასე მიგიმართავს ოდესმე?
ჩემმა ნათქვამმა ცოტათი დააბნია. წარბები ისე აწკიპა, აი, ღრმად რომ დაფიქრდება ადამიანი. ერთხანს შეყოვნდა, მერე კი მომლბალი ხმით მითხრა:
- კარგი, პირობას გაძლევ, მსგავსი რამ მეტჯერ აღარ განმეორდება, მაგრამ ერთი პირობით…
- რა პირობით? - ჯიუტად ვაგრძელებდი «დონჯშემოყრილობანას».
- ცოტა მობილიზება გაუწიე შენს თავს და ნუ ხარ დაბნეული. აზრებით სხვაგან ნუ დაფრინავ, კარგი?
- ეს ერთხელ მოხდა მხოლოდ და იცი, რატომაც. რას გადამაყოლე ერთ შეცდომას?
- ერთს მეორე მოჰყვება, ვიცი მე, ამიტომაც გაფრთხილებ.
- იცი, რას გეტყვი? - ჩემმა ხელებმა «სადოინჯე» ადგილმდებარეობა შეიცვალა და ოდნავ ზემოთ აიწია. ახლა დოინჯი წელზე კი არა, ფერდებზე შემოვიყარე და ისე გავიჭიმე, თითქოს სიმაღლეს მიზომავდნენ და უფრო მაღალი მსურდა გამოვჩენილიყავი, - აჯობებს, საერთოდ წამოვიდე იმ შენი დამპალი სამსახურიდან.
- რა-ა? რა თქვი? გაიმეორე, რა თქვი? - ამას კი არ მოელოდა საშკა და მე რომ ქვემოდან შევცქეროდი, იმან ზემოდან დამხედა.
ამწუთას საჩხუბრად გამზადებულ მამლებს ვგავდით, ერთმანეთზე რომ იწევენ ყინწწაგრძელებულნი.
- რაც გაიგონე! აღარ მინდა შენთან მუშაობა! - დავახეთქე და თეძოების ჯიბრიანი რხევით სამზარეულოში გავედი.
უკან არ გამომყვა. არ მივაქციე ყურადღება. ონკანი მოვუშვი, ჩაიდანი წყალს შევუშვირე და ავსებას შევუდექი. თან წინ გადავხარე, რომ ბოლომდე არ ავსებულიყო და იმდენ ხანს ვაჩხრიალე წყალი, სანამ არ შემოვიდა. მხოლოდ მაშინ გადავკეტე ონკანი და ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი.
უხმოდ მადევნებდა თვალს, კრინტი არ დაუძრავს. მე კი მშვიდი, მაგრამ მოღუშული სახით დავავლე ხელი ჩემს გიგანტურ ასანთის კოლოფს, «საოჯახო» ასანთი რომ ჰქვია, ერთი ღერი გამოვაძრე, გავკარი და გაზქურა ავანთე.
- სერიოზულად ამბობ მაგას? - ყრუ ხმით მკითხა.
- ჰო, - მოკლედ მივუგე.
- კარგი. ხვალ მოხვალ და განცხადებას დაწერ, - ოფიციალური ტონით განმიცხადა და გაბრუნდა.
როგორ შემეშინდა! ახლა რომ წავიდეს, ყველაფერი დამთავრდება. რა ვქნა? გავაჩერო? მოვაბრუნო? რა ვქნა, რა ვქნა? გონება გამალებით ეძებდა გამოსავალს, რომელიც არ ჩანდა.
გასაღების ჩხაკუნის ხმა შემომესმა. მორჩა, დამთავრდა! ახლა წავა და აღარასდროს აღარ მოვა!
სწრაფი ნაბიჯებით გავედი სამზარეულოდან, სასტუმრო ოთახი გადავჭერი და ზღურბლთან გავქვავდი.
- რას შვრები, მიდიხარ? - ვითომ აქ არაფერი, ისე მივმართე.
- ჰო, - მოგუდულად თქვა.
- რატომ? რა გითხარი ამისთანა?
- მეტი რაღა უნდა გეთქვა?
- მოდი, ჩაი დავლიოთ და თან ვილაპარაკოთ.
- არ მინდა შენი ჩაი! - ისევ უხეშად მითხრა, - ხვალ რომ მოხვალ განცხადების დასაწერად, მაშინ ვილაპარაკოთ, თუ გინდა… ღამე მშვიდობისა! - და კარი მსუბუქად გაიჯახუნა, მთლად ვერ გამიმეტა.
თავი გავაქნიე, ღრმად ამოვიოხრე, სამზარეულოში შევბრუნდი და გაზქურა გამოვრთე. მეწყერსაც წაუღია ჩაი საშკას გარეშე!
არც იმ ღამეს მიძინია წესიერად. ეს მერამდენე ღამის გათენება მიწევს თეთრად! რა დავაშავე? მე რატომ უნდა გავუგო ყველას? დავიღალე უკვე! ნუთუ ასე ძნელია მისთვის, ჩემს მდგომარეობაში შევიდეს? ხომ იცის, როგორ მიჭირს ახლა? აქეთ დედაჩემის პრობლემა, იქით ვასიკო დამემატა კიდევ! არ უნდა ესმოდეს? რატომ არის ყველა კაცი ერთნაირი? რატომ უნდა ველოლიავოთ ქალები მათ? მათი პრობლემა თუ პრობლემაა, ჩვენმა რა დააშავა? იქნებ მას აწყობს კიდეც, ასე მოიქცეს? ცოლთან შერიგებას ხომ არ აპირებს? ამის გაფიქრებამ ერთიანად დამზაფრა. არ არის გამორიცხული! რა სულელი ვარ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი? ამიტომაც არ უნდა, სამსახურში ჩვენზე ვინმემ რამე გაიგოს. ეშინია, მის ცოლს არავინ მიუტანოს ენა!
დამპალი! დამპალი!
გამეხებული მივედი დილით სამსახურში, ცივი გამარჯობა ვისროლე ოთახში შესულმა, თაბახის ფურცელი მოვიმარჯვე, განცხადება დავწერე და მაგიდაზე დავტოვე, მერე დოდოშკას მივუბრუნდი.
- საშკა რომ მოვა, ეს შეუტანე, კარგი? მე მივდივარ!
- აქ არის, ანა, თავის კაბინეტში.
- არ მაინტერესებს, სად არის. უბრალოდ, მე არ მინდა შევუტანო. შენ შეუტანე ცოტა ხნის შემდეგ, ხო? - დაღლილი მზერით ვანიშნე დოდოშკას, პასუხს არ დაველოდე, ხელი დავუქნიე ყველას და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.
შინ მისულმა მობილურიც გამოვრთე, ქალაქის ტელეფონიც და ხალიჩაზე გავიშოტე, იატაკზე. არავინ არ მინდა! არაფერი არ მინდა! მარტო მინდა ყოფნა, მორჩა და გათავდა! ვივლი კვირაში ორჯერ დედაჩემთან, დავულაგებ თავის სასახლეს და მექნება 400 ლარი. მერე კიდევ გამოჩნდება რამე. ამ ეტაპზე როგორმე ვიმყოფინებ. მე შენ გეტყვი, ქმარ-შვილი მყავს სარჩენი თუ რა? თავზე ჭერი მახურავს, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მაკლია. საჭმლისთვის კი მეყოფა.
ესეც ასე! არც არაფერი დამაკლდება საშკას დაკარგვით. იმან იკითხოს, თორემ მე რა? სექსი? ხომ ვცხოვრობდი ამის გარეშე? რა, მოვკვდი? არა, რა თქმა უნდა! ჰოდა, არც ახლა მოვკვდები. ეგდოს იქ და ელოდოს თავის ნაგავ ცოლს! მეტის ღირსი არც არის!
რაც მეტს ვფიქრობდი საშკაზე, მით უფრო ვცოფდებოდი… და არა მარტო მასზე, მის ცოლზეც. ყოველ მომდევნო წუთზე უფრო მახინჯი და უფრო «ნაგავი» ხდებოდა ჩემს თვალში და უარესი და უარესი ეპითეტებით ვამკობდი, თითქოს ის ყოფილიყო მიზეზი ჩვენი დაშორების თუ უთანხმოების.
ამასთან, მაინც არ ვკარგავდი იმედს, ანუ მშვიდად ვიყავი შინაგანად. ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ საშკა ვერ მოითმენდა და მოვიდოდა.
არ გამართლდა ჩემი იმედი. ის კვირა ისე მიილია, არ გამოჩენილა. ავწრიალდი. მოუთმენლობამ შემიპყრო. ნუთუ არ მოვა? იქნებ მირეკავდა? მე ხომ გამოვრთე ტელეფონები? მიდი, ანა, ჩართე და ნახე შემოსული ზარები, შეტყობინებები!
მივედი… ჩავრთე… ვნახე… ნურას უკაცრავად! არც მესიჯი, არც შეტყობინება. მხოლოდ თათიას ერთი ზარი და მესიჯი დამხვდა მობილურში - როგორ ხარ, სად დამეკარგეო. ეს ისეთი მესიჯი იყო, რომელიც არაფერს მაძლევდა. თათიამ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საშკა არც ჩვენი უთანხმოების შესახებ ეტყოდა რამეს. თათომ ალბათ ისე მომიკითხა, მეგობრულ «ასპექტში».
უარესად დავიბოღმე. არასდროს, არასდროს არ გავცემ ხმას. რომც მოვიდეს, კარს არ გავუღებ. რომც დამირეკოს, არ ვუპასუხებ! ვნახოთ, ვისი აჯობებს.
უნამუსო! უსინდისო!
კვირა გათენდა. ჩემს «დედილოსთან» უნდა წავსულიყავი, რომ მისი სახლი დამელაგებინა. უცნაურ ხასიათზე დავდექი. ალბათ უკვე ჩამოვიდოდა. როგორი იქნება მასთან შეხვედრა? ნუთუ გული არაფერს უგრძნობს? ნეტავ, თუ ვგავარ? ნანა და მე მაინცდამაინც არ ვგავართ ერთმანეთს. ვერავინ იტყვის, დები არიანო. ნეტავ, ნანა ვის ჰგავს? მას თუ მამას? ან მე? მას თუ მამას? საინტერესოა, ჩემი მამა ვინ არის? იქნებ მე და ნანას ერთი მამა გვყავს? ჩემი ძმა როგორია? ის ვიღას ჰგავს?
ვის ჰგავს… ნეტავ… საინტერესოა… მხოლოდ ეს სიტყვები რახუნობდა ჩემს დამძიმებულ გონებაში.
წყვეტილად დავრეკე ზარი. თითქოს ნანა ჩასაფრებული იყოო, იმწამსვე გააღო კარი და…
მასთან ერთად, ძაღლის პაწაწინა დრუნჩიც გამოჩნდა ზღურბლზე. ძაღლი? ეს რა საშინელებაა? მე რომ არავის გავუფრთხილებივარ ძაღლების შესახებ?
- მისტერა, გადი იქით! - დაუცაცხანა ნანამ ძაღლს და თბილად გამიღიმა, - მოდი, ანა!
- დილა მშვიდობისა! - მეც ღიმილით მივესალმე.
- დილა მშვიდობისა. არ შეგეშინდეს, არ იკბინება.
- სპანიელია, არა?
- ჰო, თან ისეთი ყაჩაღია, ლამისაა, გადაგვდგას. ვერავის დავუტოვე სახლში და წამოვიყვანე. დედაჩემი ვერ იტანს ძაღლებს და კატებს. მისი არყოფნით ვისარგებლე, - ნანა შინ შემიძღვა.
- კიდევ არ ჩამოსულა?
- კი, ჩამოვიდა, მაგრამ პროფილაქტიკისთვის ორი დღით საავადმყოფოში დავაწვინეთ, ზეგ გამოვიყვანთ. ისეთი დანიშნულება გამოატანეს, რომელსაც ჩვენ ვერ ჩავუტარებთ, ექიმი და საავადმყოფოა საჭირო.
- გასაგებია.
- შენ ჩემს ძმას არ იცნობ, არა? ახლა გექნება მისი გაცნობის ბედნიერება, - ჩურჩულით გააგრძელა და კვლავ გამიღიმა, ამჯერად იდუმალი სახით.
- აბა, ვინ გვეწვია, დამანახვეთ ერთი! - გაისმა ბოხი ხმა, თუმცა ჯერჯერობით ხმის პატრონი ვერსად დავინახე.
აქეთ-იქით მიმოვავლე თვალი. უეცრად… რომ არა მომენტალური რეაქცია, ალბათ ჩემი სახის ანაბეჭდი სამუდამოდ დარჩებოდა მათ «საგვარეულო» იატაკზე, კინაღამ ცხვირით შევეჯახე ვიღაცას და ავყირავდი. უხილავმა უცნობმაც მძლავრად ჩამავლო ხელი, რომ არ წავქცეულიყავი და ახლაღა შევამჩნიე, რომ გვერდიდან ჩრდილი დამეცა. ავიხედე და…
ადგილზე გავქვავდი! ვინანე, რომ არ დავეცი. ჯობდა, ცხვირ-პირი დამემტვრია, ვიდრე პირი დამრჩენოდა ღია… რადგან მსგავსი სილამაზის მამაკაცი არასდროს მენახა. ჩემთან შედარებით ბავშვი იყო, მაგრამ ისეთი ლამაზი, ისეთი, ისეთი…